„ქართული ოცნების“ კონფლიქტების მოგვარების ჯგუფის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ საკმარისია, შეერთებულმა შტატებმა უფრო მკაცრად შეაფასოს საქართველოს პრეზიდენტი, რომ ამან საკმაოდ სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვიოს ქვეყნის შიგნით. Presage.tv ესაუბრება გიორგი ვოლსკის.
ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ არჩევნებამდე იგი არ აპირებს ქუჩის აქციების მოწყობას და მისი გზა განსხვავდება ბურჯანაძისა და კუკავას გზისგან. წახალისების პოლიტიკა, და თუნდაც ის, რომ ამერიკა რაღაც-რაღაცების გამო ხუჭავს თვალს იმ რეალობაზე, რაც საქართველოშია, რამდენად წაადგება ისევ სააკაშვილის რეჟიმს? აქციების გადავადება ხომ არ შეუწყობს ხელს, რომ სააკაშვილი ამით დროს მოიგებს?
- აშშ თვალს სულაც არ ხუჭავს არსებულ ვითარებაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სულ ახლახანს გამოაქვეყნა ძალიან მკაცრი მოხსენება ადამიანის უფლებების დაცვის თაობაზე საქართველოში. თქვენ გახსოვთ, აშშ-ის ელჩის არაერთი შეფასება ადამიანის უფლებებსა და ბევრ საკითხთან დაკავშირებით - პოლიციის მოქმედება, პრესის შეზღუდვის საკითხები. ეს ქართულმა საზოგადოებამ თუ არ გაითავისა და შესაბამისი რეაგირება არ მისცა, აშშ-ს ნუ დავაბრალებთ, რომ იგი თვალს ხუჭავს რაიმეზე. რაღაცებზე თვალს, შეიძლება, ჩვენი საზოგადოება უფრო ხუჭავს, ვიდრე აშშ-ის ადმინისტრაცია.
საქმე იმაშია, რომ რასაც ვამბობ, ქართულ საზოგადოებას კი არ უნდა დაბრალდეს, არამედ სწორედ ჩვენში არსებულმა აპარატმა, სტრუქტურამ, სახელმწიფო ძალაუფლებამ შექმნა ისეთი გარემო, როდესაც არ არსებობს დემოკრატიული ინსტიტუტის თავისუფლება, იმ დონის და იმ ხარისხის თავისუფლება, რომ საზოგადოება წინ აღუდგეს უკანონობას. მეორეც, ქუჩის აქციებთან დაკავშირებით, მე ვატყობ, რომ სახელისუფლო ტელევიზიებს სწორედ ამის შესახებ აქვთ ინსტრუქცია მიცემული, რომ წამოაყენონ ქუჩის აქციების საკითხი. თვით იმ ინტერვიუში, რომელიც „ასავალ-დასავალში“ იყო დაბეჭდილი, ძალიან კონკრეტულად სვამს ინტერვიუერი კითხვას - რა დროს შეგიძლიათ, მიმართოთ ქუჩის აქციებს და რას გააკეთებთ, თუ ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები?
შესაძლოა, მე დეტალს ვიმეორებ, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა უნდა ეთქვა ბიძინა ივანიშვილს, რომ ქუდს დავიხურავთ და სახლში წავალთ?! თუ იმ სასამართლოში ვიჩივლებთ, რომელსაც შეუძლია უსასრულოდ გააგრძელოს და გააყალბოს პროცესები და, რომელიც პროკურატურის დანამატია?! ბიძინა ივანიშვილმა გასცა აბსოლუტურად ბუნებრივი პასუხი, რასაც იტყოდა ნებისმიერი ამერიკელი, ფრანგი, ბრიტანელი პოლიტიკური ლიდერი, ან ევროპელი პოლიტიკური ლიდერი, რომ ხალხი თავის ხმებს დაიცავს.
სწორედ ეს არის ნიშანი, რაც ჰყოფს ჩვენს მოძრაობას და პოლიტიკურ ორგანიზაციასაც, რომელიც განსხვავდება ბურჯანაძისა და თავისუფალი საქართველოს პრინციპებისგან. ჩვენი ორიენტირი - ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მათთვის მიუღებელია; და მეორე, ისინი ძალისმიერი მეთოდებით ცდილობენ, დაამკვიდრონ თავიანთი გავლენა, მათ შორის, არჩევნების წინ ძალისმიერი მეთოდებით აიძულონ ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილი მკაფიოდ უსვამს ხაზს, რომ არ უნდა მოხდეს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ამომრჩეველზე, მოკლედ, ეს რეაგირებაა იმ შესაძლო უკანონო ქმედებაზე, რომელსაც მოველით ხელისუფლებისგან.
არაა გამორიცხული, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პასიურობა - ერთგვარი ტაიმ-აუტი, სააკაშვილს ანერვიულებს, მაგრამ აქციების გადავადება მაინც ხომ არ შეუწყობს ხელს, რომ სააკაშვილი უფრო მობილიზებული გახდეს?
- აქციები თუ არ არის კონკრეტულ საკითხზე ორიენტირებული, ის შედეგის მომტანი არ გახლავთ. მეორეც, ტაიმ-აუტი არ აგვიღია.
მაგრამ აქტიურობაც რომ არ ჩანს?
- აქ ყალიბდება სერიოზული სტრუქტურა, კოალიცია, რომელიც არ შეიძლება, ნაადრევად ჩამოყალიბდეს. სერიოზული, წონიანი ორგანიზაცია იქმნება, რომელიც მუდმივ კონსულტაციებშია საერთაშორისო თანამეგობრობასა და ქართულ საზოგადოებასთან. თქვენ იცით, რომ აქ წამოსროლილი სიტყვები აღარ იქნება. საზოგადოებრივ მოძრაობაში მუშავდება სერიოზული კონცეფციები თემატური ჯგუფების მიხედვით. აქაა ექსპერტების ჯგუფი, რომელნიც კონსულტაციებს გაივლიან სხვა ექსპერტებთან, საზოგადოებასთან. ეს ყველაფერი უნდა დაიდოს. ასე რომ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოვა პოლიტიკურ ტრიბუნაზე, იგი უნდა იყოს არა მხოლოდ საკუთარი მოსაზრებებით შეიარაღებული, არამედ - ფართო საზოგადოებასთან ექსპერტიზაგავლილი მოსაზრებებით დატვირთული. აქედან გამომდინარე, ამას დრო სჭრდება.
დღეს სულ უფრო აქტუალური გახდა მესამე პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებაზე საუბარი. თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს ნათქვამი აქვს, რომ შუა უნდა გაიკრიფოს. იმ ადამიანებს, ვინც გაირიყა მისი კოალიციიდან, ამანაც ხომ არ უბიძგა, მესამე პოლიტიკურ ცენტრზე ეფიქრათ? ისინი პოლიტიკურ სამარეში ვერ წავლენ, ზოგიერთი მათგანი გამოცდილების მქონე პარტიაა.
- პოლიტიკური პლურალიზმი საქართველოში არ უნდა დაიძრახოს. თუ შეიქმნა, ვთქვათ, რაღაც კოალიცია, რომელიც არ გვიჭერს მხარს და ვერ იქნება ჩვენთან (ეს იქნება ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“ ან კახა კუკავას „თავისუფალი საქართველო“), ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ უფლება არ აქვთ, თავიანთი ორგანიზაცია ჩამოაყალიბონ. მეტსაც გეტყვით, როგორც ბატონმა ბიძინამ განმარტა, შეიძლება, რაღაც საკითხი არსებობდეს, რომელიც ჩვენ განვაცხადოთ ჩვენს პოზიციად და შესაძლოა, ზოგჯერ ამას დაემთხვეს მათი პოზიციაც; თუნდაც საარჩევნო გარემოს პროფესიონალურად შეფასების დროს, შესაძლოა, ბურჯანაძე და კუკავა ჩვენს პოზიციას დაეთანხმონ. ამას ვერავინ, მათ შორის, სააკაშვილის ხელისუფლებაც ვერ შეაჩერებს. ერთადერთია, რომ პროპაგანდა დაიწყება, რაც მოსალოდნელია.
მესამე ცენტრი არ შეუშლის ხელს ბიძინა ივანიშვილს?
- მესამე ცენტრმა როგორ შეუძლია, ხელი შეუშალოს?
ხელისუფლებამ რომ დააფინანსოს ეს ცენტრი?
- იმ ცენტრზე არაა საუბარი, აქ კონკრეტულად ითქვა, რომ ჩვენ არ გვაქვს ეჭვი, რომ ბურჯანაძე-კუკავას ხელისუფლება აფინანსებს.
მაგრამ ხომ შეიძლება სახელისუფლო ცენტრებიც გამოჩნდეს?
- სახელისუფლო ცენტრი უკვე არსებობს. თუ ქართულმა საზოგადოებამ ჯერ კიდევ ვერ გაიგო, თუ რას წარმოადგენს, სიტყვაზე, თორთლაძის პარტია...
ქრისტიან-დემოკრატებს მოერიდებით?
- მათ თავიანთი ტაქტიკა აქვთ. რასაც ვუყურებ და ანალიზს ვუკეთებ, ქრისტიან-დემოკრატები სისტემატურად ცდილობენ, რეალურ ვითარებაში რაღაც საკითხებზე არ შევიდნენ პრინციპულ დაპირისპირებაში ხელისუფლებასთან. ამ დროს ეს ის საკითხებია, რომლებიც მართლა პრინციპულია. ხშირ შემთხვევაში, ერთ პოზიციაზე არიან საკმაოდ მწვავე საკითხებთან დაკავშირებით.
კოალიციაში „ეროვნული ფორუმის“ შემომატებას როგორ შეაფასებთ?
- „ეროვნული ფორუმი“ ძალიან დადებითი რესურსის, პოტენციალის მატარებელია. ვფიქრობ, მათაც ძალიან ბევრი შეემატება ამ საერთო კოალიციაში მონაწილეობით. ბევრ საკითხს უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბებენ. ეს ერთობა პოზიტიურ შედეგს მოიტანს. არის შემთხვევა, ვიღაც ადამიანს გულწრფელად არ მოსწონს ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია და მისი შეცვლა უნდა. თუმცა, კოალიციის რომელიმე წევრი არ აკმაყოფილებს მის პირად მოთხოვნებს და შეხედულებებს, მაგრამ კოალიციის მეორე წევრი აკმაყოფილებს. ყველა ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ვცდილობთ, კოალიცია იყოს ისეთი, რომ პასუხობდეს ბევრი სხვადასხვა შეხედულების ადამიანის მისწრაფებებს, მაგრამ მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ ხელისუფლება, რომელიც არ ვარგა, უნდა წავიდეს და უნდა მოვიდეს თუნდაც კოალიციური ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა შეხედულებების ადამიანების მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
ორი პრეზიდენტის შეხვედრასაც შევეხოთ. ობამას პრეზიდენტობის ოთხი წლისთავზე და სააკაშვილის პრეზიდენტობის მერვე წლისთავზე რატომ დაიბარეს სააკაშვილი აშშ-ში?
- ობამა-სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ ორი საკითხი გამოიკვეთა, რითიც სააკაშვილის როგორც მხარდამჭერები, ისე მისი მოწინააღმდეგეები და, საერთოდ, საქართველოს მოსახლეობა არ უნდა იყოს კმაყოფილი. არ მინდა, მკვეთრი გამონათქვამი გამოვიყენო, რომ სააკაშვილი დაიბარეს და ყური აუწიეს, მაგრამ ქვეყნის ხელმძღვანელს, რომელსაც თავი მოაქვს, რომ ჩვენ საზოგადოება ვართ და რაღაცას წარმოვადგენთ, როგორც სკოლის მოსწავლეს, არ უნდა მიუთითებდნენ, რომ მან დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს. ჩვენი საზოგადოება ასეთ მდგომარეობაში ჩააყენა სააკაშვილის პოლიტიკამ, რომელსაც იგი განსაკუთრებით ბოლო წლებში ეწევა.
თუმცა სააკაშვილს იქვე უქებენ დემოკრატიულობას.
- იცით, რა არის? ეგ აბსოლუტურად მიღებული ფორმაა, როცა ამერიკის ხელისუფალი, პირველი პირი ან თუნდაც მეორე, ვინც გინდა იყოს, ასეთნაირად საუბრობს. საუბრის სხვა ენა მათ არ იციან. როდესაც, ასე თუ ისე, მეგობრული ქვეყნის ლიდერი ჩამოდის და ამ ქვეყნის ახალგაზრდა ბიჭებს სისხლი აქვთ დაღვრილი იმ ოპერაციაში, რომელსაც საერთო ოპერაცია ჰქვია, რასაკვირველია, ამის წინაშე ქედს იხრიან და პატივს სცემენ. გარდა ამისა, არსებობს ელემენტარული დიპლომატია. ამასთან, არსებობს სერიოზული საკითხი, რომელიც, ალბათ, ყველამ უნდა გავაანალიზოთ. საკმარისია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უფრო მკაცრად დაილაპარაკოს არა მარტო საქართველოსთან მიმართებით, არამედ ბევრი სხვა ქვეყნის ლიდერის შეფასებისას, ამან შეიძლება, საკმაოდ სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვიოს. აშშ-ის პრეზიდენტი კი არა, ჩვენი საელჩოს რიგითი დიპლომატი რომ გამოვიდეს და ზუსტად იმ სიმკაცრით შეაფასოს სააკაშვილის ხელისუფლება, რასაც იგი იმსახურებს, დამერწმუნეთ, რომ სერიოზული დაპირისპირება იქნება.
დაპირისპირება რუსეთიდან წამოვა თუ ქვეყნის შიგნიდან?
- შიდა დაპირსპირება მოხდება. ჩაითვლება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პირდაპირ მიუთითებს ხალხს დაპირისპირებისკენ.
ანუ მოვლენები დაჩქარდება?
- დიახ, მოვლენები დაჩქარდება და, სამწუხაროდ, ჩვენმა ისტორიამ გვანახა, რომ მოვლენები იქნება დაურეგულირებელი და ქაოტური. აქედან გამომდინარე, აშშ ითვალისწინებს საქართველოში შექმნილ ვითარებას და დიპლომატიური ენით ლაპარაკობს, რათა არ დააჩქაროს და არჩევნებამდე ნორმალურად მივიდეს სიტუაცია.
ბუშის ამერიკისგან განსხვავებით, ობამას ამერიკა უკვე ხედავს, რომ სააკაშვილი არ არის დემოკრატიის შუქურა. თქვენი აზრით, რეალურად როდის დაინახეს ეს ამერიკის ლიდერებმა?
- მე ვერ გეტყოდით, რომ ბუშის ამერიკა მის დემოკრატიის შუქურაზე საუბარს ზუსტად იმ ანალიზის საფუძველზე აკეთებდა, რაც მათ რეალურად გააჩნდათ. აშშ-ის ტაქტიკაა, და ალბათ, სწორიცაა, რომ საკმაოდ მაღალი შეფასებით, კეთილი სიტყვებით წაახალისოს პარტნიორი ქვეყანა და იმ ქვეყნის ხელისუფლება; ამავე დროს, მიუთითოს თუნდაც ის, რაც კონდოლიზა რაისმა ზუსტად ამ სიტყვებით მიუთითა სააკაშვილს, რომ სისულელე არ ჩაედინა, და არ ჩართულიყო რთულ პროვოკაციაში. ეს ზუსტად ვიცი, რადგან იმ პერიოდში მიმუშავია ოფიციალურ სტრუქტურებში, მათ შორის, აშშ-ში, როდესაც რესპუბლიკური პარტიის ადმინისტრაცია არაერთხელ, ხან რბილად, ხანაც უშიშროების რეზოლიციის სახით, საქართველოსგან მკაცრად მოითხოვდა, შეეწყვიტა საომარი რიტორიკა და პროვოკაციები. აქედან გამომდინარე, გვახსოვდეს, რომ აშშ-ს აქვს თავისი პრაგმატული ინტერესები. ხშირ შემთხვევაში, მათი შეფასებები ამერიკულ ინტერესებს ემთხვევა და, შესაძლოა, ზუსტად არ ემთხვეოდეს იმ ვითარებას, რომელიც კონკრეტულ ქვეყანაში არსებობს.