საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარე მურმან დუმბაძე საპატრიარქოს განცხადებაზე მმართველი გუნდის გამოხმაურებას პასუხობს, გაზეთ “ასავალ დასავალში“ ბიძინა ივანიშვილის მიერ მასზე და “აზიზიეს მეჩეთზე“ ნათქვამს და “რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ულტიმატუმს ეხმიანება.
საქართველოს საპატრიარქოსთვის ქართული ძეგლების რესტავრაციის სანაცვლოდ ბათუმში “აზიზიეს მეჩეთის“ აშენება მიუღებელია, ხოლო მმართველი გუნდისთვის ამგვარი გარიგება მართებულია.
როგორ აფასებთ საპატრიარქოს განცხადებას და მასზე მმართველი გუნდის სახელით გოკა გაბაშვილის გამოხმაურებას?
- ამ საკითხთან მიმართებაში საპატრიარქოს პოზიცია დიდი ხანია ვიცით. ცხადია, ირღვევა კონსტიტუციაც და ნაცვალგების პრინციპიც. საქართველოს მთავრობამ კანონს პატივი უდნა სცეს, ხოლო თურქეთის მთავრობამ ხელშეკრულების თანაზომადობას. თუ საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამ პირობებს შეასრულებენ, მაშინ დავრწმუნდები, რომ კეთილმეზობლური დამოკიდებულება ორივე ქვეყნისთვის ძვირფასია - ასეთ შემთხვევაში მოიგებს თურქეთიც, საქართველოც, ეკლესიაც და ბათუმიც.
რაც შეეხება გაბაშვილის პირით გახმაურებულ განცხადებას - ესაა ახირებული მთავრობის აზრი, რომელსაც არ აინტერსებს, არც კანონი, არც ეკლესია და არც ბათუმელთა აზრი. ასეთი ხელისუფლება როგორც წესი მარცხდება.
როგორ აფასებთ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაზეთ “ასავალ დასავალში“ გაკეთებულ განცხადებას? მან თქვა - „სხვათა შორის, დუმბაძესთან დაკავშირებით მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს და ეს პრობლემა ადრე თუ გვიან მოგვარდება, დარწმუნებული ვარ. ვთვლი რომ დუმბაძესთან უნდა აღდგეს ურთიერთობები და დათო უსუფაშვილი მუშაობს ამ კუთხით, მე როგორც ვიცი. ისე, მეც იმავე სახის განცხადებას გავაკეთებ თქვენი გაზეთის ფურცლებზე. არ შეიძლება მეჩეთი აშენდეს სააკაშვილის ხელმოწერით და ერთპიროვნული გადაწყვეტილებით! ამ, საკითხში პირველ რიგში საზოგადოების აზრია გასათვალისწინებელი და შესაძლოა პოლემიკაც შედგეს, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს შორის... სხვათა შორის, ეს სკანდალი ხელოვნურადაა აგორებული, ხელისუფლების მიერ. საქართველოში კონფესიებს შორის არასოდეს ყოფილა პრობლემა და ეს ნუ დაგვავიწყდება!“
- მის განცხადებას პოზიტიურად ვაფასებ. მასში უმთავრესი ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილი “აზიზიეს მეჩეთთან“ დაკავშირებით სახელმწიფოებრივად მსჯელობს - ეს საკითხი სახელმწიფოებს შორის შეთანხმების საგანი არ უნდა იყოსო. ამასთან, ის კატეგორიული წინააღმდეგია ხალხთან შეთანხმების გარეშე ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისა. ვეთანხმები იმაშიც, რომ საკითხი, რომელიც 2011 წლის 23 მარტის შემდეგ პრაქტიკულად მოიხსნა დღის წესრიგიდან, პროვოკაციულად, ხელმეორედ წამოწიეს, სააკაშვილი–ობამას შეხვედრის წინა დღეებში.
ამ ულტიმატუმურ, კაბალურ, არათანაზომად ხელშეკრულებას, რომელიც ქართული სახელმწიფოს ღირსებას ლახავს, ბათუმი (და არა მარტო ბათუმი) სათანადოდ უპასუხებს.
რას გულისხმობთ?
- იმას, რომ ბათუმი პროვოკაციაზე არ წამოეგება და ხალხი სახელმწიფოებრივი პოზიციიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას მიიღებს.
შეგხვდათ დავით უსუფაშვილი?
- დიახ, ჩემსა და დავით უსუფაშვილს შორის შეხვედრა “ქართული ოცნების“ ინიციატივით შედგა. ირიბად ითქვა ის, რომ “რესპუბლიკურ პარტიაში“ ძველი სტატუსით დავბრუნდეთ. ეს კატეგორიულად დაუშვებელია - “ემსახურე საქართველოს“ წევრები მზად ვართ ბიძინა ივანიშვილის პარტიული სტრუქტურების მშენებლობაში მონაწილეობა მივიღოთ, არა რიგითებად, არამედ მეტი წილი პასუხისმგებლობით. ამ შემთხვევაში “ქართული ოცნების“ პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებთან არა მარტო სინქრონული თანამშრომლობაა შესაძლებელი, არამედ ეს თანამშრომლობა აუცილებელიცაა. მით უმეტეს, რომ ამ პარტიებს აქვთ საერთო მიზანი - შეჩერდეს სახელმწიფოს ნგრევა ტერიტორიების გასხვისებით და ერთხელ და სამუდამოდ ვიცხოვროთ წესიერ ქვეყანაში.
უსუფაშვილი ივანიშვილის განცხადებამდე შეგხვდათ, თუ განცხადების გაკეთების შემდეგ და ასევე საინტერესოა, როცა თქვენგან უარი მიიღო, რა გიპასუხათ?
- უსაფაშვილი ივანიშვილის განცხადებამდე შემხვდა და ვიმეორებ, რომ შემოთავაზება უკან მიბრუნებაზე იყო არაპირდაპირ, ირიბად ნათქვამი. მან მითხრა, რომ “შენ უკან პარტიაში აღარ დაბრუნდებიო“ და პასუხად მიიღო - ეს კატეგორიულად გამორიცხულია-მეთქი. ანუ ჩემი სხვაგვარი პასუხის შემთხვევაში ამ საკითხს ისინი განიხილავდნენ.
ამასთან, ბლოკავენ “ქართულ ოცნებასთან“ მისასვლელ გზას - პრაქტიკულად “რესპუბლიკური პარტია“ მოითხოვს, რომ ასეთ შემთხვევაში მე არ შევიდე ბიძინა ივანიშვილის პარტიაში, რაც არაადეკვატური მოთხოვნაა. მე ვამბობ, რომ ივანიშვილის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ და ამასთან, მისი პარტნიორი პარტიების ლიდერები ვერ უნდა ღებულობდნენ გადაწყვეტილებას, ვინ იქნება „ქართული ოცნებაში“ და ვინ - არა.
ბიძინა ივანიშვილს მართლაც აქვს შანსი დაამარცხოს სააკაშვილი. მის პოზიციებს ძირითადში ვიზიარებ. არ ვუწუნებ არჩევანსაც პოლიტიკურ პარტნიორებთან თანამშრომლობაში. მისასალმებელია, რომ პარტნიორების რიცხვი დღითიდღე იზრდება. მგონია, რომ ოცნების ახდენა ფართო კოალიციით იოლდება.
არის ადგილები, სადაც მას ნაკლებად ვეთანხმები, ან სულაც არ ვეთანხმები - მაგალითად, არასწორად მიმაჩნია ის, რომ “ქართულ ოცნებაში“ ჩვენი საპარტნიორო გზა “რესპუბლიკელებზე“ გადის.
უშუალოდ “ქართული ოცნებიდან“ აწარმოებს თუ არა თქვენთან ვინმე მოლაპარაკებას?
- დედაქალაქში “ქართული ოცნებიდან“ ვხვდები იმ ადამიანებს, რომლებსაც რეგიონებთან ურთიერთობა ევალებათ, ვხვდები სხვებსაც. ამოცანა რთულია - მოკლე დროში ისეთი სტრუქტურების შექმნაა საჭირო, რომლებიც მის პარტნიორ პარტიებთან ერთად გარანტირებულ გამარჯვებამდე მიგვიყვანს.
2003–2004 წლებში ჩვენ, “ემსახურე საქართველოს“ წამყვან წევრებს, არანაკლებ რთულ ამოცანასთან გვქონდა საქმე. მაშინ გავიმარჯვეთ, მაგრამ მეორე დღიდან ხელისუფლებაში (აჭარის ხელისუფლებას ვგულისხმობ) უცნობი ხალხი ვიხილეთ. გამარჯვებულები ოპოზიციაში წავედით და დღესაც ერთად ვართ. უფრო მეტიც, ჩვენი პრინციპულობისა და ენერგიულობის გამო უამრავი ახალი სახე დაგვემატა. ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ. ამ გაბევრებული ხალხის და გამოცდილების გამოყენებას ვთავაზობთ ბატონ ბიძინას.
რეგიონში სხვადასხვა ტიპისა და გემოვნების ორგანიზაციებია. ჩვენ მაკოორდინირებელი როლის შესრულებაც შეგვიძლია. სხვასთან შედარებით ხალხი ყველაზე მეტად ჩვენ გვენდობა. ამას ადასტურებს კვლევებიც. ეს იცის თბილისის “ქართულმა ოცნებამაც“ და თავად ბიძინა ივანიშვილმაც. ახლა არჩევანი მასზეა. აქ სულ ორი ვარიანტია - თუ ის გვირჩევს სათანამშრომლოდ სხვებთან ერთად, მის შესაქმნელ პარტიულ სტრუქტურებში, მაშინ, შესაბამისად, მეტი წილი პასუხისმგებლობის აღების უნარიც გვაქვს, გამოცდილებისა და სიბევრის გამო.
და თუ ეს წინადადება მისთვის მიუღებელი აღმოჩნდება?
- ნუ, კაცია და გუნება - თუ ის ამაზე უარს იტყვის, მაშინ ჩვენ მას აჭარის ყველა რაიონში ინდივიდუალური, მაჟორიტარული წესით დავუჭერთ მხარს.