თბილისი-ვაშინგტონი: სამხედრო თანამშრომლობის ანალიზი

თბილისი-ვაშინგტონი: სამხედრო თანამშრომლობის ანალიზი


როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, მისმა ბოლოდორინდელმა ვიზიტმა ვაშინგტონში ქართულ-ამერიკული სტრატეგიული ურთიერთობები „ახალ საფეხურზე“ გადაიყვანა. ამერიკელი ჩინოვნიკები თავდაცვით სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე გაცილებით თავშეკავებულნი ჩანდნენ, რაც აჩენს კითხვას: მაინც კონკრეტულად რა განიხილეს ვაშინგტონში.

ამ ორ ქვეყანას შორის თავდაცვით სფეროში თანამშრომლობა, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ სამხრეთ ოსეთის გამო, საკმაოდ მწვავე საკითხად რჩება. მას შემდეგ აშშ-ს საქართველოსთვის შეიარაღება არ მიუწოდებია, თუმცა დამატებით ეხმარებოდა სამხედრო მომზადების სფეროში. საქართველოს ხელისუფლება ჩიოდა „ფაქტობრივი ემბარგოს“ გამო, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა შეიარაღების საკითხი ვაშინგტონში შეხვედრების მთავარ თემად აქცია.

1 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ჰილარი კლინტონთან მოლაპარაკებების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა იმედიანად განაცხადა, რომ ადგილი აქვს გარკვეულ წინსვლას ქვეყნებს შორის უსაფრთხოების სფეროში. „მე მოვისმინე ყველაფერი, რისი მოსმენაც მსურდა“, – აღნიშნა მან, „ჩვენ ცარიელი ხელებით აღარ ვბრუნდებით , ჩვენ იმდენი ახალი ამბავი მიგვაქვს, რომ ეს უბრალოდ სენსაციაა“.

ვაშინგტონში მისი მრავალრიცხოვანი საჯარო გამოსვლების დროს, ამერიკულ-ქართული ურთიერთობების განვითარების ვექტორის შეფასებისას, სააკაშვილმა არაერთხელ გამოიყენა ფრაზა „ახალი საფეხური“.

როგორც საქართველოს თავდაცვის უწყების პრეს-რელიზში იყო აღნიშნული, საქართველოს თავდაცვის მინისტრის და მისი ამერიკელი კოლეგის ლეონ პანეტას შემდგომი შეხვედრის დროს ბრიუსელში „ამერიკულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა გააფართოვოს მიმდინარე დახმარების მოცულობა საქართველოს თავდაცვითუნარიანობის გაზრდის მიზნით, რაც გულისხმობს თანამშრომლობის ახალ საფეხურზე გადაყვანას“. „ამიერიდან, ამერიკული მხარე თავის ძალისხმევის კონცენტრაციას მოახდენს არამხოლოდ ქართველი სამხედროების მომზადებაზე სამშვიდობო ოპოერაციებისთვის, არამედ, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და გაზრდაზე“, – ხაზგასმული იყო დოკუმენტში.

ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები გაცილებით თავშეკავებული იყო. ისინი სერიოზულ აქცენტს არა თავდაცვის, არამედ დემოკრატიზაციის საკითხებზე აკეთებდნენ. მაგალითად, ჰილარი კლინტონმა საქართველოს პრეზიდენტთან თავისი შეხვედრის შედეგებზე განაცხადა: „ჩვენ სერიოზულად ვმუშაობთ ორმხრივი კონსულტაციების მიმართულებით განათლების, კარგი მმართველობის, კანონის უზენაესობის, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე“.

განცხადებების ინტერპრეტირებას ადგილი ჰქონდა ასევე მიხეილ სააკაშვილის და პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვედრის შემდეგ. ამერიკული სახელმწიფოს ხელმძღვანელმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ახსენა იმ „ასპექტების ფართო წრის“ კონტექსტში, რომელშიც „ჩვენ ვთანამშრომლობთ“. სააკაშვილმა კი ყურადღება სამხედრო შემადგენელზე გაამახვილა. „ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ ჩვენი თავდაცვითი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოვების, ასევე თავდაცვის სფეროში საქართველოს პოტენციალის და ჩვენი პოტენციალის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის გამო. ეს რა თქმა უნდა ჩემი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია“.

2 თებერვალს გამართულ პრეს-კონფერენციაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელ ვიქტორია ნულანდს თავდაცვითი თანამშრომლობის „ახალ საფეხურზე“ შეკითხვა დაუსვეს. „შეერთებული შტატები და საქართველო შეთანხმდნენ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე. ეს თანამშრომლობა ეფუძნება უკვე მოქმედ წარმატებულ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს რეფორმირების პროცესში, და რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ მსოფლიოს ბევრი სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებთან, მათ შორის საქართველოს ბევრ მეზობელთან, ასევე თავდაცვითი სფეროს მოდერნიზაციის საქმეში ქვეყნის თავდაცვითუნარიანობის განმტკიცების მიზნით“, – უპასუხა მან.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ამ საკითხის დეტალურ განმარტებაზე EurasiaNet.org-ს უარი უთხრა. კომენტარზე თხოვნას არ გამოეხმაურა არც საქართველოს საელჩო ვაშინგტონში.

აშშ-ს თავდაცვის უწყების ერთ-ერთი ჩინოვნიკის თქმით, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა, ამერიკულ-ქართული კავშირები არ შერყეულა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, რამაც სინამდვილეში, ჩაუყარა კიდეც საფუძველი თავდაცვითი თანამშრომლობის „ახალ საფეხურზე“ გადასვლას, მიუხედავად იმისა, რომ მისი დეტალები ჯერ-ჯერობით არცთუ ცხადია. „არსებობს განცდა, რომ ადმინისტრაციას თავდაცვით საკითხებზე წარსულთან შედარებით ახალი შეხედულება ჩამოუყალიბდა“, – განაცხადა ჩინოვნიკმა.

როდესაც 2009 წელს ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ მუშაობა დაიწყო, „ისინი, როგორც ჩანს საქართველოს პრობლემების წყაროდ მიიჩნევდნენ, ფიქრობდნენ, რომ მთელი ეს აურზაური რუსეთთან საქართველოს პროვოცირებული იყო და ჩვენც ჩაგვითრია“, ამბობს ის. მაგრამ ოვალურ კაბინეტში დაპატიჟებამ, სადაც ბარაკ ობამამ ორ ქვეყანას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმების ხელმოწერის შესაძლებლობაზე ისაუბრა, იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ ორმხრივ ურთიერთობებში დათბობაა. ხოლო საქართველოსთან თანამშრომლობამ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე ამ რესპუბლიკას ამერიკული ადმინისტრაციის თვალში დამატებითი ქულები შესძინა, დასძინა მან.

მიუხედავად ამისა, სააკაშვილი, როგორც ჩანს, აზვიადებდა, როდესაც საუბრობდა თავდაცვის სფეროში ურთიერთობების „ახალ საფეხურზე“ გადასვლის შესახებ. „მას უყვარს პოზიტიური მომენტების ხაზგასმა, რაღაც უმნიშვნელო საკითხის იმაზე დამაჯერებლად წარმოჩენა, ვიდრე სინამდვილეშია. მაგრამ ეს არის ის, რასაც სახელმწიფო მოხელე აკეთებს ხოლმე“, – აღნიშნავს ჩინოვნიკი.

„მას ჰყავს საკუთარი აუდიტორია თავის ქვეყანაში…, ასევე რუსული აუდიტორია“, – დასძენს იგი. სააკაშვილს რუსეთისთვის იმის ჩვენება სურდა, რომ „ამერიკელებს ჩვენ არ მიუტოვებივართ, ისინი კვლავ ჩვენს მხარეზე არიან, დღევანდელი ადმინისტრაციაც კი“.

მართალია, აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოსთვის იარაღის მიწოდების თემაზე ზოგადი განცხადებები გააკეთეს, თუმცა ისინი ჯერ კიდევ უნდა ჩამოყალიბდნენ იმ მხრივ, თუ რაში იქნება ეს გამოხატული, ხაზგასმით აღნიშნავს კავკასიის ექსპერტი და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ელიოტის სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ევროპული, რუსული და ევრაზიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე კორი უელტი. ექსპერტის აზრით, ნაწილობრივ ეს გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წარიმართება საქართველოში წლევანდელი საპარლამენტო და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნები.

„თუკი არჩევნები, ჩვენი აზრით, შესაბამისად ჩაივლის, მაშინ შევძლებთ დამატებითი საკითხების განხილვას, თუ არა, მაშინ არაფერი ახალი არ იქნება“, – ხაზგასმით აღნიშნავს იგი.

ბარაკ ობამას ადმინისტრაცია, შესაძლებელია, უკვე აცნობიერებს იმას, რომ დადგა თავდაცვით თანამშრომლობაზე ფიქრის დრო, აცხადებს კორი უელტი. აქტიურდება კონგრესის ზეწოლაც: ბოლო თავდაცვითი კანონპროექტის თანახმად, საქართველოსთან თავდაცვითი ურთიერთობების „ნორმალიზება“ უნდა მოხდეს, მათ შორის „თავდაცვითი შეიარაღების“ საკითხისაც, მიუხედავად იმისა, რომ ბარაკ ობამას თქმით, ის ამ მითითებების შესრულებას არ აპირებს.

ნელ-ნელა წინსვლა იგრძნობა ასევე საქართველოსთვის მეორე პრიორიტეტულ საკითხზეც, კერძოდ საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე. როგორც დეკემბერში თბილისში ვიზიტის დროს, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ერიკ რუბინმა განაცხადა, ნატოს ჩინოვნიკებმა ისაუბრეს „არსებითი პროგრესზე მთელ რიგ სფეროებში საქართველოს ძალისხმევის თვალსაზრისით, რომელიც მიმართულია მისი კანდიდატურის ნატოში წევრობის წინსვლისკენ“. მისი თქმით, დიდი მნიშვნელობა ექნება ამ ფაქტის აღიარებას ნატოს მომავალ სამიტზე, რომელიც ამ წლის მაისში ჩიკაგოში ჩატარდება, იუწყება საინფორმაციო პორტალი Civil.ge.

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ბარაკ ობამამ მინიშნება გააკეთა იმაზე, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება – შორეული მომავლის საქმეა. „მე კიდევ ერთხელ დავუდასტურე პრეზიდენტს და დავარწმუნე ის, რომ შეერთებული შტატები მომავალშიც მხარს დაუჭერს საქართველოს მისწრაფებას საბოლოო ჯამში გაწევრინდეს ნატოში“, – განაცხადა ბარაკ ობამამ.

ვიზიტის ეს და სხვა სიგნალები იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ არანაირი არსებითი ცვლილება აშშ-ს პოზიციაში საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არ იქნება, მიაჩნია კარნეგის მშვიდობის ფონდის კავკასიის ექსპერტ თომას დე ვაალს.

„არ ვფიქრობ, რომ აღნიშნულ ვიზიტს თავდაცვითი ურთიერთობების თვალსაზრისით რაიმე სიახლე მოჰყვა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ის, რომ აშშ საერთო ჯამში მხარს უჭერს ნატოში წევრობის იდეას, თუმცა ობამამ გამოიყენა ფრაზა „საერთო ჯამში“, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მისი აზრით, ეს ხვალინდელი მოვლენა არ არის“, – აცხადებს ექსპერტი.

და მიუხედავად ამისა, აშშ-ს როგორც ჩანს სურს დააჯილდოვოს საქართველო თანამშრომლობისთვის და ეძებს ამ ქვეყნის ალიანსთან კავშირების განმტკიცების გზებს, არ დგამს რა იმავდროულად ისეთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რაც რუსეთს შეაშფოთებს, ხაზგასმით აღნიშნავს აშშ-ს თავდაცვითი უწყების წარმომადგენელი.
foreignpress.ge