“ღმერთმა დაგვიფაროს, არანაირი რევოლუცია!“

“ღმერთმა დაგვიფაროს, არანაირი რევოლუცია!“


მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გამოწვევას უგზავნის. Der Standard-თან საუბარში ივანიშვილი თავის მოტივებსა და მიზნებს განმარტავს.

თქვენ ამდენი ხნის განმავლობაში ბიზნესით და ქველმოქმედებითა იყავით დაკავებული და უცბად პოლიტიკაში აღმოჩნდით. რამ გიბიძგათ ამისკენ?

ჩემს ოჯახსა და მე ცოტაღა გვაკლდა საიმისოდ, რომ სამშობლოსათვის ზურგი შეგვექცია. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ეს მთავრობა ხელისუფლებაში არალეგიტიმური გზით მოვიდა, მე საპრეზიდენტო გუნდს დავემშვიდობე. ამის შემდეგ ვაკვირდებოდი პოლიტიკურ ბანაკებს. ჩემთვის თვალშისაცემი გახდა ის, რომ პრეზიდენტმა ისინი ისე “დააბალანსა”, რომ ნამდვილი ოპოზიცია აღარ დარჩა. ამასთანავე, ჩვენს მთავრობას მთელი ქვეყანა მონოპოლიზებული აქვს. ის ეგრედწოდებულ სინგაპურიზაციას გეგმავს. ჩვენთან არ არსებობს თავისუფალი მეწარმეობა და ფული მხოლოდ იმათ აქვთ, ვინც ხელისუფლებასთან დაახლოებულია. მე ერთადერთი დამოუკიდებელი მეწარმე ვიყავი და მეც მუდმივად გამადიდებლით მაკვირდებოდნენ.

რამდენად შორს შეიძლება წახვიდეთ, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილს იწვევთ?

გამარჯვებამდე ვიბრძოლებ, მე უკან დასახევი გზა არ მაქვს.

გაგახარათ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მხარდაჭერამ, როდესაც მან საჯაროდ მოსთხოვა პრეზიდენტს თქვენთვის საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება? სამაგიეროდ სააკაშვილი, როგორც ჩანს, დღემდე ვერ ბედავს საჯაროდ იმაზე საუბარს, რომ სერიოზული ოპონენტი გამოუჩნდა…

(იცინის) ჩვენი პრეზიდენტი, რატომღაც ვერ ბედავს ჩემი სახელის საჯაროდ წარმოთქმას. ჩვენი პატრიარქი ძალიან ჭკვიანი ადამიანია. მე რა თქმა უნდა გამიხარდა, რომ მან საჯაროდ გამოთქვა თავისი აზრი. მიუხედავად ამისა, არ მინდა ამის შეფასება. არ ვისურვებდი, რომ ეკლესია პოლიტიკაში ჩაერიოს.…

გჯერათ, რომ არჩევნები სამართლიანი იქნება და თქვენ არჩევნებით იოლად მოხვალთ ხელისუფლებაში?

რა თქმა უნდა, არჩევნები სამართლიანი არ იქნება. ისეთ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის მედია საშუალებების 95-99 პროცენტს სახელმწიფო აკონტროლებს, მოგება იოლი არ არის. მაგრამ საქართველო პატარა ქვეყანაა და სიახლეები აქ ძალიან სწრაფად ვრცელდება. მე ჩემი საინფორმაციო ბუკლეტები ადამიანებამდე ფოსტალიონების მეშვეობით შემიძლია მივიტანო. ჩვენ მოვიპოვებთ აბსოლუტურ უმრავლესობას.

აბსოლუტურ უმრავლესობას?

ისინი ვერ შეძლებენ ხმების 30-დან 50 პროცენტამდე გაყალბებას. არც ამერიკელები და არც ევროპელები ამას არ აპატიებენ.

ანუ საქართველოში მათ რევოლუციის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ

ღმერთმა დაიფაროს! არანაირი რევოლუცია. მე არანაირ რევოლუციაში მონაწილეობას არ მივიღებ.

თუმცა 2003 წლის ვარდების რევოლუცია მშვიდობიანი იყო…

პრინციპში კი, მაგრამ მიუხედავად ამისა, რევოლუცია არ არის სწორი გზა, რადგან რევოლუციას როგორც წესი იმედგაცრუება მოსდევს. ხოლო თუ ხალხი გააზრებულად მოქმედებს და ემოციებს არ ჰყვება, ყველაფერი სხვაგვარად არის. მე მინდა საქართველოს უახლეს ისტორიაში შევქმნა პრეცენდენტი იმისა, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს და ამომრჩევლებმა იცოდნენ ვის და რატომ ირჩევენ.

როგორ შეუძლია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა?

ეს იოლი არ იქნება, არ მსურს ამ საკითხთან დაკავშირებით ილუზიების შექმნა. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვეძებოთ ისეთი სფეროები, სადაც ჩვენი და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. რუსეთისთვის ისეთი სეპარატისტული რეჟიმები, როგორებიცაა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი (საქართველოს გამოყოფილი რეგიონები – რედ.) საფრთხეა, რადგან რუსეთის ჩრდილოეთ კავკასია თავად მოიცავს დიდ ფეთქებადსაშიშ პოტენციალს. სხვა მხრივ, ჩვენ საქართველოში დემოკრატია უნდა ავაშენოთ, რათა საქართველო აფხაზებისთვის, ისევე როგორც ოსებისთვის საინტერესო გახდეს. როგორ დაგვიბრუნდებიან ისინი ახლა უკან, თუ საქართველოს მოქალაქეები გარბიან ჩვენი ქვეყნიდან?

შეუძლია საქართველოს გახდეს ნატოს წევრი, რუსეთის გაღიზიანების გარეშე? 

არ მგონია, ჩვენ სხვა არჩევანი გვქონდეს. ნატოს წევრობა ჩვენთვის ნამდვილად საუკეთესო დაცვაა. ჩვენ ამას რუსეთის გაღიზიანების გარეშე შეგვიძლია მივაღწიოთ. ამისთვის არსებობს დიპლომატია. ბოლო დროს ნატო თავად არის მოწადინებული დაუახლოვდეს რუსეთს. რატომ უნდა იყოს ეს შეუძლებელი საქართველოსათვის? მაგრამ ნატო დაინტერესებულია ისეთ წევრებში, სადაც განვითარებულია დემოკრატიული ინსტიტუტები. ჩვენს სახელმწიფოს ეს ჯერ არ აქვს.

თქვენ, ქართველს, პრეზიდენტმა მოქალაქეობა ჩამოგართვათ, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ანიჭებს საქართველოს მოქალაქეობას და საზღვარგარეთაც კი აგზავნის საქართველოს ელჩებად. რას ფიქრობთ გაბრიელა ფონ ჰაბსბურგზე, რომელიც გერმანიაში საქართველოს ელჩად მუშაობს?

გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი პირადად მე ძალზედ მესიმპატიურება და კარგია, რომ ის საქართველოს კეთილდღეობისთის იღწვის. მაგრამ ასეთი საკადრო პოლიტიკა ჩემში პრინციპულად ბევრ შეკითხვას ბადებს. ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მე ასეთ პოლიტიკას განვაგრძობ.

ამბობენ, ივანიშვილი პოლიტიკოსია, რომელზეც მინიმუმ ევროპა და რუსეთი შეთანხმდნენ…

(ხმამაღლა იცინის) და ამერიკაც! კარგი იქნებოდა ასე რომ იყოს. მაგრამ მე ვერ მივცემდი ჩემს თავს უფლებას, ამაზე მოვლაპარაკებოდი ვინმეს. მე პირდაპირ ქართველ ხალხთან დავიწყე საუბარი. მხოლოდ ამის შემდეგ შევხვდი ელჩებს. მათი რეაქცია ჩემს პოლიტიკაში გამოჩენაზე უაღრესად დადებითი იყო და მე დავრწმუნდი, რომ მათ ყველაფრის შესახებ კარგად იცოდნენ – როგორც ამერიკელებმა, ასევე ევროპელებმა და გნებავთ, რუსებმაც. ყველა ელის ცვლილებას და ეს ცვლილება მოხდება.

ბიძინა ივანიშვილი (დაბ. 1956) დაიბადა ქართველი მუშების ოჯახში. თბილისსა და მოსკოვში სწავლის შემდეგ დაიწყო კომპიუტერების გაყიდვა და ჯიბის ტელეფონების იმპორტი. დიდი ფული, ისევე როგორც სხვა ოლიგარქებმა, სადავო რუსული პრივატიზაციის წლებში წარმოებების ყიდვით და გაყიდვით იშოვა. ჯერაც აქვს წილი „როსიისკი კრედიტ ბანკში“. 2011 წლის ბოლოს დაარსა მოძრაობა `ქართული ოცნება“. მანამდე მთავრობამ მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა იმის გამო, რომ თითქოს ის რუსეთის ინტერესებში მოქმედებდა.
foreignpress.ge