[ირაკლი კაკაბაძე, european.ge ]
პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ გულწრფელად ვგულშემატკივრობ ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალი ძალის გამოჩენას თქვენი ორგანიზაციის სახით, რადგანაც ეს არის ალბათ უკანასკნელი შანსი, რომ ჩვენმა ქვეყანამ თავიდან აიცილოს მონური ცხოვრება და შიმშილით სიკვდილი მომავალი 30-40 წლის განმავლობაში. სააკაშვილის კარგად მომართულ მანქანას ნამდვილად უნდა მოეძებნოს უფრო ადამიანური ალტერნატივა, რომელიც პირველ რიგში საკუთარი მოქალაქეების კარგად ყოფნაზე იფიქრებს. ბოლო პერიოდში პოლიტიკურ ავანსცენაზე თქვენი ძალის გამოჩენით ბევრ ადამიანს, და მათს შორის მეც გამიჩნდა იმედი, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა. და ეს იმედი ახლაც მაქვს. თავს ვალდებულად ვთვლი პირდაპირ გითხრათ ის, რაც ძალიან სერიოზულ აზრებს აღძრავს ჩემში.
პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ რომ მე, ისევე როგორც ბევრი ქართველი მოველი ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ისეთი ძალის გამოჩენას, რომელიც სააკაშვილის ნამდვილი ალტერნატივა იქნება, და არა მხოლოდ მისი საქმის „უკეთესად გამკეთებელი“. მე არ მომწონს ის, რასაც სააკაშვილი აკეთებს – თუმცა ის ამას ძალიან კარგად აკეთებს.
სააკაშვილმა მშვენივრად მოახერხა ნეოლიბერალურ-ოლიგარქიული სახელმწიფოს შექმნა, სადაც ის რიგითი მოქალაქეების დატერორებისა და უსაზღვრო დაბეგვრის ხარჯზე არაჩვულებრივად წარმატებულად ამდიდრებს საკუთარი მეგობრების და ნათესავების პატარა ჯგუფს. უნდა ითქვას, სააკაშვილი მეტად ნიჭიერი პოლიტიკოსია, რომელიც ამ მტაცებლურ პოლიტიკას ისე კარგად აფორმებს ქართულ თუ დასავლურ მედიაში, რომ „დემოკრატის“ სახელსაც კი იმკვიდრებს. საქართველოს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის ეგრეთწოდებული ლიბერალური სისტემის თამაშის წესები. არ შეიძლება, რომ მას ეს დავუკარგოთ. ის ვინც, ამბობს რომ სააკაშვილი საკუთარ ამოცანებს ცუდად ასრულებს, ძირშივე ცდება. სააკაშვილი რასაც აკეთებს ძირშივე მცდარია და ხშირ შემთხვევაში დანაშაულებრივი, თორემ ის საკუთარ ამოცანებს ხუთიანზე ასრულებს – როგორც თვითონ იტყვის ხოლმე „მტრის ჯინაზე“. ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა პოლიტიკური ანალიზისას სწორედ ისაა როდესაც სააკაშვილს ცუდ პოლიტიკოსად და „არშემდგარ ლიბერალად“ მოიხსენიებენ. სააკაშვილი შემდგარი ლიბერალია – და ბევრ სხვაზე უკეთესად შემდგარი. სხვა საკითხია თუ რამდენად მოსაწონია ის ლიბერალიზმი, რომელსაც მიშა სააკაშვილი წარმოადგენს.
„პოსტმოდერნული ავტორიტარიზმის“ პოპულისტური მოდელით სააკაშვილი მეტად წააგავს აგრეთვე მეტად ნიჭიერ პერუელ პოლიტიკოსს, ამ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ ფუხიმორის, რომელიც ამჟამად ციხეში ზის, მაგრამ რომელმაც საკუთარი ქვეყანა ათზე მეტი წლის განმავლობაში ძარცვა და აშანტაჟა „დემოკრატიულად არჩეული“ ხელისუფლების წყალობით. ალბერტო ფუხიმორიც არაჩვეულებრივად ნიჭიერი ნეოლიბერალი პოპულისტი იყო, რომელმაც თავის დროზე არჩევნებში მარიო ვარგას ლიოსას მოუგო, რომელიც აგრეთვე მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო ბიზნეს წრეების „საყვარელი კაცი“ იყო და რომელიც აგრეთვე იყენებდა „სიკვდილის ესკადრონებს“ და პოლიციურ სახელმწიფოს მანქანას საკუთარი მოწინააღმდეგეების გასანადგურებლად. ფუხიმორისაც, სააკაშვილის მსგავსად ჰყავდა „ყველაფრის მცოდნე“ პოლიციის უფროსი, ვლადიმიროს მონტესინოსი, რომელიც ბატონი მერაბიშვილისა არ იყოს ფარულ კამერას მშვენივრად ხმარობდა და კარგად იცოდა უდანაშაულო ადამიანების მოკვლა უფორმო თანამშრომლების საშუალებით.
სააკაშვილისა არ იყოს პერუელი დიქტატორიც „არჩეული“ იყო დასავლელი დამკვირვებლების თანდასწრებით. სააკაშვილისა არ იყოს, ფუხიმორიც „ლიბერალური ეკონომიკის“ დიდი ადვოკატი გახლდათ – ღარიბებს ბეგრავდა და მდიდრებს კიდევ უფრო ამდიდრებდა. სააკაშვილისა არ იყოს, მის სამხრეთ ამერიკელ კოლეგასაც ძალიან უყვარდა „მაგარი ხელი“, მან იარაღით გაანადგურა აჯანყებული ჯგუფები მის ქვეყანაში, ზოგი ჯარის, ზოგი პოლიციის და ზოგიც გადაცმული პერუელი ახალაიების და დონაძეების საშუალებით. სააკაშვილისა არ იყოს, ისიც ვლადიმიროს მონტესინოსის საშუალებით ყველა იმ სატელეფონო საუბარს ისმენდა და იწერდა, რომელიც დააინტერესებდა. ისიც უაღრესად „წარმატებული“ ლიბერალი პოლიტიკოსი იყო. დღეს ის ციხეშია – სწორედ იმისათვის, რაც მან საკუთარ ხალხს გაუკეთა თავისი „ლიბერალური“ მმართველობით.
როგორც გითხარით ფუხიმორი იმდენად „წარმატებული“ ნეოლიბერალი იყო, რომ მან არჩევნებში ერთხელ ნობელის პრემიის ლაურეატი მარიო ვარგას ლიოსა დაამარცხა, მეორედ კი გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი პერეს დე კუელიარი. მისი რეიტინგი მისი დაპატიმრების წინაც არ იყო დაბალი. თუმცა, რა მოუტანა ამ ტიპის მმართველობამ მის ქვეყანას ყველამ კარგად იცის. ხალხმა მას პასუხი მოსთხოვა არა მისი „ეკონომიკური წარმატებების“ გამო, არამედ უდანაშაულო მოქალაქეების მოტაცების და დახოცვის მიზეზით და ახლა ის სასჯელს იხდის. მიუხედავად იმისა, რომ ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ სხვა დიქტატორს, მასაც ბევრი მომხრე და „ფანი“ ჰყავდა და ჰყავს კიდეც.
სწორედ ამაშია საქმე სააკაშვილის შემთხვევაშიაც, მხოლოდ სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ზურა ვაზაგაშვილის და სხვა მათი უდანაშაულო თანატოლების მკვლელობა გადასწონის სააკაშვილის ყველა „ლიბერალურ წარმატებას“. და ვისაც ეს „წარმატებები“ ადამიანის ცხოვრებაზე უფრო მაღალ ღირებულებად მიაჩნია, მისი ადგილი სწორედ ფუხიმორის, მონტესინოსის და სააკაშვილის გვერდზეა.
თქვენს წერილში პრეზიდენტ ობამას მიმართ აბსოლუტურად სწორად აღნიშნავთ რომ ჯანმრთელი საზოგადოებისათვის „ნეობოლშევიზმი“ მიუღებელია. ცხადია, ლენინის და სტალინის სახელმწიფო ტერორის და სახელმწიფო კაპიტალიზმის გზა დღეს ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისათვის მიუღებელია. 1980-იან წლებში ბევრი ჰუმანისტი უპირისპირდებოდა საბჭოთა სისტემას, როგორც ერთ-ერთ ტექნოკრატიულ-ტოტალიტარულ მანქანას, რომელსაც რიგითი ადამიანებისათვის უბედურება მოჰქონდა. ზუსტად ასევე, დღეს 2012 წელს პროგრესული სამყარო უპირისპირდება ნეოლიბერალიზმის უკიდეგანო ბატონობას. და ბევრ რამეში ნეოლიბერალიზმი ჰგავს საბჭოთა სისტემას.
კლასიკური ლიბერალიზმისგან განსხვავებით ნეოლიბერალიზმი ახდენს სახელმწიფო რესურსების მობილიზაციას იმისათვის, რომ მოსახლეობის 1 პროცენტზე ნაკლები გაამდიდროს საშუალო კლასის და ღარიბების ხარჯზე. ამისათვის, ისევე როგორც ბოლშევიკურ სისტემას, მას სჭირდება დიდი სამხედრო დაკვეთები და პოლიციური ხარჯები – ამ ხარჯების შედეგად გამომუშავებული თანხები კი რეჟიმის დაახლოვებულ „კერძო მეწარმეებს“ ხვდებათ. თუ საბჭოთა კავშირში ფულის მოპარვას ბიუჯეტიდან არაფორმალური ხასიათი ჰქონდა, ნეოლიბერალიზმის დროს ამ დაკვეთების კერძო კორპორაციებზე გაფორმება ოფიციალურად ხდება „ეროვნული უშიშროების დოქტრინის“ სახელით. რეალურად კი, საბჭოთა ნომენკლატურას ჩაენაცვლა „ლიბერალური სამხედრო-ინდუსტრიული ოლიგარქია“. მიშა სააკაშვილმა ძალიან წარმატებულად ჩაატარა ეს „რეფორმა“. დღეს საქართველოში ადამიანის სოციალური და პოლიტიკური უფლებები თითქმის მთლიანად დაუცველია – სამაგიეროდ კარგად არის დაცული „ნაციონალური მოძრაობის ელიტის“ ინტერესები. ეს ადამიანები თითქმის მთლიანად ფლობენ ქვეყანას და ვინც ამ წესრიგის წინააღმდეგ გამოსვლას გაბედავს, ყველას სასწრაფოდ უსწორდებიან. ქართული ნეოლიბერალური სისტემა მთლიანად უკმარისობაზე და რეპრესიაზე დგას – და მასში კარგად მხოლოდ ერთეულები არიან.
ცხადია, ნეოლიბერალიზმი არა მხოლოდ საქართველოს პრობლემაა – ბოლო ხანებში ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი გამოსვლებია ამერიკაშიც, რუსეთშიც, ბრიტანეთშიც, საბერძნეთშიც, ესპანეთშიც, რომ არაფერი ვთქვათ „არაბულ გაზაფხულზე“. 2008 წლის კრიზისის მერე მთელი კაცობრიობა ეკონომიკურ კრიზისშია და ეს იმის წყალობით, რომ სხვადასხვა ელიტები და მულტი-ნაციონალური კორპორაციები ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ფული წაიღონ სახლში და რაც შეიძლება ნაკლები შესაძლებლობა დაუტოვონ მსოფლიოს რიგით მოქალაქეებს.
სწორედ ამიტომაცაა რომ პრეზიდენტმა ობამამ დაიწყო საარჩევნო კამპანია იმ მოთხოვნით, რომ პირველ რიგში, დაცული იქნას საშუალო კლასის წარმომადგენლების უფლებები – მან მოითხოვა რომ გადასახადი შეუმცირდეს დაბალი და საშუალო კლასის წარმომადგენლებს და პირიქით გაეზარდოს ელიტის წარმომადგენლებს. ამ საკითხში მას გვერდში ბევრი ანტერპრენიორი და კერძო მეწარმე დაუდგა, ისეთები როგორიცაა უორენ ბაფეტი, ბილ გეიტსი, ჯორჯ სოროსი, ტერეზა ჰაინცი და ასე შემდეგ.
რა თქმა უნდა, დღეს არავინ საუბრობს ბოლშევიკურ ან ძალადობრივ ალტერნატივაზე – დღეს საკითხი ასე დგას: როგორ შეიძლება რომ მშვიდობიანი მეთოდებით თანამედროვე დემოკრატია უფრო სოციალურად პასუხისმგებელი გახდეს, რომ მილიონობით ადამიანის მარგინალიზაცია და შიმშილით სიკვდილი არ მოხდეს?
დღეს ლაპარაკია ველური და დაუნდობელი შიმშილის და უმუშევრობის დამარცხებაზე სოციალური ანტერპრენიორობის საშუალებით – ამერიკაში ბოლო სამ წელიწადში სოციალური ინვესტიციების საშუალებით მოხდა ეკონომიკური დეპრესიის (დღევანდელი მდგომარეობა რეალურად დეპრესიაა და არა მხოლოდ რეცესია ბევრი სპეციალისტის აზრით) ბევრი სიმპტომის გადაძლევა. სწორედ ამ დეცენტრალიზებული კერძო და სახელმწიფო ინიციატივების საშუალებით ბოლო 22 თვეში 3 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა ამ ურთულეს ეკონომიკურ სიტუაციაში. ამის მიზეზია ობამას ადმინისტრაციის სოციალური ანტერპრენიორების პროგრამა, რომელიც პრაქტიკულად ახალი პარადიგმაა – გასული საუკუნის 30-იან წლებში ფრანკლინ რუზველტის მიერ ჩატარებული კეინსიანური რეფორმების შემდეგ ეს სახელმწიფო და კერძო ინიციატივების ყველაზე დიდი პროგრამაა, რომელიც თავისი არსით სოციალ-დემოკრატიულ ხასიათს ატარებს.
დღეს სოციალურ მეცნიერებებში ყველა ახალ და მაცოცხლებელ პარადიგმას ეძებს და ამ ძიებას რაღა თქმა უნდა დიდი შრომაც სჭირდება და ბევრი კრეატიული ელემენტის აღმოჩენაც, რომელიც გასულ საუკუნეში არ იყო მაინცდამაინც აქტუალური. პოსტ-ინდუსტრიალ სამყაროს ახალი გამოწვევები აქვს – მეოცე საუკუნის მოდელები უკვე მოძველებულია. სწორედ ამიტომაც წამოვიდა ბევრი საპროტესტო მოძრაობა, რომელიც არ არის ტრადიციული მოდელების მიმდევარი. მაგალითად მოძრაობა „occupy Wall Street“ ტრადიციული მარქსისტული დოგმატიკისგან შორს დგას და უფრო ლიბერტარიანული სოციალიზმის პრინციპებს იზიარებს. დღეს დეცენტრალიზებული სოციალიზმის იდეები ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე კომუნისტური პარტიის მეოცე საუკუნეში ჩარჩენილი დოგმატური იდეები.
მაგრამ მთავარი ელემენტი დღევანდელ სოციალურ მოძრაობებში სწორედაც რომ სოლიდარობაა – ინდივიდუალური საწყისის კულტიდან ახლა კაცობრიობა გადადის ინდივიდუალურის და კოლექტიურის სინთეზზე. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროგრამა ამ მხრივ მაჰათმა განდის „სვადეშს“ ეყრდნობა, რომელიც გასული საუკუნის 40-იან წლებში დაიწერა. განდის „კონსტრუქციულმა პროგრამამ“ მსოფლიო პოლიტიკურ აზროვნებაში დიდი რევოლუცია მოახდინა – მისი „სვადეში“ შემდგომში უკვე საფუძვლად დაედო ევროპაში და ჩრდილო ამერიკაში ეკოლოგიური და მდგრადი განვითარების პროგრამების შემუშავებას. „მწვანეთა მოძრაობის“ ბევრი იდეა სწორედ განდის „კონსტრუქციულ პროგრამაშია“ და მის „სვადეშში“ – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელი მიდგომა გლობალური ეკონომიკის მიმართ.
მწვანე ეკონომიკა დღეს მეინსტრიმში დამკვიდრებული ტერმინია და ამაში დიდი წვლილი სწორედაც რომ განდის მოდელს მიუძღვის. დღეს ინდოეთი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი მომავლის ეკონომიკაა – ამის გარდა ის მსოფლიოში უდიდესი დემოკრატიული სახელმწიფოა. და ეს მოხერხდა სინთეზური მიდგომით სოციალური და ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტისას. ცხადია, პრობლემები ინდოეთშიაც ბევრია და დანარჩენ მსოფლიოში, მაგრამ „სვადეშის“ მიდგომამ დღეისათვის უკვე დაამტკიცა რომ არანაკლებ ღირებულია, ვიდრე ჩიკაგოს ან ლონდონის ეკონომიკური სკოლების თუ რომელიმე სხვა დასავლური სოციალური დოგმატიზმის ინსტიტუტის. ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი განვითარების ეს ახალი მოდელი უკვე ბევრი საზოგადოებისათვის სამაგალითო ხდება. ამ მიდგომაში კარგად არის შერწყმული კერძო და სახელმწიფო საკუთრების საუკეთესო ელემენტები – საბოლოო ჯამში სახელმწიფო გვევლინება მდგრადი განვითარების ძლიერ ხელშემწყობ აგენტად – ოღონდ მცირე და საშუალო საწარმოებთან ერთად.
ჩვენთან ხშირად ლაპარაკობენ სინგაპურის და სხვადასხვა აზიურ მოდელებზე – ცხადია ესენიც ანგარიშგასაწევია. მაგრამ, თავისთავად ის ფაქტი რომ სოლიდარობაზე დამყარებული სოციალ-ეკონომიკური მოდელები დღეს უფრო მეტ ყურადღებას იპყრობენ იმის მანიშნებელია, რომ მსოფლიოში ახალი პარადიგმის დრო დადგა.
ამის გარდა საინტერესოა სხვა მაგალითებიც, რომლებმაც შედარებით უმტკივნეულოდ გადალახეს ეკონომიკური კრიზისი. ერთი მაგალითია სოციალ-დემოკრატიული ნორვეგია, რომელსაც არა მხოლოდ ნავთობი აქვს, არამედ მთავრობის მიერ შექმნილი სოციალური უსაფრთხოების ფონდიც და ამ ფონდის წყალობით ნამდვილად ეფექტურად ახერხებს კრიზისების თავიდან აცილებას. ნორვეგიის მაგალითი მეტად ანგარიშგასაწევია, რადგან ეს ქვეყანა უკვე დიდი ხანია წამყვან ადგილზეა ეკონომიკური და სოციალური მაჩვენებლებით. კეთილდღეობის სახელმწიფოს კონცეფციას აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
დღევანდელი თურქეთი კიდევ ერთი მაგალითია ფეხზე მდგარი ეკონომიკის, რომელიც აგრეთვე კარგად ურწყავს ერთმანეთს სოლიდარობას და თავისუფლებას. თანამედროვე თურქეთან კარგად მოახერხა აღმოსავლური კოლექტივისტური და დასავლური ინდივიდუალისტური მოდელების შერწყმა და შედეგად მიიღო საკმაოდ დამოუკიდებელი ეკონომიკური სტრუქტურა. დღეს ჩვენი მეზობელი თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალაა ეკონომიკურად, სწორედ იმიტომ, რომ განვითარების საკუთარი მოდელი მონახა, რომელიც სოლიდარობაზე უარს არ ამბობს.
არაფერს ვიტყვი სამხრეთ ამერიკულ მოდელებზე, რომლებმაც უკანასკენლ წლებში არანაკლებ წარმატებას მიაღწიეს. მათს შორის განსაკუთრებით გაძლიერდა ბრაზილია. ამ ქვეყანაშიაც მნიშვნელოვანია სოლიდარობის მექანიზმების როლი. ხვალინდელი მსოფლიო სწორედ ამ ახალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოდელებს ეკუთვნის, სადაც ინდივიდუალურ თავისუფლებას საზოგადოებრივი სოლიდარობა ჰარმონიულად ერწყმის. ლიბერალური სისტემა უკვე გუშინდელი დღეა – დღეს „სვადეშის“ ტიპის ეკონომიკების დროა – „მწვანე ეკონომიკური მოდელი“ დღეს უკვე ზოგიერთმა მემარჯვენე პოლიტიკოსმაც კი აიღო შეიარაღებაზე.
რა გვიშლის ხელს რომ ქართველებმა ჩვენს „მრავალჟამიერის“ კულტურაზე დაყრდნობით საკუთარი პროგრამა შევქმნათ იმის მაგივრად რომ „სოციალური დარვინიზმის“ უსიტყვო გადმომღერება მოვახდინოთ? ამ უსიტყვო გადმომღერებამ მიგვიყვანა ამ კატასტროფულად მძიმე მდგომარეობამდე – სახელმწიფო, რომელიც ყველანაირად ხელს უშლის მცირე და საშუალო მეწარმეს, აჩანაგებს ბუნებას, აღატაკებს ღარიბებს და მხოლოდ თავისიანებს ამდიდრებს ვერანაირად ვერ იქნება ხალხის ინტერესების გამომხატველი. სწორედ, ეს არის ქართული ნეოლიბერალიზმის არსი.
მიშა სააკაშვილი ქართული ნეოლიბერალიზმის ჩემპიონია. ის მშვენივრად აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველო „ბანანის რესპუბლიკად“ ჩამოაყალიბოს. მას კარგად ესმის საზოგადოებრივი ურთიერთობების ტექნოლოგიებიც, სპინიც, პოლიციური ტერორიც და „სიკვდილის ესკადრონების“ შექმნაც. საკუთარი საახლობლო და ოჯახი მანაც კარგად გაამდიდრა. ქვეყანას მუდმივი ომის მდგომარეობაში ისიც კარგად ამყოფებს და ამის წყალობით მუდმივ სამხედრო დაკვეთებს იღებს. ამ საქმეს ის კარგად აკეთებს – მე ვფიქრობ, რომ ქართული ნეოლიბერალიზმის საქმეში სააკაშვილი პირველ ადგილზეა. სულ ტყუილად ეჯიბრებიან მას ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიბერალები. მასთან ამაში შეჯიბრი არ არის არც კარგი და არც სასარგებლო. მე ვფიქრობ, რომ საქართველოსგან პერუს არჩეული დიქტატორის ალბერტო ფუხიმორის მოდელის „ბანანის რესპუბლიკის“ ჩამოყალიბება თავისთავად ცუდი საქმეა – ცხადია ამას სააკაშვილი ნიჭიერად და კარგად აკეთებს – მაგრამ თავად ეს მიზანია მიუღებელი. ქართველი ოპოზიციონერი ლიბერალები კი იმის მაგივრად რომ საკუთარ „ადამიანურ ალტერნატივას“ გვთავაზობდნენ მუდმივად მიშას კუდში მიჩანჩალებენ და იმას გაჰკივიან: „მიშა რასაც აკეთებს სწორია – უბრალოდ ჩვენ ამას მასზე კარგად გავაკეთებთო”! სიმართლე გითხრათ, ბევრ სხვასთან ერთად მეც ასეთივე რეაქცია მაქვს ოპოზიციონერი „მაჩანჩალა ნეოლიბერალების“ შემხედვარეს: „თუ სწორად მიგაჩნიათ ის, რასაც მიშა აკეთებს, მაშინ ნუ გაქვთ იმედი, რომ მასზე ან ფუხიმორიზე უკეთესად გააკეთებთ! და თუ ვინმე მოახერხებს, რომ სააკაშვილს ამაში აჯობოს, მაშინ ის უფრო დიდ ბოროტებას ჩაიდენს და აქედან გამომდინარე ის ქვეყანას არ სჭირდება“.
ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთ ევროპა იმიტომაც იყვნენ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის წარმატებული სახელმწიფოები, რომ მათ „კეთილდღეობის სახელმწიფო მოდელის“ შექმნა მოახერხეს, სადაც მეტნაკლებად დაცული იყო სოციალური სამართლიანობის პრინციპი, რამეთუ ადამიანის ძირითად უფლებებს შორის მისი სოციალური უფლება ერთ-ერთი პირველი უფლებათაგანია მის პოლიტიკურ უფლებებთან ერთად. ნაომი კლაინის განცხადება რომ ახალგაზრდები ქუჩაში სიყვარულის უკმარისობამ გამოიყვანა მთლიანად მართალია. დიახ, დღეს ყველაზე დიდი პრობლემა მსოფლიოში ადამიანური სოლიდარობის უკმარისობაა, რომელსაც ნეოლიბერალიზმის მიერ დაკანონებული „ინსტიტუციონალური ეგოცენტრიზმი“ იწვევს. ლიბერალიზმის მთავარი პრინციპი საკუთარ თავზე ზრუნვაა, მაშინ როდესაც განდის „სვადეშის“ ან ქართული „მრავალჟამიერის“ ამოსავალი წერტილი საკუთარ თავზე ზემოთ „სხვის“ დაყენებაა. სწორედ ამიტომაც ვთვლი, რომ მომავალი სწორედ ამ მსოფლმხედველობას ეკუთვნის.
სხვათა შორის, ნაირა გელაშვილმა უკვე 20 წელიწადზე დიდი ხნის წინ შექმნა „კავკასიური სახლი“, სადაც, სწორედაც, რომ ჩვენი მსოფლმხედველობიდან ამოსული სოციალური მოდელების მოძებნას ცდილობს და არა სხვადასხვა ტექნოკრატიული დოქტრინის უსიტყვო გადმომღერებას. ხშირ შემთხვევაში სწორედ სულიერი კრიზისი იწვევს მატერიალურ კრიზისს. როდესაც ადამიანი უსაზღვროდ ხარბდება, მაშინ ის ბუნებრივია სხვებსაც ივიწყებს და ადვილი შესაძლებელია ისეთი კრიზისები, რომლებიც 2001 წელს და 2008 წელს მოხდა მსოფლიო ბაზარზე. უოლ სტრიტის უკანასკნელი კრიზისები სწორედაც რომ სულიერი პრობლემით იყო განპირობებული. ლიბერალური ფილოსოფია დღეს აძლიერებს ამ სულიერ სიმწირეს და დაცემას – როდესაც ეგოცენტრიზმი აბსოლუტური ღირებულებაა, ბუნებრივია რომ „გამარჯვებული“ ეცდება „დამარცხებულების„ რიცხვი რაც შეიძლება გაზარდოს და სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გააღატაკოს. ის სისტემა, რომელიც სიუხვის მაგიერ უკმარისობას წაახალისებს კატასტროფისთვისაა განწირული. კარლ იუნგის და ერიჰ ფრომის ნაწერებში კარგად სჩანს სწორედ ის, თუ სადამდე შეუძლია მიიყვანოს ადამიანი კონკურენციის, ქიშპობის კულტმა. ადამიანური სიყვარულის ხელოვნებაა ის, რაც უნდა აითვისოს თანამედროვე ქართველმა და ამის მშვენიერი მაგალითია ვაჟა ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“, ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობი“, აკაკი წერეთლის „გამზრდელი“, გოგლა ლეონიძის „ნატვრის ხე“, გალაქტიონის ან ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია და ბევრი სხვა ნაწარმოები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. „რასაცა გასცემ შენია..“ კარგად დაწერილი სამოქმედო პროგრამაა ყველაზე თანამედროვე სოციალური და დემოკრატიული სახელმწიფოსათვის. თანამედროვე „კეთილდღიების სახელმწიფოების“ წარმატება სწორედაც რომ ამაზე მეტყველებს – რუზველტის „ახალი კურსი“ სწორედაც რომ ამ პრინციპებს ემყარებოდა, ისევე როგორც ლინდონ ჯონსონის „დიდი საზოგადოება“. ევროკავშირის წარმატებული მაგალითიც სწორედ ამ პრინციპიდან მოდის და განდის „სვადეშის“ ბევრი ელემენტი სწორედ აქედან არის. სოლიდარობის ეკონომიკის ბევრი განხორციელებული მაგალითის მოყვანა შეიძლება.
დღეს მთელი მსოფლიო უყურებს ნაომი კლაინის და მისი მეგობრების „სიყვარულის მოწოდებას“ – რატომ არ შეიძლება რომ ქართველებს ჩვენი „სიყვარულის დოქტრინა“ გვქონდეს?
მე ვფიქრობ, დღეს დროა, რომ ახალმა პოლიტიკურმა ძალამ სააკაშვილის ნეოლიბერალურ-ავტორიტარული ოლიგარქიის ნამდვილი ალტერნატივა შესთავაზოს საზოგადოებას – ის მოდელი, რომელიც სოლიდარობის გრძნობას გააძლიერებს და ისეთი მსოფლმხედველობა, რომელიც კონკურენციის და სიძულვილის მაგივრად სიყვარულის დოქტრინას შემოგვათავაზებს. „მაჩანჩალა ლიბერალების“ როლში ყოფნა ახალ პოლიტიკურ ძალას არაფერს არგებს – ქართული პოლიტიკური ეგოცენტრიზმის და დაუნდობლობის სამყაროს უკვე ჰყავს კანონიერი ჩემპიონი – მოდით მას ნუ შევეჯიბრებით იმაში თუ ვინ უფრო „წარმატებული ეგოისტია“. ხვალისათვის საქართველოს სჭირდება ახალი სოციალური ანტერპრენიორიზმი, რომელიც ყველა კერძო თუ სახელმწიფო რესურსს ადამიანური სოლიდარობის და ურთიერთგატანის სამსახურში ჩააყენებს და, რომელიც ლიბერალურ გულგრილობას და დაუნდობლობას ქმედითი სიყვარულით ჩაანაცვლებს.
ბატონო ბიძინა, როდესაც 80-იანი წლების ბოლოს ჩვენ საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის წინააღმდეგ გამოვდიოდით, მაშინ სწორედაც რომ ადამიანის ინდივიდუალური ღირსების გადარჩენაზე ვფიქრობდით. დიახ, მაშინ საჭირო იყო ადამიანის ღირსების დაცვა სახელმწიფოს კოლექტიური ძალადობისაგან. მაშინ ბევრი ჩვენგანი ილია ჭავჭავაძის „განდეგილზე“ და ჰუსერლის ფენომენოლოგიაზე ლაპარაკობდა. ადამიანი საოცრად მდიდარი არსებაა და არააირად არ შეიძლება მისი ინდივიდუალური სიმდიდრის დაკარგვა. სწორედ ამიტომაც ვიყავით მაშინ „სახელმწიფო ლოღიკის“ წინააღმდეგ და ახლაც ეს პრინციპი სწორია. საბჭოთა იმპერია დაეცა სწორედაც რომ ადამიანური ღირებულებების უპატივისმცემლობის გამო. სახელმწიფოს ინტერესი არ შეიძლება არც ერთი ადამიანის ცხოვრებაზე მეტს ნიშნავდეს. სწორედ ამიტომაცაა, რომ სანდრო გირგვლიანის და მისი თანატოლი ახალგაზრდების ცხოვრება ყველა „სახელმწიფო წარმატებაზე“ უფრო მნიშვნელოვანია.
დღეს უკვე სხვა გამოწვევის წინაშე ვდგავართ: ადამიანის ინდივიდუალური თავისუფლების საფარქვეშ შემოგვეპარა უკიდურესი ეგოცენტრიზმი, საკუთარ თავში შეყვარებულობა, რასაც სხვანაირად ლაისსეზ-ფაირე-ს უწოდებენ. თითქოს ეს პრინციპი იმას ამბობს, რომ ყველამ ყველას თავი დაანებოს და აცალოს წყნარად მუშაობა და ვაჭრობა. მაგრამ, რეალურად ეს ასე არ არის – თავს ანებებენ მხოლოდ იმათ ვინც პრივილეგირებულია, ვინც პრეზიდენტის ნათესავია, მეგობარია ან პოლიტიკური გუნდის წევრია. სხვა არავის თავს არ ანებებენ და დაუნდობლად ძარცვავენ. ასე არ დაანებეს თავი ჩემი მეგობრის დედას, რომელიც მცირე ბიზნესმენი იყო – მოსთხოვეს დიდი ფული და რომ ვერ გადაიხადა ციხეში ჩასვეს. თქვენც ხომ იცით რომ ასეთი უამრავია.
ჩემი ქართული ოცნება სწორედ ის არის რომ მცირე და საშუალო ბიზნესის პატრონს მართლად „თავი დაანებოს“ სახელმწიფოს „დიდმა ძმამ“, რომ ადამიანები დაუმსახურებლად არც ციხეში ჩასვან და არც დახოცონ და რომ ყველას თანასწორად ჰქონდეს საკუთარი ბედნიერებისკენ სწრაფვის საშუალება. ჩემი ოცნება ის არის, რომ სოციალური სამართლიანობა ხელს უწყობდეს ნამდვილ დემოკრატიას – რამეთუ დემოსის ბატონობა სოციალური უფლებების გარეშე არ არსებობს.
იმედი მაქვს რომ თქვენი „ქართული ოცნებაც“ ასეთივეა.