საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის დირექტორი, ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი Presage.tv-სთან საუბარში აცხადებს, რომ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობა ჩვენი პარტნიორების დემოკრატიულ სტანდარტებთან გარკვეულ უხერხულობას შექმნის.
„ეროვნული ფორუმი“ ბიძინა ივანიშვილის ალიანსის სრულფასოვანი პოლიტიკური ერთეული გახდა. ამიერიდან ალიანსში შემავალ სუბიექტებს შორის როგორი იქნება ძალთა ბალანსი? აქამდე საუბრობდნენ, რომ რესპუბლიკელები იყვნენ ე.წ. გამწევი ძალა და ივანიშვილზე ყველაზე მეტ გავლენას ისინი ახდენდნენ.
- მე ინფორმირებული არ ვარ, რომ ვინმე იყო გამწევი ძალა. მიჭირს ახლა თქმა, ალბათ, გამწევი ძალა იქნება ის ახალი ჯგუფი, რომელსაც შექმნის ბიძინა ივანიშვილი.
რას შეცვლის ახალი წევრი ალიანსისთვის?
- მე ვფიქრობ, იგივე იქნება, რაც აქამდე იყო. „ეროვნული ფორუმის“ პლატფორმა რაშიც მდგომარეობდა, არანაირად არა მგონია, რომ ეს პლატფორმა შეიცვლება. ჩემი აზრით, ის ძალები, რომლებიც ერთიანდებიან ივანიშვილთან (ყოველ შემთხვევაში, დეკლარირებული ასე არის), ინარჩუნებენ თავიანთ ინდივიდუალურ, პოლიტიკურ სახეს. შესაბამისად, არა მგონია, ისინი აპირებდნენ პოლიტიკური სახის შეცვლას. ჩემი აზრით, ეს იქნება იგივე, რასაც აქამდე აკეთებდა „ფორუმი“.
რაც შეეხება კოალიციის გარეთ დარჩენილ ძალებს, თვითონ რესპუბლიკელების ზოგიერთი წევრი მესამე პოლიტიკური ძალის შექმნას კატეგორიულად გამორიცხავდა. თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებაც - რას გააკეთებენ კოალიციის გარეთ დარჩენილი პოლიტიკური ძალები, პოლიტიკურ სამარეში ხომ არ ჩაწვებიან იმის გამო, რაკი მათ არ იღებენ კოალიციაში?
- გააჩნია, რას ეძახით მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნას. თუ გულისხმობთ, რომ გაერთიანდებიან თუ არა ეს ძალები საარჩევნოდ, ასეთი რამ შესაძლებელია. ალბათ, არის ამის წინაპირობა, რომ ისინი გაერთიანდნენ. სხვა საკითხია, რამდენად იქნება ეს მესამე პოლიტიკური ცენტრი - ანუ, რამდენად ძლიერი იქნება ეს ცენტრი. მე ვვარაუდობ, რომ დღესდღეობით ასეთ პოლიტიკურ ცენტრს (რამდენადაც ის არ უნდა რეგისტრირდეს ან გაფორმდეს), პოლიტიკური გრავიტაცია და პოლიტიკური წონა ნაკლები ექნება. ქართულ პოლიტიკაში უკვე არსებობს ორი სერიოზული ჯგუფი, რომელიც ერთმანეთს უპირისპირდება. აქედან გამომდინარე, მესამე ცენტრისთვის ფორმალურად ასეთი რამ, რა თქმა უნდა, შეიძლება შეიქმნას, მაგრამ ამ ეტაპზე მგონია, რომ მისი პოლიტიკური წონა შედარებით სუსტი იქნება.
თუმცა, არ გამორიცხავთ, რომ შესაძლოა, მესამე პოლიტიკური ცენტრი საარჩევნო პერიოდისთვის ხელისუფლების დახმარებითაც გაძლიერდეს?
- მე არ ვიცი, ვისი დახმარებით გაძლიერდება. შესაძლებელია, ასეთი პოლიტიკური ცენტრი შეიქმნას, მაგრამ ამ ეტაპზე მათი წონა არ ჩანს, რომ მათ ექნებათ ის საკითხები და ის წონა, რომელიც მათ სერიოზულ ცენტრად გამოიყვანს. ალბათ, უფრო ნაკლები იქნება მათი წონა, თვისობრივად ნაკლები, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის და ივანიშვილის გაერთიანების.
თავად სააკაშვილი აცხადებს, რომ „პუტინი“ საქართველოში არ იქნება. თუმცა, ამის მიუხედავად, აპირებს მემუარები დაწეროს 17 წლის შემდეგ.
- მე არ ვაპირებ სააკაშვილის გამონათქვამების კომენტირებას.
მაშინ ის გვითხარით, აპირებს იგი პრემიერ-მინისტრის რანგში მოგვევლინოს? ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს იგი გლდანის მაჟორიტარ დეპუტატობას აპირებს. სად უფრო გესახებათ მისი ადგილი?
- მაჟორიტარ დეპუტატად თუ პრემიერ-მინისტრად?
თუნდაც.
- ჩემი აზრით, სააკაშვილი საკმარისად გამოცდილი პოლიტიკოსია თვითონ გადაწყვიტოს, სად არის მისი ადგილი. მე ვიცი ერთი, რომ ჩვენს პარტნიორებს მისი პრემიერ-მინისტრობა დისკომფორტს უქმნის. ამის გარდა, რას გადაწყვეტს სააკაშვილი, ჩემთვის ძნელი სათქმელია.
რაც შეეხება ამერიკის დაზვერვის სააგენტოს მონაცემებს, ისინი თითქოს არ კრძალავენ მის პრემიერ-მინისტრობას, რაც მათთვის კავკასიაში სიმშვიდის საფასურად შეიძლება აღიქმებოდეს. რას უნდა ნიშნავდეს ასეთი ორმხრივი დამოკიდებულება?
- შეერთებულ შტატებს არასდროს არ აქვს აკრძალვითი ფუნქცია, თუ არ არის პირდაპირი დაპირისპირება და ემბარგოებს თუ არ მიმართავენ რომელიღაც უშუალოდ დაპირისპირებული ქვეყნის მიმართ. ამერიკა არის ჩვენი პარტნიორი და არა - ჩვენი მტერი, ან ჩვენი სუვერენი. შესაბამისად, მათი პოზიცია გამოიხატება იმ სიტყვით, რაც მოგახსენეთ. მათთვის უხერხულობას ქმნის სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობა, ისინი აფიქსირებენ, რომ ეს მათთვის უხერხული გადაწყვეტილება იქნება.
თუმცა ობამასთან შეხვედრის შემდეგ ახალი ხელისუფალისთვის ძალაუფლების გადაბარება რას უნდა ნიშნავდეს? რა ურჩია ობამამ სააკაშვილს ხელისუფლების გადაბარებასთან დაკავშირებით?
- ჩემთვის ძნელია იმის თქმა, რა რჩევა მისცა ობამამ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, იმ ტექსტში, რაც იქ გამოქვეყნდა, მინიშნება იყო იმაზე, რომ საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა უნდა განხორციელდეს. ასეთია ჩვენი პარტნიორის რჩევა. იქიდან გამომდინარე, რა აქცენტებითაც კეთდება შეკითხვები სააკაშვილის მიმართ მის პრემიერ-მინისტრობასთან დაკავშირებით, შთაბეჭდილება მრჩება, რომ მისი გადაწყვეტილება თუ იქნება ასეთი, რომ გახდეს პრემიერ-მინისტრი, ეს გარკვეულ უხერხულობას შექმნის ჩვენი პარტნიორების დემოკრატიულ სტანდარტებთან.
ბიძინა ივანიშვილმა რესპუბლიკელების მიმართაც გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება. ანუ, ისინი არ არიან იმდენად ხალხოსნები, რომ საზოგადოებამ გაიგოს მათი აკადემიური ენა.
- მე ვფიქრობ, ყველა პარტიას, როდესაც ის არის პარტია, თავისი ამომრჩეველი ჰყავს. ახლა რესპუბლიკელების ამომრჩეველი მცირეა თუ დიდი, თუ რა გავლენა აქვს ამ ამომრჩეველს, ალბათ, ბიძინა ივანიშვილმა უკეთესად იცის, როდესაც მათთან პარტნიორობა დაიწყო. შესაბამისად, მას ჰქონდა არგუმენტი, რატომაც დაიწყო პარტნიორობა ამ პარტიასთან. როგორც ჩანს, ასე თვლის ბიძინა ივანიშვილი. მე მგონი, რესპუბლიკელებს თავიანთი ამომრჩეველი ჰყავთ, თუმცა ასე ზუსტად ვერ გეტყვით, რა რაოდენობისაა ეს ამომრჩეველი, ან ამ ამომრჩეველს კიდევ რა გავლენა აქვს სხვა ამომრჩეველზე. თუ გავაანალიზებთ, შესაძლებელია, ისეთი ვარიანტიც იყოს, რომ რესპუბლიკელებს ჰყავთ ამომრჩეველი, ვინც შემდეგ სხვა ამომრჩეველსა და მათ პოზიციაზე ახდენს გავლენას. ყოველ შემთხვევაში, ივანიშვილს რომ მოსწონს რესპუბლიკელები, რომლებიც მასთან ერთად არიან, ეს ფაქტია.
თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილი გამორიცხავდა ქუჩის აქციებს, ახლახანს განაცხადა, რომ ჩემთვის პრინციპულია, არცერთი ქართველი არ ვაცემინოო, ამიტომაც ბურჯანაძესთან ვერ დაინახა თავისი ადგილი. ამის მიუხედავად, ივანიშვილი მაინც არ გამორიცხავს, თუ გაყალბდება არჩევნები, ქუჩაში გაიყვანოს ხალხი. ანუ, ქართული პოლიტიკური ყოფის გავთვალისწინებით, მასაც მოუხდა პოზიციის შეცვლა? ქართული პოლიტიკური ვითარება ხშირად მოითხოვს, ადამიანმა გადახედოს თავის პირვანდელ ნააზრევს და კიდევ შეიცვლება თუ არა ბიძინა ივანიშვილის პოზიცია?
- ადამიანის პოზიცია შეიცვლება თუ არა, მე მგონი, წინასწარ თვითონ ადამიანმაც არ იცის. ნებისმიერი პოლიტიკური რეალობა მოითხოვს პოლიტიკოსისგან ადექვატურობას.