„კავკასიური კონტექსტი“: კენეტ იალოვიცი ობამა-სააკაშვილის შეხვედრის შესახებ

„კავკასიური კონტექსტი“: კენეტ იალოვიცი ობამა-სააკაშვილის შეხვედრის შესახებ


ამ კვირაში რუბრიკა ”კავკასიური კონტექსტი” ელჩს, კენეტ იალოვიცს წარმოგიდგენთ. ის 1998-2001 წ.წ. საქართველოში აშშ-ს დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობდა. იალოვიცი ობამა-სააკაშვილის გასული კვირის შეხვედრას აანალიზებს.

გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა თეთრ სახლში საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. კენეტ იალოვიცი დარტმუტის კოლეჯის პროფესორია და საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი (1998-2001 წ.წ.). ის ”კავკასიურ კონტექსტს” შეხვედრის შესახებ თავის შეხედულებებს უზიარებს და საუბრობს იმაზე, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ შეხვედრას საქართველოს მომავლისათვის.

რამდენად მნიშვნელოვანი იყო ობამა-სააკაშვილის შეხვედრა, რომელიც ოვალურ კაბინეტში ჩატარდა?

შეხვდრა, რომელიც სააკაშვილს ამას წინათ ჰქონდა, პირველი შეხვედრაა პრეზიდენტებისათვის. ეს შეხვედრა დაემთხვა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავს. თუ გავითვალისწინებთ დაძაბულ ვითარებას აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და ჩრდილო კავკასიაში, იმას, რომ რუსეთში პოლიტიკური სიტუაცია იცვლება, პრეზიდენტების შეხვედრა ძალიან დროული იყო და მნიშვნელოვანი იყო – მათ იმსჯელეს ორმხრივ ურთიერთობებზე, უსაფრთხოების პრობლემებზე, ვაჭრობასა და ინვესტიციებზე. რა თქმა უნდა, იყო განხილული საქართველოს ნატოში გაწევრიანების, საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების საკითხი და გამოთქმული იყო მადლობა იმისთვის, რომ საქართველოს წვილილი შეაქვს სამოკავშირეო ოპერაციებში ერაყსა და ავღანეთში. პრეზიდენტი სააკაშვილი ასევე შეხვდა სახელმწიფო მდივანს კლინტონს, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროპაში შეხვდა თავდაცვის მდივანს პენეტას. ასე რომ ეს იყო ურთიერთობათა ერთიანად გადახედვის შესაძლებლობა.

შეხვედრა დაემთხვა ასევე საქართველოში დემოკრატიული განვითარების გარდამტეხ მომენტს. ამ წლის ბოლოს უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, ხოლო სიცოცხლისუნარიან და კონსტრუქციულ ოპოზიციას მიეცეს პარლამენტში ადგილების მოპოვების შესაძლებლობა. მე დარწმუნებული ვარ ეს საკითხიც, ისევე როგორც კორუფციასთან ბრძოლაში მიღეწეული პროგრესი და უცხოური ინვესტიციებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა, ყოველმხრივ იყო განხილული შეხვედრის დროს.

საქართველოს ოფიციალური პირები ხმამაღლა აცხადებდნენ იმის შესახებ, რომ აშშ-სთან თანამშრომლობა, კონკრეტულად კი თავდაცვის საკითხებში ახალ დონეზე ავიდა. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ეს?

მე არ ვიცი ზუსტად, რას უნდა ნიშნავდეს ეს, რადგან მე აღარ ვარ მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი. ასე რომ, უბრალოდ ჩემს მოსაზრებას გამოვხატავ. დარწმუნებული ვარ, რომ შეხვედრა ურთიერთსასარგებლო და პროდუქტიული იყო. ცხადია, ქართველები მათი საშინაო პოლიტიკური მიზნებისთვის, ცდილობენ შეხვედრა შეძლებისდაგვარად საუკეთესო რაკურსით აღწერონ, რაც სავსებით გასაგებია. შეხვედრის წინ ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული განცხადებებით ჩანდა, რომ საქართველოსთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოხდება. აშშ-ს ყურადღება კვლავ კონცენტრირებული იქნება წვრთნაზე, განათლებასა და ტექნიკურ თანამშრომლობაზე. შესაძლოა შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით გარკვეულ შეთანხმებაზე ლაპარაკი იყო, რუსეთთან ურთიერთობათა გაუარესების შემთხვევაში, მაგრამ ეს ჯერ ცნობილი არ არის.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოგზაურობა იყო პრეზიდენტ სააკაშვილისთვის; როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტს ხვდები, გინდა, რომ შეძლებისდაგვარად ამას საუკეთესო ელფერი მისცე. მან აშშ-ში მთელი კვირა გაატარა და უნდა, რომ ეს ყველაფერი, რამდენადაც შესაძლებელია, წარმატებად აღწეროს. მან საქართველო ისეთი გარდამავალი ქვეყნებისთვის, როგორიცაა არაბული სამყაროს სახელმწიფოები, მოდელად დაასახელა.

რა პრაქტიკული შედეგი ექნება ობამასა და სააკაშვილის შეხვედრას?

კეთილი, მათ ილაპარაკეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ორ ქვეყანას შორის, რაც მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. ეს მოჰყვა საქართველოს თანხმობას რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, რაც აშშ-ს სურდა. უსაფრთხოებისა და თავდაცვით საკითხებში თანამშრომლობაზე ყოვლისმომცველი დისკუსია წარიმართა. იმ დროს, როდესაც ჩვენ შეიძლება არ ვიცოდეთ კონკრეტული შედეგების შესახებ, ორი პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ურთიერთობა მთლიანობაში ძალიან მყარია, მაგრამ არსებობს პრობლემური მომენტებიც. ჯერ კიდევ არ არის გაცემული პასუხი ისეთ კითხვაზე, თუ როგორ გაიგო 2008 წლის აგვისტოს ქართულ-რუსული ომის წინ ვაშინგტონიდან წამოსული გზავნილები თბილისმა. ჩემთვის, შეხვედრის საუკეთესო შედეგი ისაა, რომ პრეზიდენტებს მიეცათ ურთიერთობებზე უშუალოდ ემსჯელათ, ისე რომ ორივე მხარისთვის ყველაფერი ცხადი გახდეს. ყველა იმ რთული პრობლემის ფონზე, რომელიც საქართველოს აქვს, ეს ძალიან მისასალმებელია.

საქართველოსთვის დღეს უდიდესი გამოწვევა დემოკრატიის განმტკიცებაა. თუ შეხვედრის შემდეგ აშშ-ს მიერ გაკეთებულ განცხადებებს დავეყრდნობით, პრეზიდენტმა ობამამ ხაზი გაუსვა დემოკრატიული საპრალამენტო არჩევნების საჭიროებას. იმის გამო, რომ საქართველოს კონსტიტუცია ახლა შეცვლილია და მეტი ძალაუფლება პრემიერ-მინისტრს გადაეცა, მან, ალბათ, ხაზი გაუსვა ცვლილების მნიშვნელოვნებას, მომავალ წელს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ოფისს დატოვებს. პუტინთან დაკავშირებული სიტუაციის ფონზე, როდესაც ელიან მის დაბრუნებას რუსეთის პრეზიდენტად, შესაძლოა ობამამ გააფრთხილა სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის იმავე ვარიანტის განმეორებასთან დაკავშირებით.
foreignpress.ge