იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის შეფასებით, დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგია უნდა გადაიხედოს, მაგრამ ისე, რომ საქართველო ნულოვანი ტოლერანტობის კულტურას არ დაუბრუნდეს. აღნიშნული განცხადებით იუსტიციის მინისტრი გუშინ, ჟურნალისტებთან საუბრისას შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, პოლიციელთა უფლებამოსილებების გაზრდის მიზნით კანონპროექტი უნდა მომზადდეს.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მისთვის გასაკვირია, რომ დღემდე პარლამენტში "ჰაერშია გამოკიდებული" მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც იარაღის შენახვა-შეძენის წესებსა და მასზე პასუხისმგებლობას ამკაცრებს.
"პირველ რიგში მინდა იმ ტრაგედიას გამოვეხმაურო, რომელიც ჩვენი თვალსაჩინო ახალგაზრდის, პოლიციელის სიკვდილით დასრულდა. მინდა მივუსამძიმრო ოჯახს. ვიცი, რომ არც ერთი პოლიციელის, ძალოვანის, საზოგადოების წევრის გულში მისი ხსოვნა დავიწყებული არ იქნება. ჩვენ კანონების გამკაცრებით რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვებრძოლოთ დანაშაულს, მაგრამ ეს დანაშაულთან ბრძოლისთვის არ კმარა. გუშინ, როცა ეს ტრაგედია მოხდა, გამიკვირდა, რომ დღემდე პარლამენტში ჰაერშია გამოკიდებული "იარაღის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც პრემიერის დავალებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად პარლამენტში წარვადგინეთ. ალბათ დროა, იარაღთან დაკავშირებით წესები გამკაცრდეს, რაც ჩვენ პარლამენტს შევთავაზეთ და რა თქმა უნდა, დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგიას გადავხედოთ, ოღონდ ისე, რომ არ დაგვავწყდეს ადამიანის უფლებები, რათა საქართველო ნულოვანი ტოლერანტობის კულტურას არ დაუბრუნდეს", - განუცხადა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.