"ეროვნული ფორუმი"
ბიძინა ივანიშვილის კოალიციის წევრი გახდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს
"ფორუმის" ლიდერმა, კახა შარტავამ ბიძინა ივანიშვილთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, ახალ კოალიციას აქვს სურვილი,
"ეროვნული ფორუმი", როგორც პოლიტიკური სუბიექტი, მას შეუერთდეს.
"ჩვენი მხრიდანაც არის პოზიტიური განწყობა და შევთანხმდით, რომ "ეროვნული ფორუმი" ახალი კოალიციის წევრი გახდება. ამ საკითხს ჩვენს აქტივს გავაცნობთ, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, დადებითად იქნება აღქმული. დანარჩენი საკითხები, კოალიციის ფორმირების წესი და სხვა დეტალები უახლოეს ხანში გახდება ცნობილი და გამოცხადდება", - განაცხადა კახა შარტავამ.
მისივე განმარტებით, კოალიციის ოფიციალურად შექმნამდე საზოგადოებას იმ პარტიის საინიციატივო ჯგუფი უნდა წარედგინოს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი თანამოაზრეები ქმნიან.
შარტავას ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის პარტიისა და ახალი კოალიციის ფორმირება, სავარაუდოდ, თებერვალში მოხდება.
დღევანდელი შეხვედრით, რომელიც მთაწმინდაზე მდებარე ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში გაიმართა,
"ეროვნული ფორუმის" ლიდერი კმაყოფილია. შარტავას განცხადებით, კონსულტაციებმა მეგობრულ გარემოში ჩაიარა.
შეხვედრაზე,
"ეროვნული ფორუმის" ლიდერის გარდა, იმყოფებოდნენ "ფორუმელები" გუბაზ სანიკიძე და რევაზ შავიშვილი.
შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე,
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია და "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.