[ალექსი პეტრიაშვილი პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური მდივანი]
აშშ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია და მისი უსაფრთხოების, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მთავარი გარანტი. ამდენად, ბარაქ ობამას აშშ-ს პრეზიდენტობის მეოთხე წელს მიხეილ სააკაშვილის მასთან ვაშინგტონში პირველი შეხვედრისადმი, ბუნებრივია, საქართველოში ინტერესი დიდი იყო. არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც, რომლის გამო შეხვედრა ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენდა. კერძოდ, ვიზიტი განხორციელდა იმ წელს, როდესაც საქართველოში უნდა ჩატარდეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასა და ამ გზით ძალაუფლების ოფიციალურად გადაცემას ამერიკის ადმინისტრაციაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. პრეზიდენტ ობამას მხრიდან პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულ საკითხებზე ხაზგასმაც ამის დამადასტურებელია.
სამწუხაროა, რომ ხელისუფლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში და ძალაუფლების ოფიციალურად გადაცემაში უშუალოდ მისთვის ხედავს საფრთხეს. ნაცვლად იმისა, რომ მისი წარმომადგენლები თავად იწყებდნენ და ასრულებდნენ ყველა გამოსვლას თუ სიუჟეტს მათ მიერ კონტროლირებად ნაციონალურ ტელევიზიებზე არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრით, პირიქით, ცდილობენ მიჩქმალონ, „თარგმანში დაკარგონ“ ან გადაფარონ სხვა საკითხებით, რომელთა მნიშვნელობაზეც არავინ არ დაობს.
საქართველოსთვის ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტის მხრიდან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პოტენციალის შესწავლაზე საუბარი უაღრესად მნიშვნელოვანი და პოზიტიური სიგნალია. არ შეიძლება ადამიანს, ვისაც ქვეყნის ეროვნული ინტერესები გულთან ახლოს მიაქვს, ეს ფაქტი არ ახარებდეს. მის მნიშვნელობაზე სახელისუფლებო მედიაშიც საკმარისზე მეტი ითქვა, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ისევე როგორც ბევრ სხვა მნიშვნელოვან საკითხში, ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს ხელისუფლების პიარულ, რბილად რომ ვთქვათ, ეშმაკობებთან. მე პირადად არცერთხელ არ მომისმენია სახელისუფლებო გუნდის მხრიდან, რომ ეს განცხადება არის კარგი დასაწყისი იმ რთული და შრომატევადი პროცესისა, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს საბოლოო ჯამში ამ შეთანხმების ხელმოწერამდე. უმეტესწილად, ამ შეთანხმებას ჩვენ გვაწვდიდნენ უკვე როგორც შემდგარ ფაქტს. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა კონტექსტში იყო ნახსენები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალი პერსპექტიული მიმართულება. ამაზე ოდნავ მოგვიანებით.
თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ასევე უმნიშვნელოვანესი ამოცანა და უნდა ითქვას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან ზრუნავს ჩვენს თავდაცვისუნარიანობაზე სხვადასხვა პროგრამების განხორციელების მეშვეობით. ეს არის ასევე გრძელვადიანი, ურთიერთვალდებულებებზე დაფუძნებული პროცესი, მაგრამ თავდაცვისუნარიანობის საკითხი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისგან განცალკევებულად არც ამერიკის ადმინისტრაციაში არ განიხილება და არც ჩვენ არ უნდა გავმიჯნოთ. აქვე არ შემიძლია მადლიერების გრძნობით არ შევეხო ისეთ საამაყო საკიტხს, როგორიც არის ქართველი მებრძოლების სანიმუშო მონაწილეობა საერთაშორისო კოალიციის მიერ წარმოებულ სამხედრო მოქმედებებში ავღანეთში. მადლობა მათ.
ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებასთან დაკავშირებით ასევე ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა, რომლითაც ჩვენმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ჩვენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა. თუმცა, ყველას კარგად ესმის, რომ ეს მხოლოდ აშშ-ს გადასაწყვეტი არ არის, მოითხოვს დროს და, რაც მთავარია, ჩვენი მხრიდან დემოკრატიულ რეფორმებში მნიშვნელოვან პროგრესს.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ყველა ზემოხსნებული უმნიშვნელოვანესი საკითხი ბარაქ ობამამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით ძალაუფლების გადაცემასთან კონტექსტში ჩამოთვალა, ისევე როგორც ისაუბრა დაწყებული რეფორმების წარმატებით გაგრძელებაზე.
რაოდენ არ უნდა ეცადოს ხელისუფლება მის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიების მეშვეობით, რომ რეფორმების წარმატებით განხორციელება და თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები ჩვენს მოქალაქეებს არჩევნების კონტექსტიდან „მოგლეჯილად“ მიაწოდოს, ის ვერსად ვერ გაექცევა ამ დღეების განმავლობაში როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან დახურულ კარს მიღმა გამართული უმნიშვნელოვანესი შეხვედრების დროს მოსმენილ შეუნიღბავ სიმართლეს, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ხარისხი და ინტენსივობა პირდაპირ იქნება დამოკიდებული კონკურენტული წინასაარჩევნო გარემოს შექმნაზე, თავად არჩევნების დემოკრატიულობასა და სამართლიანობაზე და ამ არჩევნების გზით ძალაუფლების სრულფასოვნად გადაცემაზე.
ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები, ბიძინა ივანიშვილთან, რესპუბლიკურ პარტიასთან და სხვა ჩვენს პარტნიორებთან ერთად მზად ვართ ბრძოლისთვის, მზად ვიქნებით არჩევნებისთვის და მზად ვიქნებით გამარჯვების შემდეგ ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ამოცანების გადასაჭრელად, მაგრამ ვიდრე საქართველოს მოქალაქეები გააკეთებენ არჩევანს, მანამდე ქვეყნისთვის და გნებავთ საკუთარი პოლიტიკური მომავლისთვისაც სწორი არჩევანის გაკეთება ხელისუფლებაზეა. ამიტომაც მივმართავ თითოეულ მათგანს:
გააკეთე სწორი არჩევანი!