საარჩევნო ტექნოლოგიების მეტრი ჟაკ სეგელა თბილისში ჩამოდის

საარჩევნო ტექნოლოგიების მეტრი ჟაკ სეგელა თბილისში ჩამოდის

როგორც პრესაჯი.ტვ-სთვის ცნობილი გახდა, მარტში თბილიშში ჩამოსვლას აპირებს მსოფლიოში აღიარებული იმიჯმეიკერი და საარჩევნო ტექნოლოგიების უდიდესი სპეციალისტი, ფრანგი ჟაკ სეგელა. მისი მასპინძელია პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, “პოლიტიკური იმიჯისა და მარკეტინგის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი”, პროფესორი ვაჟა შუბითიძე.

გთავაზობთ ინტერვიუს  ვაჟა შუბითიძესთან:

-  ჟაკ სეგელა არის თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი სპეციალისტი პოლიტიკური რეკლამისა და საარჩევნო ტექნოლოგიების სფეროში. მას უწოდებენ პრეზიდენტების შემოქმედს (შემქმნელს) – სეგელას ჩატარებული აქვს ათი საპრეზიდენტო და საპარლამენტო საარჩევნო კამპანია სხვადასხვა ქვეყანაში (საფრანგეთი, ავსტრია, საბერძნეთი, პოლონეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, რუსეთი და ა.შ.) და ყველა საარჩევნო კამპანია წარმატებით აქვს დაგვირგვინებული – მის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატებმა ყველა ამ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვეს.

რა ურთიერთობა გაქვთ  ჟაკ სეგელასთან?

- ჟაკ სეგელას სახელი პირველად 2000 წელს გავიგე, როცა ხელში ჩამივარდა რუსულ ენაზე თარგმნილი მისი შესანიშნავი წიგნი “ხმებზე ნადირობის ნაციონალური თავისებურებანი” (მოსკოვი 1999წ.) ამ წიგნში აღწერილია მის მიერ ჩატარებული 8 საარჩევნო კამპანია სხვადასხვა ქვეყანაში და ძალზე საინტერესოდ იკითხება. ამ წიგნიდან გაიგებთ, თუ როგორ ტარდება არჩევნები ევროკავშირის ქვეყნებში, რით  განსხვავდება ისინი ქართული არჩევნებისგან და როგორი ხერხებით და მეთოდებით იბრძვიან და იმარჯვებენ კონკურენტები. ეს არის საარჩევნო კამპანიის ბიბლია. ეს წიგნი და საერთოდ სეგელას შემოქმედება ჩვენ მაშინვე შევიტანეთ სასწავლო გეგმაში და ამ წლების განმავლობაში ვაცნობდით სტუდენტებს, მაგისტრებს, დოქტორანტებს და დაინტერესებულ პირებს.

2010 წელს ჩემი და ბ-ნ შიო სანაძის მიერ ეს წიგნი ითარგმნა ქართულად სათანადო კომენტარებით და დაიბეჭდა მცირე ტირაჟით, თუმცა სპეციალისტების გარდა მისით არავინ დაინტერესებულა, ჩვენს პოლიტიკოსებს ასეთი რამისთვის არ ცალიათ (მხოლოდ ინგა გრიგოლია დაინტერესდა ამით). ჟაკ სეგელა ძალზე დაკავებულია და აქამდე ჩვენთან ჩამოსასვლელად ვერ იცლიდა. მე და ჩემმა სტუდენტებმა, რომ იტყვიან, 2010 წლიდან მოსვენება არ მივეცით და ისიც, ბოლოს დაგვთანხმდა ჩამოსვლაზე.

რას ითვალისწინებს მისი ჩამოსვლა, როგორია პროგრამა?

 - ჟაკ სეგელას ჩამოსვლა საქართველოში, და ნებისმიერ ქვეყნაში, დიდი პატივია ყველასთვის. იგი აქ წაიკითხავს ლექციებს მაგისტრებისა და დოქტორანტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისთვის, დაგეგმილია მისი სააგენტოს ფილიალის გახსნა საქართველოში (ასეთი ფილიალები მას მრავალ ქვეყანაში აქვს). იგი ხშირად თავისი ხარჯებით ეხმარება ჩვენნაირი ქვეყნების წარმომადგენლებს, არის ობიექტური და მაღალი ზნეობის ადამიანი. თუ პარტიები და პოლიტიკოსები გამოთქვამენ სურვილს, სეგელამ შეიძლება მასტერ-კლასი ჩაუტაროს მათ თბილისში.

საყოველთაოდაა ცნობილი მისი ე.წ. საარჩევნო მცნებები (8მცნება), რომელიც საჭიროა არჩევნებში გასამარჯვებლად:

1. ხმას აძლევენ ადამიანს (ლიდერს) და არა პარტიას;

2. ხმას აძლევენ იდეას და არა იდეოლოგიას;

3. ხმას აძლევენ მომავალს და არა წარსულს;

4. ხმას აძლევენ სოციალურ და არა პოლიტიკურ გამოხატულებას (მოტივს);

5. ხმას აძლევენ ადამიან-ლეგენდას და არა უშუალობას (უღიმღამობას);

6. ხმას აძლევენ ბედს და არა ყოველდღიურობას;

7. ხმას აძლევენ გამარჯვებულს და არა ხელმოცარულს;

8. ხმას აძლევენ ნამდვილ და არა ყალბ ფასეულობებს.

რედაქციისაგან: უახლოეს დღეებში ჩვენ შემოგთავაზებთ ცალკეულ მონაკვეთებს ჟაკ სეგელას სახელგანთქმული წიგნიდან “ხმებზე ნადირობის ნაციონალური თავისებურებანი” (რედაქტორი პროფ. ვ. შუბითიძე).