პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ივანიშვილის პოლიტიკურ კოალიციაში მყოფ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ და ბიზნესმენის კარზე არანაირი შიდა კონკურენცია არ არსებობს. იგი რესპუბლიკელების წინააღმდეგ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს ხელისუფლების ინტერესებს უკავშირებს, რომელშიც „რატომღაც“ მხარედ ოპოზიციური ძალებიც ჩაერთნენ.
„ტრიბუნა“ ირაკლი ალასანიას აქტუალურ პოლიტიკურ თემებზე ესაუბრა.
ბატონო ირაკლი, ობამა–სააკაშვილის შეხვედრაზე უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ მაინც გკითხავთ, თქვენ, როგორც დიპლომატიური გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი, რას მიიჩნევთ ამ შეხვედრის მთავარ გზავნილად? რა მნიშვნელოვანი ქვეტექსტები ამოიკითხეთ აშშ–ის პრეზიდენტის განცხადებაში?
- ეს იყო ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრა. ამერიკა–საქართველოს ურთიერთობები ერთ ადგილას არ დგას, 20 წელია ვითარდება. უნდა ვთქვათ, რომ ამას საფუძველი ჩაუყარა ედუარდ შევარდნაძემ და ბუნებრივია, ამ ურთიერთობებს თავისი წილი შემატა სააკაშვილმაც. ეს ურთიერთობები დღეს უკვე ახალ ეტაპზე გადასვლას მოითხოვს. მით უფრო მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას. შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებიდან მნიშვნელოვანი იყო ყველა დეტალი – სამხედრო თანამშრომლობის გაზრდა, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების საკითხი... მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ თეთრ სახლში სააკაშვილისა და ობამას შეხვედრა საარჩევნო წელს შედგა. მიმაჩნია, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა.
აშშ–ის პრეზიდენტმა ერთმნიშვნელოვნად ჩამოაყალიბა პოზიცია, რომ თუ საქართველოს სურს ჩამოყალიბდეს დემოკრატიულ ქვეყნად, უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და, პირველად საქართველოს 20–წლიანი ისტორიის განმავლობაში, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით.
- გამოცდილებიდან შემიძლიათ გითხრათ, რომ ის, რასაც საჯაროდ აცხადებენ, ძალიან მცირე ნაწილია იმისა, რაც შეხვედრებზე განიხილებოდა. შეხვედრა გაიმართა ვიცე–პრეზიდენტთანაც და ვიცი, რომ ამ ძალიან შინაარსიან და დატვირთულ შეხვედრაზე, კონკრეტული საუბარი იყო საქართველოში დემოკრატიის დეფიციტზე. აბსოლუტურად ანალოგიური პოზიციები ექნებათ სააკაშვილთან შეხვედრის დროს სენატორებსა და კონგრესმენებსაც. ეტყვიან, რომ მან უნდა მიბაძოს არა პუტინს, არამედ, ჯორჯ ვაშინგტონს, რომელიც ორი ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკიდან წავიდა და გზა დემოკრატიას დაუთმო.
საზოგადოებაში დიდი მოლოდინი და ინტერესია ბიძინა ივანიშვილის მიერ პარტიის შექმნასთან დაკავშირებით. თუ არის უკვე გადაწყვეტილი, როდის დაფუძნდება პარტია, რა ერქმევა მას და ვინ იქნება თავმჯდომარე?
- პარტნიორი პოლიტიკური ძალები უკვე შეთანხმებული ვართ მთავარ ღირებულებებზე, როგორიცაა ევროპაში საქართველოს ინტეგრაცია, თავისუფალი სასამართლოს, მედიისა და კონკურენტული გარემოს შექმნა ყველა სფეროში. ივანიშვილის პარტია ჩამოყალიბდება უახლოეს მომავალში და ამის შემდეგ უკვე გამოცხადდება ჩვენი ერთობა, ჩვენი ალიანსი. ახალი პოლიტიკური ძალის ლიდერი იქნება ბიძინა ივანიშვილი.
ბოლო თვეების განმავლობაში 200–ზე მეტი სოფელი მოვიარე და შემიძლია ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ხალხში ენთუზიაზმი გაასმაგდა. პოლიტიკური პარტნიორები ვაფასებთ ივანიშვილის ამ გაბედულ ნაბიჯს. მის ირგვლივ იკვრება პოლიტიკური ძალა, რომელიც მომავალ არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობას“ დაამარცხებს და უმცირესობაში გადაიყვანს.
პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლიდან, ფაქტობრივად, დღემდე, საზოგადოება ორ ნაწილად იყო გაყოფილი – სააკაშვილისა და ივანიშვილის მომხრეებად. ბოლო პერიოდში კახა კუკავასა და ნინო ბურჯანაძის პარტიები გააქტიურდნენ და გაჩნდა მოსაზრებები რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, ებრალიძის თანამოაზრეების სახით ე.წ. მესამე ძალის შექმნასთან დაკავშირებით. იქნება თუ არა ეს ძალა თქვენი კონკურენტი ოპოზიციურ ფლანგზე?
- არ მივიჩნევთ მათ კონკურენტებად. ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მთავარი ამოცანა არის მისი დამარცხება. დანარჩენებს საერთოდ არ განვიხილავთ, როგორც მოწინააღმდეგეებს.
როზნერის კვლევის მიხედვით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 65%–იანი რეიტინგი აჩვენა. არ ფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებში სწორედ ამ შედეგის მიღებას შეეცდება?
- ჩვენთვის სიახლე არ არის, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ სპეციალურად მისთვის „შეკერილ“ კვლევის შედეგებს დებს. თავად ვატარებთ კვლევებს და ვაპირებთ, დიდი ავტორიტეტის მქონე ინსტიტუტები ჩავრთოთ საქართველოში პოლიტიკური რეიტინგების კვლევების საქმეში და მათვე ჩავატარებინოთ ეგზიტპოლები. გვექნება ობიექტური ინფორმაცია, რომელსაც მივაწვდით საზოგადოებას.
პოლიტიკური ძალების მთავარი მსაჯული იქნება ქართველი საზოგადოება, რომელიც არჩევნების დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მათთან დაკავშირებული უსაფრთხოების სამსახურები ყოველდღე ნერგავენ შიშს, და ამიტომ მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარი პოზიციის ღიად გამოხატვისგან ჯერ თავს იკავებს. დარწმუნებული ვარ, ამ პოზიციის მანიფესტაცია, სწორედ, არჩევნების დღეს მოხდება.
საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, რატომ ვცვლით „ნაციონალურ მოძრაობას“. მხოლოდ ცვლილება არავის აინტერესებს, თუ ერთი ავტორიტარი მეორით ჩანაცვლდა, ეს ხალხს სიკეთეს ვერ მოუტანს. ძალიან ნათლად უნდა დავანახოთ გლეხს, რას გავაკეთებთ სოფლის მეურნეობაში, ნათლად უნდა ვაჩვენოთ პროფესორს, რას გავაკეთებთ მეცნიერებასა და განათლების სისტემაში, უნდა ავუხსნათ საზოგადოებას, თუ რა პერსპექტივა გაუჩნდება ახალგაზრდობას, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ მონოპოლია შეიცვლება მრავალპარტიული პარლამენტით და გაიხსნება საზღვრები პოლიტიკური და ბიზნესკონკურენციის თვალსაზრისით.
თუმცა, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური პრაქტიკის თანახმად, ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კვლევებისა და ეგზიტპოლების შედეგები, ძირითადად, ცესკოს მიერ გამოცხადებული არჩევნების შედეგების ანალოგიურია.
- როგორც გითხარით, ჩვენ საქართველოში ჩამოვიყვანთ ავტორიტეტულ მკვლევარებს. მათ მიერ ჩატარებული ობიექტური ეგზიტპოლები ვერ აცდება რეალობას, ანუ არჩევნებს ვერ გააყალებენ ისე, როგორც აქამდე აყალბებდნენ.
ორი კვირის წინ დეპუტატმა გია თორთლაძემ განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, სააკაშვილმა პრეზიდენტობაზე უარი თქვას და არჩევნების დროს პარტიას ჩაუდგეს სათავეში. რამდენად რეალური შეიძლება იყოს პოლიტიკური პროცესების ამ გზით განვითარება?
- არ დავიწყებ სპეკულაციას იმით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააკაშვილი, ჩემთვის ის წარსულის პოლიტიკოსია. გამოჩნდა, რომ ვაშინგტონიც ასე ფიქრობს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ანალოგიურ პოზიციას ღიად გამოხატავს ბრიუსელიც. ამიტომ, სააკაშვილის მომავალზე ფიქრი ჩემს კომპეტენციაში არ შედის. ჩემთვის მთავარი საფიქრალია, როგორ გამოვიყვანთ ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან და როგორ დავძლევთ „ნაციონალური მოძრაობის“ 8–წლიანი მმართველობის შემდეგ საქართველოში არსებულ უკიდურეს სიღატაკეს. დღეს ყოველი სამი ადამიანიდან ორი უმუშევარია და ეს კატასტროფულ სიტუაციას ქმნის არა მხოლოდ სოციალური, არამედ დემოგრაფიული კუთხითაც.
ხელისუფლების გარდა ივანიშვილის პარტნიორების კრიტიკა ოპოზიციის ნაწილმაც დაიწყო. მაგალითად, კახა კუკავა ამბობს, რომ ივანიშვილთან განსაკუთრებით გავლენიანები გახდნენ რესპუბლიკელები და ჩრდილში მოექცა ირაკლი ალასანია, მართლა ასეა?
- ყველას კარგად გვესმის – ბიძინასაც, მეც, დათოსაც... რომ ბრძოლა, რომელშიც ჩვენ შევედით, პირად და პარტიულ ამბიციებზე მაღლა უნდა დადგეს. ყოველგვარი ყალბი პათეტიკის გარეშე ვიტყვი, რომ სასწორზე დგას საქართველოს მომავალი განვითარების საკითხი. თანაც, პიროვნულადაც არ ვართ ისეთები, რომ ერთმანეთი კონკურენტებად აღვიქვათ. ჩვენ ვავსებთ ერთმანეთს. აბსოლუტურად ჰარმონიულად მიდის მუშაობა, ვემზადებით საარჩევნო ინფრასტრუქტურის შექმნისთვის.
ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რამე ნაპრალი გაჩნდეს იმ ძალაში, რომელიც მისი ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგეა. ეს ბუნებრივია. უბრალოდ, კითხვები ჩნდება, თუ რატომ უწყობენ ხელს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „ნაციონალურ მოძრაობას“ ასეთი ხმების გავრცელებაში.
თქვენ გაქვთ რესპუბლიკელებთან თანამშრომლობის გამოცდილება – „ალიანსის“ მაგალითს ვგულისხმობ – რა თავისებურებებით გამოირჩევიან რესპუბლიკელები კოალიციურ ფორმატში თანამშრომლობის დროს?
- ვმეგობრობ დათო უსუფაშვილთან, თინა ხიდაშელთან. ბევრი საერთო საქმე გვიკეთებია წარსულშიც და ჯანსაღი პარტნიორები ვართ დღეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ძალების გაერთიანება ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ისეთ ძალას ჩამოაყალიბებს, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობას“ დაამარცხებს.
პოლიტიკურ ასპარეზზე ივანიშვილის გამოჩენა ე.წ. „ექვსიანის“ დაშლას დაემთხვა. სწორედ მის გამო ხომ არ დაიშალა აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანება? პირადად თქვენ თუ იცოდით ივანიშვილის პოლიტიკური გეგმების შესახებ?
- არ ვყოფილვარ საქმის კურსში. ჩემთვისაც, როგორც საქართველოში მცხოვრები უმრავლესობისთვის, ეს სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. ეს იყო ტექტონური ცვლილება ქართულ პოლიტიკაში – გაჩნდა იმედი საზოგადოებაში, პოლიტიკურ ძალებში.
ერთ–ერთი პირველი იყავით, ვინც ივანიშვილმა საკუთარ გუნდში სათანამშრომლოდ მიგიწვიათ. 2011 წლის ოქტომბრამდე, ანუ მის მიერ პოლიტიკური განცხადებების გავრცელებამდე, თუ იცნობდით ივანიშვილს?
- არ ვიცნობდი. ფიზიკურადაც არ მყავდა ნანახი. ვიცოდი მხოლოდ მისი საქმიანობა. ვიცოდი, რომ ეს ადამიანი საკუთარ შესაძლებლობებსა და ფინანსებს ახმარდა ქართული კულტურისა და სულიერების გადარჩენას და, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ამას აკეთებდა ისე, რომ არ ხმაურდებოდა.
როცა გავიცანი, მითხრა, რომ იზიარებს იმ პოლიტიკურ ღირებულებებსა და შეხედულებებს, რომლისთვისაც მე პოლიტიკაში ვარ და შემომთავაზა ძალების გაერთიანება. ამის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა.
ნატოს შესახებაც მინდა გკითხოთ – მმართველი პარტია და მისი მხარდამჭერები ამბობენ, რომ თქვენ მერყევი პოზიცია გაქვთ ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხზე – ხან ამბობთ, რომ ნატო პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის, ხან – მხოლოდ მომავლის პერსპექტივად მიგაჩნიათ. გაქვთ თუ არა ამ საკითხზე შეჯერებული პოზიცია ივანიშვილსა და მის პარტნიორებს? ნატო საქართველოსთვის გადაუდებელი აუცილებლობაა, თუ მომავლის პერსპექტივა?
- ნატოსთან დაკავშირებით არც მე და არც ჩემს პარტიას არასდროს შეგვიცვლია პოზიცია. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლირებადმა მედიამ სცადა, დარტყმა მიეყენებინა ჩვენი საერთაშორისო იმიჯისთვის, რაც, ბუნებრივია, არ გამოუვიდათ. პირადად ჩემი და ჩემი პარტიის საგარეო პოლიტიკური ღირებულებები ძალიან კარგად არის ცნობილი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებთათვის – ვაშინგტონში, ბრიუსელსა თუ სხვაგან და სააკაშვილის უმწეო მცდელობები მას ვერაფერს დააკლებდა.
ქართველი საზოგადოების არჩევანია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპული ოჯახისა და ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი. მაგრამ უნდა ვიყოთ რეალისტები, ნატოში, ისევე როგორც ევროკავშირში, გაწევრიანება პირდაპირ უკავშირდება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნასა და საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლებების არჩევნებით ცვლას. არცერთი ეს პარამეტრი დღეს არ არის დაკმაყოფილებული. ევროკავშირსა და ნატოში ჩვენი მომავალი დამოკიდებულია წლევანდელ საპარლამენტო და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე. ნატოს კარები ღიაა საქართველოსთვის. რუსეთი ვერ დაბლოკავს ამ საკითხს, მას ეს ფორმალურადაც არ შეუძლია და ვერც საგარეო პოლიტიკურ ზეწოლას განახორციელებს ნატოს წევრებზე.
ივანიშვილმა პირველ პოლიტიკურ განცხადებებში აღნიშნა, რომ პარლამენტში მისი გუნდი დიდი უმრავლესობით მოვიდოდა. მას შემდეგ ბევრი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რომელიც უშუალოდ ივანიშვილისა და მისი გუნდისთვის მნიშვნელოვან შეზღუდვებს აწესებს. ამ ფონზეც ფიქრობთ, რომ პარლამენტში უმრავლესობის გაყვანას შეძლებთ?
- საუბრის დასაწყისშიც ვთქვი და გავიმეორებ, ჩვენ დიდი შანსი გვაქვს, რომ უმრავლესობით მოვიდეთ პარლამენტში, დავამარცხოთ „ნაციონალური მოძრაობა“ და გადავიყვანოთ ისინი უმცირესობაში. მიუხედავად იმ კანონმდებლობისა, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო, საზოგადოების დიდი ნაწილი ჩვენ მიმართ სიმპათიით არის განწყობილი. ისინი ხედავენ უსამართლო გარემოსა და ავტორიტარულ რეჟიმს, რომელსაც სააკაშვილი უპირისპირებს ჩვენს პოლიტიკურ ძალას. საზოგადოების დიდი უმრავლესობა მოვა არჩევნებზე და გადაწყვეტილებას ჩვენს სასარგებლოდ მიიღებს. ამის იმედი მაქვს და ამის რეალურ შესაძლებლობას ვხედავ.
ბატონო ირაკლი, გჯერათ, რომ პოლიტიკური ოცნებები ხდება?
- როგორ არ მჯერა! საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი. თითოეულ ქართველში ვხედავ შანსს, რომ ქართული ოცნება ერთად ავიხდინოთ და ეს ასეც მოხდება. საქართველომ ბოლო 20 წლის განმავლობაში გაიარა ყველა უბედურება, ყველა წინააღმდეგობა, რაც შეიძლებოდა ქვეყანას გადაეტანა. ამ გამოცდილებით გამდიდრებული საზოგადოება შეცდომას აღარ დაუშვებს და სწორ არჩევანს გააკეთებს.