სააკაშვილის პრემიერობა - მსოფლიო მასშტაბის საფრთხე თუ უსაფრთხოება?

სააკაშვილის პრემიერობა - მსოფლიო მასშტაბის საფრთხე თუ უსაფრთხოება?

 

 

სააკაშვილის პრემიერობის საკითხით აშშ-ის ეროვნული დაზვერვაც დაინტერესდა და თან იმ დონეზე, რომ ეს თემა საფრთხეების შეფასების დოკუმენტში მოხვდა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში სააკაშვილის პრემიერად დარჩენის მოლოდონი არსებობს, რამაც „შესაძლოა, გავლენა იქონიოს დაძაბულობისშემცირების პერსპექტივაზე“.

საინტერესო კი ის არის, თუ ეს უკანასკნელი ფრაზა როგორ შეიძლება იქნას გაგებული. სააკაშვილის პერმიერობა თუკი დადებით გავლენას იქონიებს დაძაბულობის შემცირების პერსპექტივაზე, ცხადია, ამ შემთხვევაში მას დასავლეთის მხარდაჭერა ექნება.

საქართველოში პრემიერ მინისტრის ვინაობის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც კონსტიტუცია შეიცვალა და მთელი ძალაუფლება პრემიერ მინისტრს გადაეცა. რაც მთავარია, ეს ცვლილებები ძალაში 2013 წლის შემდეგ შევა, რაც მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტი აღარ იქნება. შეგახსენებთ, რომ ეს ცვლილებები 2010 წლის ოქტომბერში იქნა მიღებული.

მართალია, ამ ცვლილებებით პრეზიდენტის უფლებები შემცირდა, მაგრამ ამის სანაცვლოდ იმდენად გაიზარდა პრემიერის უფლებები, რომ რეალურად პრეზიდენტს პრემიერით ეცვლება სახელი. სწორედ ამის გამო გაჩნდა მოლოდინი, რომ სააკაშვილი ხელისუფლების რეალურ მმართველად დარჩენის საფუძველს იქმნის და საქართველოში რუსული სცენარი განმეორდება.

ამ მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული პრეზიდენტობის ორი ვადა სააკაშვილმა ამოწურა და მას პრეზიდენტად კენჭისყრის უფლება აღარა აქვს. რაც მთავარია, საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებისას არ იქნა გათვალისწინებული ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის არც ერთი მოთხოვნა, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოქმედ პრეზიდენტს პრემიერად გახდომის საშუალებას შეუზღუდავდა.

ამიტომაც ამ საკონსტიტუციო ცვლილების მიღების შემდეგ არსებობს მოლოდინი, რომ სააკაშვილი პრეზიდენტობის მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ მინისტრი გახდება. მით უმეტეს, რომ კონსტიტუციაში შეტანილი ის ცვლილებები, რომლებიც პრეზიდენტისთვის უფლებების შეზღუდვას და სანაცვლოდ პრემიერის უფლებების გაზრდას ითვალისწინებს, 2013 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადა ამოეწურება, ამოქმედდება.

აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილების განხორციელების შემდეგ სააკშვილმა დასავლურ მედიას რამდენჯერმე მისცა ამ თემაზე ინტერვიუ და ზოგან ამბობს, რომ მას პრემიერ მინისტრობა არ უნდა და ზოგან არ გამორიცხავს.

სააკაშვილის მომავალი გეგმების შესახებ კითხვა 31 იანვარს ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე დაისვა. სააკაშვილმა კი ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემას თავი აარიდა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ მას „კოჭლი იხვის“ როლში ყოფნა არ სურს.

„ყველაზე ნაკლებად, რისი გაკეთებაც მინდა, არის ის, რომ საკუთარ მომავალზე სპეკულაციებით საკუთარი თავი კოჭლ იხვად ვაქციო“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

„ზოგჯერ მეკითხებიან, აპირებთ, რომ პუტინივით მოიქცეთ? არსებითად, საქართველოს ვერ ეყოლება პუტინი, ვინაიდან საქართველო რუსეთი არ არის, ეს ერთი, და მეორე, სწორედ ახლა ისეთ რამეს ვაკეთებთ, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ პუტინის მსგავსი არასდროს არაფერი გვქონდეს საქართველოში“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ეს განცხადება კი ამერიკულ პრესაში სხვადასხვაგვარად შეფასდა. ექსპერტები ამერიკული მედიის ამ დაბნეულობას იმით ხსნიან, რომ ცალსახა პასუხი თავად ხელისუფლების მხრიდან არ კეთდება.

„ნამდვილად არ მიკვირს უცხოურ მედიაში აზრთა სხვადასხვაობის, რადგან თავად საქართველოს მოსახლეობაა დაბნეული, რომელმაც, წესით, უკეთ უნდა იცოდეს სააკაშვილის გეგმების შესახებ. როგორც ჩანს, ერთი ჟურნალისტი ფლობს ინფორმაციას მხოლოდ სააკაშვილის განცხადებიდან გამომდინარე და მეორე უფრო ახლოს იცნობს საქართველოში არსებულ რეალობას და, შესაბამისად, ამიტომ არის აზრთა სხვადასხვაობა”, - ამბობს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი.

ამასთან, იგი არც იმას გამორიცხავს, რომ ეს განცხადება სააკაშვილის მხრიდან გაკეთდა იმისთვის, რათა საზოგადოება შეაგუოს მის ხელისუფლებაში რაიმე ფორმით დარჩენას. ცხადია, დასავლურ საზოგადოებაზე, რადგან სააკაშვილს სწორედ მათი თანხმობა სჭირდება ხელისუფლებაში ყოფნისთვის.

ისიც გასათვალისწინებელია, თუ დასავლეთის თანხმობისა და მხარდაჭერის გარეშე სააკაშვილი რამდენად გაბედავს ამაზე წასვლას.

ხელისუფლებაში კი ამაზე არანაირი კონკრეტული განცხადება არ კეთდება და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ „სააკაშვილს პერსონალურ კარიერაზე ფიქრისთვის ჯერ არ სცალია“.

თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ამ თემაზე გაკეთებულ კომენტარში საყურადღებოა ის, რომ აქცენტს ქვეყანაში გატარებული კურსის გაგრძელებაზე აკეთებენ. მათი თქმით, ქვეყნისთვის მთავარი ამ კურსის გაგრძელებაა და მიაჩნიათ, რომ ამას მათ გარდა ვერავინ გააკეთებს.

ამიტომაც მნიშვნელოვანი ის არის, დასავლეთის პოზიცია რამდენად არის საქართველოს ხელისუფლების პოზიციასთან თანხვედრაში.

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ყოველწლიურ ანგარიშში, სადაც შეფასებულია მსოფლიო მასშტაბით არსებული საფრთხეები და აშშ-ის კონგრესს წარედგინება, საუბარია კავკასიაში არსებულ მოუგვარებელ კონფლიქტებზეც, რომელიც, ანგარიშის თანახმად, ევრაზიის „ყველაზე სავარაუდო ცხელ წერტილებს“ შორის რჩება.

„დაძაბულობის გარკვეული წილი გამომდინარეობს მოსკოვის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, ოკუპაციიდან და (ამ რეგიონებში რუსეთის) სამხედრო ყოფნიდან, ასევე (რუსეთის მხრიდან ამ რეგიონებთან) პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებიდან“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ანგარიშში ისიც არის ნაქთვამი, რომ ‘თბილისმა რუსეთი საქართველოში 2010 და 2011 წლებში განხორციელებულ მთელ რიგ აფეთქებებში თანამონაწილეობაში დაადანაშაულა, ხოლო კრემლი რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის ეთნიკურ ჯგუფებთან საქართველოს კავშირებს უყურებს ეჭვის თვალით“.

რაც შეეხება საქართველოს საშინაო პოლიტიკას, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ახალი კონსტიტუცია „2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრემიერ მინისტრის თანამდებობას გააძლიერებს, რაც ზოგიერთებს იმის მოლოდინს უჩენს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი შესაძლოა პრემიერ მინისტრის რანგში ხელისუფლებაში დარჩენას ეცადოს, რამაც, შესაძლოა, გავლენა იქონიოს დაძაბულობის შემცირების პერსპექტივაზე”.

რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობა რომ რეგიონში საფრთხედ რჩება, ახალი ამბავი არ არის. გაცილებით მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ საფრთხეების გვერდით საქართველოში პრემიერ მირისტრის ვინაობის საკითხი მოიაზრება.

მაგრამ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ ანგარიშში სააკაშვილის გაპრემირებასთან კონკრეტული პოზიცია არ არის დაფიქსირებული, აშშ ამას უჭერს მხარს თუ არა.

„ამ ფრაზის გაგება შეიძლება როგორც დადებითად, ასეეუარყოფითად“, - ამბობს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი. თუმცა, მიიჩნევს, რომ „ასეთი ორმაგი გაგების დოკუმენტს აშშ-ის დაზვერვა არ შეიმუშავებდა. ამიტომ ამ ვითარებაში რაიმე დასკვნის გაკეთება ძნელია“.

მიუხედავად ამისა, თავად ფაქტს საყურადღებოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ „დარჩება თუ არ დარჩება ხელისუფლებაში სააკაშვილი, ეს გათვალისწინებულია როგორც უსაფრთხოების პროცესზე გავლენის მომხდენი ფაქტორი. მეორე საკითხია ის, თუ ეს გავლენა როგორი იქნება, რაზეც ამ ჩანაწერიდან დასკვნის გაკეთება ძნელია“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

დამოუკიდებელი ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე კი ამბობს, რომ ამ ფრაზას შეიძლება ის მნიშვნელობა ჰქონდეს, რომ სააკაშვილის პრემიერად დარჩენა საფრთხედ არის შეფასებული.

„ინგლისურ დედანში ამ ფრაზის იმ მნიშვნელობით გაგებაც მისაღებია, რომ სააკაშვილის პრემიერ მინისტრობა დარტყმის ქვეშ დააყენებს კონფლიქტის მოგვარებას. ამ საკითხზე მე იმ ლოგიკით ვხელმძღვანელობ, რომ სააკაშვილის დარჩენა დაძაბულობას ნამდვილად ვერ შეამცირებს. ეს არის ცალსახა და აქედან გამომდინარე, აშშ-ის დაზვერვა ლოგიკის წინააღმდეგი ვერ წავიდოდა. სხვა თემაა, თუ ამერიკის ხელისუფლებას რა სურვილი აქვს და მათ რა აწყობთ, მაგრამ მეორე თემაა ის, რომ ისინი რეალობაზე თვალს ვერ დახუჭავენ.

„სააკაშვილის დარჩენა-არდარჩენის საკითხს აშშ გადაწყვეტს მხოლოდ და მხოლოდ ერთ პრიზმაში, - სააკაშვილი იქნება თუ არა სტაბილურობის შემნარჩუნებელი და სტაბილურობის გარანტორი, თუ ის დარჩა ხელისუფლებაში 2013 წლის შემდეგ, თუ პირიქით, იქნება დესტაბილიზაციის და სოციალური და პოლიტიკური არეულობის მუხტი. ეს იქნება გადამწყვეტი აშშ-ის დამოკიდებულებაში საქართველოს მიმართ.

„დღეს კი დაძაბულობის მთავარი ფაქტორი არის სწორედ ის, რომ საზოგადოებაში არის ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა და აქედან გამომდინარე, სწორედ ამას უნდა გულისხმობდეს აშშ-ის დაზვერვაც, რომ დაძაბულობა შენარჩუნდება იმ შემთხვევაში, თუ დარჩება სააკაშვილი, რადგან არის მისი შეცვლის მოთხოვნილება.

სწორედ ამას ამბობს აშშ-ის დაზვერვაც, რომ სააკაშვილის კვლავ ხელისუფლებაში დარჩენა სტაბილურობას შეუქმნის საფრთხეს. მე ასე გავიგე იმიტომ, რომ ლოგიკურად ეს ასეა და ამაზეა საუბარი. სხვა თემაა, პრეზიდენტების შეხვედრას ნაციონალური ტელევიზიები როგორ აპიარებენ და მეორე თემაა, რა დაიდო ამერიკის დაზვერვის დასკვნაში“, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.