მიხეილ სააკაშვილის ორაზროვანი საუბრები პრემიერად დარჩენა-არდარჩენის თაობაზე „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერს ზვიად ძიძიგურს აფიქრებინებს, რომ სააკაშვილის ოცნება ხელისუფლებაში ისევ დარჩენაა, ამჯერად პრემიერ-მინისტრის რანგში, რასაც ისევ პრეზიდენტად გახდომა მოჰყვება. Presage.tv ესაუბრება ზვიად ძიძიგურს.
რა მთავარი მესიჯები წამოიღო მიხეილ სააკაშვილმა თეთრი სახლიდან? ხელისუფლებამ და ოპოზიციამ სათავისოდ ხომ არ გაიგეს ობამას მიერ ნათქვამი - ხელისუფლების „ფორმალური გადაცემა“?
- როდესაც სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების თაობაზე ესაუბრება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აშშ-ის პრეზიდენტი სხვა ქვეყნის პრეზიდენტებს არცერთი წინადადებით არ ეტყვის, რომ სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და ამ გზით ხელისუფლების გადაბარების საკითხი მნიშვნელოვანია. გნებავთ ეს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების, ან სხვა ქვეყნების ხელმძღვნელები იყვნენ, ვინაიდან სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები თავისთავად უნდა ტარდებოდეს ყველა ქვეყანაში. ამიტომ საქართველოში ამაზე ძალიან სწორად გაკეთდა აქცენტი ექსპერტების მხრიდანაც და ობიექტური დამკვირვებლების მხრიდანაც. ვფიქრობ, სწორედ დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, მთავარი მესიჯი ეს იყო.
რაც შეეხება ხელისუფლების ფორმალურ და არაფორმალურ გადაცემას, „ფორმალური“ ინგლისურ ენაზე ნიშნავს ოფიციალურ გადაბარებას, ქართულ ენაზე კი ნიშნავს „ვითომ გადაბარებას“. ამან „ნაციონალების“ ზოგიერთ წარმომადგენელს საშუალება მისცა, ამ თემასთან დაკავშირებით თავისი ინტერპრეტირება მოეხდინა. უნდა გითხრათ, რომ თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრას გეგმავს. ეს არის მისი მხრიდან მესიჯი, რომ სწორედ საქართველოსთან ურთიერთობა და თანამშრომლობაა მისთვის მნიშვნელოვანი და არა-პერსონასთან; ვინაიდან ობამამ ხაზი გაუსვა, რომ პერსონა დღეს არის ხელისუფლებაში და ხვალ აღარ იქნება, მაგრამ საქართველო არის მისი ქვეყნის ღირებული პარტნიორი. როგორც ბარაკ ობამასთან, ისე ჰილარი კლინტონთან შეხვედრის დროს ამას განსაკუთრებული ხაზი გაესვა.
ხელისუფლების „ფორმალურ გადაცემაში“ უნდა ვიგულისხმოთ ბიძინა ივანიშვილი? რადგან, ზოგიერთი ექსპერტის თქმით, ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტების შეხვედრას ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენა გასდევდა ფონად.
- ვერ გეტყვით... ფაქტია, რომ ფორმულა ძალიან მკაფიოა, რომ თავისუფალი დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გზით ოფიციალურად უნდა მოხდეს ხელისუფლების გადაბარება. ეს მარტო ამერიკული ტრადიცია არ არის, არამედ, საერთოდ, ევროპული ღირებულებების შემადგენელი ნაწილია. შეგახსენებთ, რომ ისეთი ხელისუფალიც კი, როგორიც იყო რონალდ რეიგანი, რომელმაც ცივი ომის მტკივნეულ დასასრულს დაუდო დასაბამი, ორი ვადის გასვლის შემდეგ გადადგა; და ახლა მიხეილ სააკაშვილი რატომ არ უნდა გადადგეს, ეს ძალიან ძნელი გასაგებია ამერიკელებისთვის და ძალიან ძნელი გასაგებია საქართველოსთვისაც, საერთოდ, ყველასთვის, ვისთვისაც დემოკრატიული ღირებულებები მნიშვნელოვანია. ასე რომ, ხელისუფლებამ ახლა რამდენიც არ უნდა შეფუთოს თავისი საქციელი სხვადასხვა ორგანიზაციებთან შეხვედრებით, ან თავისი ჰიპერაქტიურობით იმავე აშშ-ში და რამდენი ტკბილი და კეთილი სიტყვაც არ უნდა მოგვასმენინონ მიხეილ სააკაშვილის მისამართით, ფაქტი ერთია - სააკაშვილი უნდა შეეგუოს იმ ამბავს, რომ უნდა წავიდეს პოლიტიკიდან. მისი ორაზროვანი საუბრები პრემიერად დარჩენა-არდარჩენის თაობაზე ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ოცნება - ეს არის ხელისუფლებაში ისევ დარჩენა, ოღონდ – პრემიერ-მინისტრის რანგში, შემდეგ, ალბათ, ისევ პრეზიდენტად გახდომა... მაგრამ ქართველი ხალხის ოცნება და ქართული საზოგადოების ოცნება სრულიად განსხვავებულია.
თქვენი აზრით, რას ემსახურებოდა ბიძინა ივანიშვილის მიერ „ვაშინგტონ პოსტში“ დაბეჭდილი წერილი, რომელიც სახელისუფლო ტელევიზიებმა ერის ღალატად შეაფასეს და აღნიშნეს, ლობისტებს თანხა გადაუხადაო...
- „ლობისტებს თანხა გადაუხადა“ რას ნიშნავს?! მაშინ „ვაშინგტონ პოსტი“ და „ნიუ-იორკ თაიმსი“ მექრთამეებით დაკომპლექტებული გაზეთებია?! ვერ გავიგე, ძალიან სახიფათო თემებს ეთამაშებიან სახელისუფლებო ტელევიზიებიც და ხელისუფლების წარმომადგენლებიც.
იქაური გაზეთები ბეჭდავენ იმას, რასაც, დემოკრატიის სპეციფიკიდან გამომდინარე, თავად თვლიან საჭიროდ. თუ ჩვენი სახელისუფლო ტელევიზიები და ხელისუფლების წარმომადგენლები „ვაშინგტონ-პოსტისა“ და „ნიუ-იორკ თაიმსის“ მიმართ შეურაცხყოფის მიყენებას გააგრძელებენ, მე ვფიქრობ, ამით ხელისუფლება თავის ნამდვილ სახეს გამოააშკარავებს. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ მომავალში აუცილებლად ასე გაკეთდება და ლობისტური კომპანიებით ვისარგებლებთ;
წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ლობისტური კომპანიები ჰყავდა მხოლოდ ხელისუფლებას და ისინი ბიუჯეტის ფულით აფინანსებდნენ ამ კომპანიებს. ლობისტური კომპანიები აუცილებლად ეყოლება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კოალიციას, რომელიც ჩამოყალიბების საბოლოო ეტაპზეა და, რომელიც ძალიან მალე განაცხადებს პოლიტიკური საქმიანობის დაწყების შესახებ.
„ეროვნულ ფორუმთან“ მოლაპარაკებები უსაშველოდ გაიწელა. რას უკავშირებთ ამას? ითქვა ისიც, რომ „ფორუმი“ ვერ თანხმდება პარტიულ სიებთან დაკავშირებით, რადგან ადგილები თურმე წინასწარვე დაიკავეს „რესპუბლიკელებმა“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა?“
- ათასნაირი ინსინუაციები გვაქვს ამ თემებზე მოსმენილი. მესმის, რომ ქართველები ვართ და ყველაფერი გვეჩქარება, მაგრამ ყველაფერი გაირკვევა და, როცა გაირკვევა, ამის შესახებ, პირველ რიგში, თქვენ, ჟურნალისტებს გეცნობებათ. არ მაქვს უფლება და არც სურვილი, იმ თემებზე ვისაუბრო, რომელიც დღეს სასაუბრო არ არის. კოალიციის გაფართოება ისევ დღის წესრიგში დგას. თუ როგორ გაფართოვდება, რა ფორმით და რა იქნება მისი გაფართოების მთავარი მიმართულებები, ამის შესახებ, როდესაც გადაწყვეტილი იქნება საკითხები, გაიგებთ კიდეც.
იმ შემთხვევაში, თუ „ფორუმი“ ვერ დაიყოლიეს და არ აღმოჩნდა ამ კოალიციაში, მაშინ მისი ადგილი სად იქნება? ისევე, როგორც - ლევან გაჩეჩილაძის, ნინო ბურჯანაძის და სხვების ადგილები?
- მინდა გითხრათ, რომ ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას, ყველა პოლიტიკურ პერსონას აქვს თავისი არჩევანი, გემოვნება, მიმართულება და ზვიად ძიძიგურის ჭკუაზე არასდროს არ უვლიათ. მათ თავიანთი სერიოზული გამოცდილება აქვთ. ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს და როგორ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთობა, ამასთან დაკავშირებით სპეციალისტი არ გახლავართ, ვინმეს რამე ვურჩიო. თუმცა დაგიდასტურებთ, რომ კოალიციის გაფართოება მომავალშიც გაგრძელდება.