სააკაშვილთან შეხვედრა პასუხია რუსეთის პოლიტიკურ ხულიგნობაზე

სააკაშვილთან შეხვედრა პასუხია რუსეთის პოლიტიკურ ხულიგნობაზე

რამდენიმე დღეა, მთავარ თემად სააკაშვილი-ობამას შეხვედრა იქცა და სავარაუდოდ, ეს კიდევ დიდხანს გაგრძელდება, რადგან საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც კვლავაც შეხვედრებს მართავს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, სამშობლოში ჯერ  არ დაბრუნებულა. შეხვედრამ რომელსაც თავისთავად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, მრავალი კითხვა გააჩინა, მიმდინარეობს მსჯელობა, რა ძირითადი გზავნილები იყო აშშ-ს მხრიდან, რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის და რა ფაზაში გადავა ორი ქვეყნის ურთიერთობა, რა პროცესებია მოსალოდნელი ჩვენს ქვეყანაში, ამ თემებზე პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება.

როგორია თქვენი მოკლე შეფასება ორი პრეზიდენტის შეხვედრისა?

- შეხვედრამ გამიჩინა მეტი ოპტიმიზმი ქართულ-ამერიკული სახელმწიფოებრივი პერსპექტივების მიმართ და ასე იქნება ყოველთვის პრეზიდენტთა შეხვედრების შემთხვევაში განურჩევლად იმისა, რა გვარის არის აშშ-ს ან საქართველოს პრეზიდენტი. თავისთავად შედეგიანობის თვალსაზრისით, საუბარია უფრო მეტ პერსპექტივაზე, თუმცა, მეტ-ნაკლებად შორეულზე, ვიდრე რაიმე მყისიერ, ხილვად შედეგზე.

რამ განაპირობა ეს შეხვედრა ახლა. ობამა დიდი ხანია, აშშ-ს პრეზიდენტია და მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მისი პრეზიდენტად არჩევის დროსაც აშშ-ს ძირითადი და სტრატეგიული პარტნიორი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში, მსგავსი შეხვედრა არ შემდგარა.

- არ გამოვრიცხავ, რომ ერთ-ერთი კატალიზატორი ამ შეხვედრისა გახლდათ სრულიად დაუფარავი პოლიტიკური ხულიგნობა, რომელსაც რუსეთი სჩადის საერთაშორისო ასპარეზზე. კერძოდ, მისი უახლოესი გამოწვევა ცივილიზებული სამყაროს მიმართ გახლავთ ღია მხარდაჭერა სირიის რეჟიმისა, მისი დაუფარავი მომარაგება იარაღით. სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერა იმ რეჟიმისადმი, რომლის მიმართაც გაეროსაც და მთლიანად დასავლეთის სამყაროსაც მკაფიო ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, მოითხოვდა რაიმე ასიმეტრიულ პასუხს, თუნდაც, შეერთებული შტატების მხრიდან. ასეთ შემთხვევაში ყველაზე მტკივნეული წერტილი რუსეთისთვის გახლავთ საქართველო, და ადამიანს, რომლისთვის ხელის ჩამორთმევასაც არ აპირებენ პუტინი და მედვედევი, შეხვდნენ თეთრ სახლში, სადაც ხელის ჩამორთმევა საქართველოს პრეზიდენტისთვის იყო სრულიად ნორმალური დიპლომატიური პროცედურა და არა რაიმე საკუთარი ნების წინააღმდეგ იძულერბით გადადგმული ნაბიჯი.

თუ ამ ნაბიჯს ჩავთვლით პასუხს რუსეთის ქმედებებზე , ეს ხომ არ ნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციების რისკი კიდევ უფრო გაიზრდება?

- ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა შინაარსი იქანება ჩადებული ტერმინში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, საქართველოს უსაფრთხოების გამყარება. თუ ეს გახლავთ ვთქვათ, სტანდარტული საჰაერო თავდაცვის სისტემა, ამაზე ვერანაირი ნეგატიური რეაგირებას ვერ მოახდენს რუსეთი, ყოველ შემთხვევაში, ეს იქნება განცხადება მისი მზაობისა, რომ კვლავ საკუთარი ნება-სურვილით დაბომბოს საქართველოს ტერიტორია, რაც ასევე არ დარჩება პასუხგაუცემელი. თუ საუბარია უფრო მეტზე, კერძოდ ანტისარაკეტო სისტემებზე ან რაიმე ტიპის მძიმე შეიარაღებაზე, რომელიც რუსეთს ფაქტობრივად უკვე შემოტანილი აქვს საქართველოს ტერტორიაზე, ეს უკვე გახდება ვაჭრობის საგანი რუსეთსა და ამერიკას შორის და არა რუსეთსა და საქართველოს შორის.

ანუ დაახლოებით იმ სურათს ვიღებთ, რაც გვქონდა 2008 წლამდე?

- არ იქნება იგივე სურათი, რადგან 2008 წლამდე ჩვენ რომ გვქონოდა სამხედრო საჰაერო სისტემა, შესაძლოა, ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო. თუმცა რუსები გვპირდებოდნენ, რომ დატოვებდნენ ამ შეიარაღებას 1991-92 წლებში, მაგრამ ეს პირობა პირობად დარჩა. რაც მოხდა აგვისტოს ომის დროს, მეტწილად განპირობებული იყო იმით, რომ არანაირი საშუალება საჰაერო თავდაცვისა არ გაგვაჩნდა.

თუ ეს ურთიერთობები თავდაცვისუნარიანობის შესახებ გაგრძელდა მხოლოდ სამხედრო უწყებების დონეზე და არ იქნა ჩართული მაღალი დიპლომატიური რანგი, ამ საკითხების გადაწყვეტაში, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მხოლოდ მოსამზადებელ, ჯარისკაცთა პროფესიული ზრდის პროგრამებზე იქნება საუბარი. ასეთი თემები არის პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანი. რა ტიპის დახმარება იქნება, ამას პოლიტიკოსები გადაწყვეტენ, ტექნიკურ საკითხებს სამხედრო უწყებები შეათანხმებენ. ამისი გარკვევა შესაძლებელი იქნება იმის მიხედვით, თუ ვინ და რა დოზით იქნება ჩართული ასეთ მოლაპარაკებებში.

ამ შეხვედრამ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უცხოეთის დიდი ინტერესიც გამოიწვია რა გზავნილები დაინახეთ თქვენ, რისი თქმა სურს აშშ-ს საქართველოსთვის და საქართველოს პრეზიდენტისთვის?

- პირადად სააკაშვილისთვის რაიმე გზავნილის გადაცემას ობამა ტელეფონითაც მოახერხებდა. ეს ვიზიტი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის იყო სრულიად მკაფიო გზავნილი, რომ ხარისხი ამერიკასთან თანამშრომლობისა შეიძლება ამაღლდეს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, თავდაცვისუნარიანობის ზრდის რეჟიმით და რომ ეს ყოველივე დასაშვებია იმ რეფორმების ფონზე, რომელიც რეალიზებული თუ არა, გაცხადებული მაინც არის მთავრობების მიერ.

შეხვედრის დროს სააკაშვილმა ახსენა საკონსტიტიციო ცვლილებები, რომელიც მოხდება პარლამენტის არჩევის შემდეგ, რითაც კიდევ უფრო გაძლიერდება საკანონმდებლო ორგანო, ხოლო მომავალ წელს ახალ პრეზიდენტს აირჩევენო. აქამდე თუ უხსენებია ვინმეს, რომ ახალი პარლამენტი საპრეზიდენტო არჩევნებამდე კონსტიტუციას შეცვლის?

- მე ვნახე ორი წყარო, ქართული და ამერიკული და ამ ფრაზასთან დაკავშირებით სხვადასხვაობაა. ქართულ წყაროში ლაპარაკია, რომ ეს იქნება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხოლო ამერიკულში ნათქვამია, რომ ეს იქნება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. თუმცა გასარკვევია, ვის ეფუძნება თავად ამერიკული წყაროც სააკაშვილის ლობისტებს თუ ობიექტურ ჟურნალისტებს. ამდენად, ცალსახად მტკიცება გამიჭირდება, მაგრამ თუ ქართულ მედიას ვერწმუნებით, რომლის მიხედვითაც საუბარია იმაზე, რომ მალე იქნება საპარალამენტო არჩევნები, რის შემდეგაც შეიქმნება ახალი პოლიტიკური სისტემა და ძალაში შევა ახალი კონსტიტუცია, ჩემთვის ეს ცალსახად ნიშნავს, რომ უკვე შეჯერებულა სააკაშვილი საკუთარ პერსპექტივაზე და უპირატესობას აძლევს იმ თანამდებობას, რასაც პარლამენტის თავმჯდომარეობა ჰქვია. თუმცა, როგორც გითხარით, დამატებითი არგუმენტებია საჭირო იმისათვის, რომ გავარკვიოთ, რომელი ვარიანტია სწორი, რადგან ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, ვიდრე თარჯიმნის უბრალო შეცდომა.

-თარგმანში „შეცდომები“ საკმაოდ გახშირებული მოვლენა გახდა საქართველოში. ახლახანს გამოქვეყნდა ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „ტექსტი კანონისა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, რომელიც მიღებული იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ, შეიცავდა რიგ მნიშვნელოვან ცვლილებებს იმ ტექსტთან შედარებით, რომელიც გაგზავნილი იყო ვენეციის კომისიაში. ეს ცვლილებები მოიცავს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ დამატებით შეზღუდვებს. ბატონმა მარკერტმა ვერ შეძლო, პოზიტიურად ან ნეგატიურად შეეფასებინა ეს ცვლილებები, რადგან ამისათვის საჭირო იქნებოდა მიღებული ტექსტის საფუძვლიანი შესწავლა ვენეციის კომისიის მიერ, რაც არ მომხდარა“, ანუ ვენეციის კომისიამ დაადასტურა რომ სწორი იყო ბატონი მარკერტის პირველი განცხადება და არა მეორე... რას ნიშნავს ეს ყველაფერი, როგორ ფიქრობთ რასთან გვაქვს საქმე?

- ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ  სრულიად შეგნებულად გაკეთდა არჩევანი სიცრუის სასარგებლოდ და როგორც წესი, ამ სიცრუის გამავრცელებლები გახლავთ  სახელისუფლებო ძალების მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები. ეს ყველაფერი დაიწყო მოდელირებული ქრონიკით და მიუხედავად დიდი პროტესტისა საერთაშორისო დიპლომატიური წრეების მხრიდან, კვლავაც გრძელდება. როგორც კი რომელიმე მაღალი თანამდებობის მქონე უცხოელს ჩაიგდებენ ხელში პრესკონფერენციისთვის, შემდეგ სრულიად უტიფრად აკეთებენ მისი გამონათქვამების რბილად რომ ვთქვათ, „რედაქტირებას“ საწინააღმდეგო მიმართულებით. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის შემთხვევა მახსენდება, როდესაც აღმოაჩინა, რომ ერთერთი ქართული ტელეარხისთვის მიცემული ინტერვიუს 90% შეცვლილი იყო. თუ ნატოში შევდივართ, სადაც ქვეყანაში დემოკრატიზაციის გაძლიერებას გვთხოვენ, ადამიანს იმის საშუალებასაც კი არ ვაძლევთ, რასაც თვითონ ამბობს, ის გაიგოს მოსახლეობამაც. თან ვიძახით, ნატოს ვუახლოვდებითო.

ანალოგიური შემთხვევა გვაქვს ახლა ვენეციის კომისიის განცხადებებთან დაკავშირებით.  არად დაგვიდევენ ჩვენი ხელისუფალნი და მათი მედია- ლაქიები, რომ სრულიად უტიფრად შემოგვაჩეჩონ სიცრუე რეალობის ნაცვლად. რას ვიზამთ, თავად მათი არსებობის ყველაზე კომფორტული გარემო მხოლოდ სიყალბეა. ამიტომ გვაქვს ყალბი თასვისუფალი სასამართლო, ყალბი დემოკრატია, ყალბი არაკორუფციული რეალობა და ყველა ის ჩამონათვალი, რითაც ტრაბახობენ. სინამდვილეში ყველა ამ სფეროში გვაქვს დიამეტრალურად საწინააღმდეგო ვითარება.

ეს რას ნიშნავს, ხელისუფლება კვლავ ყველა მეთოდით იბრძოლებს ძალაუფლების შეესანარჩუნებლად, თუ დავუჯეროთ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ვაშინგტონში აკეთებს განცხადებებს, რომ უკვე მოხუცდა ქართული პოლიტიკისთვის და არ აპირებს, იყოს მეორე პუტინი...

- მე მგონი, რაც არ უნდა გავაკეთოთ, ცხადია, მიხეილ სააკაშვილს კარგა ხანს ვუჯერეთ და მერე უკვე საკუთარი თავის აღარ გვჯერა. ამიტომ, თუ ასეთი სიყალბის მოწმენი გავხდით რამდენიმე დღეში და გავარკვიეთ, რომ არც ისე ზარზეიმით დასრულდა ეს შეხვედრა, როგორ წარმოჩენაც სწადია ჩვენი მედიის ნაწილს, მართალი გითხრათ მეც ბევრად ნასიამოვნები ვიქნები. მაგრამ თუ აქაც ვნახეთ, რომ გვატყუებენ, მე მგონი უკვე უნდა შეიკრიბოს რამდენიმე ასეული თბილისელი მომღერალი, მიადგეს ამერიკის საელჩოს და ორი-სამი საათის განმავლობაში იმღეროს ცნობილი სიმღერა დები იშხნელების რეპერტუარიდან  „არ დაიჯერო, არ დაიჯერო“. თუმცა ამგვარი პროტესტის გამოხატვა საზოგასდოებას არ ძალუძს...