ამერიკული პიარის ობიექტი

ამერიკული პიარის ობიექტი

ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის მნიშვნელობაზე, განსახილველ თემებზე და მთავარ გზავნილებზე  დისკუსია საქართველოში, ამ შეხევდრიდან რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო. მოახლოვებული საპარლამენტო არჩევნების წინ, ეს საკითხი როგორც ქართული ოპოზიციური სპექტრისთვის, ისე მმართველი ძალისთვისაც უმნიშნელოვანესი იყო.

შეხვედრის შემდეგაც პრაქტიკულად გაურკვეველია პასუხი მთავარ შეკითხვაზე - აპირებს თუ არა სააკაშილი პუტინისეული მოდელის გადმოღებას და საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, პრემიერ მინისტრის სავარძლის დაკავებას. არადა, თბილისში ამ კითხვაზე პასუხის გარკვევას სწორედ ობამა-სააკაშვილის შეხევდრის შემდეგ გაკეთებული განცხადებებით ელოდნენ.

დაბნეულია არა მხოლოდ ქართული პოლიტიკური სპექტრი, არამედ  უცხოური მედიაც. ერთნი ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი საქართველოს „პუტინიზაციას“ არ აპირებს, ხოლო მეორენი, სააკაშვილისავე განცხადების საფუძველზე მის გაპრემიერებას არ გამორიცხავენ.

ასე მაგალითად, The Washington Times წერს, რომ „საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაპრემიერების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამშაბათს უარი თქვა იმის გამორიცხვაზე, რომ შეიძლება, პრემიერ-მინისტრი გახდეს და განაცხადა, რომ მას არ უნდა, საკუთარი თავი გაკოტრებულ პოლიტიკოსად (lame duck) აქციოს იმ დროს, როდესაც მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე თითქმის ორი წელი დარჩა“.

და აქვეა ვაშინგტონში სააკაშვილის მიერ ჟურნალისტებისთვის გაკეთებული განცხადების ტექსტიც: „იმდენი რამეა, რამაც შეიძლება, მომავალი ათწლეულების განმავლობაში ბევრი თაობის სიცოცხლე შეცვალოს, რომ ყველაზე ნაკლებად ის მინდა, ჩემს მომავალზე სპეკულაციებით თავი გაკოტრებულ პოლიტიკოსად ვაქციო“. 

მეორე მხრივ,  იგივე The Washington Times წერს: „სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა მისი და რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის შედარებაზე: „ხანდახან ხალხი მეკითხება, „შენ პუტინად ყოფნას აპირებ?“ ა) საქართველოს იმთავითვე არ შეიძლება, პუტინი ჰყავდეს, რადგან საქართველო რუსეთი არ არის და ბ) ჩვენ ზუსტად ახლა ვაკეთებთ ისეთ რამეს, რაც პუტინის მსგავსი მოვლენების საქართველოში არსებობას სამუდამოდ გამორიცხავს“.

რაც შეეხება Reuters, სააგენტო იტყობინება: „საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უარყოფს, რომ პრემიერ-მინისტრად დარჩენა სურს. სამშაბათს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უარყო ოპოზიციის განცხადებები იმის თაობაზე, რომ მას ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრად დარჩენა სურს, განაცხადა რა, რომ „მის ქვეყანას პუტინი ვერ ეყოლება“.

ერთი სიტყვით, სააკაშვილის გარდა არავინ იცის, რას აპირებს სააკაშვილი. თუმცა, გამორიცხული არ არის, ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერ არც თავად სააკაშვილმა იცოდეს.

დავუბრუნდეთ კვლავ მთავარს - ობამა-სააკაშვილის შეხვედრას. ვიდრე გახმიანებულ გზავნილებს განვიხილავთ, საგულისხმოა იმის აღნიშვნა,  რომ საქართველო-აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრა, რა მიზანიც არ უნდა ჰქონოდა მას,  ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური მოვლენა იყო საქართველოსთვის.

ბარაკ ობამამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს პატარა საქართველოს მხარდაჭერის სურვილი, კვლავ აქვს. სხვა საქმეა, ამ სურვილის გაღვივებას ჩვენ რამდენად შევუწყობთ ხელს.

იყო ბევრი მადლობა, თბილი სიტყვები და მომავლის რწმენა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რომ ამერიკასთან გვექნება ვაჭრობის თავისუფალი  რეჟიმი და, რომ ამერიკა, ყოველთვის დაეხმარება საქართველოს, ოღონდ – ერთი პირობით (ეს ხმამაღლა არ თქმულა, თუმცა ობამას განცხადებების ქვეტექსტებში ნამდვილად იკითხებოდა): საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ იმსახურებს ამერიკის თანადგომას - ქვეყანამ ბოლოს და ბოლოს, უნდა შეძლოს სამართლიანი დემოკრატიული არჩევნების გამართვა და ხელისუფლების ოფიციალური, ცივილიზებული გზით გადაცემა. ეს განცხადება საჯაროდ გაკეთდა.

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ ასეთი პირობის წამოყენება არახალია, რადგან მსგავს მოწოდებებს ღიად მუდმივად ვისმენდით თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლებისგან.  

ეს ყველაფერ იყო, ამაზე ბევრი დაიწერა და ვთანხმდებით იმაზეც, რომ საქართველოსთვის ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ ამჯერად, ალბათ, კარგი იქნება შეხვედრის მნიშვნელობას სხვა კუთხიდანაც შევხედოთ, რამაც შესაძლოა, გასცეს პასუხი მთავარ კითხვას – „დათმობს თუ არა ძალაუფლებას სააკაშვილი?“ ანალიტიკოსების და პოლიტიკოსების მიერ ამ შეხვედრის პოზიტიურად  შეფასებების მიუხედავად, ობამას მხრიდან ქართული „დემოკრატიის“ ქებამ ქართულ საზოგადოებაში უკმაყოფილება აშკარად გამოიწვია.

მაგრამ, თუ დავუშვებთ, რომ ობამას შეფასებები ამერიკულ საზოგადოებაზე იყო გათვლილი და თავად ეს შეხვედრაც, ბარაკ ობამას წინაასაარჩევნო კამპანიაშიც გარკვეულწილად კარგად ჯდებოდა, მაშინ, შესაძლოა, ყველაფერი სხვა კუთხით განვიხილოთ.

არახალია, რომ 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ ამერიკულ პროექტად განიხილება, შესაძლოა, ეს შეფასებები ცოტა გადაჭარბებულიცაა, მაგრამ ამერიკას რომ სააკაშვილის და მისი ყოფილი პარტნიორების გამარჯვებაში ლომის წილი მიუძღვის ამაზე აღარავინ კამათობს.  საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში ამერიკამ უზარმაზარი ფინანსური რესურსი  ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციამდე“ ჩადო. სხვა საქმეა რა მივიღეთ შედეგად.

ამის დემონსტრირებისთვის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგაც, მხოლოდ 2008 წლის საქართველო-რუსეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგების სალიკვიდაციოდ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, საქართველოსთვის დახმარების სახით, 1 მილიარდი დოლარის გამოყოფაც საკმარისია.

ეს თანხა დევნილთა დახმარების, ინფრასტრუქტურის აღდგენის, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის და ინვესტორთა ნდობის განმტკიცების გარდა,  დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისა და ქვეყნის ენერგო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვისაც გაიწერა. და ყველა ეს დახმარება ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულია. ამერიკის მთავრობა (საქართველოს მთავრობისგან განსხვავებით) ანგარიშვალდებულია საკუთარი მოქალაქეების წინაშე, აუხსნას მათ რაში იხარჯება მათ მიერ გადახდილი გადასახადები.

ამერიკამ მეტ-ნაკლებად ანალოგიური დახმარება გაუწია უკრაინასა და ყირგიზეთს, თუმცა, დღეს უკვე ფაქტია, რომ ფერადმა რევოლუციებმა ამ ქვეყნებში მარცხი განიცადეს.

ამერიკა ეგვიპტესა და ლიბიაში ბოლო მომენტამდე (სანამ ხალხმა მკაფიოდ არ დააფიქსირა საკუთარი ნება), მხარს უჭერდა მუბარაქსა და კადაფს, მაგრამ შედეგები ვნახეთ.

საქართველო უკანასკნელი „ბასტიონია“, სადაც რევოლუციით მოსული ხელისუფლება, რომელიც პროამერიკულობაზე დებს თავს (მაშინ რა შუაშია სინგაპური გაუგებარია, ხოლო ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა მითუმეტეს არ ჯდება ამერიკული დემოკრატიის ჩარჩოებში), ჯერაც ინარჩუნებს პოზიციებს და ამერიკის მთავრობისთვის ეს უმნიშვნელო ვერ იქნება.

ობამამ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ კიდევაც აღნიშნა, რომ „საქართველო თავის რეგიონში დემოკრატიის მოდელია“ და იქვე იმის იმედიც გამოთქვა, რომ იგი დემოკრატიის მოდელად დარჩება კვლავაც.

ეს ალბათ იყო მინიშნება, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების არც პუტინისეული და არც მუბარაქ-კადაფისეული ფორმულა არ უნდა განმეორდეს. და, რომ ხელისუფლების „ფორმალური ტრანსფერი“ დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების გზით უდნა მოხდეს. რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ საქართველომ დემოკრატიული განვითარების ფერადი რევოლუციებისეულ გზას არ გადაუხვია.

ამავდროულად, ამერიკა საქართველოსგან განსხვავებით, ნებისმიერ საკითხს სახელმწიფოებრივად უდგება. საქართველოსთან დაკავშირებით ჯორჯ ბუშის და რესპუბლიკელების პოლიტიკა  დემოკრატების მხრიდან  კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა, მაგრამ დემოკრატიის ექსპორტი პოსტსაბჭოთა სივრცეში და მათ შორის, საქართველოშიც არა რესპუბლიკელების ან დემოკრატების, არამედ ამერიკის სახელმწიფო პოლიტიკა იყო.

დემოკრატებმა მიდგომები შეცვალეს, მაგრამ ობამა არ აპირებს რესპუბლიკელების წარუმატებელი პროექტები საჯაროდ გამოფინოს - სხვა თუ არაფერი, ეს ამერიკის პრესტიჟია საერთაშორისო არენაზე.  

ამით უნდა ყოფილიყო სააკაშვილის სხვადასხვა ინსტიტუტებთან შეხვედრების წახალისება (რაზეც, რა თქმა უნდა, სააკაშვილის დაქირავებულმა ლობისტურმა ჯგუფებმა იზრუნეს) და ქართული სახელმწიფოს ამერიკის მხრიდან მხარდაჭერილი ახალგაზრდა მთავრობის „თავბრუდამხვევ წარმატებებზე“ საუბარი სხვადასხვა შეხვედრრებზე.

ობამამ ამ შეხვედრით ამერიკელ ხალხს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ მათ მიერ გადახდილი გადასახადები წარმატებულ გლობალურ პროექტებს ხმარდება და ფუჭად არ იყრება წყალში. გარდა ამისა, ობამამ წინასაარჩევნოდ, რესპუბლიკელების ელექტორატსაც დაანახა, რომ  აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, იმის მიუხედავად საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის შესახებ კონგრესის გადაწყვეტილებას ხელს მოაწერს თუ-არა.

ის, რომ საქართველოს ნაცვლად რუსეთი წამოსცდა, შესაძლოა მცირეოდენი გადაცდომა იყო, მაგრამ როგორც პაატა ზაქარეიშვილმა შენიშნა: „ეს არის ფროიდისმიერი შეცდომა, ანუ ფიქრობდა ერთზე, ლაპარაკობდა მეორეზე“. 

და თუ ობამა ფიქრობს რუსეთზე (ამაში ეჭვის შეტანაც არ ღირს), ბუნებრივია, მან ისიც უნდა დაამტკიცოს, რომ დემოკრატების „გადატვირთვის“ პოლიტიკაც სიცოცხლიუნარიანია. საქართველო კი, როგორც ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა (შესაძლოა, არც ისე მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც) ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაში.

სააკაშვილის მმართველობის პირობებში რუსეთთან ურთიერთობების დალაგება, ამ ეტაპზე, პრაქტიკულად უტოპიურად გამოიყურება და ეს დაადასტურა დიმიტრი მედვედევმაც. თუმცა, გამოთქმა „არასოდეს თქვა არასოდეს...“ ყველაზე უკეთ პოლიტიკაში მუშაობს. თუმცა, დღევანდელი მოცემულობა ისეთია, როგორიცაა და არც ის უნდა ყოფილიყო შემთხვევითი, რომ სააკაშვილმა, როგორც სჩვევია, ამ შეხვედრაზე ერთხელაც არ ახსენა რუსული ოკუპაცია და არც მედვედევ-პუტინი შეუმკია სხვადასხვა ეპიტეთებით. სხვათა შორის, ოპოზიციას ამის შეხსენება ყოველთვის შეუძლია მმართველი გუნდისთვის მაშინ, როცა კიდევ ერთხელ მოსთხოვენ გაიმეორონ „მაგიური სიტყვები“ - „რუსეთი ოკუპანტია“.

რამდენი საქებარი სიტყვაც უნდა ეთქვა ობამას სააკაშვილისთვის ფაქტია, ამერიკისითვის სააკაშვილი არასაიმედო პარტნიორია, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ წავა სააკაშვილი ხელისუფლებიდან.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რევოლუციით მოსული სააკაშვილის შინ რევოლუციითვე გაშვება ამერიკის ინტერესებში არ შედის. ამიტომ კეთდება აქცენტები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე. ობამას რომ ქართული დემოკარტიის სჯეროდეს არჩევნებზე ხაზგასმა არ გაკეთდებოდა და თანაც, დღეს ისე, როგორც არასდროს, დასავლეთი და მითუმეტეს – ამერიკა, იმაზე უკეთაა ინფორმირებული საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ვიდრე საქართველოს მოსახლეობის ნაწილი.

სწორედ არჩევნებია ის ერთადერთი გზა, რომლითაც სააკაშვილმა უნდა დატოვოს ქვეყნის ლიდერის პოსტი. თუმცა, ამაში უდიდესი როლი საქართველოს მოსახლეობამ უნდა ითამაშოს. თუ ხალხის ნების გამოხატვა ისეთივე სუსტი იქნება, როგორც ეს 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე იყო, ამერიკა ნამდვიად არ შეეცდება აქ ვითარების შეცვლას და ნურც იმის ილუზია გვექნება, რომ ხელისუფლების მხრიდან გაყალბების შემთხვევაში, დასავლეთი ლეგიტიმურად არ ცნობს არჩევნებს.

რაც შეეხება კითხვას – „რას აპირებს სააკაშვილი? თამამად შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილი აპირებს იმას, რასაც მას უპირებს საქართველოს მოსახლეობა. ამიტომ, არ გვიმხელს სააკაშვილი საკუთარ ოცნებას და ამასთან, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ რა მოხდება მმართველ გუნდში თუ სააკაშვილი დღესვე გაამხელს, რომ ხელისუფლებაში დარჩენას აღარ აპირებს...

ამიტომ, მოსალოდნელია, სააკაშვილმა შექმნას ილუზია, რომ არსად წასვლას არ აპირებს... არც ისაა გამორიცხული, გაათმაგებული ძალით განაგრძოს წინასაარჩევნო კამპანია და ყველა ის საკანონმდებლო მაქინაცია, რაც აქამდე დაუშვეს, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გააუქმოს. და ალბათ, იმ დროისთვის უნდა ველოდოთ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენასაც.