ენ გირანი, დესმონდ ბატლერი, "Associated Press"
ვაშინგტონი – ორშაბათს, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კვლავ დააიმედა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა საქართველო, რომ შეერთებული შტატები მასთან თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმებას გააფორმებს, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ქვეყანას ეკონომიკური რეფორმების გზაზე ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი.
ობამამ, შეაქო აშშ-ში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და განაცხადა, რომ თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებული შეთანხმების გაფორმების „შესაძლებლობა“ არსებობს, რაც საქართველოსთვის უმაღლესი პრიორიტეტია. ობამამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უმაღლეს დონეზე დიალოგის გზით, დაეხმარება ამ ქვეყანას მისი საბაზრო სისტემის განტკიცებაში, თუმცა არ უთქვამს, როდის და რა პირობებში შეიძლება ეს მოხდეს.
სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ობამას თავისუფალ ვაჭრობაზე შესაძლო შეთანხმების გამო.
„ეს ჩემს ქვეყანაში დამატებით აქტიურობას მოიზიდავს“, – განაცხადა მან.
მოგვიანებით, რეპორტიორებთან შეხვედრისას, მან განაცხადა, რომ თეთრ სახლში შეხვედრას და ობამას სიტყვებს მისი ქვეყნისთვის უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. მართალია საქართველო დიდწილად მოსულიერდა რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ, თუმცა ის ძველებურად ზიანდება მის ყველაზე დიდ მეზობელთან შენარჩუნებული დაძაბულობის გამო და შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის მიმართავს.
საქართველოს ახალი საფუძველი გაუჩნდა იმისთვის, რომ სავაჭრო უპირატესობა მოითხოვოს, მას შემდეგ, რაც უპრობლემოდ დათანხმდა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. საქართველო დღეს იმ დამოუკიდებელი რესპუბლიკებიდან, რომლებიც ოდესღაც საბჭოთა კავშირში შედიოდნენ, მოსკოვის მიმართ ყველაზე მტრულად განწყობილი ქვეყანაა.
რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში წევრობა ობამას იმ ძალისხმევის ნაწილია, რომელიც მან მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის გაიღო. აშშ-რუსეთის ურთიერთობა სერიოზულად გაუარესდა მას შემდეგ, რაც ტერიტორიული დავის ფარგლებში რუსეთი საქართველოში შეიჭრა.
სააკაშვილმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ პრეზიდენტ ობამას ეგრედწოდებული გადატვირთვა რუსეთთან, საქართველოს ფასად არ ხორციელდება.
„ჩვენ არ გვაქვს ჩივილის მიზეზი, და დღევანდელმა დღემ ეს მკაფიოდ დაადასტურა“, – თქვა მან.
სააკაშვილის თქმით, მას მიაჩნია, რომ ვაშინგტონს და მოსკოვს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებამ რუსეთი შემდგომი აგრესიისგან შეაკავა.
შეხვედრის შემდეგ, ოვალურ კაბინეტში ობამამ განაცხადა, რომ სააკაშვილთან მან განიხილა უმცირესოებების დაცვის და კანონის უზენაესობის მნიშვნელობა, რაც აშკარა მინიშნება იყო სააკაშვილის პარტიის სავარაუდო ძალისმიერ თამაშებზე და ახლახანს ჟურნალისტების და სხვების დაკავების ფაქტებზე რუსეთის აგენტობის ბრალდებით. თუმცა ობამამ შეაქო საქართველო, როგორც დემოკრატიის მაგალითი ყოფილ საბჭოთა რეგიონში.
ობამამ განაცხადა, რომ დაგეგმილი დემოკრატიული არჩევნები, რომელშიც სააკაშვილი ხელისუფლების დატოვებას აპირებს, „ბევრ იმ რეფორმას განამტკიცებს, რომელიც ხორციელდება“.
ოპონენტები სააკაშვილს კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების შეტანაში ადანაშაულებენ, რომელიც 2013 წელს თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მას ქვეყნის კულისებიდან მართვის შესაძლებლობას მისცემს, როგორც ამას რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი აკეთებს. სააკაშვილი ამას უარყოფს.
ობამამ ამ ბრალდებებზე ირიბად მიანიშნა, განაცხადა რა, რომ „ელის თავისუფალ და სამართლიან არჩევენებს“ და „ხელისუფლების ოფიციალურ გადაცემას“ საქართველოში.
სააკაშვილი, რომელიც 2004 წლიდან პრეზიდენტია, ცდილობს მიაღწიოს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას. მას უფასებენ იმას, რომ ეკონომიკური და ანტიკორუფციული რეფორმები განახორციელა, თუმცა, ოპონენტები მას პრესის თავისუფლების მოსპობასა და ოპოზიციის შესაძლებლობების შეზღუდვაში ადანაშაულებენ, ასევე აკრიტიკებენ რუსეთთან 2008 წლის კატასტროფული ომის გამო.
შეხვედრის შემდეგ, ხანმოკლე ბრიფინგის დროს, ობამას არ უხსენებია ომი, ისევე როგორც დავა, რომელიც ამ ომის მიზეზი გახდა.
თუმცა, მანამდე, თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ჯეი კარნიმ განაცხადა, რომ ობამა დაადასტურებს საქართველოს „ტერიტორიული მთლიანობისადმი“ მხარდაჭერას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ის გულისხმობდა დავას საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონების გამო, რამაც ეს ომი გამოიწვია.
ობამამ განაცხადა, რომ სააკაშვილთან უსაფრთხოების საკითხები განიხილა და მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელმძრვანელს ქართული არმიის ავღანეთში გაგზავნისთვის.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ობამამ პირობა დადო, რომ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას გააქტიურებს და დაეხმარება საქართველოს მისი თავდაცვითი პოტენციალის განმტკიცებაში. საქართველო იმედოვნებს, რომ ობამა მას ნატოში გაწევრიანებისთვის საგზაო რუკას გადასცემს, რასაც რუსეთი ეწინააღმდეგება.
სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ნატოს მაისის სამიტზე ჩიკაგოში საქართველოს წევრობის საკითხში წინსვლა იქნება.
foreignpress.ge
700
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85