საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, გოკა გაბაშვილი ამბობს, რომ „სააკაშვილის შეხვედრა ბატონ ობამასთან გაგრძელდა საათზე მეტი“. არადა, თეთრი სახლის პროტოკოლში ამ შეხვედრისთვის მხოლოდ 15 წუთი იყო გამოყოფილი. შეხვედრის შემდეგ კი ნაციონალური ტელეარხები შეხვედრის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიას ავრცელებდნენ.
ცხადია, როდესაც ასეთი მაღალი დონის შეხვედრები იმართება, ხანგრძლივობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან შეუძლებელია, ათ-თხუთმეტ წუთში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა მოხერხდეს.
ამიტომაც ხელისუფლების გაღიზიანება, თუ რატომ აინტერესებს მედიას შეხვედრის ხანგრძლივობა, გაუგებარია. მით უმეტეს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ დასავლური მედია სააკაშვილის შესაძლო გაპრემიერებაზეც ალაპარაკდა.
რამდენად რეალურია, რომ სააკაშვილი გახდეს პრემიერ მინისტრი და ამ თემაზე ხელისუფლებაში თუ არის მსჯელობა, ამ საკითხებთან დაკავშირებით presage.tv საპარლამენტო უმრავლესობისწარმომადგენელს, გოკა გაბაშვილს ესაუბრა.
გოკა გაბაშვილი: მიხეილ სააკაშვილმა ამ საკითხზე კომენტარი უკვე არაერთხელ გააკეთა და მან გარკვევით თქვა, რომ მისთვის პერსონალურ კარიერაზე ფიქრის დრო არ დამდგარა და ის ამაზე არ ფიქრობს. ის არის კონცენტრირებული თავის საქმეზე. ის საქართველოს პრეზიდენტია, აქვს უზარმაზარი ვალდებულებები და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები აქვს გასატარებელი და ძალიან ბევრი პროექტია, რომელიც მიმართული არის იქითკენ, რომ შეცვალოს ჩვენი ქვეყანა უკეთესობისკენ. ეს არის მისი ახლანდელი საქმე და ის თავის პერსონალურ კარიერაზე ახლა არ ფიქრობს.
რა თქმა უნდა, მისი მიზანი იქნება, რომ ეს პოლიტიკური კურსი გაგრძელდეს და არ შეიცვალოს. ხოლო პიროვნულ საკითხებზე ის კომენტარს არც ადრე აკეთებდა და არც ახლა არ აკეთებს, რადგან ამაზე საუბარი 2011 წელს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს უნდა გაიმართოს, არის ძალიან ადრე.
ეს იყო „ვაშინგტონ პოსტის“ დასკვნა სააკაშვილის კომენტართან დაკავშირებით. თქვენ არ ეთანხმებით ამ დასკვნას, რომ სააკაშვილი არ გამორიცხავს, გახდეს პრემიერ მინისტრი?
– მე არ მინახავს ასეთი განცხადება. საუბარი არ არის გამორიცხვა-არგამორიცხვაზე. მან ძალიან ვრცლად და ძალიან ზუსტად გააკეთა თავისი პოზიციის კომენტირება, როდესაც თქვა, რომ ის არის კონცენტრირებული იმ საქმეზე, რომელიც აქვს ახლა. ის არის საქართველოს პრეზიდენტი, არჩეული სახალხო მანდატით 2013 წლამდე და თავის პერსონალურ კარიერაზე უფრო მნიშვნელოვანი საფიქრალი მისთვის დღეს არის ის, რასაც ის აკეთებს და, რა თქმა უნდა, როდესაც პოლიტიკურ კურსზე არის საუბარი, სააკაშვილი, როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდის ძლიერი ლიდერი, ისევე როგორც ყველა ჩვენგანი, იზრუნებს იმაზე, რომ იმავე კურსით გააგრძელოს ქვეყანამ სიარული, რა კურსითაც მიდის ახლა.
პრეზიდენტების შეხვედრამდე არაოფიციალურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს შეხვედრა სააკაშვილმა მოითხოვა და მისმა ლობისტებმა უზრუნველყვეს მისი შესრულება. საუბარი იყო იმაზე, რომ, თითქოს, სააკაშვილმა რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გეწევრიანებას იმ პირობით მისცა თანხმობა, რომ ობამა მას ოვალურ დარბაზში პირისპირ შეხვდებოდა. თქვენ ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
– ლობისტურ კომპანიებს ობამა-სააკაშვილის შეხვედრასთან არანაირი კავშირი არა აქვთ. ასეთ საკითხებს წყვეტენ მთავრობები, თუ ვის როდის შეხვდნენ. თავად აყალიბებენ პოლიტიკურ მესიჯებსაც და თავად აყალიბებენ პოლიტიკას ერთმანეთის მისამართით. ჩვენ და ამერიკას გვაქვს 2009 წელს ხელმოწერილი სტრატეგიული ურთიერთობის ქარტია, რომელშიც განსაზღვრულია ჩვენი ურთიერთობის თემებიც და ის საკითხებიც, რომელზეც ჩვენ ვთანამშრომლობთ.
ლობისტური კომპანიების ფუნქცია არის საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია და საქართველოს იმიჯის პოპულარიზაცია. ისინი მუშაობენ საზოგადოებებზე და არასამთავრობო შეხვედრებზე.
კარნეგის ცენტრის ექსპერტმა, თომას დე ვაალმა დაბეჭდა მოსაზრება 28 იანვარს „ვაშინგტონ პოსტში“, სადაც ის საქართველოს ხელისუფლებას საკმაოდ მწვავედ აკრიტიკებს.
– მე ეს აღვიქვი, როგორც თომას დე ვაალის კერძო მოსაზრება და ვერ გეტყვით, ეს რას უკავშირდება. თომას დე ვაალი არის ექსპერტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში წერს თავის მოსაზრებებს ისევე როგორც, სხვა ექსპერტები, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილნი რაღაც თემების მიმართ და არიან ექსპერტები, რომლებიც იგივე თემების მიმართ პოზიტიურად არიან განწყობილნი. ეს არის მისი მოსაზრება და მე დიდ მნიშვნელობას იმას, თუ რა დაწერა თომას დე ვაალმა, ვერ მივცემ.
ივანიშვილმა სააკაშვილი-ობამას შეხვედრამდე გააკეთა განცხადება „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ხელს მხოლოდ ერთი ადამიანი უშლის და ეს არის მიხეილ სააკაშვილი.
– არ ვიცი, მან ასეთი რამ თუ თქვა, ნამდვილად არაადექვატური ყოფილა იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის ხელმძღვანელობით უახლოვდება ნატოს. მისი პრიორიტეტია ნატოში გაწევრიანება და ნატოს გენმდივანიც და ნატოს წევრი ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი გეტყვით, რომ ამ ბოლო წლების განმავლობაში საქართველო დაუახლოვდა ნატოს.
ივანიშვილისთვის კი პრიორიტეტი არის სხვა. ის ფიქრობს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობების დალაგება და რუსეთს აღიქვამს საქართველოზე უფრო დემოკრატიულ ქვეყანად და, რა თქმა უნდა, მას ამაში მსოფლიოში არავინ არ დაეთანხმება. მას უბრალოდ პოლიტიკური კონტექსტი და სივრცე აქვს აღრეული და მისი მოსაზრებები რამდენად არის გაზიარებული აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან. თქვენ შეგეძლოთ ობამას განცხადებებში გენახათ, სადაც აბსოლუტურად საპირისპიროდ აფასებს საქართველოს მდგომარეობას და საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, ვიდრე ბატონი ივანიშვილი თავის შეკვეთილ სტატიაში ამ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე.
ეს არის ივანიშვილის კერძო მოსაზრება, რომლის მთავარი იდეა არის პუტინთან მეგობრობა, რომელიც, თურმე მოსწონს რუს ხალხს. ის თვლის, რომ რუსეთი არის უფრო დემოკრატიული ქვეყანა, ვიდრე საქართველო და საქართველომ უნდა აღიაროს, რომ მან დაიწყო ომი და რუსეთთან ბოლო ოცი წლის განმავლობაში შექმნილ პრობლემებთან ის არის დამნაშავე და მხოლოდ ამის მერე დაიწყება ერთგვარი დალაგება.
ასეთი ტიპის აზროვნებასთან გვაქვს ჩვენ საქმე და, ცხადია, ვერ იქნება ეს გაზიარებული ცივილიზირებული საზოგადოების მხრიდან.
რამდენი ხანი გაგრძელდა შეხვედრა?
– ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ, არის ის, რომ პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრამდე იყო შეხვედრა ბატონ ბაიდენთან, რომელიც გაგრძელდა ორი საათი და შეხვედრა ბატონ ობამასთან გაგრძელდა საათზე მეტი.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდანაც ითქვა, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე. ხელისუფლება იძლევა იმის პირობას, რომ ეს არჩევნები მართლაც დემოკრატიულად ჩატარდება?
– საქართველო ჩაატარებს სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს, რომლის მერეც ხელისუფლება გადაეცემა მას, ვინც ამ არჩევნებში გაიმარჯვებს. ეს არის ძალიან მარტივი. ხელისუფლება ატარებს არჩევნებს. არჩევნების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ხალხი მანდატით აღჭურავს მას, ვისაც აირჩევს. ეს ასე ესმით ამერიკაშიც, ბრიტანეთშიც და ნებისმიერ ცივილურ სახელმწიფოში და ასე გვესმის საქართველოშიც.
ხელისუფლების საკითხს წყვეტს ხალხი და ხელისუფლებაში იქნება ის, ვისაც აირჩევს ხალხი და სხვა ყველანაირი სპეკულაცია, თუ როგორ შეიძლება საქართველოს ხელისუფლება დაკომპლექტდეს, რომ ვიღაცამ ვაშინგტონში ან მოსკოვში ჩააწყოს ხელისუფლებაში ყოფნა ან ფულით იყიდის ხელისუფლებაში ყოფნას, არის გამორიცხული. ამას გადაწყვეტს ხალხი სამართლიან არჩევნებზე ხმის მიცემის გზით.
თუკი არჩევნები არ ჩატარდება დემოკრატიულად, თქვენ გამორიცხავთ იმას, რომ საზოგადოებამ მასობრივი პროტესტი გამოთქვას?
– მე გამოვრიცხავ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს არასამართლიანად და არადემოკრატიულად. ამას გამოვრიცხავ ასი პროცენტით და მთლიანად. ეს იქნება სამართლიანი არჩევნები და ჩვენი სურვილია, რომ, როგორც 2010 წელს პოლიტიკურმა პარტიებმა პირველად აღიარეს საარჩევნო შედეგები, ასევე იყოს ახლაც.
ვიღაცას თუ ექნება ის სტრატეგია, რომ არჩევნების დღე კი არა, მეორე დღეს მიტინგის გამართვა აინტერესებდეს, როგორც ხდება ხოლმე, ეს უკვე მათი საქმეა. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობა, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები, მედია, ყველა ნახავს, რომ ტარდება თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. ამაზე ორი აზრი არ არსებობს და ამასთან დაკავშირებით ყველანაირი სპეკულაცია არის სასაცილო.