„მაცდურ“ ლავროვს ფიჯიში ყვავილების გვირგვინი დაადგეს

„მაცდურ“ ლავროვს ფიჯიში ყვავილების გვირგვინი დაადგეს

ნაურუ–ვანუატუს შემდეგ მოსკოვის სამიზნე წყნარი ოკეანის კუნძულოვანი ფიჯი გახდა. აფხაზების და ოსების „აღიარების“ მისაღწევად იქ საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი ჩავიდა. აბორიგენები მას სრული ადათ–წესებით დახვდნენ და თავზე გვირგვინი დაადგეს. ჩვენთვის არასასურველ პოლიტიკურ პროცესს თბილისიდან სტატისტის როლში აკვირდებიან. 

მიუხედავად იმისა, რომ შორეულ ფიჯიში რთული კლიმატური პირობებია და გადაუღებელმა წვიმებმა და წყალდიდობამ უკვე 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სერგეი ლავროვმა დაგეგმილი ვიზიტი არ გააუქმა. რუსული მედია ღიად აღნიშნავს, რომ მინისტრის ვოიაჟის მიზანი მორიგი „აღიარების“ მოპოვებაა. 

პრესის ყურადღება კუნძულზე „უჩვეულო დახვედრამაც“ მიიქცია. კერძოდ, ქალაქ ნანდიში ჩაფრენისთანავე ლავროვი და ფიჯის პრემიერ-მინისტრი ფრენკ ბაინიმარამა კვარცხლბეკზე დასვეს და სტუმარს თავზე ყვავილების გვირგვინი დაადგეს.

იქვე ახლოს კი ტრადიციულ სამოსში ჩაცმულმა ადგილობრივებმა უძველესი რიტუალი შეასრულეს, რომლითაც მეზღვაურებს ხვდებოდნენ. როგორი „ზღვაოსანია“ სერგეი კალანტაროვ–ლავროვი ძველმა თბილისელებმა უწყიან.

ცერემონიის ფარგლებში, პუტინის საგარეო ვეზირმა „რიტუალური სასმელიც“ დააგემოვნა, რომელიც იქვე, სახელდახელოდ მოამზადეს.

მოკლედ, მიმდინარეობს გახურებული აღებ–მიცემობა კუნძულელთა გულის მოსაგებად, რაშიც ნებსით თუ უნებლიეთ თბილისიც არის ჩართული. გავრცელებული ინფორმაციით, ფიჯის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა განათლებისა სამინისტროს წარმომადგენლებმა ადგილობრივ ხელისუფლებას საჩუქრად საქართველოში წარმოებული 200 ნეთბუქი გადასცეს.

ფიჯის მხარემ საქართველოს „ოფიციალური მადლობა“ გადაუხადა და განაცხადა, რომ მათთვის ეს „დროული საჩუქარი“ იყო, რადგან „წელს რესპუბლიკაში განათლების სისტემის რეფორმა დაიწყო“.

თუმცა, ჯერ კიდევ საკითხავია, რამდენად საკმარისი იქნება თბილისის საჩუქრები. თავის დროზე, მსგავსი ძღვენი ვანუატუმაც მიიღო, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ  ოკუპირებული ტერიტორიები წარბშეუხრელად აღიარა. აქაც სასწორის პინა რუსულმა ქრთამმა გადაწონა.

მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, საგარეო უწყება „იმედოვნებს“, რომ ფიჯი გაუძლებს რუსულ ცდუნებას და დარჩება საერთაშორისო პრინციპების ერთგული“. სამინისტროს განცხადებით, რუსეთი, ძირითადად, ეკონომიკურად დაბალ განვითარებულ ან განვითარებადი სტატუსის მქონე ქვეყნებისგან ცდილობს, სხვადასხვა არაკანონიერი გზით მოიპოვოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება და ამისათვის მიმართავს პირდაპირ მოსყიდვას და სხვადასხვა ეკონიმიკურ ზეწოლას:

„ამის მაგალითია ტუვალუს, ნაურუს, ვენესუელასა და ნიკარაგუას სახელმწიფოები, სადაც ზოგ შემთხვევაში პირდაპირ ხდებოდა ქრთამის შეთავაზება და ზოგჯერ ამას კრედიტის სახე ჰქონდა“.

Sydney Morning Herald–ი კი იტყობინება, რომ ფიჯიში ვიზიტამდე ლავროვი თავის ავსტრალიელ კოლეგას, კევინ რადს შეხვდა, რომელსაც სთხოვა, რომ რუსეთმა გამჭირვალობა შეინარჩუნოს წყნარი ოკეანის სივრცეში არსებულ ურთიერთობებში.

„ამის მიზეზი ის არის, რომ ლავროვის ვიზიტის მიზანი შესაძლოა ნაწილობრივ ფიჯის დარწმუნება გახდეს, რათა მან სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს“, – წერს Sydney Morning Herald–ი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ახალ ზელანდიას, ავსტრალიას და ფიჯის შარშან შემოდგომაზე სტუმრობდა. ვიზიტის შემდეგ ფიჯის მედია იტყობინებოდა, რომ გრიგოლ ვაშაძე კუნძულოვანი სახელმწიფოს სტუდენტებს 105 კომპიუტერს და თსუ–ში და სამედიცინო უნივერსიტეტში 6 ადგილის გამოყოფას დაპირდა. 

სააკაშვილმა კი განაცხადა, რომ რუსეთი „რამოდენიმე ასეული მილიონის“ დაპირებით ცდილობს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება აფრიკული ქვეყნების მთავრობებისგანაც მოიპოვოს.

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა აფრიკაში, მიხეილ მარგელოვმა, რომელიც კონტინენტის რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის ნიგერიას, მალის, მავრიტანიას და მაროკოს ცოტა ხნის წინ სტუმრობდა, განაცხადა, რომ „მოსკოვს არასდროს შეუთავაზებია ფული თავისი აფრიკელი პარტნიორებისთვის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების სანაცვლოდ“.

სულ ბოლოს სოხუმი და ცხინვალი ტუვალუმ აღიარა 2011 წლის სექტემბერში, რომელმაც ერთი წლით ადრე საქართველოდან 12 000 აშშ დოლარის დახმარება მიიღო. გარდა რუსეთისა, სოხუმი და ცხინვალი ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ აღიარეს. აცდუნებს თუ არა მოსკოვი ფიჯის, ეს მალე გამოჩნდება.   

ცნობისთვის, ფიჯი 1970 წლიდანაა დამოუკიდებული სახელმწიფო და ბრიტანეთის ერთა თანამეგობრობის წევრია. გაეროს წევრი გახდა 1970 წელს.

მისი მოსახლეობა კი მხოლოდ 853 000 ადამიანს შეადგენს.

მოსახლეობის უმრავლესობა ინდოელი (290 ათასი) და ფიჯელია. ცხოვრობენ აგრეთვე ჩინელები, ინგლისელები და სხვ. ხალხები. მათ შორის 225 ათასი მეტისია. მოსახლეობის 50% ქრისტიანია, 40% – ინდუისტი, არიან მუსლიმანებიც.

კლიმატი რბილია, საშუალო წლიური ტემპერატურაა 25 °C.

ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი საფუძველია სოფლის მეურნეობა, მთავარი კულტურაა შაქრის ლერწამი. განვითარებულია მეცხოველეობა, ტურიზმი.

ყოველწლიურად აქ 100 ათასზე მეტი ტურისტი ისვენებს.

ექსპორტზე გააქვთ შაქარი, ბანანი, ოქრო. იმპორტი –  ფართო გამოყენების საგნები, კვების პროდუქტები.