ჯოშ როგინი, "Foreign Policy"
ბევრი იწერებოდა იმაზე, თუ რამდენად დიდ ლობისტურ კამპანიას ატარებს საქართველოს მთავრობა ვაშინგტონში, მაგრამ ცოტა რამ არის ცნობილი ახალი და მასშტაბური ლობისტური კამპანიის შესახებ, რომელიც ამჯერად საქართველოს მილიარდერისა და წამყავნი ოპოზიციონერის მხარდასაჭერად ხორციელდება. ისინი მსოფლიო სცენაზე საქართველოს პრეზიდენტს უპირისპირდებიან.
დღეს საქართველოს პრეზიდენტი, მიხილ სააკაშვილი ვაშინგტონშია. ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ისადილებს და პრეზიდენ ბარაკ ობამას ოვალურ კაბინეტში შეხვდება – ეს საქართველო-აშშ-ს ურთიერთობის ბოლოდროინდელი წარმატების დასტურია და აგრეთვე სააკაშვილის ვაშინგტონური ლობისტური დუეტის, ფირმების ”ორიონ სთრათეჯისა” და ”პოდესტა გრუპ”-ის წარმატების დასტურიც.
„ჩემი აზრით, საქართველომ უზომოდ უნდა იამაყოს პროგრესით, რომელსაც მან მიაღწია სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის პროცესში”, – განაცხადა ობამამ შეხვედრის შემდეგ.
„ერთ-ერთი პირველი რაც გავაკეთე, ის იყო, რომ გამოვხატე ჩემი მადლიერება საქართველოში მიმდინარე ინსტიტუტების მშენებლობის გამო; ის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია უმცირესობათა პატივისცემის უზრუნველყოფა; თუ როგორი მნიშვნელოვანია პოლიციისა და კანონის უზენაესობის სისტემების დანერგვა. ასეთი ინსტიტუციების მშენებლობა მომავალში უზარმაზარ განსხვავებას შექმნის ქართველების არა მხოლოდ დღევანდელი თაობისთვის, არამედ მომავალი თაობებისათვისაც.
“მაგრამ, თუ ორშაბათს დილას, ბლერ ჰაუზში ახლად გაღვიძებულმა სააკაშვილმა, „ნიუ-იორკ თაიმსი“ ან „ვაშინგტონ პოსტი“ გადაშალა, ის ერთ სრულ გვერდზე გადაჭიმულ იმ წერილს ნახვდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა – ქართული წარმოშობის მილიარდერმა მაგნატმა დააფინანსა. ივანიშვილი მჭიდროდ თანამშრომლობს ქართული პარტიის ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერთან და პრეზიდენტის მთავარ პოლიტიკურ მეტოქესთან, ირაკლი ალასანიასთან.
„2003 წლის ”ვარდების რევოლუცია” ბევრისთვის შთაგონების წყარო იყო და მათ შორის ჩემთვისაც. გაჩნდა იმის იმედი, რომ საქართველო პლურალისტური დემოკრატიისაკენ, კანონის უზენაესობისკენ, ადმიანის უფლებების პატივისცემისკენ და ღია და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ წავიდოდა“, – წერს ივანიშვილი განცხადებაში, რომელსაც ობამასადმი ღია წერილის სახე აქვს მიცემული.
„სანაცვლოდ კი ზე-ცენტრალიზებული თითქმის ნეო-ბოლშევიკური მმართველობა მივიღეთ, ისეთი, რომელმაც საკუთარი თავი დიდი ხნის წინ ამოწურა. ახლა იგი არა მხოლოდ ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას, არამედ საკუთარ მიღწევებსაც კი საფრთხის ქვეშ აყენებს.
ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-სა და მთელი დემოკრატიული საზოგადოების ლიდერებს, რომ კვლავაც წაახალისონ ქვეყნის სვლა ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისკენ და ამავე დროს გთხოვთ, გამოიყენოთ ყველა შესაძლობლობა, რათა 2012 წლის ოქტომბერს ჩვენს მოქალაქეებს თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეთ,” – ნათქვამია წერილში.
პუბლიკაციაში ივანიშვილი მოხსენიებულია, როგორც ქართველი ბიზნესმენი და ქველმოქმედი, რომელსაც მოქალაქეობა სააკაშვილმა ჩამოართვა. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი არასდროს უთქვამს და რომ ორმაგი მოქალაქეობისთვის პრეზიდენტის ნებართვა სჭირდება – ნებართვა, რომელსაც სავარაუდოდ ის ვერ მიიღებს. მიუხედავად ამისა, ივანიშვილის და მისი მოძრაობის „ქართული ოცნების“ ხმა ძალზედ ხმამაღალა ისმის საქართველოში და ახლა უკვე ვაშინგტონშიც.
ხელმისაწვდომი დოკუმენტების თანახმად ირკვევა, რომ გასული წლის ნოემბერში ხელმოწერილი კონტრაქტის პირობებით, ივანიშვილი ამჟამად თვეში 25.000 დოლარს უხდის ლობისტურ ფირმა BGR Group-ს. ლობისტების დოკუმენტებიდან ასევე ირკვევა ისიც, რომ ის თვეში 20.000 დოლარს უხდის სემ პატენს, თბილისში მომუშავე კონსულტანტს, რომელიც BGR-თან ივანიშვილის სასარგებლოდ თანამშრომლობს. გადახდები ხორციელდება ლონდონში მდებარე იურიდიული პირის BGR-Garbara-ს მეშვეობით. ეს ორგანიზაციაც, დოკუმენტების თანახმად, ივანიშვილისთვის მუშაობს.
ჩანაწერების თანახმად, BGR-Garbara პატენს, ალასანიას სასარგებლოდ, თვეში 10.000 დოლარს უხდის, რათა „კონსულტირება გაუწიოს ამერიკის მთავრობის წევრებს“ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და იმისათვის, რომ „უცხო ქვეყნის წარმომადგენლისა და აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრები დაგეგმოს“.
კიდევ ერთი კონტრაქტით ირკვევა, რომ BGR-Garbara, BGR-ს უხდის ჰონორარს ირაკლი ალასანიასა და ”თავისუფალი დემოკრატების” მომსახურებისთვის (თანხა უცნობია). დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია BGR-Garbara ”როგორც პანევროპული ფირმა, რომელიც მუშაობს სამთავრობო საკითხებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში, ”თავისუფალ დემოკრატებთან” თანამშრომლობს… რათა ხელი შეუწყოს ქართული დემოკრატიის განმტკიცებას 2012 წელს სამართლიანი, ღია და პატიოსანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მეშვეობით”. აშშ-ს ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი ასევე მუშაობს BGR-ისთვის, ნათქვამია ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის BGR-ის მიერ დაგზავნილ წერილებში.
ორმა სხვადსხვა წყარომ განგვიცხადა, რომ ალასნიამ და ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერეს კონტრაქტს Patton Boggs-სთან, გავლენიან ლობისტურ და საკანონმდებლო ფირმასთან ვაშინგტონში, თუმცა ამ ჩანაწრების ფორმები ჯერ წარმოდგენილი არ არის. ამავე წყაროებმა დაგვიდასტურეს, რომ ივანიშვილის წარმომადგენელი Podesta Group-ს დაუკავშირდა და მას გუნდის შეცვლის სანაცვლოდ ჰონორარის გაორმაგება შესთავაზა, მაგრამ Podesta-მ უარი განაცხადა.
ასევე ივანიშვილი კანადელი იურისტის, რობერტ ამსტერდამის შვილთან, სემ ამსტერდამთან თანამშრომლობს. რობერტ ამსტერდამმა სახელი მაშინ მოიხვეჭა, როდესაც ნავთობის რუს მაგნატს, დაპატიმრებულ მიხეილ ხოდორკოვსკის იცავდა. ამ კავშირებზე ჩანაწერები არ მოიპოვება, რადგან ამსტერდამები აშშ-ს მოქალაქეები არ არიან და აშშ-ს წარმომადგენლებთან ლობისტურ საქმიანობას არ ეწევიან. წარსულში ივანიშვილს ხოდოროვსკის მისამართით კრიტიკული შინაარსის განცხადებები აქვს გაკეთებული.
ივანიშვილის კრიტიკოსები მას რუსეთის მიერ დაფინანსებულ ოლიგარქად ხატავენ, რომელსაც ანტი-დასავლური და შესაბამისად ანტი-ამერიკული მიზნები აქვს. ისინი ხაზს უსვამენ, მის, ერთის შეხედვით, რბილ პოზიციას რუსეთისადმი და მაგალითად ივანიშვილის იმ გამოსვლას იშველიებენ, სადაც მან, რუსეთის ყოფილ და მომავალ პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით განაცხადა შემდეგი – „რუსეთის მოსახლეობას მოსწონს ეს კაცი“ და „რუსეთი სულაც არაა არადემოკრატიული სახელმწიფოს ყველაზე ცუდი მაგალითი“. გარდა ამისა, მან 2008 წელს რუსეთთან ომის წამოწყებაში სააკაშვილს დასდო ბრალი.
ივანიშვილის კავშირები რუსეთთან არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკომონიკური ხასიათასაც არის. მან ქონება რუსეთში 1990-იან წლებში დააგროვა და „გაზპრომის“, ნახევრად სამთავრობო ენერგეტიკული ურჩხულის აქციების მინიმუმ ერთ პროცენტს ახლაც ინარჩუნებს. (რუსეთის ფედერაციასა და “გაზპრომს” ვაშინგტონში Ketchum-ი წარმოადგენს).
The Cable-თან თბილისიდან წარმართულ სატელეფონო ინტერვიუში პატენმა განაცხადა – საქართველოს ოპოზიცია მწიფდება იმისათვის, რომ აღიაროს უფრო დიდი საერთაშორისო მასშტაბის აუცილებლობა.
ივანიშვილმა ფული რუსეთში პუტინის ძალაუფლებაში დაბრუნებამდე გააკეთა, განაცხადა პატენმა. ივანიშვილს მიაჩნია, რომ ვაშინგტონში საქართველოს მთავრობის ლობისტურ აქტივობასთან დაპირისპირება, იმ ძალისხმევის ნაწილია, რომელმაც მსოფლიოს უნდა აჩვენოს – სააკაშვილის მთავრობას ალტერნატივა გამოუჩნდა.
„საქართველოს მენტალიტეტში ზის იმის შეგრძნება, თითქოს შედეგები ვაშინგტონზეა დამოკიდებული, მაგრამ არჩევნებს იგებ იმით, რასაც ქვეყანაში აკეთებ“, – თქვა პატენმა. „საბოლოო ჯამში, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის.“ასეა თუ ისე, საქართველოს დამკვირვებლებმა ვაშინგტონში უნდა იცოდნენ, რომ ახლა ერთმანეთს უპირისპირდება ორი სრულფასოვანი ქართული ლობისტური აქტივობა.
ცოტა ხნის წინ, ინტერვიუში ივანიშვილი შეგვპირდა, რომ თავის ლობისტურ კამპანიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააფართოვებს.
„ისინი (მთავრობა) ლობისტებზე დიდძალ თანხას ხარჯავენ… ხალხის ფული იხარჯება… ღარიბი ხალხის ფულს ფლანგავენ“, – ამბობს ივანიშვილი. „ჩვენ ძალიან სერიოზული საქმე წამოვიწყეთ და ამას კარგი ორგანიზებაც სჭირდება. რამდენიმე თვეში ჩვენ სიტუაციას და ევროპისა და აშშ-ს მიდგომასაც შევცვლით, ჩვენ მათ რეალობას ვაჩვენებთ. ძალიან მალე ამას თვითონ ნახავთ.“
foreignpress.ge
689
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85