კმაყოფილი უმრავლესობა

კმაყოფილი უმრავლესობა

სააკაშვილი თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში მეორედ იყო. პირველი ასეთი შეხვედრა რამდენიმე წლის წინ, ბუშის პრეზიდენტობის დროს გაიმართა. მეორე კი უკვე გუშინდელი შეხვედრა იყო. მაგრამ, როგორც ჩანს, სააკაშვილისთვის ამ შეხვედრას მართლა ისეთი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ისიც კი დაავიწყდა, ამ დარბაზში რამდენჯერ იყო ნამყოფი და განაცხადა, „ამდენი კონკრეტული შედეგით დატვირთული“ თეთრი სახლიდან არასდროს გამოვსულვარო.

„მე პირადად რამდენჯერ ვარ თეთრ სახლში ნამყოფი. მინდა ვთქვა, რომ ყველა წინა შეხვედრა იყო კარგი, მაგრამ არასდროს ამდენი კონკრეტული შედეგით დატვირთული ჩვენ ამ კაბინეტიდან არ გამოვსულვართ და თან, იმ მომენტში, როცა ეს იყო საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი. შედეგებმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა და ამის მიზეზი ის კი არ იყო, რომ ამერიკის ოფიციალური პირები ამ შეხვედრას კარგად ამზადებდნენ, არამედ ეს იყო პირდაპირი შედეგები მისი პირადი ჩართულობის, მისი პირადი გადაწყვეტილების, მისი პირადი სიმპათიის“, - განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს ბარაკ ობამასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

რაც შეეხება უშუალოდ ამ შეხვედრის შედეგს, მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, ეს იყო განაცხადი ორ ქვეყანას შორის, თანამშრომლობის ახალ, უფრო მაღალ დონეზე გადასვლის შესახებ, ერთი მხრივ, სამხედრო უსაფრთხოების და მეორე მხრივ, ეკონომიკურ სფეროებში. 

„ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ახალ დონეზე ავწიოთ თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში და თუ წინა წლებში ეს იყო თანამშრომლობა ანტიტერორისტული ოპერაციების ფარგლებში ან მონაწილეობაზე ავღანეთის და ერაყის მისიებში, ახლა საუბარია იმაზე, რომ ამერიკასთან ერთად ვითანამშრომლოთ უშუალოდ საქართველოს თავდაცვის განვითარების საკითხებზე.

„ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხებზე მუშაობას, ძალიან კონკრეტული შეხვედრები დაიგეგმა და ეს არის ახალი, უფრო მაღალი დონე სამხედრო უსაფრთხოების სფეროში ჩვენი თანამშრომლობის. მეორე საკითხი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არის ის, რომ პრეზიდენტმა ობამამ გამოაცხადა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ ფორმატს, რაც ნიშნავს, ასევე, პერსპექტივას აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე.

მინდა გვესმოდეს, რომ ესაა წარმოუდგენლად დიდი რაღაც საქართველოს ეკონომიკისთვის. ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება თავის ძალიან ახლო მოკავშირეებთან აქვს და ყველა ქვეყნისთვის ამ ხელშეკრულების გაფორმება იყო ძალიან სერიოზული ნახტომის მყარი საფუძველი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ობამას მხარდაჭერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით და ქვეყანაში გატარებული რეფორმების წარმატებულად შეფასებაც. 

„თქვენ მოისმინეთ რამდენად დადებითად და მაღალფარდოვნად ისაუბრა მან საქართველოს დემოკრატიულ მიღწევებზე, ჩვენს მიერ გატარებულ რეფორმებზე, მათ შორის უმცირესობების დაცვისა და დემოკრატიის განვითარების კუთხით. ჩვენ ერთად ვისაუბრეთ იმაზე, რომ, რა თქმა უნდა, არჩევნების ჩატარება და ყველა სხვა დემოკრატიული პროცესი გაგრძელება იქნება იმისა, რაც უკვე მიღწეულია. პრეზიდენტმა ნათლად თქვა ისიც, რომ საქართველოს წარმატება, მთელი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლოა. მე ვარ ძალიან მოხიბლული და კმაყოფილი ამ შეხვედრით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამიტომაც მნიშვნელოვანია, თუ კონკრეტულად რითია პრეზიდენტი კმაყოფილი.

გაკეთებული განცხადებებიდან მხოლოდ რამდენიმე საკითხი იკვეთება.

„მნიშვნელოვანი და ძალზედ აქტუალურია საქართველო-აშშ-ს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის პერსპექტივა, რომელიც ფაქტობრივად უკვე შეთანხმდა და კონკრეტული უწყებების მიმართ დავალებებიც გაიცა, რათა მაღალ დონეზე, შესაბამისი ფორმატის ფარგლებში მოხდეს აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებების, მსჯელობის დაწყება“,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ. 

მისივე განმარტებით, საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის გამართული გუშინდელი შეხვედრის შედეგები ქვეყნის შემდგომი განვითარებისა და ორმხრივი თანამშრომლობის ახალ დონეზე აყვანის პერსპექტივას განსაზღვრავს. 

„გუშინდელ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და შეთანხმებები იქნა მიღწეული. გამოვყოფდი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებას, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის კუთხით. ასევე, კიდევ ერთხელ უდიდეს დონეზე იქნა დადასტურებული საქართველოს მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. 

მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ საქართველოს წარმატებები აღნიშნა და გამოიყენა ტერმინი, რომ საქართველო, დემოკრატიული და გამჭვირვალე ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით, რეგიონში მაგალითია. გარდა ამისა, ხაზი გაესვა საქართველოს როლს და მნიშვნელობას ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. ერთი სიტყვით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამერიკა საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი, სანდო და მხარდამჭერი პარტნიორია“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ. 

რაც შეეხება სამხედრო თანამშრომლობის საკითხს, პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრისას, ვრცლად იყო განხილული თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

მანჯაგალაძის ცნობით, ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე. როგორც მან განმარტა, უახლოეს მომავალში შედგება შეხვედრები შესაბამის თანამდებობის პირებს შორის იმისთვის, რომ განიხილონ კონკრეტული ასპექტები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ამ თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე. 

მანანა მანჯგალაძის განცხადებით, ასეთი შეხვედრები შედგება პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში. როგორც პრესსპიკერმა განაცხადა, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გამართავს შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. მისი ინფორმაციით, ასევე უახლოეს მომავალში გაიმართება შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრ, ბაჩო ახალაიასა და აშშ-ს თავდაცვის მდივან, ლეონ პანეტას შორის.

საპარლამენტო ოპოზიცია კი აქცენტს იმ განცხადებაზე აკეთებს, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე ისაუბრა.

როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი, გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ ითქვა, - საქართველოში თუ არ ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები, არ იქნება არც ნატო და არც აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ობამამ ხაზი გაუსვა, რომ უნდა მოხდეს ხელისუფლების გადაცემა, რაც დეპუტატის შეფასებით ნიშნავს იმას, რომ  სწორედ მომავალ არჩევნებზეა დამოკიდებული ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება. 

რაც შეეხება ტერმინ „ფორმალურ გადაცემას“, ცაგარეიშვილის განცხადებით,  ნებისმიერ ლექსიკონში „ფორმალური“ ნიშნავს ოფიციალურს. 

„მე მაქვს იმის ბედნიერება, რომ ვიყო იმ პარტიაში, სადაც 6 ყოფილი ელჩია. გარწმუნებთ, რომ სიტყვა ფორმალური ყოველთვის ნიშნავდა ოფიციალურს და ამ გაგებით იყო ყოველთვის აღქმული და ახლაც, სწორედ ამ კონტექსტშია ნათქვამი“, - აცხადებს ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ ჰილარი კლინტონიც საქართველოში სტუმრობისას იგივეს იტყვის და ხელისუფლებაც, ხელისუფლების გადაცემისთვის უნდა მოემზადოს. 

„ასე რომ, მოემზადონ ბატონი აკაკი მინაშვილიც და გაბაშვილიც ხელისუფლების გადაცემისთვის. ჩატარდება თავისუფალი არჩევნები და მოხდება ხელისუფლების გადაცემა. არ ჩატარდება თავისუფალი არჩევნები და ყველა შემთხვევაში, მაინც მოხდება ხელისუფლების გადაცემა. ჯობია ნებით დათმონ ის, რასაც ქართველი ხალხი მაინც მოიპოვებს საერთო აღშფოთების ძალით. ვისაც როგორც უნდა ისე გაიგოს და თარგმნოს ჩემი ნათქვამი“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, აკაკი მინაშვილის თქმით,  ხელისუფლების გადაბარება იმას ნიშნავს, რომ არჩევნების გზით ვინც მოვა, ხელისუფლება მას უნდა გადაეცეს, თუმცა ეს არ ნიშნავს ხელისუფლებაში აუცილებლად სხვა ძალის მოსვლას. 

ამასთან, აკაკი მინაშვილს ალოგიკურად მიაჩნია, რომ შეერთებულმა შტატებმა ვინმეს ურჩიოს, ვინ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში და ვინ - არა. 

მისივე თქმით, პრეზიდენტმა ობამამ იგულისხმა, რომ ხელისუფლება არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას უნდა გადაეცეს. 

„მაგალითად, თუ არჩევნებს „ნაციონალური მოძრაობა“ მოიგებს, ხელისუფლება ამ გუნდს გადაბარდება“, - დასძინა მინაშვილმა. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებითაც, ხელისუფლების ფორმალურად გადაცემა დემოკრატიულ და თავისუფალ ვითარებაში არჩევნების ჩატარებას ნიშნავს. 

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას წიკლაურმა ამ ტერმინის განმარტებისას განაცხადა, ხელისუფლებას საქართველოში აყალიბებს ქართველი ხალხი იმ პერიოდულობით, როგორც საქართველოს კონსტიტუციაშია განსაზღვრული. 

„ასე ხდებოდა უკანასკნელი წლების განმავლობაში და ასე ხდება დღესაც“, - განაცხადა წიკლაურმა და დასძინა, რომ აშშ-ს მხრიდან საქართველო აღიარებულია დემოკრატიულ ქვეყნად და სახელმწიფო არჩევნებს ისე ჩაატარებს, როგორც დემოკრატიული ქვეყნებისთვის არის მიზანშეწონილი. 

მისივე შეფასებით, არავინ არ უნდა წარმოიდგინოს, რომ ბარაქ ობამა „რაიკომის მდივნის“ ტიპის პოლიტიკოსია, რომელიც ქვეყნის ლიდერს არჩევნების შედეგებს წინასწარ ეუბნება. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ, გოკა გაბაშვილისთვის კი გაუგებარია, რატომ მიმდინარეობს დისკუსია ამ განცხადებასთან დაკავშირებით.

გაბაშვილის თქმით, ამ მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ნათელია - ვაშინგტონი მხარს უჭერს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებებს და საქართველოშიც ასეთ ხელისუფლებას დაუჭერს მხარს. 

რაც შეეხება შეხვედრაზე აშშ-ს ირანთან დაპირისპირების  შემთხვევაში საქართველოს როლს და ამ საკითხზე პრეზიდენტებს შორის შესაძლო საუბარს, გაბაშვილი აცხადებს, რომ მას კომენტარის გაკეთება მხოლოდ იმ საკითხებზე შეუძლია, რაც შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მოისმინა. 

მისი თქმით, საუბარი იყო უსაფრთხოების საკითხებზე, რაც უფრო კონკრეტულად, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ვერშბოუს, ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრ, ბაჩო ახალაიასა და აშშ-ს თავდაცვის მდივან, ლეონ პანეტას შეხვედრისას განიხილება. 

„ეს არის გაღრმავებული ურთიერთობა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში. აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს ინტეგრაციაზე ნატო-ს მიმართულებით. ეს არის მართლაც ძალიან დიდი გარღვევა ქართულ ეკონომიკაში - მუშაობის დაწყება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე“, - განაცხადა გაბაშვილმა და დასძინა, რომ შეხვედრა იყო საქართველოს დემოკრატიული პროცესის მხარდაჭერა. 

საპარლამენტო უმრავლესობა განსაკუთრებულ აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ, მათი შეფასებით, ამ შეხვედრის შემდეგ ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს სათქმელი არაფერი დარჩათ. გოკა გაბაშვილის შეფასებით, აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტობის შეხვედრაზე მიღწეულმა შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა.

„პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ შეხვედრაზე მიღებულმა კონკრეტულმა შედეგებმა მოლოდინს გადაჭარბა. მინდა დავიწყო ობამას უკანასკნელი ინიციატივით, რომ დავიწყოთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საუბარი, რაც არის ახალი ეტაპი საქართველოს ეკონომიკისთვის, რაც ნიშნავს გაცილებით მეტ ინვესტიციებს ამერიკიდან და აშშ-სთან უფრო ინტენსიური ვაჭრობის რეჟიმს და საქართველოსთვის დიდ ეკონომიკურ ნაბიჯს“, - განაცხადა გაბაშვილმა.

ამასთან, დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა აშშ-ს პრეზიდენტის მხრიდან საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზე და აღნიშნა, რომ ამერიკის მხარდაჭერა ნატოში გაწევრიანების საკითხზე ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა პრეზიდენტმა ობამამ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე, ასევე სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე დემოკრატიული რეფორმებისა და თავისუფალ არჩენების მოლოდინის ჩათვლით“, - განცხადა გოკა გაბაშვილმა და აქვე დასძინა, რომ პრეზიდენტების შეხვედრა 100% შედეგიანი და პოზიტიური იყო.

ნუგზარ წიკლაურს კი მიაჩნია, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის მიღწეული შეთანხმებები განსაკუთრებით აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებების ფონზეა მნიშვნელოვანი. 

როგორც წიკლაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ საქართველო სუვერენული და დემოკრატიული ქვეყანაა, რომელმაც დიდ პროგერსს მიაღწია რეგიონში და სამაგალითოა რეგიონალური თვალსაზრისით.  ასევე, ობამამ აღნიშნა, რომ საქართველო მსოფლიო პოლიტიკურ სცენაზე არის პასუხისმგებელი მოთამაშე და ხაზი გაუსვა კანონის უზენაესობას, რაც მიღწეულია საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. 

წიკლაურის თქმით, სწორედ ამ განცხადებების ფონზე, რაც ლაიტმოტივი იყო ამ შეხვედრის, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ქვეყნის მნიშვნელოვანი მიმართულებებით - თავდაცვის უნარიანობის ამაღლების, უსაფრთხოების გაზრდის და სავაჭრო ხელშეკრულებების შესახებ, რაც ქვეყნისთვის ახალ შესაძლებლობებს და ახალ სამუშაო ადგილებს ნიშნავს. 

„ქვეყნის როგორც დემოკრატიული განვითარება, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, თავისუფალი ბაზრის შექმნა, მიჩნეულია უმნიშვნელოვანეს წინგადადგმულ ნაბიჯებად მსოფლიო ყვლაზე ძლევამოსილი დემოკარტიული ქვეყნის ლიდერის მიერ“, - დასძინა წიკლაურმა.