„მოჩვენება“ მოგელაძის მოლანდებები

„მოჩვენება“ მოგელაძის მოლანდებები

საქართველო საოცრებათა ქვეყანას სულ უფრო მეტად ემსგავსება. ახალი წლის დღესასწაულებზე იმდენი „საოცრება“ აჩუქეს ნაციონალებმა საქართველოს მოსახლეობას, რომ ახალი წლის ღამის 12 საათზე პარლამენტს კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილება რომ მიეღო, ნამდვილად არ გამიკვირდებოდა.

ტრადიციულად, ქართველ ხალხს ახალ წლებზე საზეიმო განწყობას უქმნიდნენ ტელეეკრანებიდან ყველასთვის საყვარელი ქართველი თუ უცხოელი მსახიობები მხატვრულ ფილმებში „ღვინის ქურდები“ და „როგორ მოვიპაროთ მილიონი“. ხელისუფლება ყველაფრის შეცვლას რომ ლამობს, არახალია. ჰოდა, იფიქრეს, იფიქრეს  ნაციონალების ნათელმა ტვინებმა და „ღვინის ქურდების“ მაგივრად „კანონის ქურდები“ გამოაცხვეს.

ახალი წლის წინ ნაციონალური არხებით ვუყურებდით ჯერ გამხიარულებულ და აცუნდრუკებულ, მერე კი უცებ ნირწამხდარ ბაქრაძეს, კუბლაშვილს და მინაშვილს. აბა როგორია,  ჯერ დაამტკიცო ერთი კანონი (როგორი კანონია, ამის განხილვას აღარ მოვყვები), მეორე გამოაქვეყნო და ყურის აწევის მერე გამოხვიდე და თქვა „Что вы, что вы“- არ ყოფილა ეგეთი რამეო. თანაც როცა იცი, რომ ამ „ქურდობისთვის“ პასუხი აუცილებლად მოგეთხოვება.  

შეხვდა ქართველი ერი ახალ წელს, შობას და ნაციონალურ საოცრებათა სერიაც გაგრძელდა. ქურდობის თემას გამოძალვა დაემატა. ამ დრომდე ვიცოდით, რომ ქვეყანაში ქონების და წილების გადანაწილება–გადმოფორმებას, საპროცესო გარიგების თანხობრივ მოცულობას უშუალოდ კურირებდნენ შსს–ს და იუსტიციის უკვე სტაჟიანი „ნათლიმამები“ მერაბიშვილი და ადეიშვილი. ცოტა ხნით ადრე მათ მხარს უმშვენებდა „ლეგენდარული“ კეზერაშვილი. უბრალოდ, ახლა კეზერა ოპერის მეგობართა კლუბით ისე დაკავდა, რომ ბენზინზე 100 პროცენტიანი კონტროლის და კიდევ პატარ–პატარა საქმეების მეტი დრო ლატარიაზეც კი აღარ დარჩა.

ცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა ქართულ პოლიტიკაში და თანაც ოპოზიციის მხარდამჭერად მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით მოევლინათ მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს.

ატეხეს ერთი ამბავი „რუსთავი–2“–მა, „იმედიარველტივი“–მ და „რეალტვ“–მ:

ივანიშვილი – „პუტინის სისხლიანი ხელის ჩამომრთმევი“, „გაზპრომის მფლობელი“, „9 აპრილის ავტორის კამპანიის სპონსორი“; „შავი მაგიის, ხერომანტიის მამა“

ალასანია – „რუსეთის პროექტი“, „კრემლთან დაახლოებული კაგებეს გენერლების ნათესავი“. არადა, მანამდე სულ იმას გვაძახებდნენ, ირაკლი ალასანია სააკაშვილის ნათესავია, „ცერეუ“–ს პროექტია და რა ვიცი კიდევ რა. 

„ქართული ოცნება“ მაინც დაფუძნდა. ნაციონალურმა არხებმა ყველასთვის პატივსაცემი კახა კალაძის, რატი ამაღლობელის, გურამ ოდიშარიას, „ქართული ხმების“ და ჩვენი საზოგადოების ათასობით წარჩინებული წარმომადგენლის გამოჩენის მიუხედავად, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა რეტროგრადების, პეტროგრადების, ვიშეგრადების და “პროსტო” „გრადების“ თავყრილობად მიაწოდეს ხალხს. შიში ოხერია!!!

ბიძინა ივანიშვილის არიულმა სიმშვიდემ საერთოდ გადარია ნაციონალები. პრეზიდენტმა სტახანოვური ტემპებით დაიწყო საავადმყოფოების გახსნა, სადაც თითოოროლა ავადმყოფის და მელოგინე ქალის განთავსება გუბერნატორების და გამგებლების მეცადინეობით გახერხდა.

გლდანში მიშამ და გიგიმ აამღერეს ბებერი ტოტო კუტუნიო (რა დრო დაუდგა საწყალს.

როსტომის ულამაზეს სასახლეს უგულავას ბიჭებმა მესერი შემოარტყეს; თათარიახლად გამომცხვარი კომპანია შენობაში შეუშვეს. „ქართული ოცნება“ მაინც შევიდა და კარგადაც ამუშავდა.        

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე ოპოზიციური პარტიები უყურადღებოდ რჩებოდნენ. ბუნებრივიცაა, თავისუფალი დემოკრატების და რესპუბლიკელების თვეში სიმწრით მოპოვებული 11–11 ათასი ლარი სასაცილოდაც კი არ ჰყოფნიდა ზემოჩამოთვლილ ძლიერთ ამა ქვეყნისა.

გამოჩნდა თუ არა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის კოორდინირებული საქმიანობის  პირველი ნიშნები, რაც, ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ მხარდაჭერასაც გულისხმობს, სცენაზე გამოვიდა „მოჩვენება“ მოგელაძე. მოჩვენება იმიტომ, რომ კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური სახელდახელოდ შეიქმნა და მოჩვენებასავით ხან ვის ფულს „გამოეცხადა“ და ხან ვის ანგარიშს. მოჩვენება იმიტომ, რომ კონტროლის პალატის კომპეტენციას გასცდა და კერძო კომპანიების ანგარიშებს მიუხტა – იქაც ივანიშვილის ფული მოელანდა და ბოლოს, მოჩვენება იმიტომ, რომ ორ იურიდიულ პირს შორს განხორციელებულ ურთიერთქმედებაში „მოჩვენებითი“ გარიგება მოელანდა და ფულის „ახევით“ დაიმუქრა.

რას ერჩი – „მოჩვენება“ მოგელაძე ნამდვილად არ ჩამოუვარდება სააკაშვილს, მერაბიშვილს, ადეიშვილს, კეზერაშვილს.

ვინ იცის, ხელისუფლებისადმი ლოიალურ მსხვილ–მსხვილ ბიზნესმენებს ნირიც კი წაუხდათ - ემანდ ეს „მოჩვენება“ სადმე შეცდომით არ მოელანდოთ.