„ექსპრესნიუსი“ ესაუბრება კულტუროლოგ ლელა ფირალიშვილს
„ქართული ოცნების“ დაფუძნების შემდეგ თუ არის შესამჩნევი ცვლილებები საზოგადოების განწყობაში?
- რა თქმა უნდა, საზოგადოებრივ განწყობებში ცვლილებები თვალშისაცემია. ეს იმ პირველადი შფოთის გამოძახილია, რომელიც ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა ბიძინა ივანიშვილმა, პოლიტიკურ ფიგურად შესთავაზა თავი ქართულ საზოგადოებას. ეს საკმაოდ წონადი განაცხადია, თუ გავითვალისწინებთ, რომ წინა ხელისუფლებამ, როგორც ოპოზიციურმა ძალამ, წინა ხელისუფლებისავე წიაღში, ანუ ხელისუფლებისა და ძალაუფლების მაშინდელ სტრუქტურაში მოამზადა თავისი სასტარტო პირობები და თავად შექმნა შევარდნაძის ხელისუფლების სივრცეში თავისთვის სასიცოცხლო ველი ხელისუფლებაში მმართველ ძალად მოსასვლელად.
ჩვენ ვიცოდით, რომ ამ ძალას მაშინდელი ხელისუფლების სტრუქტურაში წამყვანი პოზიციები ეკავა – პარლამენტის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და სხვანი. ეს გახლდათ კონკრეტული ფიგურებისაგან შემდგარი ის გააქტიურებული გუნდი, რომელიც ხელისუფლებაში ოპოზიციურად ითვლებოდა. მათ თავი შემოგვთავაზეს, როგორც ქვეყნის უმთავრესი სენის -კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლებმა.
მეორე მხრივ, თვალნათელი იყო, რომ სახელისუფლო დონეზეც ხდებოდა იმის აღიარება, რომ ქვეყანას კორუფციიდან გათავისუფლება სჭირდებოდა. ამისთვის თავად შევარდნაძის ბრძანებით იქნა შექმნილი ანტიკორუფციული შვიდკაცა, შემდეც ცხრა კაცისაგან შემდგარი ანტიკორუფციული საბჭო,ანტიკორუფციული ბიურო, რომლებიც სახელისუფლებო დონიდან საქართველოში არცთუ ისე სასურველი პროცესის გახმაურებას მაქსიმალურად ცდილობდნენ. მაშინდელ პრეზიდენტს ამისთვის „ბეჭედი რომ არ დაესვა“, ვფიქრობ, ჩაიკარგებოდა იდეა, რომელიც შემდეგ ე.წ. ახალგაზრდა რეფორმატორებმა საკუთარ დროშად აქციეს. მათ სასიცოცხლო ველი შეიქმნეს ძველი ხელისუფლების პირობებში, არსებული ხელისუფლება უშვებდა მათ არსებობას. მათ შესძლეს იდეის გატანა სოციალურ სივრცეში, არასამთავრობოები ქვეყნის შიგნით აქტიურად მუშაობდნენ ამ მიმართულებით, მათ ასევე კარგად აითვისეს ის ლექსიკა, რომლითაც დასავლეთს წარუდგინეს თავი. რეფორმატორების ძალა მთლიანად იკვებებოდა შევარდნაძის ავტორიტეტით, ძალმოსილებით და კონტაქტებით დასავლეთში. დღეს მდგომარეობა სრულიად განსხვავებულია.
ასეთი გუნდი ხელისუფლების წიაღში არ არსებობს. ის, ვინც მის წიაღში ოპოზიციონერად მოიაზრება, საზოგადოების მიერ ხელისუფლების სატელიტად აღიქმება. სახელისუფლო სივრცის გარეთ არასაპარლამენტო ოპოზიციას საზოგადოებიდან თავდაპირველი მხარდაჭერა გაუქრა ყველასთვის ცნობილი მიზეზების გამო. ამიტომ საქართველოს მოსახლეობა უნდოდა ეს თუ არა, მთლიანად მიენდო ბედს. ივანიშვილი სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა და გამოჩნდა მაშინ, როცა ნდობის ის კრედიტი, რომელიც ცალკეულ ოპოზიციურ პოლიტიკოსებსა თუ მათ გუნდებს ჰქონდათ, ფაქტობრივად ამოწურული იყო. გამოჩნდა და სოციალური სურათი რადიკალურად შეცვალა.
მისმა პოლიტიკურმა განაცხადმა, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, მე ასე დავარქმევდი – „სოციალური შოკი“, გამოიწვია, როგორც საზოგადოებაში, ასევე მთელს პოლიტიკურ სპექტრში-ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც. ხელის-უფლებამ იგრძნო, რომ ივანიშვილს ქველმოქმედების სახით იმდენად დიდი ავანსი აქვს ჩადებული ქვეყანაში – როგორც სოციალურ სივრცეში, ასევე სახელმწიფოს განვითარებაში, რომ მისი განაცხადი ძალზე წონადი იქნებოდა. მათზე კარგად ვინ იცოდა, რომ ის აფინანსებდა პოლიტიკურ პროცესს, კულტურას, თეატრს, მუზეუმს, მეცნიერებათა აკადემიას, სახელმწიფო პროექტებს და სხვ. ოპოზიციურ ძალებს ამ განაცხადმა კიდევ ერთი, თითქოს უკვე გამოტირებული შანსი გაუჩინა, საზოგადოებას კი იმედი მისცა. ამიტომ ამ ადამიანის მიმართ შეიქმნა ნდობის ისეთი მაღალი ნიშნული, რომ ძნელია მსგავსი პრეცედენტის მოძებნა. ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ფიგურად გააქტიურებამ ქართული საზოგადოება რეალურად გააქტიურა. უკვე მეორე თემაა პოლიტიკური პროცესები როგორ წარიმართება და რა შედეგები შეიძლება აქედან მივიღოთ.
საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან უკვე ისმის უკმაყოფილება „ქართული ოცნების“ მისამართით – ნაწილი კონკრეტულ შედეგებს ელოდება, ნაწილს მუშაობის რიტმი ან ტემპი არ მოსწონს, ნაწილს – პოლიტიკური გემოვნება…
ნუ დაგვავიწყდება, რომ ივანიშვილის მოღვაწეობა ქველმოქმედებაზე აიგო. სოციალურ მახსოვრობაში მას არ უკავშირდება არანაირი უარყოფითი განწყობა. ალბათ, სწორედ იმიტომ, რომ ასეთი სასტარტო პირობები ჰქონდა, მის გარშემო უცებ შეიქმნა ახალი სოციალური სივრცე, სადაც იმ რესურსის ამოძრავება დაიწყო, რომელიც კონსერვირებული იყო. ამიტომ გაჩნდა მეტი მოლოდინი. დაიწყო ცოცხალი პროცესები. ვფიქრობ, რაც უმნიშვნელოვანესია, დაიწყო საზოგადოების სასიცოცხლო ველის ბუნებრივი გაცოცხლება. საზოგადოებრივმა რესურსმა იგრძნო საკუთარი საჭიროება.
პოლიტიკური და საზოგადოებრივი სივრცე თითქოს გაიმიჯნა კიდეც. პოლიტიკური რესურსი ის გვაქვს, რაც გვაქვს. მის მიმართ გადაჭარბებული ილუზიები, ვფიქრობ საზოგადოებაში უკვე აღარ არსებობს. პოლიტიკას ერთეული ადამიანები ქმნიან, ამასთან პოლიტიკოსების მიმართ საზოგადოება ზემგრძნობიარე გახდა, რადგან უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში არსებულმა ვერცერთმა ხელისუფლებამ ადამიანები ვერ უზრუნველყო დაცულობით, კეთილდღეობით. ამიტომ გაჩნდა თითქოს არადეკლარირებული გამიჯვნაც კი პოლიტიკოსების მიმართ საზოგადოების მხრიდან. აი, ასეთია ის მოცემულობა, რომელიც ჩვენს გარშემო გაჩნდა.
თვითონ სიტყვა „ოცნებაც“ კი ადამიანის იმედს დაუკავშირდა. თავიდან ვფიქრობდი, როგორ უნდა მიმეღო ეს ირაციონალური სიტყვა. მაგრამ იმიტომ, რომ თითოეული ადამიანის ოცნებაა, მისივე მონაწილეობა საკუთარი სასიცოცხლო ველის შექმნაში, ჩემსავე ქვეყანაში ჩემი არსებობის აღიარებაში, სტატისტიკურმა ქართველმა, ვიგრძენი, რომ აქ – კარგად ვარ. ამიტომ ადამიანმა ეს ნდობა დაუკავშირა „ქართულ ოცნებას“. შეიძლება ეს ცნობიერ დონეზე არც კი იკითხებოდეს თითოეული ადამიანისათვის, მაგრამ ფაქტია – ეს არის თითოეული ადამიანის შანსი. ადამიანები, მოლოდინის რეჟიმში არიან. მათ იციან, რომ სწორედ ივანიშვილის გამოჩენამ გააჩინა ეს შანსი. ეს ის ადამიანია, ვინც უდიდესი ფინანსური რესურსი ჩადო ქართული კულტურის გაცოცხლებაში ანუ ჩემიანია… ჩემიანია, მაშინ, როდესაც სახელისუფლებო სივრცის მიმართ საწინააღმდეგო დამოკიდებულება მაქვს – საზოგადოებას, მართალია ეს თუ არა, აქვს განცდა, რომ ხელისუფლება სწორედ მანდ ებრძვის, ქართულ იდენტობას ებრძვის…
ერთია საზოგადოების და მეორე, პოლიტიკური რესურსის ამუშავება.ამ პროცესის პოლიტიკურ ასპექტზე ვერაფერს მოგახსენებთ, ჯობია პოლიტოლოგებმა შეაფასონ, მაგრამ საზოგადოებრივზე ბევრს ვფიქრობ. ძალიან მომწონს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა რამდენადმე გამიჯნულია პოლიტიკური პარტიისაგან. ადამიანები საკუთარი ნებით მიდიან იქ საკუთარი ქვეყნის ბედისწერის კორექციაში მონაწილეობის მისაღებად და ხშირად სრულიად უანგაროდაც. ვფიქრობ, რომ სწორედ იქ დაიწყება იდეათა ჭიდილის ბუნებრივი პროცესი, ეს საზოგადოების თვითორგანიზაციის მცდელობაა და ძალიან მნიშვნელოვანია. მე, ქართველს, ამის მცდელობა ერთხელ მქონდა, პოსტ-ზვიადის ეპოქაში და ძალიან ცუდად დასრულდა, მაშინ თავდაცვის ერთ-ერთ მექანიზმად ერმა იარაღი აირჩია.
გაიხსენეთ, ივანიშვილის პირველი წერილიდან დაწყებული, „ქართული ოცნების“ პრეზენტაციის ჩათვლით, თითქოს ყველაფერი უფერული იყო. თითქოს დიდ ხმაურს ველოდით. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საქმე კეთდება სიმშვიდეში. გაჩნდა ადამიანების ნაკადი, არაჰიპერაქტიური ადამიანებისა, რომლებიც ჩუმად ისხდნენ სახლებში, რომლებიც მიხვდნენ, რომ შანსი აქვთ, რომ კი არ შეებრძოლონ და არა დაამხონ, არამედ ხვალინდელი დღე აკეთონ.
ჩვენი უკანასკნელი 20 წლიანი ისტორია კი სულ წარსულთან ბრძოლაა და სულ ვიღაცის მიმართ დადგინება. ზვიადი ბოლშევიკების მიმართ დგინდებოდა, სააკაშვილი – შევარდნაძის მიმართ, ამიტომ მუდამ დესტრუქციული ნოტები შეგ-ვქონდა ჩვენსავე აწმყოში. დღეს გაჩნდა პრეცედენტი, რომ ვიღაცის მიმართ კი არ იწყებ თვითდადგინებას, არამედ საკუთარ შემოქმედებით ნებას აცოცხლებ. ეს კი ამჯერად ერთი ადამიანის – ივანიშვილის სახელს უკავშირდება. ერის შემოქმედებითი პოტენციალის ასეთი გამოცოცხლება კი ერთი ადამიანისათვის ძალიან ბევრია. არ ვიცი, როგორი პოლიტიკოსი იქნება, როგორ პოლიტიკურ პარტიას შექმნის – არც პოლიტოლოგი ვარ და არც წინასწარმეტყველი, მაგრამ ვხვდები, საზოგადოებრივ ორგანიზმში რა ძვრებიც დაიწყო.
რამდენად შესძლებს ტრადიციულად ემოციური ქართული საზოგადოება რაციონალურ განწყობაზე გადართვას?
- აბა, რა გითხრათ. მეც და ყოველი ჩვენგანი მთლიანად დეტერმინირებულად ვგრძნობდით თავს, ნებისმიერი ადამიანი გარედან გრძნობდა მარწუხებს. შემოქმედებითი იდეა მხოლოდ რაციონალურ ფორმატში იღებს სახეს. აქ კი რეალურად დაიბადა სურვილი, რომ სოციალური ველი ჩემი შემოქმედებითი ნებით აიგოს . ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის ეს იდეა კახა კაციტაძის იყო. მან თქვა ეს და წავიდა…
სხვა თემაა, როგორ გამოვიყენებ ამ შანსს. მეყოფა რესურსი? გარე მარწუხები კიდევ იქნება აუცილებლად, ისეთი სიტუაცია შეიქმნა და მსოფლიო პოლიტიკური კონტექსტიც საქართველოსთან მიმართებთ ისეთი მძიმე და ულმობელია, რომ ადვილი შესაძლებელია, სუბიექტად კი ვიგრძნო თავი, მაგრამ რესურსი არ მეყოს და უცბად დავმთავრდე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ვიცოდე, საწვავი მეყოფა ფინიშამდე თუ არა. ეს გახლავთ ერის შემოქმედებითი ნებისა და სასიცოცხლო პოტენციალის რაციონალური გააზრება.
რამდენად არის მოსალოდნელი ქართული პოლიტიკური პარტიებიდან ღირსეული ადამიანების ამოკრება და ქართული იდეის ირგვლივ გაერთიანება? ეროვნულ თანხმობა შეიძლება „ქართულ ოცნებაზე“ გავლით მიიღწეს?
- არ ვიცი. ვფიქრობ, რესურსი ძალზე მწირია. ძირითადად პოლიტიკურ სანახაობასთან გვაქვს ხოლმე საქმე. პოლიტიკურ ძალებს რამე რომ შესძლებოდათ, გააკეთებდნენ კიდეც. სახელისუფლებო ძალებს სტატისტიკურ მოქალაქესთან იდენტობა აღარა აქვთ, შეიძლება უნდათ კიდეც და ეს ბუნებრივია, მაგრამ ნდობა აღარ არსებობს. არც ოპოზიციური სპექტრია უკეთეს დღეში. იქნებ მოხერხდეს და ერთმანეთის კონკურენციით მადლიანი საქმეები გააკეთონ, ვერ გეტყვით.
სახელისუფლებო გუნდიდან უამრავი პოლიტიკური ფიგურა გაქრა. 2004 წლის შემდეგ სახელისუფლო გუნდი მნიშვნელოვნად შევიწროვდა. სახელისუფლო გუნდიდან განდევნილი სახეები ოპოზიციურ სახეებად ცდილობენ გააქტიურებას, თუმცა საზოგადოებაში მათი ნდობის მანდატი ამოიწურა. ასევეა მეორე მხარესაც. 2007 წლის შემდეგ ერთი და იგივე რესურსია ეს. იმედს ვიტოვებ, რომ ამ ადამიანებში რაღაც მეტამორფოზა მოხდება, რადგან საზოგადოებრივი დაკვეთა სხვანაირია. გაჩნდა ახალი ნიშნულები, რომლის მიმართ უნდა დადგინდეს ოპოზიციაც და ხელისუფლებაც. ამჯერად რესურსი მხოლოდ საზოგადოებაშია.