მიხეილ სააკაშვილისა და ამერიკის პრეზიდენტის შეხვედრა რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე არავინ დავობს, საქმე ისაა, რამდენად მართებულია ის მესიჯები, რომლის მიწოდებასაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქართული საზოგადოებისათვის ცდილობს.
„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პატივისცემა თქვენ მიერ უკვე შესრულებული სამუშაოს მიმართ და გამოვთქვა იმედი, რომ გაიმართება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. საქართველოში მალე ძალაუფლების ფორმალური გადაცემა მოხდება, რაც, ვფიქრობ, კიდევ უფრო განამტკიცებს უკვე განხორციელებულ რეფორმებს.“ - ასე თარგმნა ამერიკის პრეზიდენტის გამოსვლის სამომავლოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფრაგმენტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.
ამერიკის საელჩოს ბარაკ ობამას გამოსვლის ოფიციალური ქართული თარგმანი ჯერ არ გამოუქვეყნებია. სამაგიეროდ, ამ საიტიდან შეიძლება საკმაოდ სოლიდურ საიტზე Civil.ge-ზე გადასვლა, რომელშიც იგივე ფრაგმენტის ინტერპრეტაცია ასეთია:
„ასე რომ, მინდა დავაფასო ის სამუშაო, რომელიც უკვე გაკეთებულია, მაგრამ ასევე მოველი სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს,“ – განაცხადა ობამამ თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედერის შემდეგ, რომელიც ორ პრეზიდენტს შორის თეთრ სახლში გამართული პირველი ოფიციალური მოლაპარაკებები იყო.
„ხელისუფლების გადაცემა, რასაც ადგილი ექნება საქართველოში, ვფიქრობ, განამტკიცებს ბევრ იმ რეფორმას, რომელიც უკვე ტარდება,“ – დასძინა მან.
თარგმანის საკუთარი ვერსია გამოაქვეყნა „რადიო თავისუფლებამაც“:
აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოში მოახლოებული არჩევნებიც ახსენა. „მსურს აღვნიშნო, რომ ვაფასებ იმ სამუშაოს, რომელიც წარსულში ჩატარდა და მოველი, რომ იქ სამართლიანი და დამოუკიდებელი არჩევნები გაიმართება. ხელისუფლების ოფიციალურად გადაცემის პროცესი, რომელიც საქართველოში განხორციელდება, ვფიქრობ, განამტკიცებს იმ რეფორმებიდან ბევრს, რომლებიც უკვე გატარდა“, - თქვა ბარაკ ობამამ.
რაშია საქმე? საიდან გაჩნდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ტექსტში სიტყვა „ფორმალური“, რომელიც ქართულად სხვას არაფერს ნიშნავს, გარდა არანამდვილს, გარეგნულს, პირობითს - საზოგადოების ნაწილმა სწორედ ეს შინაარსი ამოიკითხა პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ტექსტიდან.
და თუ ამგვარი რამ არის ტექსტში, მაშინ რატომ ვერ ამოიკითხეს ეს შინაარსი Civil.ge-მ და „რადიო თავისუფლებამ“?
ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად შევხედოთ თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტს:
„And so I want to express my appreciation for the work that’s been done in the past, but also anticipating fair and free elections here; the formal transfer of power that will be taking place in Georgia, which I think will solidify many of these reforms that have already taken place“.
ამ ტექსტში ნამდვილად არის ნახსენები სიტყვა „formal transfer“, რაც ამ კონტექსტში არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ქართული შინაარსით „ფორმალურ გადაცემას“ (სათარგმნელ საიტზე, formal - adjective ფორმალური, ოფიციალური; ცერემონიული, გარეგნული; სწორი, სიმეტრიული), არამედ სწორედ იმას ნიშნავს, რაც Civil.ge-მ და „რადიო თავისუფლებამ“ ამოიკითხეს. ანუ ხელისუფლების გადაცემას, რომელიც ფორმალური კი არა, ოფიციალური, ცერემონიის დაცვით, ანუ კანონიერი გზით უნდა განხორციელდეს.
დამეთანხმებით, ამერიკის პრეზიდენტისგან ამის მოსმენა საქართველოს მოსახლეობისათვის ნამდვილად ძალიან სასიამოვნოა.