ობამამ სააკაშვილის გააგებინა, რომ მან სხვას უნდა გადააბაროს ხელისუფლება

ობამამ სააკაშვილის გააგებინა, რომ მან სხვას უნდა გადააბაროს ხელისუფლება

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრამ ხელისუფლებაში დიდი ოვაცია გამოიწვია. თავად პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბარაკ ობამასთან საუბრისას ოვალურ კაბინეტში „მის დაბრუნებას“ განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი (ჩემთვის დიდი პატივია ოვალურ დარბაზში დაბრუნება) და ამით შეეცადა, თეთრი სახლის ახლანდელი მეპატრონისთვის აეხსნა, რომ ჯერ კიდევ ჯორჯ ბუშის დროს მიღებული პირი იყო ოვალურ დარბაზში. ოვალურ დარბაზში სტუმრობის ეიფორმიამ  ტელეკომპანია BBC-ს გადაცემის World news America ეთერში სტუმრობისასაც გადაინაცვლა და პრეზიდენტმა სააკაშვილმა იქაც აღნიშნა, რომ ამ დარბაზის სტუმარი იგი რამდენჯერმე ყოფილა, ოღონდ აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს, თუმცა, ამდენი კონკრეტული შედეგით დატვირთული თეთრი სახლიდან არასდროს გამოსულა.

მართლია, აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტები აქამდე ერთმანეთს ოთხჯერ სხვადასხვა ვითარებაში შეხვედრიან, მაგრამ ეს უფრო პრეზიდენტ სააკაშვილის აქტიურობით შეიძლება აიხსნას და, 30- იანვრისგან განსხვავებით, დღემდე ეს არ ყოფილა ასე ნანატრი ოფიციალური შეხვედრა. 

რა შეიტანა და რა გამოიტანა საქართველოს პრეზიდენტმა თეთრ სახლში სტუმრობისას? გამოიტანა ვალდებულება, რომ საქართველოში მომავალი წლიდან ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომ მალე, ავღანეთში მომსახურეთა კონტინგენტი 1700 ჯარისკაცამდე გაიზრდება. ცნობისთვის, ამან ამერიკელი ტელეჟურნალისტის გაოცებაც გამოიწვია. კერძოდ, წამყვანი დაინტერესდა, ნატოს არაწევრი ქვეყანა აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზე რატომ იყო ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების რიცხვით, მაშინ, როცა საფრანგეთსაც გაჰყავდა თავისი კონტინგენტი ნატოდან.

თუმცა ამ შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ საქართველოს შესაძლებლობა მიეცა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, მსოფლიოს დიდ ბაზარზე გავიდეს. „მაგრამ ეს პრეზიდენტების კი არა, მინისტრების დონეზე გადასაწყვეტი საკითხია და ამისთვის სააკაშვილი ვაშინგტონში სულაც არ დაუბარებიათ“, - მიიჩნევენ ექსპერტები.

სახელისუფლო ტელევიზიები ზარ-ზეიმით გვამცნობენ, რომ სააკაშვილს ობამამ ერთი საათი დაუთმო და ეს ერთ-ერთი ხანგრძლივი შეხვედრა იყო თეთრ სახლში. ხანგრძლივი შეხვედრის რა მოგახსენოთ, მაგრამ სინამდვილეში, თეთრი სახლის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული http://www.whitehouse.gov/schedule/complete  განრიგის მიხედვით, ბარაკ ობამა აპირებდა, ამერიკის სტრატეგიული ქვეყნის პრეზიდენტისთვის სულ 15 წუთი დაეთმო. ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა ამერიკის დროით 2:15pm უნდა დაწყებულიყო, 2:30pm–ზე კი (თეთრი სახლის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული განრიგის მიხედვით), ბრიფინგი უნდა გამართულიყო, საიდანაც ოფიციალურად გვამცნობდნენ შეხვედრის მთავარ დეტალებს. თუმცა გაირკვა, რომ პრეზიდენტების საუბრის ხანგრძლივობა კიდევ ნახევარი საათით გაიზარდა და ბრიფინგის ჩატარების დროც 2.59 წუთისთვის დადგა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჟურნალისტების მომზადებასა და პრეზიდენტების წინ განლაგებას პროტოკოლით გათვალისწინებული 5 წუთი მაინც დასჭირდებოდა, გასაგებია, რომ პრეზიდენტების შეხვედრა მაქსიმუმ 40 წუთი გაგრძლდებოდა და არა - ერთი საათი.

აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრისას ერთი სიტყვა არ თქმულა რუსეთზე, (მხოლოდ ერთგან გაკვრით შეეხო პრეზიდენტი ობამა, ისიც აერია და, საქართველოს ნაცვლად, რუსეთი ახსენა) თუმცა, სავარაუდოდ, ეს თემა დახურულ კარს მიღმა იქნებოდა აქტუალური.

„შედეგებმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა და ამის მიზეზი ის კი არ იყო, რომ ამერიკის ოფიციალური პირები ამ შეხვედრას კარგად ამზადებდნენ, არამედ ეს იყო პირდაპირი შედეგები მისი პირადი ჩართულობის, მისი პირადი გადაწყვეტილების, მისი პირადი სიმპათიის“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მართალია, პრეზიდენტი სააკაშვილი ირწმუნება, რომ ასეთ შეხვედრას არც ელოდა, მაგრამ გასაგებია, რომ არავის მოლოდინი არ ჰქონდა, რომ პროტოკოლით გათვალისწინებული შეხვედრისას ბარაკ ობამა თავისი სტრატეგიული პარტნიორის -საქართველოს წარმომადგენელს სხვაგვარად შეხვდებოდა და დემოკრატიას კამერების წინ დაუწუნებდა. ამიტომაც შეუქეს მას გატარებული რეფორმები, მათ შორის, უმცირესობების დაცვისა და დემოკრატიის განვითარების კუთხით. თუმცა ამ შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ერთგვარად პირობა დადო, რომ შემდეგი არჩევნებისთვის საქართველოს პოლიტიკური სცენა უფრო გაფართოებული და პლურალისტური იქნება. მისი თქმით, აღნიშნულს განაპირობებს ის, რომ ქვეყანა სხვა კონსტიტუციურ სისტემაზე გადადის. 

თეთრი სახლის ჩანაწერის თანახმად, პრეზიდენტ ობამას თქმით, მათ ისაუბრეს, თუ როგორ გააღმავონ ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის. ამის ნაწილია ეკონომიკაც. საქართველომ თავისუფალი საბაზრო სისტემა უნდა შექმნას და აშშ ამაში დახმარების გაწევას აპირებს. ასევე, ამერიკა დაეხმარება საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტ ქვეყანას, რომ საბოლოოდ ნატოს წევრი გახდეს.      

რაც შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილს, თეთრი სახლის ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, მომავალ წელს საქართველოში ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩეს.

მიმდინარე წელს ჩვენ გვექნება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ჩვენ სხვა პოლიტიკურ სისტემაზე გადაგვიყვანს, საკონსტიტუციო სისტემაზე და, როგორც თქვენ სწორად შენიშნეთ, ეს იქნება კარგი, მომავალ წელს ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩეს საქართველოში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი დემოკრატიის წინსვლისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ჩვენი პოლიტიკური სცენა უფრო მეტად დივერსიფიცირებული და პლურალისტული იქნება“, - აცხადებს სააკაშვილი და მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ბედნიერი ტოვებს თეთრ სახლს, რადგან ობამასგან „მიიღო ის, რისი მიღებაც სურდა“.

ექსპერტი გია ხუხაშვილი Presage.tv-სთან საუბარში აცხადებს, რომ თავისთავად შეხვედრა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ამით აშშ-მ დაადასტურა, რომ საქართველო მისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, ზუსტად საქართველო და არა - კონკრეტული ხელისუფალი.

„თუმცა კონკრეტული ხელისუფალისთვის იყო არასასიამოვნო ის, რომ მან უნდა გადასცეს, გადააბაროს ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნების შედეგად. პრეზიდენტის პრესსამსახური კი შეეცადა, მანიპულაცია მოეხდინა და ფორმალური გადაცემა მიაწერეს, თითქოს ობამამ თქვა, ფორმალურად გადასცესო ხელისუფლება, მაგრამ გარდა იმისა, რომ ეს კონკრეტული პროპაგანდისტული ტრიუკია, პრესსამსახურის მხრიდან ეს ობამას პირდაპირი შეურაცხყოფაა, რადგან წარმოუდგენელია, დემოკრატიის ფლაგმანმა ხელისუფლების ფორმალურ გადაცემაზე ილაპარაკოს. მე ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზულ სკანდალში გაეხვა თავისი ე.წ. თარგმანით სააკაშვილის პრესსამსაახური. ისინი თავის დროზე ცდილობდნენ, შალვა ნათელაშვილი გაეშაყირებინათ მისი ცუდი ინგლისურისთვის. როგორც ჩანს, პრეზიდენტის პრესსამსახურმა შალვაზე უკეთესად არ იცის ინგლისური“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

მისი თქმით, ორ პრეზიდენტს შორის საკუთრივ შეხვედრა 15 წუთი უნდა გაგრძელებულიყო და მომდევნო 15 წუთი ბრიფინგს დაეთმობოდა.

„რამდენადაც ინფორმირებული ვარ, შეხვედრა იყო სულ ნახევარი საათი. ეტყობა, მეორე ნახევარი საათის განმავლობაში კიბეებზე ადიოდა ჩვენი პრეზიდენტი“, - მიიჩნევს ექსპერტი და ტელეკადრებში ბათუ ქუთელიას გამოჩენას ჩვენს ქვეყანაში  კომპეტენციების აღრევას უკავშირებს.

„ჩვენთან ხომ მიღებულია, ვენახი გენერალურმა პროკურატურამ უნდა უზრუნველყოს, აქაც ბათუ ქუთლია აკეთებდა განცხადებას, თემურ იაკობაშვილის ნაცვლად, თუმცა მოგვიანებით იაკობაშვილი მაინც გამოჩნდა“.

ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ის, თუ რა მესიჯები წამოიღო სააკაშვილმა ოვალური კაბინეტიდან, ამას მოგვიანებით გავიგებთ, მაგრამ ასეთი შეხვედრები, თანაც ასეთ დროს, შემთხვევით არ ტარდება.

„მე მგონი, ამ შეხვედრის კონტექსტზე გავლენა მოახდინა ივანიშვილის გამოჩენამ. „ვაშინგტონ-პოსტმა“ სწორედ სააკაშვილის ჩასვლის წინ გამოაქვეყნა ივანიშვილის წერილი, რაც იშვიათი და უნიკალური მოვლენაა. „ვაშინგტონ-პოსტი“ ყველაზე კითხვადი გაზეთია ვაშინგტონში პოლიტიკოსებში. ბუნებრივია, ობამასთან შეხვედრისას ივანიშვილზე არ იყო საუბარი, არამედ - დემოკრატიასა და არჩევნებზე. ჩვენი ტელევიზიები ყოველთვის არასწორად თარგმნიან ინგლისურიდან, იქ ობამას მხრიდან პრაქტიკულად ასეთი სიტყვები იყო ნათქვამი: მადლობა, გაწეული სამსახურისთვის და ვიმედოვნებ, მომავალში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება. ანუ, წარსულზეც იყო საუბარი და მომავალზეც“, - უცხადებს პაატა ზაქარეიშვილი Presage.tv-ს.

მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ხელშეკრულების დაწყებაზე საუბრისთვის ვაშინგტონში სააკაშვილს არ დაიბარებდნენ, რადგან ეს შეიძლება, თბილისში მყოფ ჯონ ბასსაც კი გაეკეთებინა. ეს კარგი ხელშეკრულებაა, მაგრამ ვაშინგტონში ხელშეკრულების მოწერა არ მომხდარა, დაწყებაზე იყო საუბარი. ხელშეკრულების გაფორმება კი შეიძლება თვეების მერე, ან სულაც, ერთი წლის შემდეგ მოხდეს.

„ბუნებრივია, იქ სხვა თემებზე იქნებოდა საუბარი. მნიშვნელოვანი იყო, ობამა საქართველოს რომ აფასებდა, წამოსცდა რუსეთი. საქართველოს ნაცვლად რუსეთი თქვა. რა თქმა უნდა, შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს არის ფროიდისმიერი შეცდომა, ანუ ფიქრობდა ერთზე, ლაპარაკობდა მეორეზე. კამბოჯა კი არ წამოსცდა, ან ავსტრალია, არამედ სწორედ - რუსეთი, საქართველოსთან მიბმული კონტექსტი. აშკარად ჩანს, შეხვედრისას რუსეთზე იქნებოდა საუბარი, რაც არ გაუჟღრებიათ. მე მგონი, მკაფიოდ იქნებოდა ნათქვამი, რომ ამერიკას უნდა რუსეთთან კარგი ურიერთობები და საქართველოას გამო არ აწყობს რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება“, - მიიჩნევს ექსპერტი.

ობამასთან შეხვედრის შემდეგ სააკაშვილის ნირზე საუბრისას, პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ გამოსვლების დროს ჩანდა, რომ კმაყოფილები იყვნენ, მაგრამ აღტაცებულები არ იყვნენ.

„ჩვენს ხელისუფალს უფრო მეტი კითხვა დაუსვეს და უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდეს მოლოდინებზე, თუ რა იქნება საქართველოში მომავალში, ვიდრე - ქება მიიღეს, თუ რა მოხდა საქართველოში წარსულში,“ - განმარტავს პაატა ზაქარეიშვილი.