2011 წლის მარტიდან არაბულ სამყაროში განვითარებულ მოვლენებს „არაბული გაზაფხული“ უწოდეს. იგი თავისი მასშტაბებითა და შედეგებით შესაძლოა საბჭოთა იმპერიის დაშლის ტოლფასი იყოს. ჯერ-ჯერობით ამ დიდი მოძრაობის მხოლოდ ზოგიერთი ტენდენციის გამოყოფა და ანალიზია შესაძლებელი, რის მცდელობასაც წარმოადგენს ეს წერილი.
არაბული გაზაფხული
ჩვენს მეზობელ თურქეთში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოგანმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა ინიცირებას გაუკეთებს საკონსტიტუციო ცვლილებებს და ეს ცვლილებები თურქეთს ნამდვილად დემოკრატიულ და საერო სახელმწიფოდ აქცევს. უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი განცხადებაა. აშკარაა, რომ თურქეთში იწყება პროცესები, რომლებიც შეიძლება დიდ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამოძახილად (და გაგრძელებად) მივიჩნიოთ. თურქეთის ხელისუფლება კარგად გრძნობს შექმნილ ვითარებას და ცდილობს პრევენტული ზომები მიიღოს, ვინაიდან განვითარებული მოვლენები გვიჩვენებენ, რომ არაბული სამყაროში იწყება უმნიშვნელოვანესი ძვრები - ფუნდამენტალისტურ-ტერორისტული აქტიურობიდან მკვეთრი შემობრუნებისა. რა სახეს მიიღებენ ეს პროცესები და რომელი ტენდენციები გაიმარჯვებენ, აი კითხვები რომლებზე პასუხსაც არა მარტო თეორიული, არამედ დიდი პრაქტიკულ-პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.
ნიშანდობლივია, რომ ვერცერთმა ხელისუფლებამ, რომლის წინააღმდეგაც გამოსვლები დაიწყო, ვერ მოახერხა ფუნდამენტალისტური კოზირის გათამაშება (მუბარაქი, კადაფი, სალეჰი, ასადი ამაოდ დაშვნრენ ამ მიმართულებით). ბაშარ ალ ასადმა სცადა ებრაული კოზირის გამოყენებაც, მაგრამ სრულიად ამაოდ. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ისლამისტები კარგად ინიღბებიან და როცა დრო მოვა გამოჩნდებიან ასპარეზზე, რათა ვითარება თავის სასარგებლოდ შეცვალონ, არამედ სრულიად სხვა რამეს - კერძოდ იმას, რომ მათი როლი მართლაც უმნიშვნელოა. თუ კონტინენტურმა ევროპამ და ანგლო-საქსურმა სამყარომ შესამჩნევი და სერიოზული შეცდომები არ დაუშვეს, ეს პროცესები მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებენ ისლამურ ფუნდამენტალიზმს (და არა ისლამს საერთოდ).
უნდა ითქვას ისიც, რომ „არაბული გაზაფხული“ განვითარების უაღრესად სპეციფიკურ ლოგიკას ამჟღავნებს. მისი სწორი და თანმიმდევრული შეფასება სრულიად ახალ მიდგომებს მოითხოვს. ეს კი, თავის მხრივ, ანალიზის აპარატის განახლებას განაპირობებს.
კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ არაბული გაზაფხული თან ერთვის და ეჯახება რადიკალურ-ისლამისტურ მოძრაობას. ეს არის ორი დიდი შინაგანი ძალისა და გავრცელების მქონე მოვლენა. მათი ურთიერთრეზონანსი გამოათავისუფლებს უმძლავრეს საზოგადოებრივ ენერგიას, რომლის ფორმასა და რიტმიკას დღეს ვერავინ გამოიცნობს. თუმცა, ამ მიმდინარეობათა თეორიული განცალკევება და საკუთრივი ანალიზი აუცილებელი ჩანს. თავის დროზე ასე დაემთხვა ერთმანეთს აღორძინება და რეფორმაცია. უახლეს ისტორიაში შეგვიძლია დავასახელოთ ხავერდოვანი რევოლუციები აღმოსავლეთ ევროპაში და საბჭოთა კავშირის დაშლა. ურთიერთკავშირის მიუხედავად ამგვარ მოვლენებს სხვადასხვა საზოგადოებრივი ძალები და ინტერესთა ჯგუფები განსაზღვრავენ. მათი ურთიერთდამოკიდებულება კი ცალსახა მიმართებებსა და შეფასებებს გამორიცხავს.
რადიკალურ-ისლამური პროტესტი და მისი მოკლე ისტორია
რა არგუმენტები არსებობს ამგვარი პოზიციისა და მოლოდინების სასარგებლოდ? საქმე ისაა, რომ ისლამური ტერორიზმი არ არის მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ შედეგებზე ორიენტირებული მოვლენა (როგორიცაა პალესტინის სახელმწიფოს შექმნა ან ისრაელის მიერ 1967 წლის საზღვრებზე უკან დახევა, ბრძოლა „ამერიკული იმპერიალიზმის“ წინააღმდეგ და სხვა ამგვარი). იგი გაცილებით უფრო სერიოზულ მიზნებს ისახავს, რაც მიახლოებით ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: ისლამური ცივილიზაცია ყველაზე გავლენიან ფენომენად უნდა იქცეს მსოფლიოში და წარმატებული მეტოქეობა უნდა გაუწიოს სხვა ცივილიზაციებს (კონტინენტურ-ევროპულს, ანგლო-საქსურს, ჩინურს, ინდურს და ა.შ.). როგორ უცნაურადაც არ უნდა გვეჩვენოს, ისლამური ტერორიზმი, როგორც გლობალური პოლიტიკური მოვლენა, სწორედ ამ მიზანს ისახავს. უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ სახით არის ის ყველაზე სახიფათო და პოლიტიკური დინამიზმის შემცველი.
ვერ ვიტყვით, რომ ამგვარ პროცესებს საერთოდ არ იცნობს ისტორია (ანუ პოლიტიკურ კულტურული ლიდერობის მისაღწევად ექსტრემალური მეთოდების გამოყენებას). პირიქით, საკმარისია 20-ე საუკუნეში განვითარებული მოვლენები გავიხსენოთ. თუმცა ცხადია, რომ ისლამურ რევოლუციას რამოდენიმე განსხვავებული შემადგენელი კომპონენტი აქვს და ისინი განსხვავებულ მიდგომებს გულისხმობენ. აშკარაა, რომ ისლამური მოძრაობა, სულ მცირე, სამ განსხვავებულ გეოპოლიტიკურ-კულტურულ კომპონენტს მოიცავს (არაბული, ირანული და თურანული სამყაროები), მაგრამ უკანასკნელ მომენტამდე მათ აერთიანებდათ ერთი საერთო რწმენა - დასავლური გზის ტოტალური და უპირობო მიუღებლობა. ამას განაპირობებდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ-ისტორიულ, ფსიქოლოგიურ და სხვა გარემოებათა მთე-ლი წყება. თუმცა ამ გარემოებათა შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა ერთი ფაქტორი - დრო. უპირობო ჭეშმარიტებად ითვლებოდა, რომ დასავლურ ცივილიზაციას კონკურენციას ვერ გაუწევ თუ მის გზას დაადგები. ამიტომ ისლამურ ცივილიზაციას უნდა ჰქონდეს საკუთარი მეთოდები, მიზნები, სტრატეგიული და ტაქტიკური ამოცანები.
როგორც ჩანს, ისლამური სამყაროს მოქმედების ლოგიკა (სადაც რადიკალური ანტიდასავლური განწყობილება მნიშვნელოვან ადგილს იკავებს), არ იყო ერთმნიშვნელოვანი და ისტორიული ჩამოყალიბების თვალსაზრისით ერთდროული. იგი რამოდენიმე ფაზას მოიცავდა. ჩვენი მიზნებისათვის არ არის საჭირო ისტორიაში ღრმად შეჭრა, თუმცა ერთგვარი ექსკურსი აუცილებელია, მხოლოდ იმისათვის, რომ სწორად შევაფასოთ სადღეისოდ მსოფლიო არენაზე გამოსული ძალები.
პირველი ნიშანი მუსულმანურ სამყაროში განვითარებული რადიკალური ცვლილებისა იყო ისლამისტური რევოლუცია ირანში გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს. მკვეთრად ანტიამერიკული ხასიათის გამო იგი შეფასდა, როგორც გამოსვლა მსოფლიო კაპიტალისტური სისტემის ლიდერის (და მთლიანად ამ სისტემის), წინააღმდეგ. როგორც შემდგომ გახდა ნათელი, ეს შეფასება უმართებულად ვიწრო იყო. მაგრამ იმ დროის სტანდარტულმა მიდგომებმა განაპირობეს მრავალი არასწორი და ილუზორული მიზნებისა და მისწრაფებების გაჩენა.
მრავალ სხვა მიზეზთა შორის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რამაც საბჭოთა კავშირს ავღანეთში ჯარების შეყვანისკენ უბიძგა სწორედ ირანის რევოლუცია იყო. მიიჩნევდნენ, რომ რაც ანტიამერიკულია და ანტიდასავლურია, იმავდროულად და აუცილებლად საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებასა და გაძლიერებას უწყობს ხელს. ისლამური რადიკალიზმის მსოფლიო საფრთხეზე არავის უფიქრია. თავის მხრივ, დიდ ახლო აღმოსავლეთში საბჭოთა გავლენის გაძლიერების საფრთხემ აიძულა დასავლეთის ქვეყნები და, უპირველეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებული შტატები, მხარი დაეჭირა მოჯაჰედებისათვის. ამ პროცესში აქტიურად ჩაერთო პაკისტანიც (პაკისტანში მოჯაჰედების მომზადების ცენტრები და საბჭოთა ტყვეების ბანაკებიც იყო. 80-იანი წლების დასაწყისში ერთ-ერთ ამგვარ ბანაკში სააბჭოთა ტყვეების აჯანყებაც კი მოხდა, რასაც დიდი ხმაური მოჰყვა). გასაგები მიზეზების გამო ისლამური ერთობის შეგნება ხალხებს შორის კიდევ უფრო ამაღლდა. ირანი, პაკისტანი, ავღანეთი დესტაბილიზაციის ის სარტყელი აღმოჩნდა, რომელიც ისლამური ფუნდამენტალიზმის მყარი საფუძველი გახდა.
ძალზედ არასტაბილური ვითარება იყო ახლო აღმოსავლეთშიც. ისრაელის მოქმედებებს (რომელიც აშშ-ის ტრადიციული სტრატეგიული პარტნიორია), არაბული სახელმწიფოების დიდმა ნაწილმა (სირია, ეგვიპტე, ლიბია, ალჟირი) არა მხოლოდ იარაღი დაუპირისპირა, არამედ არაბული ნაციონალიზმიც. ამ სახელმწიფოთა მმართველი წრეები მკვეთრად უპირისპირდებოდნენ ისლამურ რელიგიურ რადიკალიზმს (მაგალითად, ეგვიპტეში სიკვდილით დასაჯეს თანამედროვე ფუნდამენტალიზმის უპირველესი იდეოლოგი ალ ქუტბი), მაგრამ ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრამ და საბჭოთა გეოპოლიტიკური ამბიციების საფრთხემ, სერიოზული კორექტივები შეიტანა ამ ქვეყნების მმართველი წრეების მოქმედებაში. ამ უკანასკნელებმა რადიკალურად განწყობილ ისლამისტებს საშუალება მისცეს დაუბრკოლებლად შეერთებოდნენ ავღანელ მოჯაჰედებს და შესაბამისი რეგულარული წვრთნაც გაევლოთ პაკისტანელი, ამერიკელი და სხვა ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით.
სწორედ ამიტომ ავღანეთში იბრძოდნენ ეგვიპტელი, საუდელი, იემენელი და სხვა მოხალისე მოჯაჰედები. აქ გამოჩნდა და პირველი საბრძოლო და ლოგისტიკური გამოცდილება მიიღო უსამა ბინ ლადენმაც. ზემოთაღწერილმა პროცესებმა გამოიწვიეს არა მხოლოდ კარგად გაწვრთნილი და თავზეხელაღებული ისლამისტების არნახული რაოდენობრივი ზრდა, არამედ ისლამური ქვეყნების დიდი ნაწილის მოსახლეობის განწყობათა რადიკალიზაცია, რისი დასტურიც იყო მუსლიმი ძმების ორგანიზაციის მიერ ეგვიპტის პრეზიდენტის ანვარ ას სადათის მკვლელობა სამხედრო აღლუმზე 1981 წელს. რასაკვირველია, მაშინ არავის უფიქრია, რომ სულ რამოდენიმე წლის შემდეგ პრობლემური რეგიონი გახდებოდა ცენტრალური აზიაც (ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი), ნაწილობრივ ვოლგისპირეთი და მთელი ჩრდილოეთ კავკასია.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჯერ კიდევ ბიპოლარულ კონტექსტში განიხილებოდა, ერთგვარი შეშფოთება ისლამური ფუნდამენტალიზმის საფრთხის გამო მაინც წარმოიშვა. ამიტომაც ამ რეგიონში მხარდაჭერა მოიპოვეს „მაგარი ხელის“ მქონე ლიდერებმა, როგორებიც იყვნენ ზია ულ ჰაკი პაკისტანში, სადამ ჰუსეინი ერაყში, მუამარ კადაფი ლიბიაში და ა.შ. საკმარისია ითქვას, რომ დასავლეთი იძულებული გახდა შერიგებოდა ტერორისტ კადაფის და მხოლოდ სიმბოლურ ბოდიშს დაჰყაბულებოდა. პარადოქსულ შემთხვევას ჰქონდა ადგილი პაკისტანში, სადაც გენერალმა ზიამ თავს უფლება მისცა არ გაეთვალისწინებინა პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტის, ზულფიკარ ალი ბჰუტოს შეწყალების თხოვნა, რომლითაც მას ერთდროულად მიმართეს საბჭოთა კავშირის, აშშ, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების მეთაურებმა. ირანის ისლამური რესპუბლიკის შექმნიდან ცოტა ხნის შემდეგ, მსოფლიო მოწინავე ქვეყნების ფარული თანხმობითა და ხელშეწყობით დაიწყო ათწლიანი ომი ირანსა და ერაყს შორის. ამ ომს არანაირი სარგებელი ან უპირატესობა მონაწილე მხარეთათვის არ მოუტანია, გვარიანად კი დაასუსტა ისინი.
ერთი სიტყვით, ბიპოლარული სამყაროს მთავარმა აქტორებმა, რომელთა მთელი ძალისხმევა ცივი ომის ლოგიკით იყო განსაზღვრული, ურთიერთქიშპობისა და ვიწროდ გაგებული საკუთარი ინტერესების დაცვის პროცესში გზა გაუხსნეს სრულიად ახალი გლობალური ინტერესებისა და პრეტენზიების მქონე ძალას, რომლის გამოხმობაც ისტორიის ასპარეზზე, ცხადია არცერთს არ უფიქრია. ამგვარ მოვლენებს ჰეგელი მსოფლიო-ისტორიული გონის ცბიერებას უწოდებდა და, სხვათა შორის, ისტორიული წინსვლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევდა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშკარა გახდა ორი გარემოება. (ა) დიდი ახლო აღმოსავლეთის არასტაბილურ ხაზს დაემატა კავკასია და ცენტრალური აზია. (ბ) ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობის მთავარი სამიზნე გახდა აშშ. მიუხედავად იმისა, რომ ისლამური წინააღმდეგობა რამოდენიმე განსხვავებული კომპონენტისაგან შედგება (არაბული სამყარო, ირანი, აგრეთვე თალიბური და მისი მსგავსი მოძრაობები, რომელთა მოქმედების არეალია ავღანეთი, პაკისტანი, ცენტრალური აზია, ნაწილობრივ ვოლგისპირეთი), მთელ ამ უზარმაზარ სარტყელში მოხდა განწყობათა უკიდურესი რადიკალიზაცია. კარგად გაწვრთნილი და ისლამისტურად განწყობილი მებრძოლები მზად არიან უკიდურეს ზომებს მიმართონ. მათ კარგად ორგანიზებული ცენტრები აქვთ, სადაც არა მხოლოდ იარაღის ფლობას სწავლობენ, არამედ სამეცნიეროტექნიკურ ცოდნასაც იღებენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ძალებს აქვთ განსხვავებული ამოცანები და საკმაოდ დიდია მათ შორის დაპირისპირებაც, ერთი საერთო განწყობა და მიზანი მათ მაინც აქვთ - უკიდურესი მიუღებლობა დასავლური ცივილიზაციის, განსაკუთრებით ამ ცივილიზაციის ლიდერის აშშ-ს, ღირებულებებისა და მისი გავლენის მაქსიმალური შესუსტება მთელს მსოფლიოში, რისთვისაც მისაღებია ყველანაირი ხერხი.
ამ დიდი მოძრაობის ერთიანი მიზანი საკმაოდ რთულს ხდის შიდა მდინარებების გარჩევას, მითუმეტეს, რომ მიზნის ერთიანობას არაფერს აკლებს ის ფაქტი, თუ რომელი ქვეყნიდან (მდიდარი თუ ღარიბი, ავტორიტარული თუ შედარებით რბილი მმართველობის), არიან რადიკალური მოძრაობის მონაწილენი - საუდის არაბეთი და ეგვიპტე, იემენი და ლიბანი, კუვეიტი და ტაჯიკეთი - ყველანი აწვდიან საწვავ მასალას ამ რადიკალურ ისლამურ მოძრაობას. ერაყი და ავღანეთი ძალის ის წერტილებია, სადაც დაპირისპირებას ცხელი ომის ხასიათი აქვს. ყველაფერ ზემოთქმულს კიდევ უფრო ართულებს ენერგორესურსების კრიზისი, დასავლეთის მომხრე და მოწინააღმდეგე რეჟიმების არსებობა, ისრაელის ფაქტორი და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური თუ ისტორიული პრობლემები და ა.შ.
უეჭველია, რომ ადამიანები იმ ტიპის მასობრივ მოძრაობას, როგორსაც მათ რადიკალური ისლამისტები სთავაზობენ მხოლოდ უარყოფითი მიზნით (ზიანი მიაყენონ სხვას) ან მხოლოდ უკიდურესი მატერიალური სიდუხჭირის გამო არ უერთდებიან და თავს მასობრივად არ სწირავენ. მათ ამისათვის ძალზე ძლიერი დადებითი მოტივაცია სჭირდებათ. ცხადია ერთ-ერთი ძლიერი მოტივაცია არის მოწამებრივი სიკვდილი ალაჰის სახელით, რაც მათ საიქიო სასუფეველს ჰპირდება, მიუხედავად იმისა თუ როგორ იცხოვრეს მანამდე. ჯერ კიდევ საბა სულხან ორბელიანი მიუთითებდა სიბრძნე-სიცრუისაში, რომ სიკვდილის მძებნელთა შორის ერთ-ერთი პირველნი არიან სამოთხეში სწრაფად მოხვედრის მოსურნენი. ამ ფაქტორის უგულებელყოფა არ შეიძლება, თუმცა იგი, რასაკვირველია, არაა საკმარისი ასეთი სერიოზული მსოფლიო პროცესების ახსნისა და გაგებისათვის. პოზიტიური ფაქტორი სხვაც უნდა იყოს, თანაც არაერთი და უფრო მნიშვნელოვანი.
ვფიქრობთ ამგვარი ზეამოცანა უნდა იყოს დასავლური ცივილიზაციის კონკურენტუნარიანი ალტერნატიული ცივილიზაციის ჩამოყალიბებისაკენ სწრაფვა. ისლამური ღირებულებების გავრცელება, რომლებიც მსოფლიოსათვის უფრო მისაღები და, ასე ვთქვათ, უფრო „ადამიანური“ იქნება. ამ მოძრაობას უეჭველად აქვს თავისი აქსიოლოგია და ანთროპოლოგია (თეოლოგიასთან ერთად). ასეთია მაგალითად, ყველა მუსლიმანთა ძმობა და ერთობა, ურთიერთდახმარება და სხვ. საინტერესოა, რომ თავად უსამა ბინ ლადენი ტერორისტულ საქმიანობის დაწყებას ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარებით და, კერძოდ პალესტინელ არაბთა გამოუვალი მდგომარეობით ხსნიდა.
რუსეთში ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ ნიკოლაი ბერდიაევი წერდა: „რევოლუციის უსამართლობის შესაფასებლად აუცილებელია იმის გათვალისწინება, თუ რაშია მართალი ეს რევოლუციაო. უეჭველია, რომ ადამიანთა მიმართ თანალმობა და თანაგრძნობა, ყველა მუსულმანთა ერთიანობის შეგნება, ყველა იმ პროცესთან ერთად, რომელზეც ზემოთ იყო საუბარი, ძალზე სერიოზული არგუმენტია ამ მოძრაობის ძლიერებისა და მიმზიდველობის სასარგებლოდ. ცხადია ძალიან ბევრი სხვა ფაქტორი არის საჭირო ასეთი განწყობის დიდ პოლიტიკურ მოძრაობად გარდასაქმნელად, მაგრამ თუ ამ მოძრაობას ზემოხსენებულ განზომილებას წავართმევთ, მისი გაგება ნამდვილად გაჭირდება. უეჭველია, რომ ისლამი ერთი უდიდესი რელიგიაა, სადაც სამართლიანობა და გაჭირვებულთა დახმარება უზარმაზარ როლს თამაშობს. რა თქმა უნდა, აქედან ის დასკვნა არ გამომდინარეობს, რომ ამისათვის უდანაშაულო ადამიანები უნდა დაიხოცონ, მაგრამ ადამიანთა ლოგიკა ხშირად პარადოქსული გზით დადის“.
უნდა ითქვას, რომ ჯორჯ ბუშის (უმცროსის) ადმინისტრაციის სერიოზულმა შეცდომებმა რადიკალური ისლამისტების გაერთიანებას კიდევ უფრო შეუწყო ხელი. სამხედრო ძალაზე უპირატესობის აპელირებამ, ეგოისტური ენერგოინტერესების შეუნიღბავმა წინ წამოწევამ, ერთგვარმა, ასე ვთქვათ, პოლიტიკურმა ამპარტავნობამ და ბინარული სისტემით აზროვნებამ, არა მარტო ისლამური სამყაროს რადიკალიზაცია გამოიწვია, არამედ ევროპელი პარტნიორებიც კი შეაშფოთა და დააფრთხო. ცხადია ამ მომენტებს დაპირისპირების არსი ძირეულად არ შეუცვლიათ, თუმცა სასარგებლო ფონი კი შექმნეს რადიკალიზმის სასარგებლოდ და მისი ზოგი მნიშვნელოვანი მახასიათებელი განსაზღვრეს.
ამგვარად, დაახლოებით 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან შეიქმნა ვითარება, როცა ისლამურმა სამყარომ ძირითადად მიაღწია შეთანხმებას ორ მნიშვნელოვან საკითხში. (ა) უსამართლობის წინააღმდეგ ისლამური სოლიდარობისა და ერთიანობის სახელით საჭიროა აქტიური მოქმედება, დაპირისპირება და ბრძოლა დასავლეთთან და მის ლიდერთან აშშ-თან; (ბ) ამ ბრძოლაში საჭიროა რადიკალური მეთოდების გამოყენება, რადგან სხვა გზა ისლამური ღირებულებების დასაცავად და სამართლიანობის აღსადგენად (ახლო აღმოსავლეთში, ავღანეთში, სხვადასხვა არაბულ ქვეყნებში, სადაც ხელისუფლება აშკარად მოწყდა ხალხს და უსამართლო რეჟიმი დაამყარა) არ არსებობს.
ყველა შემთხვევაში ცხადი იყო, რომ დასავლურ საზოგადოებასთან შეჯახებამ პირდაპირი და უკომპრომისო ხასიათი მიიღო და ბრძოლა უხეშ ძალაზე დაყრდნობით ორივე მხარეს თანდათან ჩიხში აქცევდა. 2005 წლისათვის დღის წესრიგში დადგა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებაც. ეს ნამდვილი კატასტროფა იქნებოდა, რაც საშუალო პერსპექტივაშიც კი შეუძლებელს გახდიდა ამ მოჯადოებული ეშმაური წრისგან თავის დაღწევას.
არაპირდაპირი პოლიტიკური სტრატეგიის ელემენტები
ობამას ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ ვითარება ნელა, მაგრამ საგრძნობლად შეიცვალა. გაკეთდა განცხადებები ერაყიდან ჯარების გაყვანის უკიდურესი მიჯნის თაობაზე, უფრო თანმიმდევრული და სამართლიანი გახდა პოზიცია პალესტინელების მიმართ, აუცილებელი განმარტებები გაისმა გუანტანამოსა და აბუ-გრეიბის ციხეებთან დაკავშირებით, გაცილებით უფრო კეთილგანწყობილი სახე მიიღო ევროპულმა პოლიტიკამ და დაიწყო „გადატვირთვა“ რუსეთთან. ამან მნიშვნელოვნად შეამცირა მსოფლიო დაძაბულობა, მოხსნა უსაფუძვლო შიში და პოლიტიკური აზროვნება უფრო მრავალფეროვანი (არაბიპოლარული და მრავალგანზომილებიანი) გახადა.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ადმინისტრაციის პოზიცია არაბულ-ებრაულ დაპირისპირებაში. პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და მისი საზღვრების მიმართ ვაშინგტონის დამოკიდებულება სულ უფრო უახლოვდება პალესტინურს და, უნდა ითქვას, რომ ეს სამართლიანი პოზიციაა, იმ პირობით, რომ არაბები (უპირველეს ყოვლისა პალესტინელი არაბები), აღიარებენ ებრაელთა უფლებას საკუთარ სახელმწიფოზე და მათთან მშვიდობიანი თანაარსებობის შესაძლებლობას. ზედმეტი დაძაბულობა მოიხსნა. შესაძლებელი გახდა უხეშ ძალაზე უპირატესი აპელირების შეზღუდვა.
მოხდა პოლიტიკურ ღირებულებათა ერთგვარი გადაფასებაც. მაგალითად აშკარა გახდა, რომ ტერორიზმთან ბრძოლა და ბრძოლა ენერგოუსაფრთხოებისათვის ორი სხვადასხვა ამოცანაა და საჭიროა მათი რანგირება. ვფიქრობთ, ობამას ადმინისტრაციამ აშკარა პრიორიტეტი ტერორიზმის დამარცხებაზე გადაიტანა და გეზი ე.წ. ლბილი ძალის გამოყენებაზე აიღო. ყოველივე ამან შექმნა ხელსაყრელი ფონი იმისათვის, რომ გარკვეული ძვრები დაწყებულიყო მთელს მსოფლიოში და მათ შორის ისლამურ სამყაროში.
ვიმეორებთ, ვერცერთი სახელმწიფო (და სახელმწიფოთა გაერთიანება, მაგ. ნატო, ევროკავშირი და სხვ.), ვერ მოახერხებს სოციალურად მნიშვნელოვანი მსოფლიო პროცესების გამოწვევას და მათ კონტროლს. შესაძლებელია მხოლოდ ამგვარი პროცესების წარმოშობისა და განვითარებისათვის ხელშეწყობა, თვალყურის დევნება და ადეკვატური რეაგირება. რევოლუციების სიმართლეზე რეაგირებაც გამორჩეულ პოლიტიკოსთა ნიშანია. მაგრამ, ნებისმიერი მეტ-ნაკლებად სერიოზული სოციალურ-პოლიტიკური პროცესი მრავალმნიშვნელოვანია და რამოდენიმე განსხვავებულ (ხშირად ურთიერთდაპირისპირებულ) ფაქტორსა და ტენდენციას აერთებს. აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ არა მარტო სოციალურ-პოლიტიკური, არამედ ისტორიული, კულტურული, ფსიქოლოგიური გარემოებები, სიახლეზე რეაგირების უნარი, სხვადასხვა სახის მობილობანი, ელიტის თვისებები და მრავალი სხვა რამ.
ისლამური ცივილიზაციის ტრანსფორმაცია?
აშკარაა, რომ არაბული გაზაფხული მიანიშნებს ცივილიზაციური დაპირისპირების ახალი (შესაძლოა თვისობრივად ან პრინციპულად ახალი), ეტაპის დაწყებას და, როგორც ადრე აღვნიშნეთ, მოსალოდნელია, რომ ჩვენ ვდგავართ კიდევ უფრო დიდი ძვრების წინაშე, ვიდრე ეს იყო 90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლამ რომ გამოიწვია. ამიტომ უნდა ვცადოთ პროცესების ახლებული თვალთახედვით გაანალიზება.
ფაქტია, რომ არაბულ სამყაროში დაიწყო ახალი მოძრაობა, რამაც თავი მოიყარა „არაბული გაზაფხულის“ ცნებაში. არაბულ სამყაროში აღმოჩდნენ გავლენიანი ძალები, რომლებიც თვლიან, რომ შესაძლებელია დასავლური ცივილიზაციის ზოგიერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის მიღება და დინამიურ განვითარებად ცივილიზაციად დარჩენა. ძნელია იმის თქმა, თუ რამდენად ადეკვატური, ან მითუმეტეს, ისტორიულად და პოლიტიკურად მომგებიანი აღმოჩნდება ეს შეხედულება, მაგრამ ფაქტია, რომ არაბულ სამყაროში მისმა გავრცელებამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ფუნდამენტალიზმსა და ტერორიზმს. საქმე მარტო ალ ქაიდას ლიდერის ლიკვიდაციაში კი არ არის, არამედ სხვა, ალტერნატიული და პერსპექტიული გზის გამოჩენაში.
ამ მოძრაობაში ბევრი რამ არის შენარჩუნებული ძველი განწყობიდან, კერძოდ სოლიდარობა, სამართლიანობა, მიდრეკილება სოციალური მობილურობისაკენ და, რაც მთავარია, არაბული სამყაროს ღირსების, მისი ღირებულებების წარუვალობისა და კულტურულ-ცივილიზაციური კონკურენტებისათვის მზადყოფნის შეგრძნება. ვინც ფიქრობს, რომ არაბული გაზაფხულის წარმატების შემთხვევაში მივიღებთ ისეთ დიდ ახლო აღმოსავლეთს, რომელიც დასავლურ (ან ნებისმიერ სხვა) ცივილიზაციის უბრალო დანამატი გახდება, იგი ძალიან ცდება. პირიქით, მისი კონკურენტუნარიანობა მკვეთრად გაიზრდება და მსოფლიო მიზიდულობის კიდევ ერთი ცენტრის შექმნის მოწმე გავხდებით. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ თუ არაბული გაზაფხულის საქმე პერსპექტივაში წარმატებით დაგვირგვინდა მსოფლიო მკვეთრად გამოხატულ პოლიცენტრულ სახეს მიიღებს.
არ შეიძლება არ გავიხსენოთ არაბული სამყაროს ბრწყინვალე პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი და კულტურული წარსული, ოსვალდ შპენგლერი მაგიურ კულტურას რომ ეძახდა. იგი მაგიურის ცნებაში უარყოფით კონოტაციებს გამორიცხავდა და აღფრთოვანებული იყო ამ კულტურის მიღწევებით (აქვე უნდა ითქვას, რომ შპენგლერის მიხედვით საქართველოც ზემოხსენებულ კულტურულ არეალში ექცევა). ვფიქრობთ ღირსეული და ბრწყინვალე წარსული კიდევ ერთი არგუმენტია არაბული გაზაფხულის წარმატების სასარგებლოდ.
რასაკვირველია, ეს რთული და წინააღმდეგობრივი პროცესია, ვერავინ გამოიცნობს მის შედეგებს. მაგრამ ფაქტია, რომ არაბულ სამყაროში გაჩნდა მძლავრი ტენდენცია, რომელიც ფუნდამენტალიზმისა და რადიკალური ისლამური მოძრაობისა და შესაბამისი ქმედებებიდან მკვეთრად განსხვავდება.
ვიმეორებთ – ეს მოძრაობა ისლამის აქსიოლოგიურ ჩარჩოებში მიმდინარეობს, აქვს მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური სახე, მაგრამ მისი მიზნები შენაცვლებულია და მოქმედების ხერხებიცა და მეთოდებიც ადრინდელი ექსტრემისტულისაგან მკვეთრად განსხვავებული, და მას გრანდიოზული ცვლილებების გამოწვევა ძალუძს. ასე რომ, შესაძლოა, ისტორიის შედარებით მცირე მონაკვეთში, მსოფლიოში ახალი გეოპოლიტიკური და კულტურული რეალობა მივიღოთ.
მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესებს მრავლად მოეპოვებათ როგორც დადებითი, ისე – უარყოფითი მხარეები. დადებით ფაქტორებს შორის უეჭველად უნდა დავასახელოთ ინფორმაციის გაცვლის თავისუფლება. დღეს, ინტერნეტის ეპოქაში, ფაქტიურად შეუძლებელია პროპაგანდის ტრადიციული კომპონენტის - არასასურველი ინფორმაციის დაფარვის - წარმატებული განხორციელება. შეუძლებელია დაფარო მაგალითად ტოტალური კორუფცია, ელიტის ცხოვრების წესი, სამართლიანობა/უსამართლობის რეალური თანაფარდობა ქვეყანაში და ა.შ. შეუძლებელია დაიფაროს სხვა ქვეყნებში ცხოვრების რეალური მიღწევები ან ჩავარდნები. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს ცხოვრების ავ-კარგზე ყველა მეტ-ნაკლებად დაინტერესებულ ადამიანს მიუწვდება ხელი. არაბი ახალგაზრდებისთვის (და არა მარტო მათთვის), სანაში, ქაიროში, ალჟირში ან დამასკოში საკმაოდ იოლი წარმოსადგენია თუ როგორ და რის ხარჯზე ცხოვრობენ ქვეყნის ელიტარული ჯგუფები. ამიტომ, რა გასაკვირია, რომ მათში პროტესტის გრძნობამ გაიღვიძა.
არის უფრო მნიშვნელოვანი მომენტიც - არაბული ქვეყნების დიდი ნაწილი საკმაოდ მდიდარია და ვერავინ ახსნის, რატომ უნდა იყოს იქ დიდი სოციალური უთანასწორობა. ეს კი ნიშნავს, რომ ელემენტარული თანასწორობა ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და ქვეყნის წინსვლის რეალური გზაა. ქვეყნის მეტ-ნაკლებად სამართლიანი მოწყობა შესაძლებელს გახდის ელიტის განახლებას და, შესაბამისად, მაღალ სოციალურ მობილურობას. ამის გარეშე რაიმე წინსვლაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ამგვარ სოციალურ მობილურობას, ღირებულებათა მობილურობაც დაემატება (ისლამური ღირებულებები ცხადია მხოლოდ ალაჰის სახელით თავგანწირვას არ გულისხმობს, არამედ ბევრ სოციალურად და სახელმწიფოებრივად სასარგებლო ქცევებს, რომელთაც ნამდვილად შეუძლიათ მსოფლიო კონკურენციაში წარმატების მიღწევა. მოდერნიზაცია ასე უფრო მიმზიდველი და პერსპექტიული შეიძლება აღმოჩნდეს). ასე რომ, ვფიქრობთ, ღრმად სცდებიან ისინი, ვინც „არაბულ გაზაფხულში“ ამერიკის ხელს ხედავს. არაბები, რომელთაც ერთხელ შექმნეს საოცარი ცივილიზაცია და მსოფლიოს ლიდერების რანგში მოევლინენ, თავად გადაწყვეტენ საკუთარ ბედს და, ვფიქრობთ, საკმაოდ პერსპექტიულ გზასაც ადგანან საამისოდ.
კითხვა შეიძლება სხვაგვარად დაისვას - რატომ დაუჭირა მხარი აშშ-მ და ევროპამ ამ პროცესს? პასუხი, ვფიქრობთ, ნათელი უნდა იყოს – ეს პროცესები ძალიან ძლიერ დარტყმას აყენებენ ტერორიზმის ტალღას და მის იდეოლოგიურ საფუძველს. ამიტომ, ღრმად სცდებიან ისინი, ვინც აშშ-ს ამ ნაბიჯში ენერგეტიკულ ინტერესებს ხედავენ. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ტაქტიკურ-ოპერატიული თვალსაზრისით ენერგეტიკული ინტერესები აქ ერთგვარად იგნორირებულია სტრატეგიული ინტერესებისა და ცივილიზაციურ ჰუმანიტარული დაახლოების სასარგებლოდ.
ვფიქრობთ, არის მეორე, უფრო სიღრმისეული საფუძველიც - ანგლო-საქსური ცივილიზაცია ძალზედ კონკურენტუნარიანია და იგი მეტ-ნაკლებად მშვიდობიანი თანაარსებობის პირობებში არანაირ მეტოქეობას არ უფრთხის. შესაძლოა ეს ერთგვარი ზედმეტი თავდაჯერებულობაც იყოს, მაგრამ როგორც იტყვიან, საკუთარ ხასიათს ვერ გაექცევი. ცხადია ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს უკანასკნელნი ომს გაურბიან. არა, ეს ასე ვთქვათ, პოლიტიკური გემოვნებისა და არჩევანის საკითხია და კიდევ - პოლიტიკური მოქნილობაც სწორედ ის არის, რომ დაპირისპირებას შენთვის უფრო მომგებიანი (ან უფრო ჩვეული) ფორმა მისცე.
სწორედ ამ არჩევანის შედეგია ბარაკ ობამას მიმართვა ისრაელისადმი არაბულ-ებრაული კონფლიქტის მოწესრიგების გზების თაობაზე, რამაც ასე სერიოზული შეშფოთება გამოიწვია ისრაელის ხელისუფალთა შორის. თუმცა, ამერიკის ადმინისტრაცია ამ დროს საკუთარი გლობალური ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებდა.
ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, რომ ბინ ლადენის ლიკვიდაცია ძალიან ზუსტად დაემთხვა „არაბული გაზაფხულის“ მოვლენებს და თითქმის გაითქვიფა მასში. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ყურადღება მიაქციეს იმ გარემოებას, რომ რამოდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიოს პირველი ტერორისტი ცხოვრობდა ფეშენებელურ ვილაში პაკისტანის დედაქალაქიდან სულ რამდენიმე ათეული კილომეტრის მოშორებით, რაც პაკისტანის მმართველი წრეების ნაწილის მიერ ბინ ლადენის მხარდაჭერად შეფასდა, თუმცა არავის მიუქცევია ყურადღება, რომ ამერიკის ნომერ პირველი მტერის ლიკვიდაცია მოხერხდა ისეთ დროს, როცა ისლამური სამყაროს დიდი ნაწილის ყურადღება დიამეტრალურად საწინააღმდეგო მიმართულებით არის მიმართული. ეს აშშ-ს პოლიტიკოსების და სპეცსამსახურების ტერორიზმთან ბრძოლის სწორ სტრატეგიაზე უნდა მიუთითებდეს და არა დაგვიანებულ რეაგირებაზე ან (მითუმეტეს) მოუქნელობაზე.
არც ის უნდა იყოს შემთხვევითი, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ და პირადად პრეზიდენტმა კატეგორიული უარი განაცხადეს ტერორისტის ცხედრის ჩვენებაზე. უფრო მეტიც – ისინი შეეცადნენ, არ მიეყენებინათ შეურაცხყოფა ისლამის მიმდევრებისათვის ბინ ლადენის დაკრძალვის დროს. რა თქმა უნდა, მათ გაითვალისწინეს წინა ადმინისტრაციის შეცდომები, რაც ამ უკანასკნელს სადამ ჰუსეინთან დაკავშირებით მოუვიდა, განსაკუთრებით – ფინალურ ეტაპზე, როცა მსოფლიოს აჩვენეს სადამის სიკვდილით დასჯა. ბუშის ადმინისტრაციის ამ ნაბიჯს არც მათი საკუთარი და არც აშშ-ს პრესტიჟისათვის კარგი არაფერი მოუტანია. ეს არა მხოლოდ ახლანდელი ადმინისტრაციის სწორ სტრატეგიას მოწმობს, არამედ მის მაღალ კულტურასაც.
ვიმეორებთ – ენერგეტიკული სტრატეგია ჩაითვალა გაცილებით უფრო ნაკლებად მნიშვნელოვნად, ვიდრე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს პოზიცია სრულიად გასაგებია, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ტერორიზმი საბოლოოდ დამარცხებულია არც იმას, რომ ტერაქტები აღარ მოხდება, მაგრამ ყველა შემთხვევაში ისლამის მიმდევართა დიდ ნაწილს სხვა, უფრო პერპექტიული შესაძლებლობები გაუჩნდა. ამის მიღწევა მხოლოდ გარეგანი ზეგავლენით შეუძლებელია. ადამიანს, ხალხს, ერს, რელიგიურ ერთობას შინაგანი რესურსებიც უნდა გააჩნდეს ამისათვის, რაც არაბულმა გაზაფხულმა ნათლად აჩვენა.
აშკარაა, რომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ გრანდიოზულ მოვლენას, სადაც თანაარსებობენ ძველი (ექსტრემისტულ-ტერორისტული) და ახალი (პოლიტიკურ-ნაციონალურ-კულტურული) ტენდენციები. არის შანსი პირველის თანდათანობით მინავლების და მეორეს სწრაფი განვითარებისა. წინასწარი პროგნოზირება აქ უბრალოდ შეუძლებელია, მაგრამ „არაბული გაზაფხულის“ მნიშვნელობაც სწორედ ისაა, რომ მან გამოაჩინა და ერთგვარად აამოქმედა კიდეც განვითარების ახალი პერსპექტიული მოდელი. დანარჩენ მსოფლიოს შეუძლია ხელი შეუწყოს ან შეაფერხოს ეს პროცესები, ანდა სულაც საკუთარი მიზნების შესაბამისად გამოიყენოს იგი (ვინც როგორ მოახერხებს და ვისაც რისი უნარი და შესაძლებლობა აქვს). უნდა ითქვას, რომ ესეც საკმაოდ კარგად ჩანს (უკვე საწყის ეტაპზეც კი), მაგრამ მთავარი შემოქმედი ამ დრამატული მოვლენისა თავად არაბები არიან და მისი ბედიც მაღ ხელშია.
ახლო აღმოსავლეთში წინ ჯერ კიდევ დიდი წინააღმდეგობებია და არავინ იცის ეს პროცესი რით დასრულდება. თუმცა აშკარაა, რომ ვითარება ისე ტრაგიკულად გამო-უვალი აღარ ჩანს. არაპირდაპირი სტრატეგია ჯიქურ შეჭიდებაზე გაცილებით ეფექტური აღმოჩნდა. და ეს ასეც უნდა ყოფილიყო. თუმცა, უნდა ვაღიაროთ მისი პოლიტიკური ხორცშესხმის მაღალი დონე.
ცხადია, რომ თუ ისლამურ წინააღმდეგობას არაბული კომპონენტი გამოაკლდა და თანაც ამ უკანასკნელის მიერ არჩეული გზა პერსპექტიული აღმოჩნდა, მაშინ ირანული კომპონენტის ჯერიც დადგება. ვფიქრობ, ეს მიმართულებაც პერსპექტიულია.
ავღანეთი და ცენტრალური აზია ამ წინააღმდეგობის მესამე, ძალზე რთული კომპონენტია. თუმცა მარტო დარჩენილი ან ძალზე შესუსტებული ეს მესამე კომპონენტი, სხვების დაუხმარებლად გლობალური ამოცანების გადაწყვეტას ვეღარ შესძლებს. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ კომპონენტის ნეიტრალიზაციის საქმეში აშშ-ს რუსეთის იმედი აქვს, (და პირიქით), რადგან ცენტრალური აზიის თალიბანიზაცია რუსეთს სასიცოცხლო საფრთხეს შეუქმნის. ეს ცხადია მოსკოვს შესანიშნავად ესმის. ამიტომ, სურს მას თუ არა, აუცილებლად დაეხმარება აშშ-ს ავღანეთში. აქ მათი სტრატეგიული ინტერესების თანხვედრასთან გვაქვს საქმე.
ამასთან, არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ტერორიზმის წინააღმდეგობის დაძლევა ამ სამი კომპონენტის დროში თანმიმდევრულ ტრანსფორმაციას გულისხმობს აუცილებლად. არა, ყველა დაფაზე ბრძოლა ერთდროულად მიმდინარეობს. უბრალოდ, პარტიების ხანგრძლიობა შეიძლება სხვადასხვა აღმოჩნდეს და თავდაპირველი და ფინალური პოზიციები კი – განსხვავებული.
უეჭველია, რომ ამ გლობალურ თამაშში კავკასიას (და კონკრეტულად საქართველოს) მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ამ როლის არც შეუფასებლობა ღირს და არც გადაფასება. სწორი ანალიზის ჩასატარებლად ყველა იმ მნიშვნელოვანი დასკვნის გათვალისწინება მოგვიწევს, რაზეც ზემოთ იყო საუბარი. ამ პრობლემას შემდეგ განვიხილავთ გამოწვლილვით
P.S. მოვლენები მართლაც დრამატულად და ელვისებურად ვითარდება. ამჯერად განსაკუთრებულ სიმწვავეს იძენს პალესტინის პრობლემა. უეჭველია, რომ რისი მოწმენიც არ უნდა შევიქნეთ ახლო მომავალში, დროს უკან ვერავინ დააბრუნებს. ყველა შემთხვევაში სახეზე გვექნება სრულიად ახალი ვითარება, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს არა მარტო მსოფლიოზე, არამედ კავკასიის რეგიონსა და საქართველოზე. ასე, რომ თავად ცხოვრება გვაიძულებს კვლავ დავუბრუნდეთ აქ წამოჭრილ თემას.