გასული წლის ოქტომბერში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი მორიგი ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა. ხმაურიანი და სკანდალური დასკვნა, რომელიც ამ დღეებში გამოქვეყნდა და საქართველოში არსებულ საარჩევნო და სასამართლო სისტემებს მკაცრად აკრიტიკებს, სწორედ გასული წლის ბოლოს ჩატარებული დაკვირვების შედეგია. როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა, თეა წულუკიანმა განმარტა PRESAGE.TV-სთან საუბრისას, საქართველოს მიერ ევროსაბჭოში შესვლის დროს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ამ ვალდებულებებს სათანადოდ არ შევასრულებთ.
მართალია ევროსაბჭოში 1999 წელს გავწევრიანდით, მაგრამ ვალდებულებებს ვერ, არ, ან ნაწილობრივ ვასრულებთ, ამიტომ საქართველოზე ზედამხედველობის პროცესი, კვლავაც გრძელდება. დამკვირვებლები ვიზიტებისას აკვირდებიან რა კანონებია მიღებული ქვეყანაში, როგორ სრულდება ისინი და ა.შ.
ევროსაბჭოს მომხსენენბლები კასტრიოტ ისლამი და მაიკლ იენსენი შეხვდნენ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე სახალხო დამცველს, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცის წარმომადგენლებს.
თეა წულუკიანი, რომელიც ამ ვიზიტის დროს „თავისუფალი დემოკრატების“ სახელით შეხვდა ევროპარლამენტარებს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დასკვნასა და მასში განხილულ თემებზე გვესაუბრება.
- მათ ჰქონდათ კონკრეტული შეკითხვები, როგორ წარიმართა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესი, რითი ვიყავით კმაყოფილი და რითი არა, როგორ მიმდინარეობდა სასამართლო საქმეების განხილვა. შედეგად, მათ შეადგინეს საინფორმაციო დოკუმენტი, რომელიც ყოველთვის არ არის ხოლმე საჯარო, მაგრამ ამჯერად გადაწყდა, რომ გამოქვეყნებულიყო.
ძალიან ხშირად, ხელისუფლება უცხოური ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ დასკვნებს ყურადღებას არ აქცევს იმ მოტივით, რომ თითქოს, მათი ინფორმაციის წყარო ძირითადად არასამთავრობო ორგანოზაციები არიან და ამიტომ, მათ ობიექტური სურათი არ აქვთ, რამდენად სწორია ასეთი პოზიცია?
- რაც შეეხება ამ კონკრეტულ დოკუმენტს, თუ გადავხედავთ იმ ადამიანების სიას, ვისაც ისლამი და იენსენი შეხვდნენ, პროპორციულად ძალიან დიდია ხელისუფლების წარმომადგენელთა რიცხვი. სხვათა შორის, დოკუმენტს დანართის სახით ახლავს იმ პირთა სია, რომლებსაც ისინი შეხვდნენ. ესენი არიან დავით ბაქრაძე, თამარ კინწურაშილი, გრიგოლ ვაშაძე, შოთა უტიაშვილი, თინა ბურჯალიანი, გიგა ბოკერია და ა.შ. მათ გარდა შეხვედრა იყო სახალხო დამცველთან, რომელიც მართალია, სახელმწიფო უწყებაა, მაგრამ რაკი უფლებების დაცვის კუთხით მუშაობს, ნეიტრალურია. შეისწავლეს რა, ის დოკუმენტური მასალა, რასაც ჰქვია კანონები, სახალხო დამცველის მოხსენებები, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, ჰამარბერგის სხვადასხვა დასკვნები, გაესაუბრნენ რა, ზემოთ ჩამოთვლილ პირებს, გააკეთეს ის დასკვნა, რაც გააკეთეს. ნამდვილად ვერ გავიზიარებ აზრს, რომ მოცემული დოკუმენტი არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნებს ეყრდნობა. ეს აბსურდია.
რაც შეეხება დოკუმენტს, მასში საკმაოდ მკაცრად არის გაკრიტიკებული საარჩევნო სისტემა, ლაპარაკია, როგორც საარჩევნო ოლქებზე, ასევე სხვა კომპონენტებზე, რომელიც საარჩევნო გარემოს აუარესებს...
- რამდენიმე სერიოზული დასკვნაა გაკეთებული. უპირველესად, ეს ეხება საარჩევნო გარემოს. მათი აზრით, ის საარჩევნო სისტემა, რომელიც დარჩა, ვერ უზრუნველყოფს კონკურენტულ გარემოსა და სამართლიან საარჩევნო სისტემას. იმის გამო, რომ საარჩევნო ოლქები არის სხვადასხვა ზომის, ზოგ ოლქში მეტი ამომრჩეველია, ზოგან, გაცილებით ნაკლები, თითოეულ ოლქში კი მხოლოდ ერთი მაჟორიტარი დეპუტატია წარმოდგენილი, რაც აბსოლუტურად უსამართლო სისტემის არსებობას მოწმობს.
მათ გააკრიტიკეს „ნაციონალური მოძრაობა“ იმის გამო, რომ ჯერ „რვიანის“, შემდეგ „ექვსიანის“ მიერ შეთავაზებული რეგიონული პროპორციული სისტემა არ გაიზიარეს. თვეების მანძილზე ვლაპარაკობდით, რომ ეს იქნებოდა გაცილებით უკეთესი სისტემა, რომელიც სამართლიანობას უზრუნველყოფდა. გარდა ამისა, მკაცრად არის გაკრიტიკებული ისიც, რომ საარჩევნო კოდექსი შემუშავდა ცალმხრივად. არ ყოფილა ჩართული საზოგადოება, პოლიტიკური პროცესის სხვადასხვა მონაწილეები.
იცით, რომ საარჩევნო კოდექსი ერთ მშვენიერ დილას დაიდო მაგიდაზე და საზოდოებას და პოლიტიკურ პარტიებს გვითხრეს, რომ ეს იყო ის, რის მიღებასაც აპირებდნენ. მართალია, ამ ვარიანტს ოპოზიციაში მყოფი რამდენიმე პარტია დაეთანხმა, მაგრამ უმრავლესობა ოპოზიციური პარტიებისა და არასმთავრობო ორგანიზაციები, ვისთვისაც ეს სიახლე იყო, არ დაეთანხმნენ.
კარგი იქნება, საზოგადოებას გავახსენოთ, რომელ ოპოზიციურ პარტიებს მოეწონათ ეს საარჩევნო კოდექი...
- ესენი იყვნენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. შემდეგ „რვიანიდან“ ორი პარტია გავიდა, „ქრისტიან-დემოკრატები“ და „ახალი მემარჯვენეები“, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა შემოთავაზებებს დათანხმდნენ, ხელიც კი მოაწერეს. მართალია, შემდეგ იმედგაცრუება ხვდათ წილად იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთ შეთავაზებაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკან დაიხია, მაგრამ ეს მათი პრობლემაა. მოკლედ რომ ვთქვათ, დღევანდელ კოდექსს ევროსაბჭო არადემოკრატიული პროცესის შედეგად მიღებულ დოკუმენტად თვლის, და მიიჩნევს რომ ისე, როგორც ბევრი სხვა რამ, ესეც ცალმხრივი გადაწყვეტილების შედეგია.
დასანანია, რომ არაფერია ნათქვამი სიების უზუსტობაზე, ადმინისტრაციულ რესურსზე, მაგრამ ეს საკმაოდ მკაცრი კრიტიკა საკმარისია, იმისათვის, რომ ხელისუფლებამ გაიგონოს. რა თქმა უნდა, თუ სურს, არჩევნები კარგად ჩატარდეს.
დავუშვათ, ხელისუფლებამ გაითვალისწინა ევროსაბჭოს შენიშვნები და გაზარდა მაჟორიტარული ოლქების ოდენობა და შეეცადა, შეძლებისდაგვარად სხვა რეკომენდაციების გათვალისწინებასაც. ეს საკმარისი იქნებოდა არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის? იმიტომ გეკითხებით, რომ ამის გარდა არსებობს სხვა უამრავი ფაქტორი და ნიუანსი, რომლებიიც ერთობლიობაში საარჩევნო გარემოს ქმნის.
- თუ მოხდა სასწაული და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წაიკითხა ეს დოკუმენტი, ხომ შეიძლება ასეთი რამ წარმოვიდგინოთ - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თქვას, უი, როგორ შემშლია, რეგიონულ პროპორციულ სისტემას გავიზიარებ და შევცვლიო. მე ამისი არ მჯერა, მაგრამ რაკი მეკითხებით, გიპასუხებთ. ეს თვითონ საარჩევნო სისტემას გახდის გაცილებით სამართლიანს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რომ თვითონ არჩევნები ჩატარდეს სამართლიან პირობებში. შეიძლება სამართლიანი საარჩევნო სისტემის პირობებშიც იყოს გამოყენებული ადმინისტრაციული რესურსი, პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიებს არ ჰქონდეთ თანაბარი პირობები შეჯიბრისთვის. არსებობს ასევე სხვა კომპონენტებიც, რომელიც ასევე გამოსასწორებელია.
ადრე ვენეციის კომისიამ სხვა შენიშვნებიც დადო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრასობამ“ არა თუ არ გაითვალისწინა მათი შენიშვნები, არამედ გააუარესა კიდეც. იცით, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვიდრე პოსტებს დატოვებენ, შეუძლიათ მათ ხელთ არსებული მატერიალური რესურსი გამოიყენონ, იმისათვის, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის სასარგებლლო პროპაგანდა აწარმოონ.
სხვათა შორის, საკმაოდ უცნაური იყო, როდესაც ვენეციის კომისიის ხელმძღვანელმა თომას მარკეტმა ამ დღეებში ჯერ განაცხადა, რომ ვენეციის კომისიას არ უნახავს ის დოკუმენტი, რაც საქართველომ მიიღო, მეორე დღეს კი პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთა.
- გავრცელებული ინფორმაციით, პრესკონფერენციაზე, რომელიც ბატონმა მარკეტმა 27 იანვარს ჩაატარა სტრასბურგში, ისაუბრა, რაღაც დამატებებზე, რომელიც მოგვიანებით შევიდა კანონში და განაცხადა, ჩვენ არ გვინახავსო. შემდეგ გამოქვეყნდა სხვა განცხადება, რომელიც უარყოფს პირველს. მე არ მაქვს ხელთ მისი პირველი პრესკონფერენციის წერილობითი ანგარიში და მართალი გითხრათ, ადგილზე მყოფი ჟურნალისტების მიერ გადმოცემული ინფორმაციის მიხედვით ვერ ვიმსჯელებ. არ არის გამორიცხული, ბატონ მარკეტს ესაუბრა ბოლო კვირის შესწორებებზე, რეკლამასთან დაკავშირებით, რომელიც ვენეციის კომისიას მართლა არ უნახავს. თუმცა მაინც ვერ გეტყვით რას გულისხმობდა, რადგან არ მაქვს პრესკონფერენციის ანგარიში.
ევროსაბჭოს დასკვნის მეორე ნაწილში არანაკლებ მკაცრად არის გაკრიტიკებული ქართული სასამართლო სისტემა...
- ეს არის საკმაოდ მწვავე კრიტიკა და საკმაოდ გაბედული განცხადება, რადგან იცით, მონიტორინგის კომიტეტი რამდენად სერიოზული ინსტიტუტია ევროსაბჭოში.
სხვათა შორის, რაც „ნაციონალური მოძრაობაა“ ხელისუფლებაში, ასეთი გაბედული განცხადებები ბევრი არ გვახსოვს..
- ყოფილა საკმაოდ გაბედული განცხადებები ბატონი ტომას ჰამარბერგის მიერ, რომელმაც 2011 წლის ზაფხულში გამოაქვეყნა დასკვნა და თქვა, რომ საქართველოს მართლმსაჯულებას აქვს დამოუკიდებლობის და მართლმსაჯულების სერიოზული პრობლემები. ეს უკვე მეორე დოკუმენტია, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველოში არის შერჩევითი მართლმსაჯულება, მართლმსაჯულებას მართავს პროკურატურა, პროკურატურა არის დომინანტი სამართლის განხორციელების პროცესში. ვიცით, რომ პროკურატურა არის მხარე სისხლის სამართლის პროცესში. და როდესაც ასეა, მაშინ მართლმსაჯულება დამოკიდებულია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც საქართველოს საზოგადოება, ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო სექტორი, უკვე წლებია, ამბობენ.
პირდაპირ ციტატაა მოყვანილი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი“, სადაც ითქვა, რომ ამ საქმეზე პირი შეკრა რამდენიმე სამინისტრომ, პროკურატურამ და საქართველოს პრეზიდენტმა, იმისათვის, რომ არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება. ეს სამწუხაროდ, ძალიან დიდი დარტყმაა ჩვენი ქვეყნის დემოკრატული იმიჯისთვის.
რაც შეეხება მართლმსაჯულებას, გაკრიტიკებულია აგრეთვე ის რომ, სამწუხაროდ, რევოლუციის შემდეგ ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად არაადეკვატური სისხლის სამართლის პოლიტიკა, რაც თავის მხრივ განაპირობებს იმას, რომ ციხეები გადავსებული და გადატვირთულია.
რა თქმა უნდა, დოკუმენტში მოწონებულია ის ახალი ციხეები, რაც თბილისში აშენდა და უკეთეს პირობებს უქმნის პატიმრებს, ვიდრე ის ბათუმის ციხე, რომელიც მონიტორინგის კომიტეტმა ნახა და მკაცრად გააკრიტიკა. ცალსახად არის ნათქვამი, ის, რაც ადრე წამების კომიტეტსაც უთქვამს (ევროსაბჭოს ორგანო) და სახალხო დამცველიც განუწყვეტლივ ლაპარაკობს იმაზე, რომ ბათუმის ციხე უნდა დაიხუროს. გაკრიტიკებულია ისიც, რაც ადრე ევროპულმა სასამართლომაც გააკრიტიკა, რომ ციხეებში მძვინვარებს ტუბერკულიოზი და სხვა გადამდები დაავადებები, ნათქვამია, რომ სასჯელთა პოლიტიკა უნდა შეიცვალოს.
აქვე ვიტყვი, რა თქმა უნდა, დანაშაული არ უნდა რჩებოდეს დაუსჯელი, იმისათვის, რომ საზოგადოებას დაცულობის განცდა ჰქონდეს და საზოგადოებრივი წესრიგი იყოს მთავარი ღირებულება, მაგრამ როდესაც მცირე დანაშაულისთვის პირველად სამართალში მყოფი ახალგაზრდა 10-12 ან 15 წლით მიდის ციხეში, ეს რა თქმა უნდა, ღუპავს ჩვენს მომავალ თაობას. ამიტომ ლიბერალიზაცია ამ კუთხით აუცილებელი იქნება. თუ ეს ხელისუფლება ამას არ გაიგონებს, შეისმენს და გააკეთებს, ამას გააკეთებს მომავალი ხელისუფლება.
როგორც მახსოვს, ამ დოკუმენტში გაკრიტიკებული იყო საქართველოში მოქმედი საპროცესო გარიგების სისტემაც...
- იქ ასეთი საინტერესო ჩანაწერია „საქართველოში მართლმსაჯულებაში დომინანტი (კვლავ) პროკურატურაა“. ეს ნიშნავს, რომ რაც რევოლუციამდე იყო და რაც რევოლუციის შემდეგ ხდება, ამ ორ პერიოდს შორის განსხვავება არ არის. პროკურატურა რომ დომინანტია, ამას მოწმობს საპროცესო გარიგებათა რიცხვი, სისხლის სამართლის საქმეთა დაახლოებით 90 % მთავრდება საპოროცესო გარიგებებით.
დასკვნის მიხედვით ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანი არ ენდობა იმ სასამართლო პროცესს, რომელიც შემდგომ უნდა შედგეს და ურჩევნია, დღეს პროკურატურასთან მოაგვაროს საქმე და გარეთ გამოვიდეს, ვიდრე წავიდეს სასამართლოში, სადაც იცის რომ ბრძოლა წინასწარ აქვს წაგებული. სასამართლოს ნდობა დაბალია, ამით სარგებლობს პროკურატურა, მას გარკვეულწილად ეს აწყობს კიდეც და საპროცესო გარიგება აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის ფულის კეთების მექანიზმად არის ქცეული.
თუმცა ეს არის საკმაოდ უცნაური, ჩაკეტილი წრე. ცნობილია, რომ პატიმრის ოჯახი თანხას რიცხავს რაღაც ანგარიშზე, შემდეგ რომელ უწყებაში მიდის ეს თანხა, ვერავინ გაარკვევს. გარდა ამისა, ძალიან საინტერესოა მთლიანობაში წელიწადში რა თანხაა მიღებული საპროცესო გარიგებების შედეგად, რადგან თითქმის ყოველდღიურად უამრავი საპროცესო გარიგება იდება და არც გადასახდელის ქვედა ზღვარია მინიმალური თანხა...
- ეს კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა. დემოკრატია ბევრ სხვა რამეს შორის გამჭვირვალობასაც მოიცავს. სადაც არ არის გამჭვირვალობა, უკვე სერიოზული ეჭვები ჩნდება, დემოკრატიულია თუ არა ქვეყანა. ჩვენთან ეს სამართლებრივი ასპექტიც აბსოლუტურად დახურულია. ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე, ირაკლი ალასანია და მე, შევეცადეთ, 2011 წელს ოფიციალური მიმართვების საფუძველზე გაგვერკვია, სად მიდის ეს თანხები და რა რაოდენობაა. იუსტიციის სამინისტროსგან მივიღეთ ასეთი საოცარი პასუხი (ვიცით, რომ პროკურატურა ამ სამინისტროს შეუერთდა და მას უკვე მთლიანად იუსტიციის სამინისტრო აკონტროლებს), რომ მათ არ იციან, რა ოდენობის თანხაზეა საუბარი, რადგან მათთან არ მიდის და გთხოვთ ამ შეკითხვით ფინანსთა მინისტრს მიმართეთო. მივმართეთ ფინანსთა სამინისტროს, მათ გვიპასუხეს, არ ვიცით, იუსტიციის სამინისტროს ეცოდინებაო, განმარტებაც მოაყოლეს, იმიტომ არ ვიცით, რომ ბიუჯეტში ცალკე მუხლი არ გვაქვს გათვალისწინებული საპროცესო შეთანხმებებისთვისო. თუმცა, გამორიცხულია, იუსტიციის სამინისტრომ არ იცოდეს, რამდენი თანხა შესდის. სხვადასხვა არასამთავრობო ორდანიზაციების ვარაუდით, ეს თანხა უნდა იყოს წელიწადში დაახლოებით 60 მილიონიდან ზევით, მაგრამ სად მიდის, ზუსტად რა თანხაა და რას ხმარდება, არის აბსოლუტურად გაუმჭვირვალე. როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო თანხებს და არ ვიცით, ეს თანხები რამდენია, სად მიდის და რას ხმარდება, ეს ნიშნავს რომ უკვე ჩნდება მაღალ დონეზე კორუფციის არსებობის ეჭვი.
როგორც კომიტეტის დასკვნაშია ნათქვამი, საპროცესო გარიგების ინსტიტუტი თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ ყველა საქმეზე არ გამოიყენება. ეს ინსტიტუტი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს იმისათვის, რომ წვრილმანი დანაშაულის გამო სასამართლო არ გადაიტვირთოს. და რაც მთავარია, არც ერთ ქვეყანაში, თვით აშშ-შიც, საიდანაც საპროცესო შეთანხმების სისტემა გადმოიღეს, შემთხვევების 90%-ში, ფულის სანაცვლოდ არ ხდება საპროცესო შეთანხმება.
ძალიან ჰგავს შევარდნაძის სასამართლო სისტემას, თუმცა მაშინ ვიცოდით, რომ ეს სისტემა კორუფციული იყო...
- შევარდნაძის დროს გამოძიებასა და პროკურატურაში კორუფციასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არსებობდა. ფულის სანაცვლოდ შეიძლებოდა, თქვენი ახლობელი გაეთავისუფლებინათ. მაგრამ ეს ფულის აღება და მიტანა იყო უკანონო. დღეს ფულის აღება და მიტანა არის დაკანონებული, მაგრამ სისტემა იგივეა.
აქვე ვიტყვი, იმასაც, რომ კომიტეტის დასკვნაში გაკრიტიკებულია კიდევ ერთი ტენდენცია. არ ხდება პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტების გამოძიება. ლაპარაკია იმაზე, რომ 2007- 2009- 2011 წლების მანიფესტაციების დროს არათანაბარზომიერი ძალის გამოყენება არ არის გამოძიებული. სხვათა შორის 2007 წლის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა. იგივე ეხება 2009 და 2011 წლებს, ეხება 26 მაისსაც. სხვადასხვა დროს ადამიანის გარდაცვალების 4 შემთხვევა იყო და ის პოლიციელები რომლებიც დაისაჯნენ, არავინ იცის, რომელ კონკრეტულ საქმეზე არიან დასჯილები, ეს იცის მხოლოდ შსს-მ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არის და რომელ კონკრეტულ საქმეზეა საჯარო მოხელე პასუხისგებაში მიცემული, თუნდაც ეს დისციპლინარული სასჯელი იყოს. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ გავაკონტროლოთ, რათა ცოტა ხანში არ აღმოჩნდეს იგივე თანამდებობაზე ან დაწინაურებული.
ევროსაბჭოს მინიტორინგის კომიტეტმა საკმაოდ საინტერესო დოკუმენტი გამოაქვეყნა, მაგრამ თუ წინასწარ ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მას არც კი წაიკითხავს, რა ეფექტის მატარებელია მსგავსი დასკვნების გამოქვეყნება?
- პირველი შედეგი ის არის, რომ როდესაც ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია ამ დღეებში სტრასბურგში იმყოფებოდა და მისი წევრები გამოვიდნენ ევროსაბჭოს საპარალამეტთაშორისო ასამბლეის სხდომაზე, შეგიძლიათ მოისმინოთ ბატონი ვაშაძის გამოსვლა, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში არსებობს დემოკრატია ისეთი ფორმით, საიდანაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს ხელისუფლება ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. ვაშაძე ამბობს ასეთ საინტერესო ფრაზას, რომ მისი ხელისუფლებისთვის დემოკრატია და ადამიანის უფლებები არის ღირსების საკითხი. როდესაც ის ამას ამბობს, ამის საპირწონედ დევს, ისეთი ინსიტუტის მიერ გაკეთებული წერილობითი დოკუმენტი, რომლის სანდოობაც ეჭვს არ იწვევს და რომელიც საპირისპიროს ამბობს.
შედეგი ის არის, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ უკვე აღარ აქვს შესაძლებლობა, ქვეყნის გარეთ წარმოადგინოს ისეთი რეალობა, რომელიც არ არის საქართველოში. მე ვიტყოდი, რომ ეს არის მაქსიმუმი, რასაც შეიძლება, ველოდოთ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან.
არასოდეს არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ მეგობარი ქვეყნები, სტრატეგიული თუ არასტრატეგიული პარტნიორები, ჩვენი საზოგადოების საქმეს გააკეთებენ. მათ უბრალოდ, შეუძლიათ, მიუკერძოებელი და კომპეტენტური დასკვნები დადონ, იმისათვის, რომ ანტიდემოკრატიულ გზაზე მდგარმა ხელისუფალმა ქვეყნის გარეთ არ ამტკიცოს, რომ საქართველოში არის დემოკრატია, რომ წარმატებული რეფორმები გატარდა.
დიახ, სასამართლო დღეს ბევრად უფრო კომფორტულია, ინფრასტრუქტურა განვითარდა, მაგრამ ამ კომფორტულ შენობებში კარგი მართლმსაჯულება ვერ ხორციელდება. ის სიცრუის მანქანა, რაც ჩაირთო 2004 წელს, ძალიან დიდხანს წარმატებულად მუშაობდა, დღეს ეს ვეღარ მუშაობს, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ და ვფიქრობ, სწორედ ეს არის პირველი და მნიშვნელოვანი შედეგი.
ოპოზიციური პარტიები დადებითად აფასებენ ეუთოს გრძელვადიანი დამკვირვებლების მოვლინების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასაც. ყველა არჩევნებზე, რაც კი ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველოში ჩატარებულა, უცხოელი დამკვირვებლებისგან არ მოგვისმენია არც ერთი მწვავე შეფასება. ლაპარაკობდნენ მცირე დარღვევებზე, თუმცა, მათ არ დაუფიქსირებიათ სერიოზული გაყალბების შემთხვევები, რაც არჩევნების შედეგს მცირედით მაინც შეცვლიდა. რა მოლოდინი არსებობს მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით?
- შორს რომ არ წავიდეთ, შეგვიძლია, უფრო ახლო პერიოდის არჩევნებიც განვიხილოთ. ეუთოს გარდა ევროსაბჭოსაც ჰყავდა გამოგზავნილი დამკვირვებლები, მაგრამ ეუთოზე რომ ვისაუბროთ, ისინი ჩამოდიოდნენ, აკვირდებოდნენ არჩევნებს და ბუნებრივია, მისი დასრულებისთანავე უწევდათ შეფასებების გაკეთება, რომელსაც სწრაფი ანალიზის შედეგად აკეთებდნენ და ამბობდნენ, რომ მთლიანიობაში ისეთი დარღვევები არ ყოფილა, რომ შედეგი ეჭვქვეშ დადგესო. რომ გავიდოდა რაღაც პერიოდი, ისინი უკვე აკეთებდნენ დაწვრილებით ანალიზს იმისა, რაც ნახეს. მხოლოდ ამის შემდეგ იდებოდა მწვავე, კრიტიკული დასკვნა, თუმცა ეს არ ნიშნავდა იმას, რომ თავდაპირველად გაკეთებულ შეფასებაზე აზრს იცვლიდნენ. ასეთმა დასკვნებმა შეიძლება მხოლოდ მომავალ არჩევნებზე იქონიოს გავლენა, და არა იმ არჩევნებზე, რომლის შესახებაც ასეთი დასკვნა დაიდო. ჩვენი მიზანი ის არის, რომ ეუთომ თავისი დამკვირვებლების რაც შეიძლება ფართო დელეგაცია გამოაგზავნოს და თან ბევრად უფრო ადრე, რომ მათ ნახონ არა არჩევნების წინა კვირაში და არჩევნების დღეს რა ხდება, არამედ ბევრად უფრო ადრე ნახონ ის კონტექსტი, რაც არსებობს. ნახონ საარჩევნო რეკლამების, თოქშოუების საშუალებით შეჯიბრებითობა რამდენად არის გარანტირებული. როგორი დრო ეთმობა ოპოზიციას, მმართველ გუნდს, ვის რა რესურსი აქვს, და ა.შ.
მათ საარჩევნო გარემოსა და თვითონ არჩევნების სამართლიანობაზე სწორი აზრი უნდა შეექმნათ რაც შეიშლება მალე და რაც შეიძლება ადრე. არჩევნები რომ ჩატარდება ინფორმაციულად უკვე მზად უნდა იყვნენ იმისათვის, რომ მოკლე დროში მოასწრონ სწორი დასკვნის გაკეთება. ეს გვინდა, რომ შეიცვალოს. ამ საკითხთან დაკავშირებით გასულ კვირაში ირაკლი ალასანია, ვიქტორ დოლძე და დავით უსუფაშვილი იმყოფებოდნენ ვენაში, სადაც საკმაოდ შედეგიანი შეხვედრები გაიმართა. ამიტომ იმედი გვაქვს, მომავალ არჩევნებზე ეუთო გაცილებით უფრო ადრე და უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი.
არის კიდევ ერთი საკითხი, რასაც უცხოელი დამკვირვებლების იმედად ვერ დავტოვებთ. გასულ არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კორპუსის მამასახლისებისა და კოორდინტორების მეშვეობით შეძლო ხმების შეგროვება იქამდე, ვიდრე არეჩევნები ჩატარდებოდა. საჯარო მოხელეები, ექიმები, მასწავლებლები, პატიმრების ოჯახები, ჩვეულებრივი, გაჭირვებული მოქალაქეები სხვადასხვა გზებით იძულებული გახადა, მისთვის მიეცა ხმა. დღეს „ნაციონალებს“ კოორდინატორები უკვე მობილიზებული ჰყავთ, რაც ნიშნავს, რომ ზეწოლა საარჩევნო უბნების გარეთ გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ადგილობრივი არჩევნების დროს იყო. თუ გიფიქრიათ, ამასთან შებრძოლება რა ბერკეტებით არის შესაძლებელი?
- წინა არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა ის, რაც ვერ მოახერხეს იმ ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობდნენ. კერძოდ „ნაციონალური მოძრაობის“ გულწრფელი ამომრჩეველი და ის ამომრჩეველი, რომელიც აიძულეს, რომ მათთვის ხმა მიეცა, მკაცრად იყო მობილიზებული. ზოგი ნებაყოფილობით, ზოგი დარეკვით და ამგვარი წახალისებით, ზოგიც იძულების წესით. მათ ეს მოახერხეს. ვინც არ იყო მათი მომხრე, ბევრი აიძულეს, მათი მომხრე გამხდარიყო. ეს დაიწყო ბევრად ადრე, ვიდრე არჩევნების დღე დადგებოდა. ჩვენ ნამდვილად არ ვფიქრობთ, რომ ვინმე იძულებით უნდა გავხადოთ ჩვენი ამომრჩეველი, მაგრამ ვერ მოვახერხეთ ის, რომ ვინც აბსოლუტურ ნიჰილიზმში იყო ჩავარდნილლი, მისთვის აგვეხსნა, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო არჩევნებზე მისვლა. ამას ხელი შეუწყო ზოგადმა ფონმა, ხალხს არ ჰქონდა იმედი, რომ მისი ურნასთან მისვლა რამეს შეცვლიდა.
ამას ხელი შეუწყეს იმ ოპოზიციურმა პარტიებმაც, რომლებმაც განაცხადეს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ და უფრო შორსაც წავიდნენ, თავიანთ ამომრჩეველს, ოპოზიციურად განწყობილს, მოუწოდეს შინ დარჩენილიყვნენ. ეს რა თქმა უნდა, იყო ძალიან დიდი შეცდომა, იმიტომ რომ ოპოზიციური ძალები წინა არჩევნებზე უკეთესი შედეგით რომ გამოსულიყვნენ, შემდგომი პოლიტიკური პროცესი „ნაციონალურ მოძრაობასთან“, გნებავთ მოლაპარაკების, გნებავთ ჭიდილის ან დაპირისპირების შემთხვევაში, ოპოზიცია უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა.
ბევრი მიზეზი იყო იმისა, რომ ოპოზიციის ამომრჩეველი გასულ არჩევნებზე დარჩა შინ. ეს რა თქმა უნდა, აღარ უნდა განმეორდეს. იმედი მაქვს, რომ მომავალ არჩევნებზე ისინი შინ აღარ დარჩებიან და ამის საფუძველს მაძლევს ბიძინა ივანიშვილის სახით ახალი პოლკიტიკური ძალის გამოჩენა პოლიტიკურ პეიზაჟზე. მისმა გამოჩენამ მოიტანა დიდი იმედი, ოპოზიციისთვის ხალხის თვალში მეტი სიძლიერის განცდა. აქვე ხაზს გავუსვამ, რომ ეს ოპოზიციური ერთობა ამ ეტაპზე არ არის ჩაკეტილი წრე და ვერც იქნება, იმიტომ რომ ოპოზიციური პეიზაჟი გაცილებით უფრო ფართოა და ეს ალბათ დროთა განმავლობაში შეივსება.
ხალხს ეშინოდა კიდეც, რომ ოპოზიცია თუ ვერ გაიმარჯვებდა, ხელისუფლებასთან პირისპირ დარჩებოდა...
- შიშის სინდრომი ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ საგრძნობლად შემცირებული, ივანიშვილის გამოჩენამ ხალხს რომ მართლა დიდი იმედი მოუტანა, ამას ვხედავთ, რეგიონებში ჩასვლისას. იცით ალბათ, რეგიონებში რა სავალალო მდგომარეობაა თუნდაც ინფორმაციული ვაკუუმის გამო. ხალხმა ზუსტად არ იცის, ვინ რას წამოადგენს. ჩართულია პროპაგანდისტული მანქანა სამი არხის მეშვეობით. ვერ ვიტყვი, რომ პირველი არხი არ სცოდავს, მაგრამ პროპაგანდისტული მანქანა რასაც ჰქვია, ეს მუშაობს უმთავრესად „იმედის“ და „რუსთავი2“-ის მეშვეობით, რომელიც რეგიონებისთვის უალტერნატივო ინფორმაციის წყაროა.
ამავდროულად, სამართალდამცავების მეშვეობით რეგიონებში გაცილებით კარგად მუშაობს, რეპრესიული მანქანა ვიდრე თბილისში. ამის მიუხედავად ხალხთან შეხვედრები აჩვენებს, რომ შიშის ფაქტორი 2011 წლის ოქტომბრამდე იყო გაცილებით მაღალი, ვიდრე დღეს არის. დროის განმავლობაში იმედიანობის შეგრძნება გაძლიერდება, მთავარია, ჩვენ არ მოვადუნოთ ყურადღება. ამიტომაც დადის ირაკლი ალასანია დაუღალავად რეგიონიდან რეგიონში, რომ ის იმედი რაც გაჩნდა კიდევ უფრო გაღვივდეს.