ბორის ნემცოვის მკვლელობის გამო, ხვალ დაგეგმილი ანტიკრიზისული აქცია გაუქმდა

ბორის ნემცოვის მკვლელობის გამო, ხვალ დაგეგმილი ანტიკრიზისული აქცია გაუქმდა

რუსეთში ოპოზიციონერებმა ბორის ნემცოვის მკვლელობის გამო ხვალ დაგეგმილი ანტიკრიზისული აქცია "გაზაფხული" გააუქმეს. ამის შესახებ ტელეკომპანია "დოჟდის" ცნობით, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მიხაილ კასიანოვმა განაცხადა. 

"ტრაგიკული მოვლენების გამო, ანტიკრიზისული მარში, რომელიც ხვალ დილით ქალაქის ცენტრში უნდა გამართულიყო, გავაუქმეთ. ხვალ უფრო მართებული იქნება, თუ ჩვენ ბორისს პატივს მივაგებთ", - განაცხადა კასიანოვმა. მისივე თქმით, აქციის ორგანიზატორები ნემცოვის გამოსამშვიდობებელი ღონისძიების გამართვაზე იზრუნებენ. 

ბორის ნემცოვი ხვალ დაგეგმილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. თუმცა, იგი გუშინ საღამოს მოსკოვში მოკლეს. ნემცოვთან ერთად იმყოფებოდა 1991 წელს დაბადებული გოგონა, რომელიც წუხელ უკვე დაიკითხა.