ხელისუფლების 2 მილიონ 230 ათასიანი ხრიკი

ხელისუფლების 2 მილიონ 230 ათასიანი ხრიკი

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ტელევიზიებისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 2 229 291 ლარი გამოიყოფა. ოფიციალურად ეს თანხა კვალიფიციურ სუბიექტებს წინასაარჩევნოდ მიეცემათ, მაგრამ კანონში მკაცრად იქნება განსაზღვრული, რომ ამ ფულის დახარჯვა მხოლოდ სატელევიზიო რეკლამისთვის იქნება შესაძლებელი. თუკი იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ ნაციონალურ ტელეარხებს მხოლოდ ხელისუფლება აკონტროლებს, გამოდის, ხელისუფლება ბიუჯეტიდან საკუთარ ტელევიზიებს იფინანსებს.

ბოლო დღეების განმავლობაში არსებობდა მოლოდინი, რომ ხელისუფლება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში რაიმეს შეცვლიდა, რადგან გამკაცრებული კანონმდებლობა რეალურად მხოლოდ პარტიებს კი არ ზღუდავს, არამედ ყველას, ვისაც ხელისუფლება რომელიმე პარტიასთან რაიმე ფორმით დაკავშირებულ პირად ჩათვლის, იქნება ის ფიზიკური თუ იურიდიული პირი.

სწორედ ამიტომ, მის შეცვლას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ღიად ითხოვენ. ამასთან, ბოლო პერიოდში არსებობს ინფორმაცია, რომ ამ ცვლილებებით საერთაშორისო ორგანიზაციებიც უკმაყოფილონი არიან და სააკაშვილს ნორმალური არჩვენების ჩატარებას სთხოვენ. თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რამდენიმე დღეში სააკაშვილი ამერიკის პრეზიდენტს უნდა შეხვდეს, ცხადია, მას დასჭირდება რაიმე, რითაც თავს მოიწონებს.

ძნელი სათქმელია, ბიუჯეტიდან ტელევიზიების დაფინანსებისთვის თანხის გამოყოფა რამდენად ჩაითვლება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის გადადგმულ ნაბიჯად, მაგრამ, ფაქტია, რომ ხელისუფლება ცდილობს, სწორედ ეს კონტექსტი მისცეს საკუთარი ტელევიზიების ბიუჯეტიდან დაფინანსებას.   

სატელევიზიო რეკლამისთვის დამატებითი თანხების გამოყოფის შესახებ განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პავლე კუბალშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის 30-ე მუხლს დაემატება მე-12-ე მუხლი, სადაც ჩაიწერება, რომ საარჩევნო პერიოდში სატელევიზიო რეკლამისთვის კვალიფიციურ სუბიექტებს დამატებითი თანხა გამოეყოფათ.

შეგახსენებთ, რომ პარტიებისთვის სატელევიზიო რეკლამისთვის დაფინანსება უკვე გათვალისწინებულია ჯერ კიდევ ზაფუხულში გაფორმებული საარჩევნო შეთანხმების საფუძველზე. იმ საარჩევნო სუბიექტებს, ვინც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს მოიპოვებს, 1 მილიონი ლარი მიეცემა, საიდანაც 300 ათასი ლარი აუცილებლად სატელევიზიო რეკლამაში უნდა გადაიხადოს.

თუმცა, როგორც კუბლაშვილი განმარტავს, იმის გამო, რომ ამის მიცემა არჩევნების შედეგების საფუძველზე მოხდება, ხელისუფლება საჭიროდ მიიჩნევს, რომ პარტიებმა სატელევიზიო რეკლამისთვის დაფინანსება წინასწარაც მიიღონ.

რაც შეეხება თანხის გადანაწილების პრინციპს, შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გამრავლდა სამზე და გაიყო საარჩევნო სუბიექტში შემავალი პოლიტიკური გაერთიანებების რაოდენობაზე. ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის განკუთვნილი თანხის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600 000 ლარს. საერთო ჯამში კი 2 229 291 ლარი იქნება გამოყოფილი.

ნაცმოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული თანხიდან 600 ათასს ლარს მიიღებს ნაციონალური მოძრაობა, 213 912 ათას ლარს - „მრეწველები“, 200 ათასს – 200 ათასს ლარს - „ქრისტიან-დემოკრატები“, „ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია“ და პაატა დავითაიას „ევროპელი დემოკრატები“, რომლებიც 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ერთ ბლოკში იყვნენ გაერთიანებული. სათითაოდ 117 405 ლარს მიიღებენ „თავისუფალი დემოკრატები“, „მემარჯვენეები“, რესპუბლიკელები და „საქართველოს გზა“, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ასევე ერთ ბლოკს შეადგენდნენ. 115 253 - 115 253 ლარს მიიღებენ კონსერვატორები, „ხალხის პარტია“ და „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, რომლებმაც არჩევნებში „ეროვნული საბჭოს“ სახელით მიიღეს მონაწილეობა.

ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ ეს გადაწყვეტილება სამართლიანი არჩევნებისთვის გადადგმულ ნაბიჯად შერაცხოს. ამასთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემაც გააკეთა. დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ პარტიებისთვის ბიუჯეტიდან სატელევიზიო რეკლამისთვის გამოყოფილი თანხები 2012 წლის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაში დაეხმარებათ.

მისი თქმით, პოლიტიკურ პარტიებს უნდა გააჩნდეთ თანხა იმისთვის, რომ სრულფასოვნად იფუნქციონირონ, ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ და საქართველოში ჩატარდეს თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები.

„ეს დაეხმარება პარტიებს რეკლამაში, კონკურენციაში და საბოლოო ჯამში, დაგვეხმარება ყველას, რომ 2012 წლის არჩევნები ჩავატაროთ დემოკრატიულად. ამისთვის პარტიებს სჭირდებათ თანხა, რომელიც უნდა იყოს ლეგალური, გამჭირვალე“, - აღნიშნა ბაქრაძემ

მიუხედავად ამისა, ოპოზიციის მხრიდან უკვე გაკეთდა შეფასებები, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ვერ უზრუნველყოფს.

„კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი, ზვიად ძიძიგური ამ ინიციატივას „საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დამკვირვებლებისთვის თვალში ნაცრის შეყრის მცდელობად“ აფასებს.

როგორც ძიძიგურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, იმ დრაკონული ცვლილებების შემდეგ, რომელიც ხელისუფლბამ პარტიათა დაფინანსების საკითხებთან მიმართებაში მიიღო საარჩევნო კანონმდებლობაში, „ასეთი ტიპის ნაბიჯის გადადგმა მცდელობაა იმისა, რომ თითქოს მათ, მოფიქრებული აქვთ დემოკრატიული სისტემა არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისათვის“.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი არ გამოდგება იმ უსამართლობების საპირწონედ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ჩაიდინა საარჩევნო კოდექსთან და პარტიების დაფინანსების კანონთან მიმართებაში.

კონსერვატორების ლიდერის აზრით, თუკი ხელისუფლებას სურვილი აქვს, დემოკრატიული მიმართულებით დაიწყოს ცვლილებები კანონმდებლობაში, ამისათვის ძირითად ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები უნდა გამართოს და ამის მიხედვით უნდა მიიღოს მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები.

„ამ კოსმეტიკურ ცვლილებებშიც ნაცმოძრაობას საკუთარი ამბიციები და მადა არ ავიწყდება და სხვა პარტიებისგან განსხვავებით, ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ თანხას აიღებს. ეს არის მათი ტრადიციული ხელწერა და ისინი ერთგულები რჩებიან ასეთი მახინჯი ტრადიციის, რომელიც თვითონვე დაამკვიდრეს ქართულ სამართლებლივ სივრცეში“, - აღნიშნა ძიძიგურმა.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი კი ამ ინიციატივას „ღრმად არასერიოზულად“ მიიჩნევს.

„საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას, მათ შორის „პოლიტიკური პარტიების შესახებ“ კანონს პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემდეგ სრული ეროზია დაემართა. ჩვენს ხელისუფლებას ისე შეეშინდა, რომ ვხუმრობ ხოლმე – პარლამენტი ბიძინა ივანიშვილის სახელობის საქმიანობით არის დაკავებული - მეთქი. ასეთი აქა-იქ ამოგლეჯილად გაჟღერებული ინიციატივები საქართველოს ხელისუფლებას ვერ უშველის. ღრმად არასერიოზულია ის, რაზეც პალიკო კუბლაშვილმა ისაუბრა“, - განუცხადა ხიდაშელმა ჟურნალისტებს.

რაც შეეხება იმას, მიიღებს თუ არა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი რეკლამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებას, ხიდაშელი კომენტარისგან თავს იკავებს და განმარტავს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება კანონის ამოქმედების შემდეგ გაჟღერდება.

„ცვლილება კანონში ჯერ არ შესულა. პირობებზე არაფერი თქმულა, ჩარიცხვა მოხდება არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ, ამიტომ კონკრეტულ პასუხს მხოლოდ კანონის მიღების შემდეგ ვიტყვით“, - აღნიშნა ხიდაშელმა.

ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა ევროსაბჭოს მიერ საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდებაზეც, რომ საარჩევნო კანონში ნებისმიერი ცვლილება კონსენსუსის გზით უნდა შევიდეს.

„ევროსაბჭომ გარკვევით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ნებისმიერი ცვლილების მიღება უნდა მოხდეს პოლიტიკურ პროცესში მონაწილე ყველა ძალასთან შეთანხმებით. ცალსახად მიღებული გადაწყვეტილებები გარემოს ვერ გააუმჯობესებს“, - აღნიშნა ხიდაშელმა.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ასეთივე პოზიცია აქვს ხელისუფლების მომხრე ოპოზოციასაც.

„ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვეფხვაძის შეფასებით, პოლიტიკური სუბიექტებისთვის სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარად დამატებითი თანხების გამოყოფის ინიციატივა ძალიან მცირე ნაბიჯია, რათა პოლიტიკური გარემო უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს.

ექსპერტთა თქმით, მთავრი კი ის არის, რომ ეს ინიციატივა გაჟღერებულ მიზანს – კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნას ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს. 

როგორც  ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, „დასავლეთის ძალიან ბევრ ქვეყანაში ფასიანი პოლიტიკური რეკლამა საერთოდ არ ვრცელდება, მაგრამ არის უფასო პოლიტიკური რეკლამა, რომელიც შემდეგ ბიუჯეტიდან კომპენსირდება. ოღონდ კომპენსაცია არის თვითღირებულებიდან გამომდინარე და არა კომერციული ფასიდან. სადაც არის უფასო რეკლამასთან ერთად ფასიანი, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება არსად არ აღემატება კომერციულ რეკლამის ფასს.

საქართველოში კი, მისი თქმით, ეროვნულ მაუწყებლებში პოლიტიკური რეკლამის ღირებულება არჩევნების პერიოდში 10-14-ჯერ აღემატება კომერციული რეკლამის ღირებულებას და ეს მაუწყებლები თუ ასევე მოიქცევიან საპარლამენტო არჩევნების დროს, მაშინ პრაიმტაიმის დროს რეკლამის ერთი წუთის ღირებულება შეიძლება აღმოჩნდეს 35-40 ათასი დოლარი. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ ეს გამოყოფილი თანხა, რაც ახლა გამოიყო, სულ რამდენიმე წუთის შესყიდვას ეყოფა“.

ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ჯერჯერობით სხვა არაფრის შეცვლას არ ფიქრობენ. ეს ყველაფერი კი, ცხადია, იმ მოსაზრებას ამტკიცებს, რომ ეს ცვლილება ხელისუფლებამ მხოლოდ საკუთარი ტელევიზიების დასაფინანსებლად მიიღო. ცხადია, ოპოზოციასაც ექნება გარკვეული თანხა, მაგრამ ამ თანხით მხოლოდ რამდენიმეწუთიანი სარეკლამო დროის ყიდვა შეეძლება და ცხადია, ამ ფულს გადაიხდის ისეთ ტელევიზიაში, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება. ამიტომაც ადვილი წარმოსადგენია, რომ ამ ფულის ძირითადი ნაწილი, თუ მთლიანად არა, სწორედ ხელისუფლების კონტროლირებად ტელევიზიებში წავა.