თომას დე ვაალი, "The Washington Post"
მოკავშირესთან ურთიერთობა ადვილია. იგივე ითქმის მტერზეც. ყველაზე რთული საგარეო პოლიტიკური პრობლემა კი არაპროგნოზირებად პარტნიორთან ურთიერთობაა – მან ზიანიც შეიძლება მოგაყენოს და კარგიც გაგიკეთოს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ კატეგორიას განეკუთვნება.
სააკაშვილი ახალგაზრდა, დინამიკურ, დასავლური განათლების მქონე მთავრობას უდგას სათავეში. ეს მთავრობა სამოკავშირეო ძალისხმევისთვის ავღანეთში ჯარს აგზავნის და რამდენიმე შთამბეჭდავი რეფორმის ავტორიცაა. საქართველომ ისეთ საჯარო სტრუქტურებში, როგორიცაა პოლიცია და უნივერსიტეტები, კორუფცია გაანადგურა და ეს ფაქტი მისი პოსტ-საბჭოთა მეზობლებისთვის შთამბეჭდავი მაგალითია.
მაგრამ სააკაშვილი არასტაბილური ლიდერია, ისეთი, რომელიც მუდმივ ყურადღებას ითხოვს. 2008 წელს, მან მცდარად გაიგო ვაშინგტონის გზავნილები, რომლის თანახმად, მას აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა ჰქონდა, მაგრამ, სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო, მოსალოდნელი კონფრონტაციისგან მოსკოვთან თავი შორს უნდა დაეჭირა. შედეგად, მან საქართველო რუსეთთან კატასტროფულ და იმთავითვე წამგებიან ომში შეიყვანა. როდესაც მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა, გასაგები მიზეზების გამო, მის დასახმარებლად ბრძოლაში ჩაურევლობა არჩიეს, სააკაშვილი ღალატზე ალაპარაკდა.
2008 წლის ომის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის რეპუტაცია შელახული იყო და დასავლეთის დედაქალაქებში მას მაღალ დონეზე აღარ იღებდნენ. მაგრამ მან ძალიან ბევრი იშრომა იმისთვის, რომ შინაც და გარეთაც რეაბილიტაციისთვის მიეღწია. მიმდინარე კვირას მას ოვალურ კაბინეტში მიიღებენ, დიდწილად მადლიერების ნიშნად, რადგან საქართველომ თანამშროლობა გადაწყვიტა და უარი თქვა ვეტოს უფლებაზე მოსკოვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისას. ამ ორგანიზაციაში შესვლას მოსკოვი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა.
პრეზიდენტ ობამას, თეთრ სახლში შეხვედრა, იმის შესაძლებლობას მისცემს, რომ სააკაშვილის ნატურის საუკეთესო მხარეს მიმართოს და პოლიტიკური გარდამავლობის წელს პასუხისმგებლობისკენ მოუწოდოს.
სააკაშვილის საქართველო შეიძლება აღწერო, როგორც არა-რუსეთის და ანტი-რუსეთის მიქსი. „არა-რუსეთი“ გულისხმობს საჯარო სამსახურების რეფორმას, ამას წინათ მიღებულ კანონს რელიგიური უმცირესობებისადმი ტოლერანტული დამოკიდებულების შესახებ, პლურალიზმის მყარ ტრადიციას. „ანტი-რუსული“ კი ისეთ ქცევას ჰგავს, რომელიც ვლადიმერ პუტინისა და მისი მმართველობისადმი უკიდურესი დაპირისპირების მიუხედავად, ხშირად რუსეთს სარკისებურად ირეკლავს. ასეთი ქცევის მაგალითებია რუსეთთთან დაკავშირული აღგზნებული რიტორიკა (გასულ წელს სააკაშვილმა საქართველო აღწერა, როგორც „ცივილიზაცია“ და რუსეთი, როგორც – „ბარბაროსი“) და ის შემაშფოთებელი ფაქტი, რომ ძალაუფლება რამდენიმე კაცის ხელშია კონცენტრირებული.
დღევანდელი საქართველო, ისევე როგორც რუსეთი, არსებითად ერთპარტიული ქვეყანაა, სადაც მცირერიცხოვანი ელიტა აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, პარლამენტს, რეგიონულ მთავრობებსა და სამ ნაციონალურ ტელეარხს. სასამართლო სისტემა თავისუფალი არ არის. ანტი-კორუფციული და ანტი-კრიმინალური კამპანიის ბნელი მხარე საქართველოში ის არის, რომ მან ფართო ძალაუფლება გადასცა მრავალრიცხოვან პოლიციურ ძალებს, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არ არიან. ქვეყნის ციხეები სავსეა ბევრი ისეთი პატიმრით, რომელიც იქ არ უნდა იყოს; 2011 წელს საქართველო, ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, პატიმრების რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა.
ბოლო დრომდე, მმართველ ელიტას არ ჰყავდა სერიოზული ოპოზიცია და ის წყნარად ელოდა გამარჯვებას წლევანდელი და მომავალი წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში. მაგრამ გასულ წელს ის მოულოდნელი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა – პოპულარულმა ქართველმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის პოლიტიკაში, ოპოზიციაში მიდის. მისმა დემარშმა მობილიზება გაუკეთა ქართველთა იმ დიდ სეგმენტს, რომელიც დაღალა დღევანდელი ადმინისტრაციის ეკონომიკურმა პოლიტიკამ და მისმა დომინირებამ პოლიტიკურ არენაზე.
ბიძინა ივანიშვილთან, ექსცენტრულ ბიზნესმენთან დაკავშირებით, რომელმაც ფული 1990-იანი წლების რუსეთში იშოვა და პოლიტიკაში ჯერ არავის გამოუცდია, ნამდვილად არსებობს კითხვები, მაგრამ მთავრობის რეაქციამ ივანიშვილის გამოჩენაზე, მისი ყველაზე მახინჯი ინსტინქტები გამოამზეურა: ივანიშვილს იურიდიული ფორმალობის საფუძველზე ჩამოართვეს პასპორტი, მის ბანკს, ფულის გათეთრების ბრალდებით, სასტიკად დაესხნენ თავს. პრო-სამთავრობო მედია უხეშად მოიხსენიებს ივანიშვილს რუსეთის მარიონეტად, რაც ნაკლებად სარწმუნოა, რადგან მან თავის მთავარ პოლიტიკურ მოკავშირეებად საქართველოს ყველაზე პრო-დასავლელი პოლიტიკოსები აირჩია.
სააკაშვილმა დღემდე ვერ ჩააბარა დემოკრატიის ეს გამოცდა. მალე მას უფრო დიდი გამოცდა ელის. 2004 წელს სააკაშვილმა საქართველოს კონსტიტუცია საკუთარი აღმასრულებელი ძალაუფლების განსამტკიცებლად შეცვლა. გასულ წელს, მაშინ, როდესაც მოახლოვდა მისი მეორე და საბოლოო ვადის ამოწურვის დრო (2013 წლის დასაწყისი), სააკაშვილმა ისევ შეცვალა ქვეყნის ძირითადი კანონი, იმის უზრუნველსაყოფად, რომ, როდესაც პრეზიდენტის თანამდებობას დატოვებს, მისი ძალაუფლების უმეტესი ნაწილი ახალ და ძლიერ პრემიერ-მინისტრს გადაეცეს. შინაც და გარეთაც ისეთი ვარაუდი გაჩნდა, რომ სააკაშვილი ცდილობს პუტინს მიბაძოს და პრემიერ-მინისტრის პოზიცია ჩაიბაროს.
სააკაშვილი პასუხს კითხვაზე, თუ რამდენად აპირებს თანამდებობის გაცვლას, თავს არიდებს.
საქართველოს ელიტა მოდერნიზატორია და არა დემოკრატი. ისინი ხანდახან აცხადებენ, რომ ვერ მისცემენ თავს მეტი დემოკრატიის უფლებას, რადგან ეს „რეფორმებს შეაჩერებს,“ ძალაუფლებას ხელში ოპოზიცია ჩაიგდებს და საქართველო უკან წავა. ეს მაცდუნებელი მესიჯია, მაგრამ არასწორი. კონტროლისა და ბალანსის სისტემა და მმართველობის ვადების ლიმიტი იმისთვის არსებობს, რომ ელიტებმა საკუთარი თავი თავის მოქალაქეებზე მაღლა არ დააყენონ.
აი ასეთია საქართველოს მორიგი დიდი გამოცდა. თუ სააკაშვილი, მისი ვადის დასრულების შემდეგ, თანამდებობის ლამაზად დატოვებას მოახერხებს და მის შემდეგ საქართველოში უფრო პლურალისტური ხელისუფლების ჩამოყალიბების შესაძლებლობას გააჩენს, მაშინ ის, მთელ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, რუსეთის ჩათვლით, კარგ მაგალითს მისცემს, თუ არადა ვაშინგტონს საქართველოში პრობლემატური პარტნიორი ეყოლება.
foreignpress.ge
689
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85