ანტისარაკეტო ფარზე ყველა გატყუებთ. ყველა.

ანტისარაკეტო ფარზე ყველა გატყუებთ. ყველა.


2006 წლის შემდეგ, რუსეთს და შეერთებულ შტატებს დიპლომატიური ბრძოლა აქვთ გაჩაღებული ევროპაში ნატოს სარადარო და სარაკეტო სისტემის განთავსებასთან დაკავშირებულ გეგმაზე.

შეერთებული შტატები და ნატო ამტკიცებენ, რომ ევროპული „ანტისარაკეტო ფარი“ იმისთვის იქმნება, რომ გააუვნებელყოს ირანიდან ან ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი ბირთვულ ქობინებიანი ბალისტიკური რაკეტები. რუსეთი ამტკიცებს, რომ ნატო ძირს უთხრის რუსეთის სტრატეგიულ ბირთვულ შეკავებას. თურქეთი ამტკიცებს, რომ არც ერთი ეს ვერსია მართალი არ არის.

ყველა მათგანი ნაწილობრივ ტყუის, და მათ ეს იციან. აი რატომ.

ჯერ ერთი, თავდაპირველად ნატო პოლონეთში 10 რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარის, ხოლო ჩეხეთში ერთი რადარის განთავსებას გეგმავდა – ძალიან საინტერესო ადგილია ნატოს ქვეყნების ახლო აღმოსავლეთისგან დასაცავად. ეს ადგილი არა უშუალოდ ევროპასა და ირანის შორის, არამედ უფრო ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთის კალინინგრადის ანკლავთან და რუსეთის კლიენტი სახელმწიფოს, ბელორუსის საზღვართან მდებარეობს პოლონეთი პირველ რიგში იმისთვის შეირჩა, რომ ის იყო ნატოს ახალ წევრ-სახელმწიფოებს შორის ამ მხრივ ყველაზე მონდომებული, ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე ქვეყანა ნატოს ახალ წევრებს შორის.

პოლონეთის მთვრობა ამკიცებდა, რომ ანტისარაკეტო ფარის მასპინძლობა მისი უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, და მერე რა, რომ, ვერ იხსენებთ იმას, თუ რომელი ახლოაღმოსავლური ქვეყნისთვის წარმოადგენენ სამიზნეს პოლონელები ან რატომ სურს კიმ ჩენ ირს კრაკოვზე ატომური ბომბის ჩამოგდება. ამის საპირისპიროდ, საკუთარ მოქალაქეებთან ანტისარაკეტო ფარის განთავსების აუცილებლობას პოლონელი ლიდერები, ყოველთვის რუსეთით და მისგან მომავალი საფრთხით ხსნიდნენ. პოლონეთის პრეზიდენტმა, ქალაქების სლაპსკის და რედჟიკოვის მცხოვრებლებთან საუბრისას (ანტისარაკეტო დანადგარები ამ ქალაქებში უნდა დამონტაჟებულიყო 2008 წელს), განაცხადა: „წარსულში, როდესაც რუსეთი დაიმუქრა, რომ თავის რაკეტებს ჩვენ დაგვიმიზნებდა, ეს სერიოზულად არავინ აღიქვა. მაგრამ ახლა, მას შემდეგ რაც საქართველოში მოხდა, ეს მუქარა უფრო სერიოზული გახდა“.

ცხადია, ამ ფაქტს რუსეთი არ გაუხარებია. იმავდროულად, რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი ჯონ მაკკეინი, რომლის კამპანიის ნაწილიც სწორედ ანტისარაკეტო თავდაცვის თემა იყო, აცხადებდა, რომ ფარი აუცილებელია, რათა „თავი დავიზღვიოთ ისეთი შესაძლო სტრატეგიული კონკურენტებისგან მომდინარე პოტენციური საფრთხეებისგან, როგორებიც არიან რუსეთი და ჩინეთი“. მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტად ბარაკ ობამა აირჩიეს, ახალმა ადმინისტრაციამ დაგეგმილი ანტისარაკეტო ფარი სამხრეთისკენ გადააადგილა და მოდიფიცირება გაუკეთა: ახალი გეგმის თანახმად, ხომალდებზე ბაზირებული დანადგარები შავ ზღვაში განთავსდება და საბოლოოდ, შემოიერთებს რუმინეთში განთავსებულ ინტერცეპტორებს და თურქეთში დისლოცირებულ რადარს. იმავდროულად მან პროექტში მონაწილეობა რუსეთსაც შესთავაზა.

რუსეთმა განაცხადა, რომ ანტისარაკეტო ფართან დაკავშირებულ პროექტში მონაწილეობას მიიღებს ორი პირობით: 1. ის სისტემის სრულფასოვანი პარტნიორი იქნება და სხვებთან ერთად გააკონტროლებს მის მოქმედებას. 2. ნატო ხელს მოაწერს იურიდიულ გარანტიებს იმის თაობაზე, რომ ანტისარაკეტო ფარი არასდროს არ იქნება გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ.

დღეის მდგომარეობით, ნატო უარყოფს რუსეთის ორივე პუნქტს, ყოველ შემთხვევაში იმ მოტივით, რომ მათ უნდათ დაიტოვონ უფლება ანტისარაკეტო ფარი საკუთარი სურვილისამებრ გამოიყენონ, მათ შორის რუსეთის პოტენციური დარტყმის წინააღმდეგაც. მოკლედ, ნატოს მოკრძალებული განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს ის რუსეთს მსოფლიო მშვიდობის საქმეში პარტნიორად განიხილავს და არა საფრთხედ, ყველაზე ცოტა, არაგულწრფელია.

მაგრამ რუსეთზეც იგივეს თქმა შეიძლება.

ობამას ადმინისტრაციის ეროვნული ანტისარაკეტო თავდაცვის სტრატეგია მოიცავს წყალზე ბაზირებული Aegis-ის შეიარაღების სისტემას შავ ზღვაზე, ისევე როგორც ნატოს წევრი სახელმწიფოების ანტისარაკეტო თავდაცვის გაერთიანებულ ქსელს. არცერთი შემადგენელი ახალი არ არის. Aegis-ის სისტემა, რომელსაც შეუძლია ერთდროულად ათობით რაკეტის მართვა და თვალთვალი, უკვე დამონტაჟებულია დაახლოებით ასამდე ამერიკულ ხომალდზე, რომელთაგან ყველა მათგანს მიუწვდება ხელი და შეუძლია განთავსდეს შავ ზღვაში აშშ-ს თურქეთთან და საქართველოსთან არსებული შეთანხმებების საფუძველზე. რაც შეეხება ხმელეთზე ბაზირებულ ანტისარაკეტო დანადგარებს, რუსეთს მათიც ნაკლებად ეშინია.

ჯერ-ჯერობით, არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ ბუქარესტის სამიტზე დეკემბერში მოწონებული შეთანხმება, რუმინეთში ანტისარაკეტო დანადგარის მშენებლობის შესახებ, იმ 10-ზე მეტ აქტიურ დანადგარს მოიცავს, რომელიც პოლონეთში უნდა განთავსებულიყო. SM-3 სისტემის ის ანტისარაკეტო დანადგარები, რომლებიც საბოლოო ჯამში უნდა დამონტაჟდეს, დღემდე ვერასდროს ახერხებდნენ იმ ბალისტიკური რაკეტის გაუვნებელყოფას, რომელსაც ტესტირების დროს კონტრზომების ან მანევრირების უნარები აღმოაჩნდა. გარდა იმისა, რომ თანამედროვე რუსულ ბალისტიკურ რაკეტებს ორივე ეს უნარი გააჩნია, რუსეთს არსენალში აქვს ასევე 2 200 აქტიური რაკეტა, პლუს გაურკვეველი ოდენობის მოკლე მანძილზე მოქმედი ტაქტიკური ბირთვული იარაღი. ყველა ამ ბალისტიკურ რაკეტას აქვს საკმარისად ბევრი ქობინი იმისთვის, რომ თითოეულმა პოტენციურად რამდენიმე სამიზნის განადგურება შეძლოს.

შესაბამისად, ევროპულ ანტისარაკეტო ფარს რუსეთის სარაკეტო დარტყმის მოგერიების მცირეოდენი შანსი მაინც რომ ჰქონდეს (რაც ამჟამად არა აქვს), იმ შემთხვევაშიც კი, რომ 10-ზე 10 ინტერცეპტორი მოდიოდეს, ჰაერში საკმარისი ბირთვული ქობინი იარსებებს იმისთვის, რომ ნატოს ტერიტორიაზე ყველა ქალაქის და სამხედრო სამიზნის განადგურება შეძლოს.

ანტისარაკეტო ფარზე მოლაპარაკებების ჩაშლას რუსეთმა სარადარო რესურსების გააქტიურებით და ანტსისარაკეტო ფარის უკან, კალინინგრადში, ისკანდერის ტიპის ბირთვული რაკეტების განთავსებით უპასუხა. სამხედრო თვალსაზრისით, ეს ნაბიჯი აბსოლუტურად ფუჭი იყო, მაგრამ მისი მიზანი პოლონეთისთვის (რომლის საზღვრებთანაც უნდა განთავსდეს მოკლე მანძილზე მოქმედი რაკეტები) ერთგვარი წინააღმდეგობის გაწევა გახლდათ.

მაშინ როდესაც, ნატო და რუსეთი უხეშად ელაპარაკებიან ერთმანეთს ანტისარაკეტო ფარზე, რომელსაც მათ სტრატეგიულ ძალთა ბალანსზე არანაირი გავლენა არ აქვს, ანტისარაკეტო ფარის გეგმის მხარდამჭერები ახლა კიდევ უფრო ჩქარობენ მის რეალიზაციას ირანთან სიტუაციის დაძაბვის ფონზე. ამ თვეში, ევროკავშირმა ირანის ნავთობზე ემბარგოს შემოღების საკითხიც კი წინმსწრებად განიხილა – ნაბიჯი, რომლის რეალიზაციაც ისედაც კრიზისში ჩაფლულ დასავლურ ეკონომიკებში ნავთობის ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევდა.

ამ აბსურდულ დისკუსიას თურქეთმა დამატებითი გაუგებრობა შესძინა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეტ დავითოღლუმ თეირანში ამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ ანტისარაკეტო ფარი ირანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და რომ ნატოს რადარი თურქეთის ტერიტორიაზე რაღაც სხვა გაურკვეველ მიზნებს ემსახურება.

ანუ საბოლოო ჯამში გამოდის, რომ რუსეთმა გააპროტესტა ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნასთან დაკავშირებული ნატოს განზრახვა, სისტემის, რომელიც ახლა არ მუშაობს და რომელიც მას საფრთხეს ვერც შეუქმნიდა. ნატო ამტკიცებს, რომ მისი მიზანი, პირველ რიგში რუსეთისგან თავდაცვა არ არის, რაც ეწინააღმდგება იმას, რასაც ნატოს წევრი პოლონეთი აცხადებს, და ის, რომ ნატო უარს ამბობს ამ საკითხზე რაიმე დოკუმენტის ხელმოწერაზე ადასტურებს იმას, რომ ვარშავა მართლია. ხოლო ის თითქოს ანტისარაკეტო ფარი განსაზღვრულია ევროპის ირანისგან დასაცავად, არის ის, რასაც უარყოფს ნატოს წევრი თურქეთი.

მაშინ როდესაც თურქეთს და რუსეთს საკუთარი მიზნები ამოძრავებთ (რუსეთს სურს ნატოს ბაზები რაც შეიძლება შორის იყოს მისი ტერიტორიისგან, ხოლო თურქეთს ირანთან, სულ ცოტა, კარგი მეზობლური ურთიერთობების სიმულირება მაინც უნდა), სწორედ ნატოა ის სუბიექტი, რომლის პოზიციაც მთელს ამ ფარსში ყველაზე გაუგებარია.

ნატო, მუდმივად ამტკიცებს იმას, რომ ანტისარაკეტო ფარი ვერ და არ იქნება გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ამ მხრივ არანაირ გარანტიაზე ხელს არ აწერს. რატომ გაუგებარია. ხომ ცნობილია, რომ მას არც ერთ შემთხვევაში არანაირი შანსი არ აქვს რუსეთის ბირთვული არსენალის წინააღმდეგ, იმავდროულად ეს კრემლის პარანოიას ნაწილობრივ მაინც ჩააცხრობდა. თან, იმის გათვალისწინებით, რომ ნატოს გადაწყვეტილი აქვს მაინც არ დაუშვას რუსეთი სისტემაზე გადაწყვეტილების მიღების ნაწილში იმ შემთხვევაშიც, თუკი კომპრომისი მიღწეული იქნებოდა, რა საფრთხეს წარმოადგენს იმ ფურცელზე ხელის მოწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ჩვენ ამით არ გავანადგურებთ თქვენს რაკეტებს“?

ნუთუ ნატო მართლაც ფიქრობს იმას, რომ მსოფლიო მას ჰააგამდე მიიყვანს კონტრაქტის დარღვევისთვის, თუკი რუსეთი მართლაც დაუშენს ბირთვულ რაკეტებს მის წევრებს და ალიანსი მათ გასანადგურებლად ანტისარაკეტო დანადგარებს გამოიყენებს?

ცხადია, რომ ეს გახანგრძლივებული და აბსურდული დებატები რეალურად სამხედრო შესაძლებლობებს არ უკავშირდება, საქმე ნდობასა და ანტისარაკეტო ფართან დაკავშირებულ რიტორიკაშია, რაც დომინირებდა რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში 1980-იანი წლებიდან, როდესაც რეიგანმა პირველად წარმოადგინა მისი „ვარსკვლავური ომების“ პროგრამის იდეა. როდესაც ბუში გეგმის წამოწევას შეეცადა, რუსეთმა ფრონტის ხაზი გახსნა. როდესაც ობამამ მოსკოვს მშვიდობის ხელი გაუწოდა, რუსეთმა განაცხადა, რომ პროგრამაში ჩაერთვებოდა და ოპტიმიზმსაც კი გამოხატავდა, რომ შესაძლო კომპრომისი მსოფლიოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა.

2011 წელს, რუსულ გაზეთ „იზვესტიასთან“ საუბრისას, იმ დროს რუსეთის ელჩმა ნატოში დიმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ ასეთ პროგრამაზე თანამშრომლობა ნატო-რუსეთის ურთიერთობაში შესაძლოა ახალი ეტაპის დასაწყისი გახდეს.

„ჩვენ გვსურს რუსეთის და ნატოს ინტერესების შერწყმა ევროპაში“, – თქვა მან. „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისეთი სიტუაციის ჩამოყალიბება გვსურს, როდესაც კონფლიქტი აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის კონტინენტზე შეუძლებელი გახდება“.

ერთი წლის შემდეგ, ჩვენ კვლავ აბსურდს დავუბრუნდით.

გულდასაწყვეტია ის, რომ ჩემი აზრით ჩვეულებრივ ამერიკაფობი როგოზინის შარშანდელი შენიშვნები სწორი იყო. თუკი კრემლი და პენტაგონი შეძლებენ თავიანთი ეგოს და ხმლების გვერდზე გადადებას და გააცნობიერებენ, რომ მსოფლიო გაცილებით უსაფრთხო იქნება, თუკი ისინი შეძლებენ საერთაშორისო ანტისარაკეტო თავდაცვის სიტემის გაერთიანებას, რომლის მიზანიც იმაში დარწმუნება იქნება, რომ თავდასხმა არცერთზე არ განხორციელდება, ისინი მოახერხებენ საფუძვლის მომზადებას ხანგრძლივი სტაბილურობისა და საბოლოო ჯამში, სრული საერთაშორისო ბირთვული განიარაღებისთვის.

მაგრამ საბოლოო ჯამში, ის ხალხი ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, როგორც ვაშინგტონში, ასევე მოსკოვში, ძველი ცივი ომის მხედრები არიან და ორი თაობა იმაზე ფიქრში გაატარეს, როგორ ევნოთ ან დაენგრიათ ერთმანეთი. ამან მათი მსოფლხედველობა ისე ჩამოაყალიბა, რომ მუდმივი საფრთხის განცდა არ ტოვებთ. ეს მენტალიტეტი საბოლოო ჯამში თვითწინასწარმეტყველურია, და ვიდრე მხარეები ერთმანეთს საკუთარი ციხესიმაგრებიდან აკვირდებიან, ისინი ერთმენეთში მტრებს ხედავენ, და სამხედრო ველში ნებისმიერ ცვლილებას ისეთ ინტერპრეტაციას მისცემენ, თითქოს ეს მორიგი მნიშვნელოვანი თემაა ურთიერთობის დესტაბილიზაციისთვის.

ეს ასე არ არის. პრობლემა ის გახლავთ, რომ ამ დისკუსიებში დღემდე იგივე ადამიანები მონაწილეობენ.
foreignpress.ge