ცაგარეიშვილი პროკურატურას და კონტროლის პალატას ხონელი ნაციონალების საქმის შესწავლას სთხოვს

ცაგარეიშვილი პროკურატურას და კონტროლის პალატას ხონელი ნაციონალების საქმის შესწავლას სთხოვს

„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი პროკურატურას და კონტროლის პალატას, ხონის რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „შავი ფულის“ დარიგების ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ სამართლებრივ რეაგირებას სთხოვს.

ეს განცხადება გიორგი ცაგარეიშვილმა იმ მასალის საფუძველძე გააკეთა, რომელიც presage.tv-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა [http://www.presage.tv/?m=politics&AID=9513] და სადაც წარმოდგენილია ნაციონალური მოძრაობის ხონის რაონულ ორგანიზაციაში ფულის დარიგების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ ინფორმაციით, ნაცმოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, პარლამენტარ აკაკი ბობოხიძის ძმა, ლევან ბობოხიძე, თავისი რამდენიმე ხელქვეითის მეშვეობით, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებისგან ყოველთვე იღებს ხელფასის 15-20%-ს და შემდეგ ეს თანხა პარტიულ აქტივისტებზე ნაწილდება.

როგორც ცაგარეიშვილი აცხადებს, ამ ფაქტით, სულ მცირე, საქართველოს მთავარი პროკურატურა და კონტროლის პალატა უნდა დაინტერესდეს.

კონკრეტულად რომელი კანონის დარღვევასთან გვაქვს საქმე და რა შანსი არსებობს იმისა, რომ პროკურატურა და კონტროლის პალატა ამ საქმეს რეალურად შეისწავლიან, ამ საკითხებთან დაკავშირებით presage.tv გიორგი ცაგარეიშვილს ესაუბრა. 

გიორგი ცაგარეიშვილი: თქვენმა გამოცემამ რაც გამოაქვეყნა, სხვა არაფერია, თუ არა დასავლეთ საქართველოში, კონკრეტულად ხონში შავი ფულის გათეთრების მცდელობა. ამ ინფორმაციიდან ჩანს, რომ ხონში ნაცმოძრაობა უკანონო საშუალებებით ე.წ. პარტიულ შავ ყულაბაში კრებს თანხებს და, როგორც ჩანს, ამ თანხებს ძალით ართმევს საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებულ ადამიანებს. შემდეგ კი ამ თანხებს ანაწილებს ადილობრივი ორგანიზაციის აქტივისტებზე, რომლებიც კონკრეტული პარტიული დავალებების შესრულებით არიან დაკავებულნი.

გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წარმოდგენილია უწყისიც და აქედან ჩანს, რომ დაახლოებით 3800 ლარს იღებს 28 ადამიანი, 50 – 300 ლარის ფარგლებში. ერთ ადამიანს აძლევენ 300 ლარს და, როგორც ჩანს, ეს ყველაზე „გამოცდილი“ და „სტაჟიანი“ აქტივისტია. ეს ყველაფერი კი  არის უდაოდ სისხლის სამართლის დანაშაული.

ამ სქემით მუშაობა იქამდე, სანამ „მოაქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში რაიმე ცვლილება შევიდოდა, რა თქმა უნდა, იყო უკანონო და დასჯადი შესაბამისი კანონმდებლობით და, თუკი გავითვალისწინებთ იმ საშინელებას, რასაც ხელისუფლებამ კანონი დარქვა, ხელისუფლება ამ ფაქტით უნდა დაინტერესდეს და, შესაძლოა, კვალი თბილისამდეც კი მოვიდეს და ნაციონალების ოფისამდეც კი მიგვიყვანოს.

ნაციონალების გენმდივანი ამბობს, ასეთი ფაქტის შესახებ არაფერი იცის.

- მე დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ნაცმოძრაობის ბელადები ხელს აიქნევენ და იტყვიან, რომ ეს ყველაფერი მოგონილია, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ ამ მასალაში 28 ადამიანი ფიგურირებს და ისინი დღესაც ამ რაიონში ცხოვრობენ, ამით, სულ მცირე, საქართველოს პრტოკურატურა უნდა დაინტერესდეს და ქალბატონი მოგელაძე, რომელიც გადაიქცა ოპოზიციის მადევრად, სწორედ ასეთი ფაქტებით უნდა დაკავდეს. ეს არის კონკრეტული სამხილი, მტკიცებულება, რომელიც გამოქვეყნებულია მედიასაშუალების მიერ და ახლა უკვე საქმე უნდა იყოს აღძრული.

პროკურატურას მიმართავთ?

- აუცილებლად. მე შევეცდები, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მოვიძიო. პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება, გაგზავნოს გამომძიებელთა ჯგუფი ხონში, დაკითხოს ეს ადამიანები, დაადგინოს ამ საქმის ნიუანსები და დარწმუნებული ვარ, თუ ხელისუფლება მოინდომებს, ამ საქმის გამოძიება ძალიან ადვილი იქნება, რადგან 28 ადამიანისთვის დარიგებული უკანონო ფულის ასე ადვილად არ დაიმალება.

შესაძლებელია, რომ ეს ნაციონალების ადგილიობრივი ორგანიზაციის გადაწყვეტილება იყოს და ცენტრალურმა ოფისმა ამის შესახებ მართლა არაფერი იცოდეს?

- არ არის გამორიცხული, რომ ასეც იყოს, მაგრამ ეს ნაცმოძრაობის პასუხისმგებლობას ხომ არ ამცირებს? უფრო მეტიც, თუ ბატონმა მელიქიშვილმა არ იცის, მისი სტრუქტურა ხონში რას აკეთებს და რას ჩალიჩობს და როგორ ატყავებს ხონში გაუბედურებულ ადამიანებს, მაშინ მისი საქმე კარგად ყოფილა. ეს უკვე მეორე პრობლემაა.

მე კიდევ ერთი რამის თქმა მინდა, - სიმართლე გითხრათ, ძალიან მიკვირს თქვენი კოლეგების. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ხელისუფლების მიერ მართულ მედიას. ის მედიასაშუალებები, რომლებიც თავის თავს თავისუფალ მედიასაშუალებებს უწოდებენ, ასეთი ფაქტების გამომზეურების დროს, ვფიქრობ, ცოტა სხვანაირად უნდა იქცეოდნენ. მე არავის არ ვაკრიტიკებ და არც არავის სარედაქციო დამოუკიდებლობაში არ ვერევი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ცოტა სხვანაირად უნდა იქცეოდნენ და ცოტა ოპერატიულად უნდა მიადევნონ თვალი, თუ რა ინფორმაციები ქვეყნდება, მათ შორის ამ მედიასაშუალებით.

ამ ადამიანებმა რომ თქვა, რომ ისინი საკუთარი ნებით აძლევენ ფულს პარტიას?

- ჩვენ ვნახეთ უწყისი, სადაც ჩამოთვლილია ეს ადამიანები და ათი თუ თორმეტი ადამიანი აწერს ხელს, რომ მან მიიღო ეს თანხა და იქ რაღაც პლუსებიც არის დასმული და, როგორც ჩანს, ეს არის იმის აღნიშვნა, ვინც უკვე მიიღო და ამ ადამიანებმა რა უნდა თქვან, რა მიიღეს? თუ იმას იტყვიან, რომ ხელფასი მიიღეს, ძალიან სასაცილო იქნება, რადგან გინახავთ სადმე, რომ საბუღალტრო ჩანაწერები ასე ფორმდებოდეს? სად არის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა? რატომ არ არის დანომრილი ეს უწყისი? თუ ამ დრაკონული კანონის ახალ რეგულაციებსაც გავითვალისწინებთ, მაშინ საერთოდ წარმოუდგენელია, რომ ვაწერდე ხელს და ფულს ასე ქეშად ვიღებდე.   

ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს საგანგაშო ფაქტია და კიდევ ერთ რამეში დაგარწმუნებთ, რომ ასეთი ინფორმაციები გამოჟონავს სხვა რაიონული ორგანიზაციებიდანაც, რადგან ხალხს მობეზრდა მონურად ცხოვრება და ეს ადამიანებიც ხედავენ, რომ ის ავკაცობა, რაშიც ფულს იღებენ, ადრე თუ გვიან დასრულდება და ამიტომაც ვფიქრობ, რომ ასეთი ფაქტები სულ უფრო და უფრო მეტი იქნება. ამიტომაც არის საჭირო სათანადო რეაგირება თითოეულ ასეთ ფაქტთან დაკავშირებით.