ე. წ. „მესამე ცენტრის“ შესახებ...

ე. წ. „მესამე ცენტრის“ შესახებ...

ბოლო დროს ქართულ მედიაში განიხილება საკითხი საპარლამენტო არჩევნების წინ ე. წ. „მესამე ცენტრის“ შექმნის შესახებ. ბუნებრივად დაისმის კითხვები: ვის ინტერესებში შედის ამგვარი „ცენტრის” შექმნა? რა ტიპის ელექტორატზე იქნება იგი ორიენტირებულ? რამდენად რეალური იქნება ამ „ცენტრში“ შემავალი პოლიტიკური ორგანიზაციების ოპოზიციური განწყობები და მიზანდასახულობა? ვის პოზიციებს განამტკიცებს „ცენტრი“ როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე უშუალოდ არჩევნების დღეს და სხვ.

ვფიქრობთ, „მესამე ცენტრის“ შექმნა არა მარტო ხელს აძლევს ხელისუფლებას, არამედ, შესაძლებელია, ღიად თუ შენიღბულად სწორედ ხელისუფლება გამოვიდეს მისი შექმნის ინიციატორად, ხოლო წინასაარჩევნო პერიოდში სწორედ ამ „ცენტრს“ შეუქმნას ხელსაყრელი გარემო (ფინანსური და ორგანიზაციული ხასიათის პირობები, მედიაში სრულფასოვანი მისაწვდომობა და სხვ.). ამით ხელისუფლება შეეცდება ერთბაშად რამდენიმე მიზანს მიაღწიოს: როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე შექმნას საარჩევნო სუბიექტთა თანასწორუფლებიანობის იმიტაცია, დააბნიოს ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი და გააღვივოს მასში არჩევნების მიმართ უნდობლობა და ნიჰილიზმი, დაქსაქსოს ოპოზიცია და წინასაარჩევნო დებატებით დაასუსტოს მისთვის საბედისწერო პრობლემად ქცეული საარჩევნო კოალიცია, წაართვას (განსაკუთრებით მაჟორიტარულ არჩევნებში) რეალური პერსპექტივის მქონე ოპოზიციურ ძალას გარკვეული რაოდენობის ხმები და სხვ.

ჩვენი აზრით, შექმნილ ვითარებაში ასეთ „ცენტრს“ ისედაც არა აქვს რამდენადმე სერიოზული საარჩევნო წარმატების შანსი და იგი, ადვილი შესაძლებელია, ნებსით თუ უნებლიეთ მხოლოდ ხელისუფლების მიზანთა განხორციელების დროებით ინსტრუმენტად გადაიქცეს, რისი მაგალითებიც უახლეს ისტორიაში არაერთხელ გვქონია.