„თვალთმაქცური გარიგების“ თვალთმაქცი „მხილებლები“

„თვალთმაქცური გარიგების“ თვალთმაქცი „მხილებლები“

კონტროლის პალატა „ქართულ ოცნებას“ „თვალთმაქცურ გარიგებაში“ ადანაშაულებს. აღნიშნულის შესახებ პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ნათია მოგელაძის განცხადებაშია ნათქვამი. თავის მხრივ, მოძრაობა „ქართულ ოცნებაში“ კონტროლის პალატის ამ ბრალდებას პოლიტიკურ დევნად აფასებენ და აცხადებენ, რომ ყველა გადარიცხვა, რაც კონტროლის პალატამ „თვალთმაქცურ გარიგებად“ მონათლა, კანონიერად დადგენილი სტანდარტების მიხედვით განხორციელდა.

კერძოდ, ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების პროცესში კონტროლის პალატისთვის ცნობილი გახდა, რომ თურმე 2011 წლის 29 დეკემბერს, მოძრაობა „ქართულმა ოცნებამ“ 2011 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მომსახურების შესყიდვის მიზნით საბანკო ანგარიშზე 2 მილიონი ლარი ჩაურიცხა შპს „ელიტა ბურჯს“.

2012 წლის 17 იანვარს, შპს „ელიტა ბურჯმა“, მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი 2 მილიონი ლარიდან, 100 000 ლარი უკან გადაურიცხა მოძრაობა „ქართულ ოცნებას“. აღნიშნული ფაქტიდან 3 დღეში, შპს „ელიტა ბურჯმა“ 2012 წლის 20 იანვარს გაფორმებული ახალი ხელშკერულების საფუძველზე, 100 000 ლარის გარდა, მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ კიდევ 1 მილიონი ლარი დაუბრუნა ანგარიშზე.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, კონტროლის პალატაში დაასკვნეს, რომ სახეზეა მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების ნიშნები, რადგან ორივე ორგანიზაცია რეალურად ერთსა და იმავე ფიზიკურ პირს ეკუთვნის, კერძოდ, მოძრაობა „ქართული ოცნების“ გამგეობის თავმჯდომარეს – ბიძინა ივანიშვილს. შესაბამისად, ივანიშვილი თავად არის დამკვეთიც, შემსყიდველიც და შემსრულებელიც. ამდენად, კონტროლის პალატა იშველიებს რა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონს, აცხადებს, რომ ბათილია ყველა გარიგება, რომელიც მიზნად ისახავს კანონით დადგენილი წესებისა და შეზღუდვებისთვის თავის არიდებას. ამგვარი გარიგების საფუძველზე გაცემული და მიღებული ქონება კი სახელმწიფოს საკუთრებაში მიიქცევა.

სანქციების გამოყენების თავიდან ასაცილებლად კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური „ქართულ ოცნებას“ წინადადებას სთავაზობს, მოძრაობა „ქართული ოცნების“ ანგარიშზე იურიდიული პირის – შპს „ელიტა ბურჯის“ მიერ ჩარიცხული თანხა 1.100 000 ლარი (ერთი მილიონი ასი ათასი ლარი) გადარიცხონ უკან – შპს „ელიტა ბურჯის“ ანგარიშზე.

მოძრაობა „ქართულ ოცნებაში“ კონტროლის პალატის ამ მოთხოვნას პოლიტიკურ დევნად აფასებენ. როგორც Presage. Tv-სთან საუბარში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ეკა ბესელია აცხადებს, არანაირ თვალთმაქცური გარიგება იქ არ ყოფილა.

„ყველა გადარიცხვა კანონიერად დადგენილი სტანდარტების მიხედვით განხორციელდა. პირიქით, კონტროლის პალატა არღვევს კონსტიტუციით მინიჭებულ საკუთარ კომპეტენციას და ასრულებს პოლიტიკურ დავალებას. ამიტომ მას მოუწევს, გადახედოს თავისი საქმიანობის შესაბამისობას კონსტიტუციასთან. მას არ აქვს უფლება, ჩაერიოს ასეთი ტიპის ოპერაციებში და საზოგადოებრივი მოძრაობის საქმიანობა ამ ფორმით აკონტროლოს. ამიტომ, ერთი მხრივ, კონტროლის პალატა იქცევა უკანონოდ, მეორე მხრივ, ასევე, არანაირ კანონდარღვევას არცერთი გადარიცხვის დროს ადგილი არ ჰქონია,“ - გვითხრა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, კონტროლის პალატამ „ქართული ოცნების“ მთავარი პოლიცმაისტერისა და მთავარი ფინანსური მაკონტროლებლის ფუნქცია არ უნდა შეიძინოს. ამდენად, მისი ჩარევა არასამეწარმეო პირების სახსრებში უკანონობაა.

„უკანონოა მოთხოვნა, რომელიც კონტროლის პალატამ „ქართულ ოცნებას“ გაუგზავნა, რადგან ყველა სამართლებრივი ურთიერთობა, ფინანსური კონტაქტი თუ გადარიცხვა, რომელიც „ქართული ოცნების“ სახელით ხორციელდება, კანონთან სრულ შესაბამისობაშია“, -აცხადებს ბესელია.

ხოლო იმის შესახებ, თუ რას აპირებენ კონტროლის პალატის საპასუხოდ „ქართულ ოცნებაში“, ეკა ბესელია კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.  

ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი Presage. Tv-ს მოგვიანებით დაკავშირება სთხოვა, თუმცა საინფორმაციო სააგენტოებთან საუბრისას განმარტა, რომ კონტროლის პალატა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს გასცდა და ცდილობს, გააკონტროლოს კერძო სამართლის სუბიექტების სახსრები თუ სხვა ტიპის საქმიანობა. 

„კონსტიტიუციის 42-ე მუხლის“ იურისტი მანანა კობახიძე Presage. Tv-სთან საუბარში გასაკვირს ვერაფერს ხედავს, თუ შპს. „ელიტა ბურჯმა“ საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებაში“ თანხები გადარიცხა.

„უკან გადარიცხვის მიზეზი რა იყო შპს. „ელიტა ბურჯისგან“? შეიძლება ის, რომ არ გამოიყენა ის თანხა მთლიანად. ყოველ შემთხვევაში, ეს არ ნიშნავს თვალთმაქცურ გარიგებას. არ მინახავს ეს გარიგება, ამდენად ვერ გეტყვით, რას ეფუძნება კონტროლის პალატის მოთხოვნა. ზოგადად, მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგება ისეთი გარიგებაა, რომელიც აგებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად. უფრო სწორად, მხარეებს რაღაც სხვა გარგების დაფარვა სურთ. ასეთ ტერმინს იცნობს სამოქალაქო კოდექსი და ის არ არის სისხლის სამართლის დანაშაული“, - აცხადებს მანანა კობახიძე.

მისი თქმით, არც ისაა კანონდარღვევა, რომ ორივე ორგანიზაცია ერთსა და იმავე ფიზიკურ პირს, ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს, ეკუთვნის.

„თვალთმაქცური არის თუ არა გარიგება, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და არა კონტროლის პალატის შესაფასებელი, რადგან გარიგება თუ თვალთმაქცურია, სასამართლომ უნდა დაადგინოს და სასამართლოში უნდა იდაონ. კონტროლის პალატა არ არის ის ორგანო, ვისაც შეუძლია, შეაფასოს, გარიგება იყო თუ არა თვალთმაქცური. ის, რომ ერთი ადამიანს ეკუთვნოდა ორი ორგანიზაცია, ეს არაფერს ნიშნავს. ერთი სხვა იურიდიული პირია და მეორე - სხვა იურიდიული პირი. გადარიცხვას ერთი იურიდიული პირიდან მეორის მიმართ კანონი არ კრძალავს“, - აცხადებს იურისტი.

მისი თქმით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ თვალთმაქცურია გარიგება, მაშინ ბათილია ასეთი გარიგება და მხარეებს უბრუნდებათ ყველაფერი, რაც ამ გარიგების საფუძველზე მიიღეს.