„თუ თვლით, რომ ფორმულირების დახვეწა საჭიროა, თქვენგან ველოდებით ამ ფორმულირებებს. მაგრამ გარანტიას ვერ გაძლევთ, რომ ეს ფორმულირებები აუცილებლად შევა კანონში“, - ეს განცხადება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმა არსამთავრობო ორგანიზაციებთან გამართულ შეხვედრაზე რამდენიმესაათიანი კამათის შემდეგ გააკეთა.
კამათი კი კუბლაშვილსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ძალიან დიდ ნაწილს შორის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შეტანილ იმ ცვლილებებთან დაკავშირებით გაიმართა, რომელიც პოლიტიკური პარტიებისთვის მთელი რიგი შეზღუდვების და აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს, რომლებიც, ამავე დროს, გავრცელდება პარტიასთან პირდაპირ, ან ირიბად დაკავშირებულ პირებზე.
არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან აქცენტი რამდენიმე საკითხზე გაკეთდა. პირველი არის ის, თუ რის საფუძველზე თვლის კონტროლის პალატა ამა თუ იმ ორგანიზაციას პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირად. როგორც მათ აღნიშნეს, გაუგებარია, ვისი ვალდებულებაა, განსაზღვროს ასეთი პირები, რადგან კეთდება ზეპირი განცხადებები, რომ ეს კონტროლის პალატის პრეროგატივაა. თუმცა, კანონის 34/1 მუხლში, რომელიც კონტროლის პალატის უფლებამოსილებებს განსაზღვრავს, მსგავსი არაფერია ნათქვამი. ამასთან, არ არსებობს ნორმა, რომლის მიხედვითაც კონტროლის პალატამ უნდა იხელმძღვანელოს.
სწორედ ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციები შიშობენ, რომ კანონის ეს ნორმა კონტროლის პალატას უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენების და ამის საფუძველზე სხვადასხვა პირების დისკრიმინაციის საშუალებას აძლევს.
თუმცა, პავლე კუბლაშვილი დარწმუნებულია, რომ კონტროლის პალატა ასეთ რამეს არ ჩაიდენს, რადგან „იქ გიჟები არ არიან“, არასამთავრობო სექტორს კი არ აქვს იმედი, რომ კონტროლის პალატაში „გიჟები“ არ გამოჩნდებიან და კანონში, კონტროლის პალატის უფლებამოსილებების დეტალურად გაწერას ითხოვენ.
რაც შეეხება პარტიებთან დაკავშირებული პირების კონკრეტიზაციას, არასამთავრობო სექტორს მიაჩნია, რომ კანონის ნორმით, დაკავშირებული პირი იქნება ყველა პარტიის ყველა წევრი და მისი ახლობლები, თანამშრომლები თუ ოჯახის წევრები. ასევე, პოლიტიკური მიზნის მქონე ნებისმიერი პირის ოჯახის წევრის საწარმო და ა.შ.
კუბლაშვილი კი აცხადებს, რომ შეზღუდვები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუწესდება „დაკავშირებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს“, თუ ისინი პოლიტიკური პარტიების მიზნების განხორციელებისას, კანონით დადგენილი ნორმების გვერდის ავლაში დაეხმარებიან.
აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო სექტორიდან საპარლამენტო უმრავლესობას, მხოლოდ მიხეილ თავხელიძე ექომაგებოდა, რომელმაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ ნორმების არასწორად ინტერპრეტირებაზე ისაუბრა.
არასამთავრობო სექტორი კი მიიჩნევს, რომ კანონში ცვლილებების შეტანა და დამატებითი დაზუსუტებების გაკეთება აუცილებელია. როგორც შეხვედრისას კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისათვის“ თავმჯდომარე, ირაკლი მელაშვილმა განაცხადა, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით უკვე გაიმართა რამდენიმე კონსულტაცია და ხელისუფლების მზაობის შემთხვევაში ისინი ცვლილებათა პროექტს წარმოადგენენ.
მთავარი კი ის არის, რომ ხელისუფლება არასამთავრობოების შენიშვნას არ ითვალისწინებს. ყოველ შემთხვევაში, პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, „თუ თვლით, რომ ფორმულირების დახვეწა საჭიროა, თქვენგან ველოდებით ამ ფორმულირებებს. მაგრამ გარანტიას ვერ გაძლევთ, რომ ეს ფორმულირებები აუცილებლად შევა“.
თავისთავად, თუკი ხელისუფლება არაფრის შეცვლას არ აპირებს, მაშინ ჩნდება კითხვა, ასეთი შეხვედრის გამართვას რა აზრი აქვს.
ამის პასუხი მხოლოდ ის არის, რომ დასავლეთი ხელისუფლებას კანონში გარკვეული ცვლილების შეტანას აიძულებს. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მას შემდეგ, რაც ეს კანონი იქნა მიღებული, აშშ-ის ადმინისტრაციისა და ევროკავშირის მხრიდან არაერთი განცხადება იქნა გაკეთებული, რომ აქ ჩაწერილი ნორმები ხშირ შემთხვევაში, ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და, შესაძლოა, ეს პოლიტიკური ზეწოლისთვის იქნას გამოყენებული და გარკვეული პრობლემები გამოიწვიოს. ასეთივე მესიჯი იქნა გაკეთებული გუშინ ევროსაბჭოს მხრიდანაც. ცხადია, გასათვალისწინებელია ისიც, რომ 30 მაისს სააკაშვილს ობამასთან შეხვედრაზე თავის მოსაწონებლად რაიმე არსებითი არგუმენტის თქმაც მოუწევს.
ამიტომაც, ამ ყველაფერს თუ გავითვალისწინებთ, ამ შეხვედრის გამართვის აზრიც გასაგები ხდება. მაგრამ, ცხადია, დასავლელი პარტნიორებისთვის მხოლოდ იმის თქმა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა უკვე მიღებულ ნორმებზე გამართეს და არაფრის შეცვლას არ აპირებენ, თავის მოსაწონებლად ვერანაირად ვერ გამოდგება.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას გარკვეული ცვლილებების შეტანა მაინც მოუწევს. თანაც, ეს პროცესი 30 იანვრამდე უნდა დაიწყოს. თუმცა, ჯერჯერობით არ კონკრეტდება, რის შეცვლას აპირებენ. Presage.tv-ს ინფორმაციით, ეს ცვლილებები მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებულ რეგულაციებს შეეხება. თუმცა, კონკრეტულად რა იქნება, ამის თქმა ჯერჯერობით ძნელია და, წესით, უახლოეს დღეებში გამოჩნდება.