„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი თეა წულუკიანი Presage.tv-სთან საუბარში აშშ-ის ოფიციალურ პოზიციაზე ამახვილებს ყურადღებას - საქართველოში მომავალი არჩევნები არა მხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი, არამედ სანდო უნდა იყოს. არჩევნების სამართლიანად ჩატარება ყოველთვის არ ნიშნავს სანდოობას და არც უნდა გვჯეროდეს, რომ მის შედეგებს საზოგადოება ყოველთვის ირწმუნებს.
რამდენად აისახება საქართველოს ხელისუფლებაზე „ჰუმან რაითს ვოჩის“ ანგარიში, სადაც საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის არაერთი ფაქტია დასახელებული? მოგეხსენებათ, პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ყურადღებით ეცნობიან ამ დასკვნას, რაც მათთვის საინტერესო ინფორმაციის წყაროა.
- თქვენ გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ ქალბატონმა ეკა ტყეშელაშვილმა „ჰუმან რაითს ვოჩის“ ერთ-ერთი დასკვნის შესახებ საუბრისას თავად ამ ორგანიზაციის ობიექტურობასა და პროფესიონალიზმში ეჭვი შეიტანა. ახლა მისი კომენტარის ზუსტ ფრაზებს ვერ ვიხსენებ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, შინაარსი ასეთი იყო. ამდენად, ნაციონალების დღევანდელი კომენტარი უფრო ადექვატური და წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ, ალბათ, არ არის გულწრფელი. არა მგონია, ამ დასკვნას მათ მოაყოლონ ეფექტური და ქმედითი ნაბიჯები, მაგრამ იმას მაინც აანალიზებენ, რომ არ შეიძლება ასეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციების დისკრედიტაცია. „ჰუმან რაოთს ვოჩის“ დასკვნა უკიდურესად შემაშფოთებელი და გაბედულია, ვიდრე ადრე იყო ხოლმე.
პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის თანახმად, დაუხარჯავი თანხა ან ბიუჯეტში უნდა გადარიცხულიყო, ან პარტიებს როგორმე უნდა დაეხარჯათ. ამიტომ ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ძვირადღირებული ავტომანქანა შეიძინა. რესპუბლიკელების თქმით, მილიონნახევარი ლარი ერთ დღეში უნდა დაეხარჯათ, ამიტომ, სანამ ხელისუფლება თანხას წაართმევდა, სხვა დანახარჯებთან ერთად, მათ ავტომანქანებიც შეიძინეს. თქვენ რაში დახარჯეთ თანხა?
- შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენ, „თავისუფალ დემოკრატებს“ ეს თანხა მანქანებში არ დაგვიხარჯავს.
შეგიძლიათ გვითხრათ, რაში დახარჯეთ?
- პირველ თებერვლამდე გვაქვს ვადა და ხარჯთარიცხვა რომ დაიდება, გამოჩნდება. ის, რაც მართალია და ყველას ერთნაირად გვეხება, მათ შორის ჩვენც, ისაა, რომ იმ კანონპროექტის გამო, რომელიც უნდა მიეღო ხელისუფლებას, ამ ფულის უფრო სწრაფი ტემპით დახარჯვა მოგვიწია, ვიდრე ამას ვსაზღვრავდით და ვგეგმავდით. თუმცა სწრაფი ტემპით ფულის ხარჯვის დროს ეს ფული მთლიანად მოვახმარეთ, ოღონდ ათჯერ უფრო სწრაფად, ინფრასტრუქტურას. კერძოდ, - რაიონებში სტრუქტურების შექმნასა და განვითარებას, უფრო სწრაფი ტემპით იჯარების გადახდას, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა. ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ „თავისუფალ დემოკრატებს“ ეს ფული მანქანებში არ დაგვიხარჯავს.
ბიძინა ივანიშვილის კოალიციის ფორმატით, როგორ გესახებათ რაიონებში გასვლა, როცა „მიშა-მიშას“ ძახილით ხვდებიან სააკაშვილს, მათ შორის, პატარა ბავშვები?!
- ირაკლი ალასანია თითქმის ყოველდღიურად არის რაიონებში, მაგრამ, როდესაც იგი რაიონშია, მას არავინ ხვდება „მიშა-მიშას“ ძახილით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ, თუკი ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამდე ირაკლი ალასანია რაიონებში აბსოლუტურ ნიჰილიზმს ხედავდა, დღეს ეს ნიჰილიზმი ივანიშვილის გამოჩენის წყალობით დაძლეულია, ხალხი იმედიანადაა. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც მიშა-მიშას იძახის, ჩვენ არაერთი მაგალითი და ჟურნალისტური გამოძიება ვიცით, რომ ეს ხალხი, როგორც წესი, მოყვანილი და წინასწარ დარიგებულია, როგორც ეს საბჭოთა პერიოდში ხდებოდა.
როცა საარჩევნო სიტუაცია დახურულია, მის ფორმირებაში დასავლეთი უშუალოდ ვერ ჩაერევა და მხოლოდ სიტყვიერ დონეზე შემოიფარგლება, არჩევნებისთვის რა პერსპექტივას ხედავთ?
- რეალური გამოსავალი არის ჩვენში და საზოგადოებაში. დასავლეთი ჩვენს გასაკეთებელს ვერ გააკეთებს. მათ შეუძლიათ, უბრალოდ, თავიანთი განცხადებებით ხელი შეუწყონ დემოკრატიულ პროცესებს. ეს განცხადებები კი უკვე გაკეთდა. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მის ქვეყანას მოლოდინი აქვს - საქართველოში მომავალი არჩევნები იქნება არა მხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი, არამედ - სანდოც. სანდოობა ნიშნავს, რომ, შესაძლოა, არჩევნები იყოს სამართლიანი, მაგრამ საზოგადოებამ უნდა დაიჯეროს და მიიღოს ის შედეგი, რაც დადგება. დასავლეთს მეტი არაფერი ევალება და ნუ მოვთხოვთ იმას, რაც არ ევალება. ჩვენ გვევალება ის, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია შევქმნათ და ამისთვის პოლიტიკური პარტიები თავიანთ პასუხისმგებლობას იკისრებენ. კერძოდ, სერიოზულ საარჩევნო ადმინისტრაციას შევქმნით. ამაზე მუშაობა უკვე იწყება, რათა დამკვირვებლები უბრალოდ ახლობლები კი არ იყვნენ, როგორც ეს აქამდე ხშირად ხდებოდა, არამედ პროფესიულად მომზადებული ადამიანები, საარჩევნო სისტემაში გარკვეული პირები, რომელთაც შეეძლებათ არა მხოლოდ კვალიფიციური დაკვირვება, არამედ იქ მისული ჩვენი ამომრჩევლისთვის სწორი მიმართულების მიცემა და საჭიროების შემთხვევაში - რჩევაც. დავების მომზადების სისტემა უნდა დაიხვეწოს, ნებისმიერი გაყალბების თუ შეცდომის შემთხვევაში, ოპოზიცია უფრო აქტიური უნდა იყოს. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სიები ჯერ დაზუსტებული არ არის. თუ მივაღწევთ იმას, რომ სიები, ასე თუ ისე, უფრო სანდო იყოს, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ იქნება. არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი, მაგრამ დადებითი მომენტია, რომ სიების შემმოწმებელ კომისიაში არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათთან აქტიურ თანამშრომლობას ვგეგმავთ. მოქალაქეებმაც უნდა იაქტიურონ და არ დახუჭონ თვალი არცერთ ანომალიაზე, რასაც თუნდაც თავიანთ სამეზობლოში შეამჩნევენ. არცერთი დემოკრატიული საარჩევნო პროცესი არ იქნება უზრუნველყოფილი მხოლოდ პარტიების მიერ. ეს არსად არ ხდება. სამოქალაქო აქტიურობის გარეშე დემოკრატია არასდროს იქნება.
ობამა-სააკაშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით ოპოზიციას გადამეტებული მოლოდინი ხომ არ აქვს, რომ ორი პრეზიდენტი მომავალი სამართლიანი არჩევნების ჩატარების თაობაზე ისაუბრებს?
- ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი 31 იანვარს ხვდება ბარაკ ობამას. ძალიან ბევრი თემა იქნება განხილული, რომლებიც იხილებოდა შევადნაძის დროსაც და განიხილება მომავალი პრეზიდენტის დროსაც, მაგრამ ერთი თემა, რომელიც გამოარჩევს ამ შეხვედრას სხვა შეხვედრებისგან, არის ის, რომ ამერიკის პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს აუხსნის მომავალი არჩევნების შესახებ...
საიდან იცით, რომ ობამა ამის შესახებ დაელაპარაკება?
- ეს თეთრი სახლის განცხადებაში წერია, რომ საუბარი აუცილებლად შეეხება მომავალ არჩევნებს. უსაფრთხოება, ვაჭრობა და სხვა საკითხები, ყველა პრეზიდენტის, ყველა ეპოქის შეხვედრის დროს განიხილება ხოლმე, მაგრამ ამ შეხვედრის მთავარი მნიშვნელოვანი მხარეა, რომ უშუალოდ მომავალ არჩევნებზე ექნება ორ პრეზიდენტს საუბარი. აშშ-ის პოზიცია უკვე ცნობილია და ალბათ, იმავეს გაიმეორებენ სააკაშვილის წინაშეც, რომ მომავალი არჩევნები მარტო კი არ უნდა ჩატარდეს, არამედ უნდა იყოს სამართლიანი და შედეგი სანდო უნდა იყოს მოსახლეობისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, გარკვეული ხარისხის დესტაბილიზაციის საფრთხე გაჩნდეს, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ ეს საქართველოს უსაფრთხოების პრობლემა შეიძლება გახდეს. ეს არც ჩვენი ხალხის ინტერესებშია, არც იმ სტრატეგიული პარტნიორის ინტერესში, როგორიცაა ამერიკა.
თქვენ პოლიტიკაში გენდერული ბალანსის დაცვის თემაზეც მუშაობთ.
- დიდი ხანია, რაც „ენდიაის“ თაოსნობითა და ხელშეწყობით საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ქალთა როლის გაზრდის საკითხი მიმდინარეობს. ჩვენი პარტია - „თავისუფალი დემოკარტები“ ერთ-ერთია, რომელმაც ხელი მოაწერა დოკუმენტს „ენდიაიში“, რომლის თანახმადაც, „თავისუფალმა დემოკარტებმა“ ვალდებულება აიღეს, თავის საქმიანობაში ქალების როლის გაზრდას ხელი შეუწყონ. თქვენ იცით, რომ, სამარცხვინოდ, ჩვენს პარლამენტში ათი ქალიც კი არ არის წარმოდგენილი, რაც სამწუხაროა, რადგან საზოგადოებას ორი ბუნებრივი ნაწილი აქვს - ქალები და მამაკაცები. რაც არ აისახა ჩვენს საკანონმდებლო ორგანოში.
ასეთ პოლიტიკურ სივრცეში, როცა მთელი ბერკეტები ხელისუფლების ხელშია, რას შეცვლიდა თუნდაც მეტი ქალის გამოჩენა პოლიტიკაში? იქნებ, პოლიტიკაში გენდერული ბალანსის დაცვის იდეა, უბრალოდ, მომხიბვლელია?
- ქალი ქალია, მიუხედავად იმისა, ის ნაციონალია, თავისუფალი დემოკრატი, თუ ახალი მემარჯვენე. ქალების უმრავლესობა, ვინც ჩართულია პოლიტიკურ პროცესში, ძალიან აქტიური, პოლიტიკურად მომზადებულია, მაგრამ ჩვენი პარტიის მაგალითზეც შემიძლია გითხრათ, რომ ქალები არიან ძირითადად რაიონულ დონეზე. ხოლო იქ, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება, ძირითადად მამაკაცები ჭარბობენ. ეს კი უნდა შეიცვალოს. ჩვენს პარტიაში ხელმძღვანელობის დონეზე ეს ბალანსი, ასე თუ ისე, დაცულია, მაგრამ ჩვენს პოლიტსაბჭოში მხოლოდ ორი ქალი ვართ, რაც ძალიან ცოტაა. ამიტომაც მიგვაჩნია, იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები დროსთან შესაბამისი და ადექვატური იყოს, ამისთვის აუცილებელია ამ გადაწყვეტილების მიღებაში არა მხოლოდ მამაკაცები, ქალებიც მონაწილეობდნენ.