„ქართული პოლიტიკის განტევების ვაცი აღმოვჩნდი“

„ქართული პოლიტიკის განტევების ვაცი აღმოვჩნდი“

„დარჩა პოლიტიკოსი საქართველოში ქუჩაში რომ არ გამოსულიყო. სხვები არ ითხოვდნენ სააკაშვილის გადადგომას? რა გავაკეთე ისეთი, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი? ყველაზე მეტი საშიშროება სააკაშვილისთვის ბადრი იყო, რომლის გვერდითაც ვიდექი. დღეს ეს საშიშიროება ხომ აღარ არის? ერთადერთი პოლიტიკოსი, ვინც ხმა ამოიღო ქვეყნიდან ჩემი უკანონო გამოძევების გამო, კახა კუკავაა. დანარჩენებმა სხვისი ჭირი ღობის ჩხირიო. რა დანაშაული ჩავიდინე, ფული მოვიპარე, ვინმე მოვკალი თუ რა? მე ქართულ პოლიტიკას შევეწირე. ეს 4 წელიწადი ჩემთვის მხოლოდ ფიზიკური კი არა, სულიერი ტანჯვაა“, - გვითხრა დევნილობაში მყოფმა საჩხერის ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ვალერი გელბახიანმა, რომელიც საქართველოში შექმნილ ახალ პოლიტიკურ რეალობაზე გვესაუბრა:

- მიუხედავად იმისა, რომ საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი, ბიძინა ივანიშვილს კარგად არ ვიცნობ, რადგან ბატონი ბიძინას ახლო ურთიერთობა არ ჰქონდა საჩხერის ინტელიგენციასთან. წლების გამავლობაში 4 გამგებელი გამოიცვალა და არცერთ გაგებლთან და დეპუტატთან არ ჰქონია პირადი ურთიერთობები. არც ვაწუხებდი, რადგან ეს კაცი აკეთებდა ყველაფერს, რისი გაკეთებაც დეპუტატს ენდომებოდა თავის  რაიონში.

ივანიშვილი რომ გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე, ყველაზე მეტად მე, ემიგრანტს უნდა გამხარებოდა, რომ მომეცემა საშუალება სამშობლოში დავბრუნდე. თან მეამაყება, რომ ჩემი მშობლიური კუთხის შვილი გამოდის საქართველოს მშველელად, მაგრამ ტანში დამცეცხლა, როდესაც  ივანიშვილმა სადემარკაციო ხაზის გავლება დაიწყო.

საქართველოში არასოდეს ყოფილა პოლიტიკოსისადმი ასეთი ინეტერსი. საზოგადოება დიდხანს ელოდა მხსნელს და როდესაც მთელი ერი შემოგჩერებია, ის ნაბიჯი უნდა გადადგა, რასაც ერი გთხოვს, - ყველა უნდა გაამთლიანო. ბიძინას შეეძლო ყველა ერთად დაეყენებინა და ხელისუფლება უმცირესობაში აღმოჩნდებოდა. წარმოგიდგენიათ, რამდენი მხარდამჭერი დაკარგა ივანიშვილმა, როდესაც ალასანია და „რესპუბლიკელები“ მიიერთა და სხვებს უარი უთხრა ქართულ მოძრაობაში მიღებაზე? რატომ არ უნდა ვიყოთ ყველა მონაწილე ქართული ოცნების ასრულებისა, რომელსაც მან ხელი მოჰკიდა? ამას გულისტკივილით ვამბობ, ვადასტურებ პატივისცემას ბატონი ბიძინასადმი, მაგრამ არის ისეთი საკითხები, რაზეც დღეს თუ არ ვილაპარაკეთ, ხვალ შეიძლება გვიანი იყოს.

იყო ერთი მეფე, ფილიპე მაკედონელი, რომელსაც რომაელებთან ჰქონდა ომი და რამდენჯერმე დამარცხდა. ერთხელად, როდესაც მორიგი წაგებული ომიდან ბრუნდებოდა, მრჩეველებს ჰკითხა, - რატომ წავაგე ეს ომიო. მრჩეველებმა დაასახელეს მიზეზები და მეფემ ყველას თავები დააჭრა, - რატომ არ მომეცით რჩევა მანამ, სანამ შეცდომას დავუშვებდიო. არ მინდა, რომ ბატონი ბიძინას ამოცანა მანდატებისთვის ბრძოლა იყოს. არადა ასე ჩანს. ის ამ რეალობით ვერ აიღებს 25%-ზე მეტს. ვერ დავიჯერებ, რომ ივანიშვილის სასარგებლოდ წავა ჯარის და პოლიციის ხმები, ასევე სახელისუფლებო სისტემაში დასაქმებულთა, არაქართულენოვანი რეგიონებისა და სამეგრელოს ხმები.

თან ის ფულსაც ვერ ხარჯავს თავისუფლად.

- მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს ფინანსების თავისუფალი ხარჯვა არ შეუძლია, ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, ივანიშვილს იმხელა რესურსი აქვს, დაეჯერება, თავად მისი სიტყვაა ავანსი. 

საინტერსოა როგორ მოიქცევიან ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ივანიშვილის კოალიციაში არ მოხვდებიან?

- ივანიშვილს ხმებს წაართმევს „ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა ოპოზიციური ძალა, რომელიც მის გვერდით არ იქნება. ხმები ძირითადად წავა სამი სუბიეტის: ლეიბორისტების, რომელთაც 5%-იანი ბარიერის პრობლემა არასოდეს ჰქონიათ, ქრისტიან-დემოკრატების და ახალი პოლიტიკური ცენტრისკენ, რომელიც შესაძლოა ნინო ბურჯანაძის, „ეროვნული ფორუმისა“ და ლევან გაჩეჩილაძის მონაწილეობით შეიქმნას. ეს ერთ-ერთი სერიოზული ფრთა იქნება და არ ექნება 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა. პარლამენტში, სადაც პარტიული სიით 77 დეპუტატი იქნება, 5 პოლიტიკური სუბიექტი შევა და ვერცერთი ვერ მიიღებს 2/3 კი არა, 50 +1-საც.

ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ხმები დააკლდათ ლეიბორისტებს, მაგრამ ქრისტიან-დემოკრატებს არაფერი დაკლებიათ. არ მგონია, რომ მათ 5%-ის გადალახვის პრობლემა ჰქონდეს. ვეჭვობ თარგამაძე და ნათელაშვილი ვინმეს გაურიგდნენ, ეს პოლიტიკური ძალები ცალკე წავლენ არჩევნებზე, რათა აიღონ „ოქროს მანდატები“, რომელიც უმრავლესობის ბედს გადაწყვეტს.

ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ ზოგიერთი პარტია დაშლის საფრთხის წინაშე დააყენა. აბა რას ნიშნავს, რომ პარტიიდან ვიღაც გინდა და ვიღაც - არა.  უკვე ფაქტია, რომ ძიძიგური და დავითაშვილი, პარტიების გარეშე, ინდივიდუალურად შევიდნენ  ივანიშვილის კოალიციაში. შესაძლებელია „ფორუმსა“ და ივანიშვილს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდეს, მაგრამ ეგენი ვერ შეთანხმდებიან პარტიულ სიაზე და კვოტებზე. ამ კოალიციაში „ფორუმი“ ვერ იქნება ისე  წარმოდგენილი, როგორც  რესპუბლიკელები და ალასანია არიან. ძიძიგური და დავითაშვილი თითო მანადატზეც თანახმა იყვნენ, მაგრამ  „ფორუმი“ ასეთ წინადადებას ხომ არ დათანხმდება? მეტს მოითხოვს, მაგრამ...  რესპუბლიკელებსა და თავისუფალ დემოკრატებს მინიმუმ იმდენი დეპუტატის გაყვანა მაინც ენდომებათ პარლამენტში, რომ იქ ფრაქციები შექმნან და გამსვლელ სიაში მოითხოვენ ადგილებს. პარტიის შექმნას ივანიშვილიც აპირებს და გაძნელდება „ფორუმის“ დამატება პარტიულად. ამიტომაც ივანიშვილი შეეცდება უპარტიოდ წამოიყვანოს პარტიებიდან წონადი ფიგურები. რესპუბლიკელებისა და ალასანიას ამბიციას საქართველოს ბედი ეწირება.

ბევრს ლაპარაკობენ ივანიშვილის გარემოცვაზე, თუმც მან განაცხადა, ბოლო სიტყვას ყოველთვის მე ვამბობო.

- ეს განცხადება თავის მართლებას ჰგავს. როდესაც საზოგადოებას გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი ეპარება, მაშინ ისმება კითხვები. აჯობებს იმაზე ვიფიქროთ, რატომ არის ეს გადაწყვეტილებები საეჭვო და არა იმაზე, თუ ვინ იღებს გადწყვეტილებებს. ივანიშვილის კოალიციის დაშლა გარდაუვლად მიმაჩნია. ქართული პოლიტიკური ისტორიიდან ერთ მაგალითს გაგახსენებთ: 1999 წლის პარლამენტში შესვლამდე შევქმენით კოალიცია, სადაც ჰეგემონი „აღორძინება“ იყო. ამ კოლიციის შემადგენლობაში მყოფი 5 პოლიტიკური ძალა პარლამენტში მოხვდა, მაგრამ პარლამენტში შესვლის შემდეგ ისინი აღარ ემსახურებოდნენ „აღორძინების“ პოლიტიკურ დირექტივებს, ყველა თავის გზით წავიდა. მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ საერთო ნაციონალური ამოცანისთვის, ღირს რისკის გაწევა. მოწინააღმდეგის დასამარცხებლად და პოლიტიკურ სანაგვეზე გასაშვებად მანდატების დაკარგვაც უღირს ივანიშვილს. თუ ორიენტაცია მოგებაზე გაქვს, ეს მსხვერპლი უნდა გაიღო.

ზემოთ კითხვები ახსენეთ, ხშირად ისმის კიდევ ერთი კითხვა, - რატომ სურს ბიძინა ივანიშვილს ასე ძლიერ პოლიტიკაში მოსვლა, რომ ამ დაუნდობელ სფეროში მეუღლის შემოყვანასაც არ დაერიდაო.   

- ჯერ კიდევ 8 წლის წინ ვთქვი, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდოდა, მაგრამ როდესაც ტელევიზია გადააბარა, გავჩუმდი. სულ მქონდა განცდა, რომ ამხელა საქველმოქმედო ხარჯების გამწევ ადამიანს გაუჩნდებოდა პოლიტიკური უკუგების სურვილი. ადამიანი, როდესაც  ფართო მასშტაბის ქველმოქმედებას იწყებს, ის უსათუოდ ითვლის ხარჯს, მაგრამ თუ მას დაგეგმილი აქვს მისი პოლიტიკურად უკუგება, ეს ხარჯი გამართლებულია. ბიძინა ელოდებოდა დროს, როდესაც საქართველოში ხელისუფლების ცვლილების დრო მოვიდოდა და კანონზომიერი ნაბიჯი გადადგა. არ მგონია მას პოლიტიკაში მოსვლას ვინმე ავალებდეს, რადგანაც ის ძალიან დამოუკიდებელი პიროვნებაა. ბუნებით ჯიუტი და ძნელად იცვლის პოზიციას. მას რომ საიმედო პატრნიორები ჰყოლოდა, აღარ დასჭირდებოდა პოლიტიკური პარტია საოჯახო ინსტიტუტად გადაექცია. მეუღლე პოლიტიკაში იმიტომ შემოიყვანა, რომ არავის იმდენად არ  ენდობოდა, რომ პარტია გადაეცა.  

იმ გზით, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა აირჩია, შუა არ გაიკრიფება. პოლიტიკა არ არის ისეთი საქმიანობის სფერო, სადაც ხისტი პოზიციები იმარჯვებს. პოლიტიკაში როდესაც საერთო ინტერესი ჩნდება, შეიძლება მოწინააღმდეგე გაიხადო პარტნიორად.

ივანიშვილმა  ნათელაშვილი და ქრისტიან-დემოკრატები გააკრიტიკა. თუ მას მიაჩნია, რომ ამ პოლიტიკურმა ძალებმა თავიანთი სტატუს-ქვოს მოპოვება არასწორი ტაქტიკით, ან არაზნეობრივი პოზის წყალობით შესძლეს, მინდა წინასწარ ვუთხრა, რომ თვითონაც ბევრი არაეთიკური სვლის გაკეთება მოუწევს, რაც არანაირად არ იქნება ზნეობრივი და ამის ნიადაგზე შუის გაკრეფა არასწორია. პოლიტიკაში მტრის მიმხრობაა გამარჯვება.

ჩვენ საქმე დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალასთან კი არა, ძალმომრეობასთან გვაქვს. არ შეიძლება ამ უკანონობას ევროპული ტექნოლოგიებით დაუპირისპირდე. როდესაც ხელისუფლება უხეში ძალით იბრძვის, უნდა მიიღო თამაშის ეს წესი. მახსოვს, გამსახურდია ამბობდა, - კიტოვანს ვარდები ვესროლოდ და ტყვიას აღარ ისვრისო, მაგრამ ხომ ისროლა კიტოვანმა? გარწმუნებთ, მივა ბიძინა ივანიშვილი იმ დასკვანამდე, რომ ამ რეჟიმთან საბრძოლველად  ქუჩაში გამოსვლა აუცილებელია. ბიძინა ივანიშვილი ერთ დღესაც გამოვა და იტყვის, - ქუჩაში გამოდითო! და კიდევ, რატომღაც მგონია, რომ სააკაშვილი არჩევნებს ოქტომბერში კი არა, გაზაფხულზე ჩაატარებს და ეს ვადამდელი კი არა, კანონიერ ვადაში ჩატარებული არჩევნები იქნება.

მოხდა ისე, რომ ქართული პოლიტიკის განტევების  ვაცი აღმოვჩნდი. არავის არაფერს ვაბრალებ. რომელიმე  პოლიტიკოსის მოწყალებას არ ველოდები. არც ბატონი ბიძინასგან ველოდები რამეს, მაგრამ იმიტომ ვლაპარაკობ,  რომ შეცდომები რაც ჩვენ დავუშვით, ბიძინამ აღარ გაიმეოროს.