„მმართველი გუნდი ჯერ არ ჩამოშლილა, მაგრამ ჩამოიშლება, როცა არჩევნებს წააგებს!“

„მმართველი გუნდი ჯერ არ ჩამოშლილა, მაგრამ ჩამოიშლება, როცა არჩევნებს წააგებს!“

„ძიძიგურ-დავითაშვილის პარტიები საარჩევნო ბლოკში ვერ მოხვდებიან. კოალიცია ივანიშვილ-ხვედელიძის პარტიის ფორმირების დასრულებას არ დაელოდება და მალე ამუშავდება - ტრადიციულად, არ ვიცით, როდისაა „მალე“'. ვიხილავთ მთელ საქართველოში გაშლილ უპრეცედენტო საარჩევნო კამპანიას, რომლის მსგავსი ჯერ არ ყოფილა. წარსულის ბნელ მოგონებებს, მათ შორის, სოზარ სუბარის გასილაქებასა და მის ბრალდებებს, ივანიშვილის ხათრით, დავივიწყებთ ისევე, როგორც „ალიანსის“, „რვიანისა“ და „ექვსიანის“ დაშლას და არჩევნებსაც მოვიგებთ“. ხოლო იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანას ე.წ. მეორე ცენტრი, „ვერსიას“ „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, ირაკლი ჩიქოვანი ესაუბრება:    

- ნაციონალური მოძრაობის სახელისუფლებო ექსტრემიზმი იმისკენაა მიმართული, რომ საარჩევნო კამპანია, მათ გარდა, სხვამ ვერავინ აწარმოოს. იზღუდება ბევრი პარტიის უფლება და არაა შემოთავაზებული სხვა არანაირი ალტერნატივა. მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მაკონტროლებელი ბერკეტი კი სულ უფრო ნაკლებია.

გისმენთ და უამრავი კრახით დასრულებული ოპოზიციური პროექტი მახსენდება, იგივე რვიანი, რომელსაც მთელი ამ დროის მანძილზე შეეძლო, ადმინისტრაციული რესურსების მაკონტროლებელი ორგანოს შექმნა მოეთხოვა. თქვენ კი არაფერი გააკეთეთ!

- ვერ დაგეთანხმებით, რომ ამ მიმართულებით ოპოზიცია უმოქმედო იყო.

მაშინ რა მიიღეთ?

- „რვიანმა“ 150 გვერდიანი დოკუმენტი გააკეთა, სადაც, სხვა მოთხოვნებთან ერთად, დეტალურად გავწერეთ, ეს პრობლემა და მისი გადაწყვეტის საშუალება. შედეგიანობას რაც შეეხება, ამაში გეთანხმებით - იმას ვერ მივაღწიეთ, რაც გვინდოდა. მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ ზოგიერთმა პარტიამ პრინციპული პოზიცია არ დაიკავა და ფასადურ რეფორმაში მიიღო მონაწილეობა.

ეს ძველი თემაა. მუშაობა კი მაინც შედეგით იზომება.

- ის, რა შედეგიც დადგა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, შედეგად საერთოდ არ მიმაჩნია. პოლიტიკურ გაერთიანებათა შესახებ კანონში ცვლილება კი, საერთოდ ბურუსით მოცული და ნაუცბათევად მიღებულია, ძალიან ბევრი ხარვეზით. რაც მთავარია, „ნაციონალებმა“ უმთავრესი რამ დაარღვიეს - ხელისუფლების გადანაწილების პრინციპი და კანონმდებლის ფუნქცია იუსტიციის სამინისტროს მიანიჭეს. ეს სრული ნონსენსი და აბსურდია! ვცდილობ, კორექტული ვიყო, ამიტომ ღიმილისმომგვრელია ახალი კალენდარიც, რომელიც პარტიებისთვის 1 ნოემბრიდან იწყება. ამის მიუხედავად, არავის მივცემთ საფუძველს, ყურით მოთრეული არგუმენტებით იმსჯელოს, თითქოს, რაღაც წესრიგში არ გვაქვს. პირიქით, ჩვენთვის სწორი და მისაღებია, ქვეყანაში გამართული ფინანსური სისტემა მუშაობდეს. საქმე ისაა, ეს გამჭვირვალობისთვის კეთდება, თუ სადამსჯელო მექანიზმია! თამაშის წესებს დღეს ხელისუფლება გვთავაზობს და ვცდილობთ, ამ წესების ფარგლებში, პარტიას, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოვუტანოთ. გვესმის, რომ მილიონ ასი ათასით სრულყოფილ საარჩევნო კამპანიას ვერ აწარმოებ, ამ თანხის დიდი ნაწილი კი ეფექტურად ავითვისეთ. მომავალში უზრუნველვყოფთ იმასაც, ყველა საარჩევნო ოლქში წარმომადგენლობა გვყავდეს და ჩვენი საარჩევნო შტაბი გვქონდეს. თუმცა, ამ ეტაპზე, ჯერ მთელი საქართველო მოცული არაა. 

ალასანია ზაფხულის მერე, რეგიონებში სიარულით პრეზიდენტის მერე ნამდვილად მეორეა, მაგრამ ივანიშვილი არ აპირებს ხალხშიგარევას? ცოტა ხნის წინ მასზეც ითქვა, რეგიონებში გადისო - როდის?

- ფაქტია, სრულმასშტაბიანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება გვინდა, რაც ხალხთან ლიდერების გასვლით შეხვედრებსაც გულისხმობს. ივანიშვილის ამ გეგმის შესახებ პირადად მე, არ მსმენია, ვინც თქვა, ეს მას ჰკითხეთ. რაც შეეხება ალასანიას, სააკაშვილი სწორი მაგალითი არაა.

ექსპერტები კი ივანიშვილის კოალიციას გიწინასწარმეტყველებენ, რომ თუ არჩევნებამდე ერთად მიაღწიეს, მისიდასრულებისთანავე დაიშლებიანო.

- ჯერ ერთი, ჩვენ და „რესპუბლიკელები“ ერთხელ ვიყავით ერთ კოალიციაში და ეს იყო „ალიანსი საქართველოსთვის“.  ივანიშვილი თავის პოლიტიკურ გუნდს მას მერე ჩამოაყალიბებს, რაც ყველა გარემოება შეუწყობს ხელს და სრული მზაობა იქნება. რაც შეეხება კოალიციას, ამ ფრონტის გასაშლელად ლოდინს არ ვაპირებთ და მუშაობას მალე დავიწყებთ.

როგორ? ივანიშვილის პარტიას არ დაელოდებით?

- არის გარკვეული ფორმები, რომლითაც საზოგადოებას ერთიან საარჩევნო ბლოკს შევთავაზებთ. კონტურები უკვე მოხაზულია.

ამ კონტურებს ძიძიგურ-დავითაშვილის პარტიებიც ხაზავს, თუ კომისიაში მხოლოდ მათი ადგილებისა და პარტიული რესურსის გამოყენება გინდათ?

- რა თქმა უნდა, ეს ორი ძალა ამ ერთობაში მოიაზრება და კოალიციის ნაწილიც იქნება, მაგრამ სამართლებრივი ფორმები სხვაა და ეს უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, ყველა შემთხვევაში, გაზაფხულამდე. რაც შეეხება არსებული ერთობის სიმყიფეს, ამას, ალბათ, დრო აჩვენებს. პროგნოზი უმადური საქმეა და როცა ვიღაც პროგნოზს კონკრეტული პასუხისმგებლობით არ აკეთებს, ასე საუბარი ძალიან ადვილია.

სოზარ სუბარი დღეს ივანიშვილის პარტიის ერთერთ სახედ მოიაზრება. მისი ყოფილი თანაალიანსელი ხართ და როცა ლავროვთან შეხვედრა და მისი ფულის აღება წამოგაძახათ, თქვენგან განსაკუთრებით მწვავე პასუხი მიიღო. დღეს მასთან ერთობლივითანაცხოვრება როგორ წარმოგიდგენიათ?

- ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, იქნებ, სუბარს ჰკითხოთ. ჩემი პოზიცია ასეთია - მომავალში ვიყურებით და ვცდილობთ, წარსულის პრობლემებით სიახლეები არ დავტვირთოთ.

სუბარს მხდალი და უპერსპექტივო რომ უწოდეთ, ამის მიუხედავად?!

- დიახ, არ ვტვირთავ სიახლეებს წარსულის სიმძიმეებით! რაც შეეხება მომავალ ძალას, საზოგადოებამ ჩვენი ერთობა მოქმედებაში უნდა ნახოს. ეს მოქმედება და კამპანია კი არ იქნება ის, რაც აქამდე გვინახავს - განსხვავებული იქნება. სამაგიეროდ, ნაციონალურ მოძრაობაში ბევრი ისეთი ადამიანია, ვინც ერთი კაცის გადაწყვეტილებაზეა ჩამოკიდებული. ეს მარტო მათი კი არა, მთელი ქვეყნის პრობლემაა.

ივანიშვილის ფრონტისაც, არ ხართ ჩამოკიდებული მის გადაწყვეტილებაზე?

- არა. გადაწყვეტილებებს ერთად ვიღებთ. აქ ისე არ ხდება, ერთ დღეს ვიღაცამ გაიღვიძოს და თქვას - ეს ასე იქნებაო! მმართველი გუნდი ჯერ არ ჩამოშლილა, მაგრამ ჩამოიშლება, როცა არჩევნებს წააგებს!

და ამას იმ განსხვავებული კამპანიის იმედად მეუბნებით, რომლის მსგავსი აქამდე არავის უწარმოებია, არა? მითხარით, თუნდაც ერთი განსხვავება წინა საარჩევნო კამპანიებისგან?

- ამაზე პასუხისგან თავს შევიკავებ. თუმცა გეტყვით, რომ ეს არჩევნები გარდამტეხი იქნება და ამისთვის ყველა ერთად ვემზადებით. ვფიქრობ, ისეთი ფართომასშტაბიანი მოქმედება, როგორიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი, აქამდე საქართველოში არავის უწარმოებია. ჩვენ არ გავაკეთებთ აქცენტს ლოკალურ რაიონებზე და მთელ საქართველოს მოვიცავთ. ვაპირებთ, ადამიანებს მათ პრობლემატიკაზე ვესაუბროთ და მივცეთ ის იმედი, რაც აქამდე არ ჰქონიათ.

როგორ აძლევთ ამ იმედს, როგორც სახელისუფლებო პროპაგანდა ამბობს, მარტო ფულით

- მარტო ფულით არა. ადგილობრივ არჩევნებზე ხელისუფლებამ 14 მილიონი დახარჯა, ჩვენმა ალიანსმა კი მეორე ადგილი დაიკავა. ეს ჩემთვის მიღწევა არაა და ამით არც ბედნიერი ვარ, მაგრამ ასე ფიქრის საფუძველს გამოცდილება მაძლევს.

იანვარში ობამა-სააკაშვილი ერთმანეთს შეხვდებიან, თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაში კი რამდენიმე თემასთან ერთად, ხაზი 2012 წლის არჩევნებს გაესვა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მომავალი არჩევნები არ გაყალბდება?

- ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-სთან, როგორც საქართველოს და არა სააკაშვილის სტრატეგიულ პარტნიორთან. რაც უნდა ბევრი ისაუბრონ იმაზე, რომ სააკაშვილმა საპარლამენტო არჩევნები დროში, შესაძლოა, საფრანგეთის, ამის და იმის არჩევნებს დაამთხვიოს, ეს ყველაფერი სპეკულაციაა. ჩვენი ხალხი უკვე კარგად ინფორმირებულია და ხელისუფლების ყველა ფანდი ნანახი აქვს. ასე რომ, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გადატანა არ მოხდება, თან ეუთოს მისიაც ძალიან მალე ჩამოვა. ამის მიუხედავად, არჩევნების გაყალბების მცდელობა მმართველ გუნდს, შესაძლოა, მაინც ჰქონდეს, მაგრამ ამას სწორი და გამართული საარჩევნო მექანიზმი უნდა დავუპირისპიროთ.