ნინო ბურჯანაძისთვის ირაკლი ალასანია ხელისუფლების ინტერესების გამომხატველია, ხოლო მის პოლიტიკურ პარტნიორ ბიძინა ივანიშვილს „ანალოგიურ პროექტად“ არ მიიჩნევს. „ბრალდებული“ საპასუხოდ აცხადებს, რომ მისი მოწინააღმდეგე „ნაციონალური მოძრაობაა“ და არა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.
თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის აზრით, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი „დროს ფუჭად ხარჯავს“. ალასანია ბურჯანაძეს „საკუთარ ელექტორატთან მუშაობისკენ“ მოუწოდებს.
„ნინო დროს არ ზოგავს და ჩვენზე ბევრს ლაპარაკობს. მე ამ საკითხით ადამიანებს თავს არ შევაწყენ. ეს მისი გადაწყვეტილებებია, თვითონ ირჩევს პოლიტიკურ პარტნიორებს, პოლიტიკურ გზას, მეთოდებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის მიუღებელია.
ასე რომ, ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბაროთ, ისევე, როგორც ის განცხადებები, რომელსაც ის აკეთებს, როდის რა ილაპარაკა სააკაშვილთან და ასე შემდეგ - ეს წარსულია. ჩვენ გვაინტერესებს, ხვალ რა იქნება“.
რაც შეეხება ბურჯანაძის მიერ ალასანიასადმი გაჟღერებულ კითხვებს, კერძოდ, იმას, თუ „რატომ დაეთანხმა იგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მაშინ, როდესაც ასიათასობით ადამიანი ქუჩაში იდგა და სააკაშვილის გადადგომას ითხოვდა, რატომ თქვა უარი 50%-იან ბარიერზე, რატომ მიულოცა გიგი უგულავას გამარჯვება არჩევნებში, ხოლო მოგვიანებით განაცხადა, რომ ეს არჩევნები გაყალბებული იყო, რატომ იყო „რვიანის“ მერე „ექვსიანის“ ფარგლებში მუდმივად საუბარი იმაზე, რომ გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოს მოიპოვებდნენ და მოსახლეობისთვის 100%-იანი გარანტიები იყო მიცემული, რომ საერთაშორისო ზეწოლით და გიგა ბოკერიასთან ფარული მოლაპარაკებით შედეგი იქნებოდა მიღწეული, რეალურად კი გაუარესებული საარჩევნო გარემო მივიღეთ?“, ალასანიას შეფასებით, „ყველა ეს შეკითხვა აბსურდულია, თუმცა მათზე პასუხის გაცემა არაერთხელ მოუწია“:
„არანაირი დაპირისპირება რეალურად არ არის. ჩვენი მოწინააღმდეგე სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობაა. ბურჯანაძე ჩვენს მოწინააღმდეგეს არ წარმოადგენს. პირდაპირ გეტყვით, მისთვისაც და ყველა პოლიტიკური ძალისთვის უკეთესი გარემო შეიქმნება. ასე რომ, ჩემი აზრით, ის უბრალოდ დროს ფუჭად ხარჯავს.
თუკი არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, მის ადგილას უკეთესი იქნება, ელექტორატთან იმუშაოს და ეს თავისი ალტერნატიული შეთავაზებებით გააკეთოს, რაც ამ პოლიტიკური ძალისგან ერთხელაც არ გამიგონია.
ასე რომ, საკუთარ ელექტორატს მიხედოს და ხალხთან იმუშაოს. ეს ბრალდებები და კინკლაობა ხალხს ყელში ამოუვიდა. წარმოდგენა არ მაქვს, ნინოს ან სხვა რომელიმე პოლიტიკოსს ამ ნაბიჯებს რა ადგმევინებს და არც მაინტერესებს“.
შეგახსენებთ, რომ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, „ირაკლი ალასანია მიხეილ სააკაშვილის პროექტია“:
„მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ ჩვენ სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად ხელისუფლების გადაყენებას მოვითხოვდით, დღესდღეობით კი ფაქტი ის არის, რომ ეს ოპოზიციური ძალები ყველანაირად ცდილობენ ხელისუფლების არა ჩამოშორებას, არამედ მის ჩანაცვლებას, რამენაირად ხელისუფლებაში მოსვლას და სკამების დაკავებას.
ირაკლი ალასანია მიხეილ სააკაშვილის პროექტია და ეს მისი ქმედებებიდან ნათლად ჩანს. ისინი საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას კი არა, გაუარესებას უწყობენ ხელს. საზოადოებამ თვალი უნდა გადაავლოს განვლილ პერიოდში ყველა პოლიტიკოსის და პარტიის ქმედებებს, ანალიზი გაუკეთოს და რეალურად შეაფასოს, ვინ რას აკეთებს და აკეთებდა“.
ამასთან, მისივე თქმით, „26 მაისის აქციის შედეგად დაპატიმრებული 40 პოლიტპატიმრის ბედ-იღბალზე დღეს ხმას არავინ იღებს და ეს ფაქტი სრულად აქვთ იგნორირებული“:
„ისინი პროტესტით მხოლოდ საკუთარი პარტიის წევრის ან ახლობლის დაპატიმრების შემთხვევაში გამოდიან და მკვეთრ განცხადებებს აკეთებენ, თუმცა ხმას არ იღებენ იმ ათასობით ადამიანზე, რომელიც 2-3 თვის განმავლობაში იზოლატორებში ჰყავდათ მოთავსებული და რომლებმაც ფიზიკური და მორალური ზიანი მიიღეს“.
ნინო ბურჯანაძის მტკიცებით, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა პარტნიორების დახმარებით მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში ყოფნა გაუხანგრძლივა“. თუმცა ის აღნიშნავს, რომ „მიუხედავად ალასანიას „ქართულ ოცნებაში“ ყოფნისა, ივანიშვილს ანალოგიურ პროექტად არ მიიჩნევს“:
„მე რომ სააკაშვილის პროექტზე საუბრისას ივანიშვილი მეგულისხმა, უშუალოდ ამას ვიტყოდი. დღესდღეობით არანაირი საფუძველი არ მაქვს, თუნდაც ვარაუდი გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილი ვინმეს პროექტია და ძალიან დიდი იმედი მინდა, ვიქონიო, რომ ამის საფუძველი არც მექნება.
მარჩიელობას იმის შესახებ, თუ ვინ რატომ არის შესული ამა თუ იმ კოალიციაში, ნამდვილად არ ვაპირებ, თუმცა რამდენიმე ინტერვიუში განმეორებულმა სიტყვა „ხეირმა“ ზოგიერთი პოლიტიკოსის ქვეცნობიერი გამოაჩინა“.