მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის პრემიერად გახდომის სურვილს დასავლეთი საკმაოდ მკაცრად შეხვდა, სამთავრობო კულუარებში მისი ხელისუფლებაში დარჩენის მეორე სცენარზე დაიწყეს ლაპარაკი. ეს სცენარი კი, სააკაშვილის პარლამენტის თავმჯდომარეობას ითვალისწინებს.
მილიარდელი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების შემდეგ კი განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ საპარლამენტო არჩევნებს მიენიჭა, რადგან ხელისუფლების შესანარჩუნებლად პარლამენტში უმრავლესობით გასვლა სჭირდებათ.
მართალია, ნაციონალები თავს იმშვიდებენ, რომ მათი რეიტინგი არ შეცვლილა, მაგრამ ფაქტია, რომ მათ საქმე თავის დასამშვიდებლად ნამდვილად არა აქვთ. ყოველ შემთხვევაში, ასე რომ არ იყოს, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას არ დაიწყებდნენ და ხელისუფლების კონტროლირებადი ტელევიზიები „მიშა მაგარიას“ ძახილს შორის რეკლამას მაინც გაუშვებდნენ. რომ აღარაფერი ვთქვათ ოპოზიციისთვის ყველანაირი წნეხის მოჭერასა და ივანიშვილისა და მისი მეუღლის მოქალაქეობის საკითხზე.
ამ ფონზე ბოლო პერიოდში სამთავრობო კულუარებში ძალიან ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ სააკაშვილმა სწორედ პარლამენტის თავმჯდომარეობა გადაწყვიტა და საპარლამენტო არჩევნებზე ნაციონალების სიას სათავეში თავად ჩაუდგება, რათა გარკვეულწილად ლოკომოტივის როლი შეასრულოს.
ამის შესახებ პირველი ღია განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა შოთა მალაშხიამ ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრისას გააკეთა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამის შესახებ არანაირ განმარტებას არ აკეთებენ.
თუმცა, მალაშხიას ნათქვამი გუშინვე უარყო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ნუგზარ წიკლაურმა.
„სააკაშვილის უფლებამოსილება 2013 წელს იწურება და მის უფლებამოსილებას, სწორედ ამ ვადამდე შეასრულებს. ნებისმიერი სახის სპეკულაციები დადგენილ თარიღებამდე, არასერიოზულია. პოლიტიკური პარტიები მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, როგორსაც გარკვეულ პერიოდში საჭიროდ ჩათვლიან და წინასწარ შესაძლო ვერსიებზე საუბარი ნებისმიერი პოლიტიკოსებისთვის არასერიოზული იქნება.
„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, საარჩევნო სიასა თუ მაჟორიტარობის კონკრეტულ კანდიდატებზე საუბარს პირადად მე არ შევსწრებივარ. არჩევნები ჯერ არ არის ისე ახლოს, რომ ამაზე საუბარი უკვე მიმდინარეობდეს. ამასთან, ნაციონალური მოძრაობის ყურადღება მიპყრობილია არა პერსონალებზე, არამედ საგარეო პოლიტიკაზე, მიხეილ სააკაშვილის აშშ-ში ვიზიტზე, არ აღიარების პროცესის გაგრძელებაზე, რუსეთის მხრიდან საფრთხეებზე, ეკონომიკის განვითარების ათპუნქტიან გეგმაზე და ა.შ.
მიხეილ სააკაშვილი 2013 წლის შემდეგაც შეასრულებს არსებითად მნიშვნელოვან როლს პოლიტიკურ სისტემაში, რაც შესაბამისობაში იქნება კონსტიტუციასთან. თუმცა, როგორი იქნება სააკაშვილის კონკრეტული ნაბიჯები და გადაწყვეტილებები, ეს მისი უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის და უშუალოდ მისი გადასაწყვეტი იქნება. ასეთი დინამიზმის პოლიტიკური ფიგურა, პოლიტიკური სცენიდან დისტანცირებული არ იქნება“, - აცხადებს წიკლაური.
საპარლამენტო ოპოზიციაში კი სააკაშვილის შესაძლო პარლამენტარობას სხვადასხვაგვარად აფასებენ:
ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარე, გია თორთლაძე დარწმუნებულია, რომ საარჩევნო სიის სათავეში მიხეილ სააკაშვილის გარეშე არჩევნების მოგება „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუჭირდება.
მისი განცხადებით, თუ 2012 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებისთვის სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიას ჩაუდგება სათავეში, ეს მისთვის მომგებიანი იქნება.
მისი თქმით, თუ სააკაშვილი მომავალში ან პრემიერ მინისტრობას აპირებს ან პარლამენტის თავმჯდომარეობას, მისი პარტიის გამარჯვება იქნება მისთვის უმთავრესი ამოცანა. სააკაშვილის გარეშე კი, თორთლაძის შეფასებით, ნაციონალურ მოძრაობას არჩევნებში გამარჯვების მოპოვება გაუჭირდება, რადგან სხვა გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავთ.
თორთლაძის განცხადებითვე, ნაციონალურ მოძრაობაში რომ ახალი ლიდერის გამოკვეთა ახლა დაიწყოს, ასეთ პროცესს ყოველთვის თან ახლავს ხოლმე უთანხმოებები და უსიამოვნებები და ეს მათვე არ უნდა აწყობდეთ. ამიტომ, თორთლაძის აზრით, მიხეილ სააკაშვილის ინტერესში მისი საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე ამოწურვაზე მეტად, მისი პარტიის გამარჯვება შედის, რაც თავისთავად არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილი გადადგეს და მისი პარტიის საარჩევნო სიას ჩაუდგეს სათავეში.
თავისუფალი დემოკრატების წევრი, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილიც მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიის სათავეში ჩადგომის ალბათობა, „პოლიტიკურად გარდაცვილი გუნდის სხეულზე ელექტროშოკის მცდელობა იქნება“, რადგან, მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის წევრებს მათი სიის სათავეში მიხეილ სააკაშვილის ჩადგომა, მათი ერთადერთი გადარჩენის გზად მიაჩნიათ და წყალწაღებულები ხავსს ეჭიდებიან“.
თუმცა, მას მიაჩნია, რომ თუ საპარლამენტო არჩევნებისთვის, სიის სათავეში ჩადგომის მიზნით მიხეილ სააკაშვილი გადადგება, ეს ძალიან დიდ გაუგებრობას და დომინოს პრინციპის ამოქმედებას გამოიწვევს, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საკონსტიტუციო რეფორმის ამოქმედება და ა.შ.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი მისივე საკონსტიტუციო ცვლილებების მძევალი აღმოჩნა, რომელიც ბევრად უფრო ადრე განხორციელდა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდებოდა ასპარეზზე.
„მაშინ სააკაშვილმა თავის სატელიტ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ყველაფერი გააკეთა თავისი პოლიტიკური პოზიციების გასამყარებლად. ახლა კი სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის ბედისწერა და ერთგვარი „მაოხრებელი მკვდარი“ გახდა. ეს არის კაცი, რომელიც პოლიტიკურად გარდაცვლილი იქნება და ამის შემდეგ მაოხრებელის სახელით შევა მისი გუნდის ისტორიაში“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მის მოსაზრებას, ექსპერტებიც იზიარებენ. მათი თქმით, პრეზიდენტის მიერ თანამდებობის ვადამდე დატოვება პრობლემას კონსტიტუციის ახალი ნორმების ამოქმედებას უქმნის.
საქმე ის არის, რომ თუ პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, ვიდრე ამ სიის რეგისტრაცია მოხდება, ის თანამდებობიდან უნდა გადადგეს. ეს არის კანონის მოთხოვნა და ამის შემდეგ უკვე ასეთი ვითარება დგება, რომ თანამდებიდან გადადგომიდან 45 დღეში უნდა გაიმართოს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები. ამ დროის განმავლობაში პრეზიდენტის მოვალეობას პარლამენტის თავმჯდომარე ასრულებს. შესაბამისად, დგება არა მხოლოდ პარლამენტის, არამედ პრეზიდენტის არჩევნების საკითხიც.
ეს კი უკვე 2010 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებას აყენებს კითხვის ქვეშ, რადგან მათი ძალაში შესვლა, 2013 წლის ოქტომბერში, მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებთან არის მიბმული.
კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები, რომელიც პარლამენტის და პრემიერ-მინისტრის უფლებების გაზრდას და პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტებას ითვალისწინებს, კონსტიტუციის მიხედვით ამოქმედდება „2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან“.
ექსპერტები განმარტავენ, რომ თუ 2013 წლის ოქტომბრამდე პრეზიდენტი გადადგება და ან სხვა მიზეზით შეუწყდება უფლებამოსილება, მაშინ რიგგარშე არჩევნები უნდა ჩატარდეს 45 დღის ვადაში, რაც თავის მხრივ, მორიგი არჩევნების 2013 წლის ოქტომბერში ჩატარებას გამორიცხავს.
„ასეთ შემთხვევაში ძალაში ვერ შევა კონსტიტუციის ის ნორმები, რომლებიც 2010 წლის შემოდგომით იყო მიღებული. ანუ, ის ნორმები, რომლითაც მცირდება პრეზიდენტის უფლებები და იზრდება პრემიერის უფლებები. ასე რომ, მთელი რიგი თემატიკა იცვლება და საქმე ის არის, რომ, თუკი კონსტიტუციის ეს ცვლილებები ვეღარ ამოქმედდება, გვექნება ის რეალობა, რაც დღეს გვაქვს. ანუ, უმოქმედო პარლამენტი, ძალიან ძლიერი პრეზიდენტი და პრეზიდენტის ნების შემსრულებელი პრემიერი. შესაბამისად დგება კითხვა, ისურვებს თუ არა ბატონი სააკაშვილი ყოფნას ან სხვა პრეზიდენტის მარიონეტის როლში, როგორც დღევანდელი პრემიერმინისტრია ან ისეთი პარლამენტის თავმჯდომარის როლში, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი უფლებები არ გააჩნია?“ - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.