„ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკურ ჯგუფს საქართველოს საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი თედო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს. ჯგუფის წევრები კი კოტე ჟღენტი, ზაზა გოგსაძე, მაია ფანჯიკიძე, სევა ჯუღელი, ლანა ღოღობერიძე, ზურაბ აბაშიძე, ნიკო მელიქაძე, ვახტანგ ტატუნაშვილი, დავით ზალკანიანი, გივი გოგელია, ივლიანე ხაინდრავა, ნათელა სახოკია, გიორგი გეგეჭკორი იქნებიან.
ჯგუფის წევრების დასახლებისას თედო ჯაფარიძემ ხუმრობით აღნიშნა, რომ ბოლო დროს ზოგიერთებში ამ გამოცდილი და „ძველი“ სახეების გამოჩენა მუმიებისა და დინოზავრების ალუზიებს იწვევს, თუმცა სწორედ ეს გამოცდილი სახეებია ქართული დიპლომატიის ნაღები. ამის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკურ ჯგუფში ახალგაზრდებიც არიან წარმოდგენილნი. მართალია, ნაციონალურ არხებს თედო ჯაფარიძის დანახვისას შევარდნაძის პერიოდი გაახსენდათ, მაგრამ რატომღაც გამორჩათ, რომ თედო ჯაფარიძე ვარდების რევოლუციის პირველ საგარეო საქმეთა მინისტრად გვევლინებოდა.
„ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკური ჯგუფი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს – დასავლეთის ქვეყნებსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან მომუშვე ქვეჯგუფს მაია ფანჯიკიძე და ლანა ღოღობერიძე უხელმძღვანელებენ, ახლო მეზობლებთან ურთიერთობას კოტე ჟღენტი ჩაუდგება სათავეში, ხოლო დიასპორებთან ურთიერთობას კოტე სურგულაძე მოაგვარებს. ბევრი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს საბერძნეთში, რუსეთში, აშშ-ში, გერმანიაში, ბენილუქსის ქვეყნებში, სავარაუდოდ, მოზრდილი სათვისტომოა ავსტრალიაშიც, ამიტომ მათთან მჭიდრო ურთიერთობა „ქართული ოცნების“ ამ კონკრეტული ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება.
დიდი ყურადღება დაეთმობა აზერბაიჯანთან, თურქეთთან, უკრაინასთან, მოლდოვასთან, ისრაელთან საქართველოს ურთიერთობის საკითხებს. ამ მხრივ, ყურადღება განსაკუთრებულად მიექცევა აზერბაიჯანს, რადგან ეს ქვეყანა რეგიონული ეკონომიკური გიგანტი ხდება და მისი ხედვის გათვალისწინება საქართველოს მაინც მოუწევს.
ცალკე მიმართულებად გამოიყოფა ურთიერთობის დარეგულირება რუსეთთან. დღესდღეობით ამ ურთიერთობის სტრატეგიული ღერძი დანგრეული და გამქრალია, რაც ორივე მხრიდან ნეგატიურმა რიტორიკამ განაპირობა, ამიტომ ისეთი გზა უნდა მოინახოს, რათა ურთიერთობები რუსეთთან მინუსიდან ნულის დონემდე მაინც ავიდეს. მათ შორის, ყურადღება მიექცევა სახალხო დიპლომატიასაც.
ჯგუფი მზადაა, საგარეო პოლიტიკის სფეროს ყველა ექსპერტსა და სპეციალისტთან ითანამშრომლოს და განიხილოს მათი წინადადებები.
პრეზენტაციისას თედო ჯაფარიძემ დასავლეთის ქვეყნებს სპეციალური გზავნილით მიმართა.
„დასავლეთმა დიდი დახმარება გაგვიწია, თუმცა მათგან ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის პერსპექტივებზე რეალურ შეფასებებს ველით. გასაგებია, რომ მათ აინტერესებთ ურთიერთობა რუსეთთან. ეს ძველი გზავნილია - სტაბილურობა, უსაფრთხოება და ამისთვის სჭირდებათ თუნდაც ის ხისტი რუსეთი, მაგრამ ამგვარ რუსეთს ვერ მიიღებენ ვერასდროს - პარტნიორს. ესაა ჩვენი გზავნილი. დასავლეთ პარტნირებს თითქოს ეს ესმით, მაგრამ, პრაქტიკული ნაბიჯებით ამას ვერ ვხედავთ“, - განაცხადა ქართველმა დიპლომატმა. Presage.tv ესაუბრა ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ მრჩეველს თედო ჯაფარიძეს.
ოპოზიცია აცხადებს, რომ დასავლეთში მიხეილ სააკაშვილის რესურსი ამოწურულია. ამის მიუხედავად, ბარაკ ობამასთან შეხვედრა გაიმართება, რასაც პაატა ზაქარეიშვილმა უკვე უწოდა „სააკაშვილის ოცნება“, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის ლიდერისთვის საოცნებო პირველი ოფიციალური შეხვედრა. როგორ გგონიათ, ოთხი წლის თავზე ობამა სააკაშვილს ირანის ფაქტორის გამო ხვდება?
- პირველი, ჩვენ ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს ნებისმიერი პრეზიდენტის - იქნება ეს სააკაშვილი თუ იქნებოდა შევარდნაძე, (სამწუხაროდ, გამსახურდიას ამის გაკეთება არ მოუწია), შეხვედრა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო მოვლენაა. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ძალიან ძლიერი მუხტია, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები, მისი პრეზიდენტი მსოფლიო პოლიტიკის ლიდერად განიხილება. მასთან შეხვედრა მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და არა - კონკრეტულად იმ პიროვნებისთვის, ვინც შეხვდება ობამას, კლინტონს თუ ბუშს. ყურადღებით დააკვირდით აშშ-ის შიდა პოლიტიკურ მომენტებს. რა ხდება დღეს აშშ-ში? მიმდინარეობს საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია, გამოიკვეთა ორი მხარე - რესპუბლიკელები და დემოკრატები. მეეჭვება, რომ ამ არჩევნებში რესპუბლიკელებმა გაიმარჯვონ, მე მგონი, ისევ ობამა შეინარჩუნებს ხელისუფლებას.
არის მეორე მხარეც: თქვენ თვითონ ბრძანეთ, რომ უკვე ოთხი წელია, სააკაშვილი ცდილობდა იქ ჩასვლას და ოვალურ კაბინეტში შეხვედრას. თითქოს, შეგნებულად, ობამა და მისი გარემოცვა ამის იგნორირებას აკეთებდა. თუმცა იყო არაფორმალური შეხვედრები. რა თქმა უნდა, ესეც კარგია, მაგრამ ოვალური კაბინეტის ხიბლი სულ სხვაა. ამიტომ ითვლებოდა, რომ ობამას ადმინისტრაცია იგნორირებას აკეთებდა ან უფრო გაცივდა საქართველოს მიმართ. ასეთ დროს რესპუბლიკელების ჯგუფი, რომელიც პოლიტიკურად ებრძვის ობამას და ის ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებით სიმპათიითაა განწყობილი საქართველოს მიმართ (მაკ კეინი და მისი გარემოცვა), საქართველოს საკითხს, როგორც შიდა პოლიტიკურ ინსტრუმენტს, იყენებენ. ვაშინგტონში ჩემი კოლეგებისგან გამიგია, რომ თეთრ სახლში ობამას სახელზე რამდენიმე წერილი გაიგზავნა. ამდენად, არ გამოვრიცხავ, რომ ობამას დათანხმება, ნიუანსის დონეზე, იყოს შიდა პოლიტიკური გათვლები. ობამას სურდა, ენახებინა, რომ თქვენ, რესპუბლიკელები, წუხილს გამოთქვამთ, თითქოს ჩვენ საქართველოს ყურადღებას არ ვაქცევთ, სინამდვილეში, ეს სხვაგვარადაა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია საქართველოსთვის, მაგრამ მესამე და, მე მგონი, მთავარია, თვით აშშ-ის საელჩოს განცხადება. ამ განცხადებაში ჩამოთვლილი იყო, თუ რატომ ხვდება ობამა სააკაშვილს: ეს არის სტრატეგიული ქარტიის განხილვა და მიღწეული შედეგების, პერსპექტივების შეფასება. იქ საუბარი არაა ნატოზე, რომ მხარეები განიხილავენ მომავალ სამიტს ჩიკაგოში და საქართველოს პერსპექტივებს ამ სამიტთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ხაზგასმით გამოყოფილია, რომ ობამას მის ქართველ კოლეგასთან მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით ექნება საუბარი.
ალბათ, სააკაშვილთან შეხვედრისას ობამა საქართველოში არსებულ მოვლენებს რეალისტურად შეაფასებს და არა მხოლოდ - დიპლომატიურ ენაზე.
- რა თქმა უნდა. თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში რამდენიმე შეხვედრას პირადად დავსწრებივარ, ეს ყოველთვის პროტოკოლური ხასიათის შეხვედრაა, სადაც მხარეები, პირველი პირები, ერთმანეთს რთულ შეკითხვებს არ უსვამენ, თუმცა, ამ ვიზიტის დროს სააკაშვილს აშშ-ის სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლებთან მრავალი შეხვედრა ექნება, ალბათ, სახელმწიფო მდივანთანაც, რომელიც დაესწრება ამ შეხვედრას, კონგრესში და სხვა, სადაც ის მიიღებს ძალიან მკაფიო გზავნილს. კერძოდ, რომ იგი ასრულებს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადას, ორი ვადით პრეზიდენტობას და დადგა დრო, როცა მისი მესამედ თუ მეოთხედ გადარჩევა აღარ მოხდება.
ასევე, იმედია, მას ეტყვიან, რომ ის ფორმულა, რომელიც გამოიყენა პუტინმა რუსეთში, სააკაშვილთან მიმართებით, მიუღებელი იქნება, ვგულისხმობ მის გაპრემიერებას. მთავარი გზავნილი კი იქნება, საქართველოში ჩატარდეს ღია, ტრანსპარენტული არჩევნები. აშშ ღიად არასდროს ჩაერევა არჩევნების პროცესში, მაგრამ წინა არჩევნებისგან განსხვავებით, დღეს დასავლეთი, ევროპა, ევროპული სტრუქტურები, განსაკუთრებით, აშშ ძალიან ხისტად და მძაფრად აკვირდებიან ჩვენს არჩევნებს. მონიტორინგი გრძელვადიანი იქნება, ეს არ იქნება წინა დღით ან ერთი კვირით ადრე ჩამოსვლა, დამკვირვებლები გაცილებით ადრე ჩამოვლენ, შეიძლება, უკვე ჩამოსულნიც არიან და სკრუპულოზულად დააკვირდებიან საარჩევნო პროცესის ყველა მიმართულებას - მასმედიას, ელექტრონულ პრესაში პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენის ბალანსს და სხვა.
ირანთან მოსალოდნელი დაპირისპირების წინ აშშ-ის ადმინისტრაცია უკვე შეხვედრია აზერბაიჯანულ, თურქულ მხარეებს. იქნებ, სწორედ ირანში შექმნილი მდგომარეობის გამოც ხვდებიან სააკაშვილს?
- ვერ გეტყვით, თუ რაზე იქნება საუბარი ოვალურ კაბინეტში, მაგრამ, ვინაიდან ირანი ჩვენი მეზობელია, ეს შესაძლებელია. თქვენ ახსენეთ აზერბაიჯანი და თურქეთი, მათთვის ირანთან ურთიერთობა უფრო სენსიტიურია, რადგან უშუალო მეზობლები არიან. მარტო 30 მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს ირანის ტერიტორიაზე. ამიტომ, მათთან ამერიკელების დიალოგი, მე მგონი, უფრო კონკრეტულია. ალბათ, ჩვენს პრეზიდენტსა და საქართველოს დელეგაციასაც ამ თემაზე ჩაუტარებენ საინფორმაციო ბრიფინგს. თუმცა, არა მგონია, საქართველომ განსაკუთრებული პოზიცია უნდა დაიჭიროს. ჩვენი მთავარი პოზიცია უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ მივესალმებით სტაბილურობას, არსებულ პრობლემათა მშვიდობიან გადაწყვეტას და ვიმედოვნებთ, დიპლომატია ამ სიტუაციაში გაიმარჯვებს. ახლა ჩვენგან „ჩახტომა“ და შუამდგომლობის შეთავაზება, მე მგონი, არაადექვატური იქნება.
ნაციონალური ტელეარხები უკვე ასეთ თემასაც განიხილავენ - საქართველო-რუსეთს შორის შესაძლო ომი. რუსეთთან ომის თემის შესაძლებლობას ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ ხომ არ ააქტიურებს? თუ დასაშვებად მიგაჩნიათ, ამერიკამ საქართველოს ტერიტორია მართლაც პლაცდარმად გამოიყენოს და ამით რუსეთი წააქეზოს?
- ეს ჰიპოთეზების დონეზეა. თუ ამერიკა რაღაც სამხედრო მოქმედებას განახორციელებს ირანში (რაშიც მე ეჭვი მეპარება), არა მგონია, რუსეთი ხელმეორედ სამხედრო ავანტიურაზე წამოვიდეს. რუსეთში გარკვეული წრეები თვლიან, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შეჭრა - დასავლეთისთვის ეს იყო პასუხი კოსოვოს გამო. თუმცა, რიტორიკა მძაფრი იქნება. აშშ-ში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაზე ვსაუბრობთ და ამ დროს კი გვავიწყდება, რომ რუსეთშიც არანაკლებად მძაფრი საარჩევნო კაპანია მიმდინარეობს. მაინც მგონია, რომ იქ ყველაფერი დალაგებულია და პუტინი გაიმარჯვებს, მაგრამ ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, პუტინს შიდა პოლიტიკურ სცენაზე საკმაოდ ენერგიული ნაბიჯების გადადგმა უკვე უხდება, რათა თავისი მომხრეები თუ მოწინააღმდეგეები რაღაცებში დაარწმუნოს. ამიტომ მძაფრი რიტორიკა - ქართველების თუ სხვა ეროვნების წარმომადგენელთა მიმართ, იმავე პუტინის უხამსი რემარკა ცნობილი რუსი მწერლის - აკუნინის მისამართით, რომელიც ეთნიკურად ქართველია, - ასეთი რამ გარდაუვალი იქნება. არანაკლებად ხისტი იქნება სიტუაცია ჩვენს რეალობაში, როცა საარჩევნო კამპანია ძალაში შევა.
თქვენ აცხადებთ, რომ ნატოში გაწევრიანებას რეალისტურად უნდა შევხედოთ, უნდა გავაანალიზოთ, ამ გზაზე რა იყო დადებითი ან უარყოფითი მომენტები, რათა ზოგიერთებმა კვლავაც არ შეიყვანონ დაბნეულობაში ხალხი, რომ თითქოსდა, ჩვენ მივიღეთ უფრო მეტი, ვიდრე - მაპი. საქართველოს ნატოში გაწევრიანება როგორ გესახებათ, როცა რუსეთი ჩვენი წინაღობაა?
- რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, ნატოში გავწევრიანდეთ. ამის თაობაზე საუბრობდა არა მხოლოდ ბატონი სააკაშვილი და ეს საუბარი დაიწყო არა მარტო 2003 წელს, არამედ ამაზე ადრეც იყო ლაპარაკი და დიალოგი მიმდინარეობდა ნატოსთან. ეს არ იქნება იოლი გზა, ჩვენ გვესმის, რომ რუსეთის პოზიცია საკმაოდ ხისტია, მაგრამ ჩვენ უნდა დავუსვათ იგივე კითხვა ჩვენს დასავლელ კოლეგებს, რამდენად მზად არიან ისინი გვერდი აუარონ, ან იგნორირება გაუკეთონ რუსეთის მძაფრ ვეტოს?! აქ ჩვენ უკვე რეალ-პოლიტიკის განზომილებაში გადავდივართ. ეს რთულია, რადგან ჩვენ აღრეული გვაქვს ბევრი რამ, ჩვენ გვერევა ჩვენდამი სიმპათია და რეალური ინტერესები. ძალიან გვსიამოვნებს, როცა ვისმენთ, რომ ნატომ გააკეთა ძალიან ხისტი განცხადება, მაგრამ მეორე დღეს იგივე რასმუსენი და ნატოში შემავალი კონკრეტული ქვეყანა - საფრანგეთი იქნება თუ გერმანია, ხვდება რუსეთს, რომელთანაც აქვს თავისი კონკრეტული ეკონომიკური იტერესები. მათ შორის, ენერგეტიკის პრობლემა. საქართველოს მისამართით დასავლეთის ქვეყნების მხრიდან გაკეთებული მხარდამჭერი რეზოლუციები და განცხადებები ძალიან კარგია, მნიშვნელოვანია მაღალი რანგის შეხვედრებიც, მაგრამ შექმნილი არარეალური და არარეალისტური ნარატივებით და მათი გაპიარებით ფონს ვერ გავალთ. საქართველოს დღეს მოკრძალებული ადგილი აქვს მიჩენილი დიდი პოლიტიკის პრიორიტეტებში და ამგვარი მხარდაჭერა და სიმპათია მსოფლიო პოლიტიკის მთავარი მოთამაშეების სტრატეგიულ ინტერესებს არ შეცვლის. ჩვენ დადგენილი წესების ჩარჩოში გვიწევს თამაში და უნდა ვეცადოთ, არ დავარღვიოთ არსებული ბალანსი.
საქართველოს გულისთვის არავინ დაიწყებს ომს, აშშ-ის ჩათვლით. ამიტომ ეს გრძელი გზა იქნება. ადექვატურად უნდა აღვიქვათ და არ ავაგოთ ყველაფერი ვიღაცის ნარატივზე, გამოგონილ რაღაცაზე. რეალისტურად შევხედოთ სიტუაციას - კონფლიქტები, ოკუპირებული ტერიტორიები, ეს არის წინაღობა ამ გზაზე.
რომელიც ისევ რუსეთთან უნდა მოვაგვაროთ?
- ალბათ, რადგან რუსეთმა შექმნა ეს პრობლემები და მასთან უნდა მოვაგვაროთ ჩვენი ქვეყნის მოწყობა. ჩვენ გავიძახით, რომ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, მაგრამ დასავლეთში გვეძახიან „ჰიბრიდულ დემოკრატიას“, „ფასადურ დემოკრატიას“. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ცერემონიალებით, რაღაცების გახსნით და ქანდაკებების დადგმით ილუზორულ შთაბეჭდილებას შევქმნით, ძალიან ცდებიან. დიდი ხნის წინ, სანამ რევოლუცია დაიწყებოდა, საუბარი მქონდა ერთ-ერთ ცნობილ ამერიკელ დიპლომატთან, რომელიც თავის დროზე სწორედ ამერიკის წარმომადგენელი გახლდათ ნატოში. მან მითხრა, ნატოში მიმავალი თქვენი გზა თქვენი ქვეყნის დემოკრატიზაციაა. რაც უფრო მეტი იქნებოდა დემოკრატია საქართველოში, იმდენად მეტი პერსპექტივა გვქონდა. ეს იყო ომამდე, მაგრამ ამას დაემატა ომი. ჩვენში მთელი პრობლემა ისაა (და ამას დასავლეთი ყურადღებით აკვირდება), რომ საქართველოში დღესაც არსებობს ძალიან სუსტი პოლიტიკური ინსტიტუტები. ამ დროს კი შექმნილია განსაკუთრებული სისტემა, რაც პარადოქსია. წესით, ინსტიტუტებმა უნდა შექმნან სისტემა, აქ კი პირიქითაა, შეიქმნა სისტემა და არის სუსტი ინსტიტუტები. ამ სისტემას აკონტროლებს რამდენიმე ადამიანი და მართავს მთელ ქვეყანას.
ჩვენი საგარეო ვექტორი არ მოგწონთ და არარეალისტურად მიგაჩნიათ?
- ზოგადი მიდგომა, რომ ჩვენ გვინდა ნატოში გაწევრიანება, ევროკავშირში შესვლა, კარგია, მაგრამ, რამდენად რეალისტურია ის გზები და ინსტრუმენტები, რასაც ვიყენებთ?! სწორედ „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკური შესთავაზებს საზოგადოებას რეალისტურ გეგმას.
თქვენ ბრძანეთ, რომ 20 წლის მანძილზე ერთ წრეზე ვტრიალებთ, რომ ტრადიციულმა ძველმა დიპლომატიამ შედეგი ვერ მოიტანა. რაში ხედავთ გამოსავალს, რათა საგარეო პოლიტიკა უპერსპექტივობისკენ არ წავიდეს?
- რატომღაც ვსაუბრობთ ხოლმე საგარეო პოლიტიკაზე, მაგრამ გვავიწყდება, რომ საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკის გაგრძელებაა.
თქვენ უშიშროების საბჭოს მდივანიც ბრძანდებოდით. ასე რომ, საშინაო პოლიტიკაშიც მიგიძღვით წვლილი...
- ამას ცოტა სხვა კუთხით ვუყურებ, ვიდრე ჩემი კოლეგები. მე ამას უფრო კომპლექსურად ვუყურებ, რადგან საგარეო პოლიტიკა მხოლოდ დიპლომატია არ არის, ეს არის საშინაო პოლიტიკის მთელი კომპონენტები - სამხედრო აღმშენებლობა, უსაფრთხოება, უშიშროება, ინსტიტუტები, ქართული კულტურა, ეკოლოგიური პრობლემები, განათლება. ეს ყველაფერი საგარეო პოლიტიკაში შემავალი კომპონენტებია.
20 წლის მანძილზე მანკიერი წრის გარშემო ტრიალი უცებ როგორ უნდა შეიცვალოს?
- ქვეყანა უნდა გახდეს სხვანაირი. როცა ერთ წრეზე ტრიალი ვახსენე, პირველ რიგში, მხედველობაში მქონდა კონფლიქტები. მოგეხსენებათ, ერთი თვეა, რაც საქართველოში ჩამოვედი. 2004 წლის შემდეგ საქართველოში აღარ ვცხოვრობდი, საბერძნეთში, თურქეთში, ბოლოს აზერბაიჯანში გახლდით. უამრავ ადამიანთან მქონია შეხვედრა. დღეს ჩვენი ქვეყანა კულუარებშია. იმ განცხადებებით, რომელსაც ბატონი რასმუსენი გააკეთებს, ან, რასაც ოვალურ კაბინეტში ეტყვიან ბატონ სააკაშვილს, ან კონგრესი რაღაც რეზოლუციას გამოიტანს, ეს არ ჩანს, მაგრამ კულუარებში, სადაც რეალური პოლიტიკა კეთდება, საქართველო აღქმულია პრობლემურ ქვეყნად. მე მინდა, საქართველო იყოს არა პრობლემური ქვეყანა, არამედ ქვეყანა, რომელსაც გააჩნია დადებითი მუხტი, რომელიც ადექვატურად აღიქვამს თავის შინაგან პოტენციას, რომ ის არ არის ახალი ბერლინის კედელი, მანერჰეიმის ახალი ხაზი. ამ შემთხვევაში, საქართველო უნდა იყოს არა გამაღიზიანებელი, არამედ დადებითი მუხტის მომტანი, რომელიც დასავლეთს (რომელიც ასე გვჭირდება) მიეხმარება და არ გახდება გამაღიზიანებელი რუსეთსა და ამერიკას, ან რუსეთსა და დასავლეთს შორის. ბევრჯერ მითქვამს, ჩვენ ის კი არ უნდა გვახარებდეს, რომ თურმე საქართველოს დიპლომატიის გამარჯვებაა, როცა ობამა და მედვედევი ერთადერთ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ და ეს საკითხი საქართველოა, პირიქით, ჩვენ უნდა გვახარებდეს, რომ ეს ორი დიდი ქვეყანა შეთანხმდეს და ჩვენი პრობლემა ამით უფრო ადვილად გადაწყდება. ჩვენი ჯგუფი სწორედ ამაზე იმუშავებს. პირადად მე დავიწყე ბატონ ბიძინასთან კონტრაქტით მუშაობა.
მინდა ერთ დელიკატურ თემაზეც მოგახსენოთ, ყველაზე მეტად მისმა გზავნილმა მიმიზიდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში მოსვლა იმიტომ კი არ გადაწყვიტა, რომ ვინმესთან პირადი პრობლემა ჰქონდა, არამედ სურდა, დახმარებოდა საქართველოს... ჩვენი ჯგუფის საქმიანობა და პერსპექტივა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ესაა ურთიერთობა ევროატლანტიკურ სივრცესთან და, კონკრეტულად, ევროპასთან, აშშ-სთან, ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან - ნატოსთან, ევროკავშირთან. ცალკე მიმართულება იქნება ჩვენი უახლოესი სამეზობლო - აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ სად ვართ და რა პერსპექტივა გაგვაჩნია. როცა საუბარია რუსეთთან ურთიერთობაზე, ამ მხრივ დიდი პრობლემები გვაქვს, რადგან ჩვენი ტერიტორიის 20 %-ზე მეტი ოკუპირებულია. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი პრეტენზიები გვაქვს რუსეთთან, იმის გამო, რომ ჩვენი საქმიანობა უნდა ავაგოთ რეალიზმზე, პრაგმატიზმსა და არსებული სიტუაციის ადექვატურ აღქმაზე, ამ ქვეყანასთან გარკვეული გზები უნდა გამოვნახოთ. რა თქმა უნდა, ეს რთულია და, პირველ რიგში, ხელისუფლების პრეროგატივაა. ჩვენ ამის თაობაზე ბევრჯერ გვქონია საუბარი, მაგრამ ჩვენმა თემატურმა ჯგუფმა ალტერნატიული ვარიანტი უნდა დადოს, თუ როგორ ვხედავთ ამ ურთიერთობის დარეგულირებას.
ზოგიერთების გაღიზიანება თქვენმა ახლანდელმა დაფინანსებამაც გამოიწვია.
- საქართველოს დიპლომატის რანგში, სადაც მიმუშავია და 2003 წელს, როცა მე აქედან წავედი თუ გამიშვეს, ჩემი ხელფასი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე აქ, ამ სტატუსით, და რატომღაც ამის პედალირება და აჟიტირება ხდება. მოგეხსენებათ, მე ვმუშაობდი გენერალური მდივნად შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში, შემდეგ ვმუშაობდი ათენის კვლევით ცენტრში, მოგვიანებით - აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიაში. საკმაოდ დიდი გზა მაქვს გავლილი, 1989 წლიდან ვარ ქართულ დიპლომატიაში. ყველაფერი მინახავს, რაც კი მომხდარა, პრეზიდენტებიდან დაწყებული, მოვლენებით დასრულებული, მე ვიცი, რა ხდება დიპლომატიის შიგნით. დღეს საქართველო არის აყირავებულ, დისბალანსის მდგომარეობაში, ამიტომ მინდა, გასწორდეს, გახდეს დაბალანსებული ქვეყანა, მოძებნოს თავისი ადგილი დიდ პოლიტიკაში, არ გახდეს გამაღიზიანებელი პრობლემური ქვეყანა და შეიტანოს თავისი წვლილი, საკუთარი პოტენციალიდან გამომდინარე... და არა ის აღზევებული ნარატივები, რომ თურმე მთელი მსოფლიო ჩვენს ირგვლივ ტრიალებს.