იზო რიკაძე, "კვირის პალიტრა"
"სააკაშვილმა რა უნდა ამოწუროს, რაც არა აქვს?!"
"პაატა ჭკვიანი, განათლებული და მართალი კაცია, მაგრამ პოლიტიკაში მოსვლის პრეტენზია არა აქვს"
საქართველოს ექსპრეზიდენტს 25 იანვარს 84 წელი შეუსრულდება. "ჩემს საქმიანობას რომ თვალს გადავავლებ, მიკვირს, რამდენი რამ გამიკეთებია... ერთი ადამიანის კვალობაზე ეს ძალიან ბევრია", - ასე შეაფასა "კვირის პალიტრასთან" თავისი ცხოვრების გზა ედუარდ შევარდნაძემ, რომელთანაც საუბარი დღევანდელი პოლიტიკური რეალობის შეფასებით დავიწყეთ:
- პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლა დიდი მოვლენაა. ის ნიჭიერი და უნარიანი კაცია, შეუძლია საქართველო სულ სხვა სახით წარმოგვიდგინოს. მე მჯერა მისი.
- მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ჯერ არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა და ჯერჯერობით ვერც პარტიის სათავეში ახერხებს ჩადგომას.
- ბიძინას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და ამიტომ გადაწყვიტა მეუღლის შემოყვანა პოლიტიკაში. ბიძინას მოქალაქეობის აღდგენას დრო სჭირდება და ამ ნაბიჯით დრო მოიგო. გამიგია, რომ მისი მეუღლე ჭკვიანი ქალია.
- ივანიშვილის ოპონენტები ამბობენ, პოლიტიკაში გამოუცდელიაო.
- თუ მეუღლეს არა აქვს, ბიძინას ხომ აქვს გამოცდილება? მართალია, პოლიტიკაში ახალბედაა, მაგრამ გონიერი კაცია და ის გამოცდილება, რაც ბიზნესში მიიღო, გამოადგება. ბიძინა უკვე ჩამოყალიბებული პოლიტიკოსია. გუნდიც სწორად შეარჩია. თუმცა, მიმაჩნია, რომ მამოძრავებელი ღერძი მაინც ირაკლი ალასანიაა. ჯერჯერობით ძნელია თქმა, ვინ გახდება პრემიერი ან პრეზიდენტი, მაგრამ ბიძინა პირველი კაცი იქნება.
- ვარაუდობენ, რომ ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდში შესაძლოა თქვენი ვაჟი პაატა ვიხილოთ.
- პაატა ჭკვიანი, განათლებული და მართალი კაცია. 14 წელი იმუშავა იუნესკოში. ეს იმას ნიშნავს, 3 აკადემია რომ დაამთავროს კაცმა. დიდი გამოცდილება მიიღო, მაგრამ პოლიტიკაში მოსვლის პრეტენზია არა აქვს.
- როგორ ფიქრობთ, სააკაშვილს დარჩა ქვეყნის მართვის რესურსი?
- რაც არ ჰქონდა, რა დარჩებოდა?
- თუ რესურსი და შესაძლებლობა არ ჰქონდა, როგორ გახდა საქართველოს პრეზიდენტი ორი ვადით?
- შევარდნაძე რომ არ ყოფილიყო, არც სააკაშვილი იქნებოდა პრეზიდენტი და არც ჟვანია - პრემიერ-მინისტრი. მე რომ არ გადავმდგარიყავი, სააკაშვილი ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა. სააკაშვილსა და ჟვანიას რომ ვუთხარი, ხვალიდან პრეზიდენტი აღარ ვარ-მეთქი, ორივე გაშავდა. მაშინ სწორად მოვიქეცი. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, სისხლის ღვრა გარდაუვალი იქნებოდა.
- "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების შენარჩუნებას ეცდება, ივანიშვილი კი პარლამენტში უმრავლესობით მოსვლას ფიქრობს. არჩევნებზე დიდი ბრძოლა იქნება.
- ადმინისტრაციული რესურსი ხელისუფლებაზე იმუშავებს, მაგრამ საბოლოო სიტყვას მაინც საქართველოს მოსახლეობა იტყვის. ბოლო დროს სააკაშვილი ხშირად არის ტელეეკრანზე. ეს ერთ-ერთი მეთოდია პოპულარობის მისაღწევად, მაგრამ ყოველდღე რომ თვალში ეჩხირები ხალხს, ეს საწინააღმდეგოდ იმოქმედებს.
სააკაშვილი აღარ იქნება პრეზიდენტად, მაგრამ შეიძლება პარტია დარჩეს. ბიძინამაც ხომ უთხრა, თქვენთან ვითანამშრომლებო. ეს ძალიან სწორი ნაბიჯია. რაც თვალს ვადევნებ, შეცდომა არ დაუშვია. მიშა გაყალბებითა და ფალსიფიცირებით არჩევნებს ვერ მოიგებს. ხალხი აღარ მოტყუვდება.
- როგორ აფასებთ იმ ფაქტს, რომ რამდენიმე კვირის წინ საფლავიდან ჯაბა იოსელიანის ამოთხრა უნდოდათ...
- ჯაბას ბევრი შეცდომა დაუშვია, მაგრამ დიდი დამსახურებაც აქვს ქვეყნის წინაშე. ჯაბა კაცური კაცი იყო. გულადი, ნამდვილი მეომარი, საქართველოში ჩემი ჩამოყვანის ერთ-ერთი ინიციატორი. ცუდიც გაუკეთებია, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველოსთვის ბრძოლაში დიდი წვლილი შეიტანა. იმსახურებს, რომ პანთეონში იყოს დაკრძალული. დაუძინებელი მტერიც რომ იყოს, საფლავიდან მკვდრის ამოთხრა ქრისტიანული საქციელი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ჯაბა ჩემზე მოწყობილ თავდასხმაში მონაწილეობდა, ვაპატიე.
მხედრიონელები კარგი მეომრები იყვნენ, მაგრამ სამეგრელოში ბევრი ცუდი გააკეთეს. იქ რომ ჩავფრინდი, ქალმა ჩამჩურჩულა, წაიყვანე ჯაბა იოსელიანი სამეგრელოდან და მეგრელები ძეგლს დაგიდგამენო. თბილისში ჩავედი თუ არა, ჯაბას შეტყობინება გავუგზავნე, სამეგრელო დაეტოვებინა. თბილისში რომ ჩამოვიდა, მითხრა, ხომ ნახე, მეგრელებმა ტაშით გამომაცილესო. არადა, ტაში იმიტომ დაუკრეს, რომ სამეგრელოდან მოდიოდა და უხაროდათ, აღტაცებას გამოხატავდნენ.
- მალე 84 წლის გახდებით. როგორ აღნიშნავთ?
- (იცინის) ნუ მიმატებთ, ოთხმოცს მხოლოდ მივუკაკუნე. ჩემს დაბადების დღეზე ოჯახის წევრები მოდიან. ჩვეულებრივი სუფრა გვაქვს. ძირითადად, ვისკის და კონიაკს მჩუქნიან. თუ კონიაკი გიყვართ, დაგპატიჟებთ.
იზო რიკაძე
774
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85