"ქრონიკის" მასალების მიხედვით
"საქართველოში ეროვნული მასშტაბის არჩევნები არ ტარდებოდა, არც 2009 წელს და არც 2010 წელს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების შეცვლის შანსი არ არსებობდა. ვინც ცდილობდა, რომ ამაში დაერწმუნებინა ქართული საზოგადოება, რომ ხელისუფლება შეიცვლებოდა ჩვენი ერთობლივი ფართომასშტაბიანი მიტინგით ან საპროტესტო აქციით, ის აბსოლუტურად არაგულწრფელი იყო ქართული საზოგადოების წინაშე - მე მხოლოდ ბურჯანაძეს არ ვგულისხმობ, არამედ ყველა იმ ოპოზიციურ ძალას, ვინც ამაში არწმუნებდა ქართულ საზოგადოებას", - აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია გაზეთ "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რას პასუხობს ბრალდებებზე ირაკლი ალასანია? / "თუ რამე პრობლემა არსებობს ჩვენ შორის, ეს ბურჯანაძემ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს და არა სხვას..."
"ყალბი თავმდაბლობის გარეშე გეტყვით, რომ ეს არის მიღწევა ქართული საზოგადოებისა - დღეს ქუჩის პოლარიზაცია კი არ არის ქვეყანაში, არამედ თითქმის ყველა ის ოპოზიცია, რომელიც ფიქრობდა, რომ არჩევნებით ხელისუფლებას ვერ შეცვლიდა, ემზადება არჩევნებისთვის. ხელისუფლებებს ძალადობით რომ ვცვლიდით, იმიტომაც ვიყავით მუდმივ კრიზისში. მეამაყება, რომ პროცესში "თავისუფალმა დემოკრატებმა" წვლილი შევიტანეთ. რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს, სწორედ იმ ადამიანებმა, რომლებიც არჩევნების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, დანერგეს საზოგადოებაში ნიჰილიზმი, ამიტომაც მოვიდა იმ არჩევნებში მოსახლეობის 48%. რომ მოსულიყო 75% ჩვენ გავიმარჯვებდით. მე არასდროს მითქვამს, რომ დემოკრატიულად ჩატარდა არჩევნები - განვაცხადე, რომ არჩევნები შედგა, ვუსურვე მოსახლეობას, ღმერთმა ქნას თქვენმა კანდიდატმა გაამართლოს თქვენი იმედები-მეთქი - ჩემი მხრიდან ეს იყო იმის დემონსტრირება, რომ ჩემთვის, ოპოზიციისა და ხელისუფლების ამომრჩეველი, ორივე არის საქართველოს მოქალაქე და ყველას მიმართ ვგრძნობ პასუხისმგებლობას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალასანია.
"არჩევნების შედგა" ნიშნავს იმას, რომ ქართულ საზოგადოებას მაშინ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა! ეს გახდა მიზეზი ჩვენი პრობლემების წამოწევისა და საარჩევნო გარემოზე მუშაობის დაწყებისა. ამერიკა, ევროპა - ყველა გადმოერთო 2012 წლის არჩევნებზე და ხელისუფლების შეცვლაზე. მოკლედ, დადგა დღის წესრიგში საარჩევნო გარემოს ცვლილება. მივიჩნიე, რომ ეს იყო სწორი გზა, რადგან ამ არჩევნებით უნდა გადაწყდეს საქართველოს ბედი", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ბურჯანაძესთან შეხვედრა ალბათ არ შედგა იმიტომ, რომ არ იყო სურვილი იმ პიროვნებისგან, ვისაც უნდა მიეპატიჟებინა და შეეთავაზებინა ბურჯანაძისთვის ეს შეხვედრა. როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილი ჰგავს იმ ადამიანს, რომელსაც შეიძლება აუკრძალო რამის კეთება, ან მე ვგავარ ისეთ ადამიანს ან ისეთ პარტნიორს, რომელიც საკუთარ მეგობარს უკრძალავს გადადგას ნაბიჯი, რომელიც მიაჩნია, რომ მას გამოადგება? - ეს აბსურდია. მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საზოგადოებისთვის აბსოლუტურად უინტერესოა ვილაპარაკოთ იმაზე, თუ სად იქნება ესა თუ ის პოლიტიკური ძალა. მას აინტერესებს, თუ რას სთავაზობენ პოლიტიკური ძალები. ისე, ჩემთვის დღემდე გაურკვეველია, თუ რას სთავაზობს ბურჯანაძის პოლიტიკური ძალა საზოგადოებას", - მიიჩნევს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი.
"ბურჯანაძე, კუკავა და ასე შემდეგ - ეს ძალები ჩვენს ძალებთან ასოცირებული არ არიან. მათთვისაც გაიხსნება სივრცე, მათაც ექნებათ საშუალება სამართლიან, დაცულ ქვეყანაში მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. და თუ მხარდამჭერები ჰყავთ, შევიდნენ პარლამენტში - შემდეგ იქ ოპონირებაც იქნება და თანამშრომლობაც. ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალა ჩვენთან თანამშრომლობს. ძიძიგური, დავითაშვილი და ჩვენ ამ ეტაპზე ვართ პარტნიორები, მაგრამ როგორც კი ბიძინა ივანიშვილი ჩამოაყალიბებს თავის პოლიტიკურ პარტიას, ამის შემდეგ იგეგმება ჩვენი ალიანსის ოფიციაურად გამოცხადება. კონსულტაციები გვაქვს "ფორუმთან", უახლოეს მომავალში "ეროვნული ფარუმი" მიიღებს გადაწყვეტილებას - მე ძალიან მინდა "ეროვნული ფორუმი" გახდეს ამ ცვლილებების ნაწილი ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ვარ გუბაზ სანიკიძის კატეგორიული წინააღმდეგი - ეს არის აბსოლუტური ტყუილი. გუბაზ სანიკიძესთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ძალიან უნდათ, რომ პოლიტიკოსები ერთმანეთს გადაჰკიდონ", - დასძენს ირაკლი ალასანია და შეკითხვას - "ბურჯანაძემ სააკაშვილის პროექტი გიწოდათ, ბრალდებების ნაწილზე კი უპასუხეთ, თუმცა მაინტერესებს, რა პიროვნული უთანხმოებები არსებობს ბურჯანაძესა და თქვენს შორის?" - პასუხობს:
"ბურჯანაძესთან მე რამე პიროვნული უთანხმოება არ მქონია და თუ რამე პრობლემა არსებობს ჩვენს შორის, ეს ბურჯანაძემ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს და არა სხვას. მასთან და მის ოჯახთან პობლემები არასდროს მქონია. პირიქით, მასთან ნორმალური და საქმიანი ურთიერთობები მქონდა, როცა ის სხვადასხვა თანამდებობაზე იყო. მიმაჩნდა, რომ მას დიდი პოტენციალი ჰქონდა, ქართულ პოლიტიკაში გამხდარიყო ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი, პროგრესული ძალა, რომელიც მან ერთი ხელის მოსმით გადააგდო ნაგავში. მაკვირვებს ის, რომ თუ ქალბატონი ნინო ოპოზიციაში უნდა გადასულიყო, რატომ უთანხმდებოდა პარტიულ სიაზე სააკაშვილს, რომლის ოპოზიციაც უნდა გამხდარიყო? მაკვირვებს ისიც, რომ ასეთი საუბრების შემდეგ ერთ ლარად აიღო საჩუქრად წყნეთის აგარაკი და ნაკვეთი - ეს იყო ერთადერთი, რაც ვუსაყვედურე ნიუ იორკში, ვუთხარი, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა და მისი მხრიდან ეს იყო არასწორი ნაბიჯი. იმ საუბარში ვუთხარი, თუკი მე ოპოზიციაში წავიდოდი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნებოდა საერთო, ვიქნებოდით კოორდინაციაში, მაგრამ არანაირი სურვილი არ მქონდა, ვყოფილიყავი მისი პარტიის წევრი - ამიტომ ქალბატონმა ნინომ იჩქარა, როცა სააკაშვილი ადგენდა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო მის პარტიაში, ჯერ ჩემთვის უნდა ეკითხა. არ მაინტერესებს, რაზე მუსაიფოდნენ და თანხმდებოდნენ ბურჯანაძე და სააკაშვილი ექვსი წლის წინათ და არც მომავალში დამაინტერესებს, როცა სააკაშვილი აღარ იქნება ხელისუფლებაში რაზე ისაუბრებენ სააკაშვილი და ბურჯანაძე".
754
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85