ეკა სარალიძე, "ობიექტივი"
თითქოს და არაფერია საგანგაშო ამ ერთობ უწყინარ წერილში მავანთათვის, ვისაც საქართველო მართლაც დემოკრატიის მანათობელი შუქურა ჰგონია, მაგრამ ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა ზარზეიმით თვალწინ გვენგრევა, მათთვის მორიგი წუხილის მიზეზი გახდება. მკითხველმა თავად განსაჯოს რა ხდება დღეს საქართველოში და როგორ ატყუებს ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას, რომელიც წლებია უკვე სიღატაკის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.
გთავაზობთ 2011 წლის 29 დეკემბერს, ესპანურ გაზეთ „Las Provinsiales“-ში (რომელსაც ქართულად ასე ჰქვია - პროვინციალები)გამოქვეყნებული სტატიას სათაურით „არნომ“ საქართველოში ააშენა 131 მეტრის სიმაღლის კოშკი“, რომელიც ჩემი თხოვნით ქართულად გადათარგმნა ესპანეთში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ჩვენმა თანამემამულემ. საყურადღებოა ის, რომ ამ სტატიაში საქართველო მოხსენიებულია „ბალკანეთის ქვეყნად“.
„არნომ“ საქართველოში ააშენა 131 მეტრის სიმაღლის კოშკი“
ინდუსტრიულმა საწარმომ „ტოლეროსეტრა“ ახლახან საქართველოს ქალაქ ბათუმში ააგო 131 მეტრის სიმაღლის კოშკი, რომელსაც ეწოდება ALFABETIK TOWER (ანბანის კოშკი) და რომელიც საზეიმოდ, ოფიციალურად გაიხსნება 31 დეკემბერს. გახსნას საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრება.
ამავე დღეს, ღია ცის ქვეშ, პარკში, რომელსაც ეწოდება „MIRAKALE PARK SQUAR" და კოშკის ქვეშ ათასობით მსმენელის წინაშე მომღერალი ხულიო იგლესიასი იმღერებს.
კოშკის ასაშენებლად „არნომ" გამოიყენა 1500 ტონა ფოლადი მეტალიკატი. კოშკის მშენებლობა რამდენიმე თვე მიმდინარეობდა და მის აშენებაში მონაწილეობდნენ „ოპერატორები“ და „ტექნიკოსები“, რომელნიც ბალკანეთის ამ ქვეყანაში გადაბარგდნენ.
კოშკი წარმოადგენს ცილინდრის ფორმას, რომლის საფუძველს 30 მეტრის დიამეტრი აქვს. ამ ცილინდრის საყრდენის შიგნით მდებარეობს მეორე ცილინდრი, 8 მეტრის დიამეტრის, რომელშიც მოთავსებულია კიბეები და ლიფტი პანორამული ხედვით და რომელსაც აჰყავხარ კოშკის მწვერვალზე, სადაც მდებარეობს მოძრავი რესტორანი და საიდანაც არის ლამაზი ხედი ქალაქისა, ზღვისა და კავკასიის შთამბეჭდავი მთებისა.
ALFABETIK TOVER(ანბანის კოშკი) მნიშვნელობა გამოიხატება იმაში, რომ კოშკი მთელ სიმაღლეზე მორთულია ქართული ანბანის 33 ასოთი; თითოეული ასო 6 მეტრის სიმაღლისაა და აქვს დამოუკიდებელი განათება (ესპანური გაზეთი „Las Provinsiales“ 2011 წლის 29 დეკემბერი)“.
ზემოხსენებულ ესპანურ გამოცემაში სამწუხაროდ, დასახელებული არ არის წყარო, რომელზე დაყრდნობითაც გამოცემა წერს, რომ საქართველო არის „ბალკანეთის ქვეყანა“. საინტერესოა ვინ მიაწოდა ესპანურ პრესას ამგვარი ინფორმაცია, ან რატომ, რა მიზნით არის საქართველო „ბალკანეთის ქვეყნად“ მოხსენიებული. ნუთუ, მსოფლიოში ასეთი ეკონომიკური „წინსვლით“ განთქმული სახელმწიფო ესპანელი ჟურნალისტისთვის ცნობილი არ არის?!
ანბანის კოშკთან დაკავშირებით ესპანურენოვანი გამოცემისგან განსხვავებულ ცნობებს გვაწვდიან ქართულენოვანი ინტერნეტგამოცემები: „commersant.ge“ და „netgazeti.ge“.
„commersant.ge“ 2011 წლის 11 ნოემბერს ამავე გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია:
„ქართულ ეიფელის კოშკად მონათლული ბათუმის ანბანის კოშკის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 64 მილიონი იხარჯება. კოშკის ბოლო სამ სართულზე რესტორნის, ტელესტუდიის და ობსერვატორიის გაკეთება იგეგმება. ქართული ანბანის ოცდაცამეტივე ასო ბათუმში სპეციალურად აგებულ ანბანის კოშკზე უკვე დაიწერა მხედრულად, ასომთავრულად და ნუსხურად.
ანბანის თითოეული ასოს სიგრძე დაახლოებით 7 მეტრია. კოშკი დაახლოებით 130 მეტრი სიმაღლისაა. ნაგებობის თავზე მინის სფეროა განთავსებული. პროექტის მიხედვით, სფეროში მბრუნავი რესტორანი უნდა იყოს. იგი ერთ ბრუნს ერთ საათს მოანდომებს. ბათუმის მერიაში ვარაუდობენ, რომ კოშკის მშენებლობა 2011 წლის ბოლოს დასრულდება. კოშკის პროექტი საქართველოს პრეზიდენტმა 2010 წელს გახსნა”.
2011 წლის 8 აგვისტოს „netgazeti.ge“ ბათუმის ანბანის კოშკზე ასეთ ინფორმაციას აქვეყნებს:
„ბათუმის მერიაში ვარაუდობენ, რომ კოშკის მშენებლობა 2011 წლის ბოლოს დასრულდება. ანბანის კოშკის არქიტექტორი ესპანელი ალბერტო დომინგო კაბოა. მისი არქიტექტურით ქუთაისში მალე პარლამენტის შენობა აიგება. ანბანის კოშკის მშენებლობისთვის ესპანურ კომპანიას, შპს „GMD DOMINGO Y LAZARO INGENIEROS S. L“-ს ბათუმის მერიამ 59 მილიონი გადაურიცხა. მერია საქართველოს მთავრობის განკარგულებას დაეყრდნო და გამარტივებული შესყიდვის ფორმა გამოიყენა“.
ერთი წლით ადრე, 2010 წლის 31 ოქტომბერს „netgazeti.ge“ მკითხველს აუწყებს, რომ ბათუმის კოშკს ააშენებს ქართული კომპანია (და არა ესპანური!!!):
„პროექტი ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი მშენებლობა 5 თვეში უნდა დასრულდეს. ანბანის კოშკს ქართული კომპანია „მაგისტილი" ააშენებს. მშენებლობებზე 100-მდე ადგილობრივი დასაქმდება“.
ზემოხსენებულ ინტერნეტგამოცემებში ნათლად ჩანს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები, ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებზე და, ასევე, ესპანურ სამშენებლო კომპანიაზე. საინტერესო სწორედ ისაა, რომ საინფორმაციო საშუალებებისთვის ინფორმაციის მიმწოდებელი წყარო ტყუილის რამდენი ვერსიით აბრუებს საქართველოს მოქალაქეებსს და ასევე მსოფლიოსაც. დიდი ფიქრი არ სჭირდება პასუხს კითხვაზე – რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ თვლის საჭიროდ ზუსტი ანგარიში ჩააბაროს ხალხს, რადგან სიცრუე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის საკმაოდ კარგი საკვებია.
ესპანური სამშენებლო კომპანია „არნო“ გაერთიანებულია საწარმო „ტელეროსეტრაში“ და მისი ხელმძღვანელი ალბერტო დომინგო კაბო გახლავთ. მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ სააკაშვილის მიერ ათასჯერ ნაქები და საქართველოში არქიტექტორად წოდებული ალბერტო დომინგო კაბო პროფესიით გზის მშენებელი ინჟინერია და საკუთარ სამშობლოში ირონიულად „კავკასიიის კალატრავად“ მოიხსენიებენ, ვინაიდან მას ესპანეთში ბათუმის კოშკის მსგავსი არაფერი აქვს აგებული. ეს ინფორმაცია ესპანეთში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულეებმა მოგვაწოდეს.
„2010 წლის 26 მაისს თბილისში თავისუფლების მოედანზე საზეიმოდ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდა ალბერტო დომინგო კაბო - ბათუმისა და ანაკლიის, თბილისის გმირთა მემორიალის და საქართველოს ახალი პარლამენტის შენობის პროექტის შექმნისთვის“, - წერს „netgazeti.ge“ 2010 წლის 26 მაისს.
კვლავ მივუბრუნდეთ ესპანურენოვან გამოცემა „Las Provinsiales“-ში 2011 წწლის 29 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიას, სათაურით „არნომ“ საქართველოში ააშენა 131 მეტრის სიმაღლის კოშკი“. სტატიაში აღნიშნულია:
„ანბანის კოშკი გახლავთ საწარმო „არნოს" მიერ საქართველოში შექმნილი მესამე ნაგებობა. ცოტა ხნის წინ და რეკორდულ მოკლე დროში (თვენახევარი), ამავე ზღვისპირა ქალაქ ბათუმში ააგეს გიგანტური თაღი THE DOOR OF BLAK ESA (შავი ზღვის ჭიშკარი), რომელიც 35 მეტრი სიმაღლის, 26 მეტრი სიგანის და 200 ტონის სიმძიმისაა და მიმართულია შავი ზღვისაკენ; შეღებილია საქართველოს დროშის ფერებით, როგორც პორტში შემავალი სიმბოლო.
უფრო ადრე „არნომ" ქალაქ თბილისში ააგო TORE DE HERIOS (გმირთა მემორიალი); გიგანტური ქანდაკების სიმაღლეა 50 მეტრი; წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდ ნაგებობას „მეტაკრილატით" და ეძღვნება საქართველოს გმირების ხსოვნას“ (ესპანური გაზეთი „Las Provinsiales“ 2011 წლის 29 დეკემბერი)“.
ესპანელ კოლეგას, ალბათ, დაავიწყდა იმის მიწერა, რომ არქიტექტორად წოდებულ დომინგო კაბოს მიერ აშენებული „ანბანის კოშკი“ საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული შენობა იქნება.
გმირთა მემორიალზე დამატებითი ინფორმაცია ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა მომაწოდა, ის ჯერ კიდევ ორი წლის წინ ცდილობდა თბილისის მერიაში გაერკვია რა თანხა უჯდებოდა მემორიალის აგება სახელმწიფოს. მიქიაშვილის მიერ მომზადებულ სტატიაში სათაურით „მაგისტრალზე მიბმული გმირთა ხსოვნა“, თბილისის მერიის მიერ მიცემულ კომენტარში აღნიშნულია:
„გამომდინარე აქედან, მემორიალის ასაგებად ცალკე არ გამოცხადებულა პროექტების შესარჩევი კონკურსი. ტენდერი მაგისტრალზე იყო გამოცხადებული და ესპანელი არქიტექტორიც ამ პროექტის ფარგლებში შეირჩა. მთლიანობაში ამ პროექტისთვის 80 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც მოიცავს ვაკე–საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ მაგისტრალს და გმირთა მოედანზე ესტაკადას. 30 მილიონი 2009 წელს ბიუჯეტიდან გამოიყო, როდესაც მშენებლობა დაიწყო და დანარჩენი 50 მილიონი 2010 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა...“, – ასეთი სიტყვიერი განმარტება მოგვცეს მერიის პრესსამსახურის წარმომადგენლებმა, როდესაც მემორიალისთვის დახარჯული თანხით დავინტერესდით.
სანამ სიტყვიერ განმარტებებს მივიღებდით, მერიის პრესსამსახურიდან ასეთი შინაარსის ინფორმაცია გადმოგვიგზავნეს – „გმირთა მოედანზე, ლითონის კონსტრუქციისა და მეტაკრილატის პრიზმებისგან შემდგარი 48 მეტრი სიმაღლის „გმირთა მემორიალი“ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში, 1921 წელს იუნკერების, 1924 წლის აჯანყების მეთაურების, 1992-93 წლებში აფხაზეთში და 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულ მეომართა ხსოვნას ეძღვნება. კოშკის მეტაკრილატის პრიზმებზე ყველა იმ მებრძოლის სახელი და გვარი ამოიტვიფრა, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლას შეეწირა. მათი სახელების უკვდავსაყოფად მემორიალთან განთავსებულ კაფსულაში მათი სახელები იქნება მოხსენიებული. მემორიალი ესპანელი დიზაინერის ალბერტო დომინგო კაბოს მიერ არის დაპროექტებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ლითონის კონსტრუქციის გარშემო მეტალოპლასტმასია და სწორედ, ამაზეა ამოტვიფრული დაღუპული მეომრების გვარები. რადგან ეს ინფორმაცია მერიის პრესსამსახურში ვერ დავაზუსტეთ, ამიტომ ინტერნეტის საშუალებით ვეცადეთ გაგვერკვია რა მასალაა მეტაკრილატი, მაგრამ უცხო სიტყვათა ლექსიკონში, ამის მეტი ვერაფერი ვიპოვეთ: „მეტაკრილატები – მეტაკრილმჟავას მარილები ან რთული ეთერები“.
ესპანურ პრესაში გამოქვეყნებული წერილის შემდეგ მეც ვეცადე გამერკვია რა მეტალს წარმოადგენს მეტაკრილატი და რა არის მისი საბაზრო ღირებულება, რადგან ამ მეტალზე ინფორმაცია მხოლოდ ესპანურ ენაზე მოიპოვება, ამიტომ დახმარებისთვის კვლავ მივმართე ესპანეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებმაც ასეთი ცნობები მომაწოდეს:
METAKRILATO – ასე უწოდებენ ამ ქიმიურ მეტალს ესპანეთში, იწარმოება სამი ხარისხის. საშუალო ღირებულება 10 მმ. სისქე და 1 კვ.მეტრი ღირს 140 ევრო. ფასები დამოკიდებულია ამ ხელოვნური ლითონის ზომაზე , წონაზე, სისქეზე და მის ფერზე. იყენებენ თითქმის ყველაფერში - მშენებლობა, ავეჯი, ფოტოაპარტები და ისეთ ფაქიზ ნივთებშიც, როგორიცაა ჩიპები.
ჩვენ არავინ და არასდროს გვეტყვის თუ რა თანხა იხარჯება ისეთ პომპეზურ ნაგებობებში, როგორიცაა ე.წ. გმირთა მემორიალი, შავი ზღვის კარიბჭე და ბათუმის ანბანის კოშკი. ამას ხომ საავტორო, სამაკეტო და თავად მშენებლობის ხარჯებიც ერთვის? ავტორებიც და მშენებლებიც უცხოელები არიან და 100 ლარისთვის, გნებავთ, 1000 ლარისთვის საქართველოში რომ არავინ ჩამოვა, ესეც ხომ ცხადია?!
თუკი ძეგლს ქართულ ანბანს უდგამენ, მაშინ ესპანურ ენაზე დაწერილ წერილშიც რატომ არის მითითებული ყველა ნაგებობის სახელი ინგლისურად?! თუკი ეს ცნობა უცხოელი ჟურნალისტისთვის საქართველოს რომელიმე სახელმწიფო უწყებიდან არ არის მიწოდებული, მაშინ ესპანელმა ჟურნალისტმა ესპანელებისთვის გასაგებ ესპანურ ენაზე რატომ არ დაწერა და რატომ მიუთითა მათი სახელები ინგლისურად?! შეიძლება მკითხველმა ეს მორიგ ახირებად ჩამითვალოს, მაგრამ ის, რაც დღეს ჩვენს სკოლებში ხდება, საფუძველს მაძლევს ვიფიქრო, რომ ხელისუფლება ქართულ ანბანს „გარდაცვალების“ ძეგლს უდგამს.
„გმირთა მემორიალის გახსნის დღეს, იმ ესპანელმა არქიტექტორმა წამოაყრანტალა: „მე შემსრულებელი ვიყავი და შევასრულე; არც იდეა იყო ჩემი და არც არაფერი, ყველაფერი სააკაშვილს ეკუთვნოდაო”, - ესაა კიდევ ერთი ამონარიდი სტატიიდან სათაურით „მაგისტრალზე მიბმული გმირთა ხსოვნა“.
სწორედ საქართველოზეა ნათქვამი „უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენო“.
1790
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85