დაუცველი პოლიციელი ნიშნავს დაუცველ ქართულ სახელმწიფოს

დაუცველი პოლიციელი ნიშნავს დაუცველ ქართულ სახელმწიფოს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური, ხელისუფლებას მოუწოდებს, საქართველოს მოქალაქეების დასაცავად ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

როგორც ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, 2003 წლიდან მოყოლებული პოლიციელის ღირსება და პატივი არასდროს ისეთ დაბალ ნიშნულზე არ ყოფილა დაყენებული სახელმწიფოს მხრიდან, როგორც არის დღეს.

"ის რაც ხდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში პოლიციელთა მიმართ მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფოს არ აქვს გაცნობიერებული პოლიციის როლი ჩვენს ქვეყანაში. უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში მოხდა მკვლელობა ბათუმში ქურდის მეგობრის მიერ და ის გააპარეს, მოხდა პაგონების ახევა პოლიციელისთვის ქუთაისში საკრებულოს წევრის მიერ, პოლიციელები დაჭრეს ქვიშხეთში, სასტუმრო "რედისონთან" პოლიციელი სცემა მოქალაქემ და გაურკვეველია მას რამე ტიპის პასუხისმგებლობა დაეკისრა თუ არა ამის გამო. პოლიციელებს ესროელს თელავში. ზუგდიდში, გურამ ღუწკაიას მანქანა დაწვეს. ეს ფაქტები არის მცირე ჩამონათვალი იმისა, თუ რა ვითარებაში იმყოფება დღეს ქართული პოლიცია და რამდენად არის ის ივანიშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ მიჯირყვნილი კრიმინალური სამყაროს მიერ", - განაცხადა წიკლაურმა.

მისივე თქმით, პოლიციელებს არ უზრდიან ხელფასებს, მათ ჩამოართვეს სადაზღვევო პაკეტი ოჯახებისათვის და სულ უფრო ხშირად ვხედავთ გაჩერებულ პოლიციის მანქანებს, რადგან მათ შესაბამისი რაოდენობის ბენზინსაც კი არ აძლევენ თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად.

დეპუტატის თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიმართავს ხელისუფლებას დაიცვას პოლიციელთა ღირსება და პატივი, დაიცვას მათი სიცოცხლე.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ინსტიტუტების მიზანმიმართული ნგრევა. დაუცველი პოლიციელი ნიშნავს დაუცველ ქართულ საზოგადოებას. პოლიციელი, რომელსაც აჰყარეს ღირსება და პატივი, პოლიციელი, რომელიც ვერ გრძნობს თავს დაცულად თავის ქვეყანაში, ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოახერხებს მოქალაქეთა დაცვას. შესაბამისად, დაუცველი პოლიციელი ნიშნავს დაუცველ ქართულ სახელმწიფოს", - აცხადებს წიკლაური.

დეპუტატის კომენტარს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.