ამერიკელი მკვლევარი სკოტ ჰორტონი: შეინარჩუნეთ ნეიტრალიტეტი, ეცადეთ იყოთ სამართლიანი ყველას მიმართ. ნუ მისცემთ, განსაკუთრებით აშშ-ს, თქვენი გამოყენების უფლებას რუსეთის წინააღმდეგ, ვინაიდან ეს მოიტანს უარყოფით უკუგებას

ამერიკელი მკვლევარი სკოტ ჰორტონი: შეინარჩუნეთ ნეიტრალიტეტი, ეცადეთ იყოთ სამართლიანი ყველას მიმართ. ნუ მისცემთ, განსაკუთრებით აშშ-ს, თქვენი გამოყენების უფლებას რუსეთის წინააღმდეგ, ვინაიდან ეს მოიტანს უარყოფით უკუგებას

შეინარჩუნეთ ნეიტრალიტეტი, ეცადეთ, იყოთ სამართლიანი ყველას მიმართ. ნუ მისცემთ, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებს, თქვენი გამოყენების უფლებას, რუსეთის წინააღმდეგ, ვინაიდან ეს მოიტანს უარყოფით უკუგებას სწორედ თქვენს მიმართ. ჩვენ კი თქვენს დასაცავად არ მოვალთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ამერიკელმა მწერალმა, ჟურნალისტმა, მკვლევარმა სკოტ ჰორტონმა აშშ-დან ჩართვისას.

სკოტ ჰორტონი მონაწილეობდა ორი კვირის წინ თბილისში გამართულ, მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმში. მან ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ამერიკელმა მკვლევარმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკვე დიდი ხანია, ჩართულია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ეს ასე იყო ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რა განაპირობებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ასეთ მაღალ ინტერესს, სკოტ ჰორტონმა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი იყო რუსული ზეგავლენის აღდგენისთვის ხელის შეშლა, როგორც ზოგადად, აღმოსავლეთ ევროპაში.

„ამავე დროს, ვაშინგტონს სურდა კასპიის ზღვის ფსკერში მდებარე პეტროლიუმის რესურსების რუსეთის ფედერაციის ხელში ჩავარდნისგან თავის აცილება. ეს შეჯიბრება მე-19 საუკუნიდან მოყოლებული მიმდინარეობს. მთავარი კითხვა გახლდათ შემდეგი, თუ რა მიმართულებით იქნებოდა მილსადენები გაყვანილი. ეს პროცესი დაიწყო ბილ კლინტონის ადმინისტრაციის პირობებში და დასრულდა ჯორჯ ბუში უმცროსის პრეზიდენტობისას. საუბარი მაქვს, ბაქო- თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე, რომელიც აზერბაიჯანში იღებს სათავეს და საქართველოს გავლით მიემართება თურქეთში, საბოლოო დანიშნულების ადგილი კი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე პორტი ჯეიჰანია სამხრეთ აღმოსავლეთ თურქეთში. ამ მილსადენის დანიშნულება გახლდათ მისი დასავლეთით მიმართვა და მისი სამხრეთით, ირანის გავლით ან გნებავთ ჩრდილოეთით, რუსეთის გავლით გასვლის თავიდან აცილება.

ირანის გავლით ამ მილსადენის აშენებას ისრაელი ეწინააღმდეგებოდა, ხოლო რუსეთის გავლით მის გაყვანას კი ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკის ინტერესი გახლდათ რუსეთის ხელი შეეშალა ნავთობის რესურსების ექსპორტის მონოპოლიზაციისთვის, კიდევ უფრო სასურველი იქნებოდა რუსული მხარისათვის ამ მიდამოებიდან რესურსების ათვისების თვალსაზრისით ფეხის საერთოდ ამოკვეთა, სწორედ ეს გახლდათ მთავარი მიზანი. წიგნშიც იმავეს აღვწერ, სწორედ ქართული რეჟიმის დამსახურებითაც, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერდა მუჯაჰედინებს ჩეჩნეთში რუსეთის წინააღმდეგ ომისას. მიზანი გახლდათ რუსების რეგიონში დაბრკოლება და მათ მიერ ჩეჩნეთში არსებული საბჭოთა მილსადენის აღდგენისთვის შეუფერებელი პირობების უზრუნველყოფა.

ჩვენი მიზანი გახლდათ დაღესტნის გავლით ნებისმიერი მილსადენის აშენებისთვის ხელის შეშლაც. სწორედ ამას ემსახურებოდა ისლამური ტერორიზმის წამოჩიტვა, ეს ემსახურებოდა რუსეთის დესტაბილიზაციას და შესაბამისად, სამხრეთ კავკასიაში მათი ზეგავლენის აღდგენის თავიდან აცილებას.

თბილისში სიტყვით გამოსვლისას ვამბობდი, რომ მე არ ვისურვებდი საქართველოზე რუსეთის ბატონობას, მიმაჩნია, რომ ქართველთა უმრავლესობა სწორედ ასე ფიქრობს. არავის სურს რუსეთში ძალისმიერად შებრუნება. ჩემი სიტყვის დედააზრი გახლდათ ის, რომ თუ საჭირო გახდა, ამერიკის შეერთებული შტატები არ ჩაერევა, ეს უკვე ვიხილეთ 2008 წელს, როდესაც სააკაშვილმა ომი დაიწყო და რუსებმა საზღვარი გადმოკვეთეს. ჯორჯ ბუშ უმცროსს შეეძლო, ჩარეულიყო, მაგრამ ის ასე არ მოიქცა. საქართველო უბრალოდ ძალიან შორს არის. მან ამ გზით ასევე გამოააშკარავა სიცრუე, როდესაც ის დებდა პირობას, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდებოდა. მას რომ თქვენი სახელით ბრძოლის სურვილი ჰქონოდა, მაშინ 2008 წელს იომებდა.

შევეშვათ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას. ამერიკის მოსახლეობას არ აინტერესებს საქართველო. მათ წარმოდგენაც კი არ აქვთ, სად მდებარეობს ყოფილი საბჭოთა საქართველო. სწორედ ასე ვუწოდებთ საქართველოს, რადგან ჩვენ საკუთარი ჯორჯია გვაქვს, თქვენ კი 7 თუ 8 ათასი კილომეტრის დაშორებით ხართ და არ წარმოადგენთ ამერიკელი ხალხის ინტერესს.

ამიტომაც, ჩემი რჩევა გახლდათ, გამოიჩინოთ სიფრთხილე, შეინარჩუნეთ ნეიტრალიტეტი, ეცადეთ იყოთ სამართლიანი ყველას მიმართ. ნუ მისცემთ, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებს, თქვენი გამოყენების უფლებას, რუსეთის წინააღმდეგ, ვინაიდან ეს მოიტანს უარყოფით უკუგებას სწორედ თქვენს მიმართ. ჩვენ კი თქვენს დასაცავად არ მოვალთ. სწორედ იმავეს ვადევნებთ თვალს უკრაინაში. ჩვენ ყოველთვის დიდი სიამოვნებით შევუძღვებით მათ შარში, მაგრამ არაფერს ვიღონებთ მათ დასახსნელად“, - განაცხადა სკოტ ჰორტონმა.