კონტროლის პალატის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურს მადა გაეხსნა: ,,ვეხმიანებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას და მიზანშეწონილად მიგვაჩნია, შევამოწმოთ მოძრაობის, ,,ჩვენი ხმა გიგი უგულავას'' ფინანსური საქმიანობა და საჯარო გავხადოთ ნებისმიერი პირისთვის'' - ეს განცხადება ნათია მოგელაძემ სულ ორი დღის წინ, ,,ფეისბუქზე'' დადებული სტატუსის ,,ლაიქების'' მიხედვით შეადგინა, ასე მარტივად გაზომა საზოგადოებრივი ინტერესი და მოძრაობას ფინანსური ანგარიშის წარსადგენად გონივრული, სამდღიანი ვადა მისცა. მოკლედ, ყველაფერი ისე განმეორდა, როგორც პირველი ,,საკბილოს'', ბიძინა ივანიშვილის ,,ქართული ოცნების'' შემთხვევაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჩემი ხმა გიგი უგულავას'' 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე 4 თვით ადრე, თებერვალში, ჯერ კიდევ მანამ დარეგისტრირდა, ვიდრე უგულავას მერობის კანდიდატად წარადგენდნენ. გაუგებარია, დღემდე რა მიზნით აგრძელებდა არსებობას, თუმცა კიდევ უფრო გაუგებარი ის იყო, სამი ახალგაზრდა რომ შეიკრიბა და განაცხადა, საკუთარი ხარჯებით უგულავას მერად არჩევაში წვლილის შეტანას ვცდილობთო. მაშინ იდეის ავტორი, ზვიად ფოფხაძე ,,ვერსიას'' არწმუნებდა: ,,უგულავას მხარდაჭერას განსაკუთრებული ფინანსები არ სჭირდება. სავარაუდოდ, 10 000 ლარი დაგვეხარჯება და კორპუსებს ეს თანხა მხოლოდ იმ ტექნიკურ ხარჯებზეა გათვლილი, მოსახლეობასთან შეხვედრებს, ოფისის იჯარასა და კომუნალურ ხარჯებს რაც მოხმარდება. ჩვენ შემოწირულობებითა და მეგობრების კეთილი ნებით ვარსებობთ და არც არავისგან ველით არაფერს''.
,,ჩარლის ანგელოზების'' გავლენით, ,,უგულავას ანგელოზებად'' მონათლულმა სამმა მეგობარმა ვერც შემოწირულობა მიიღო და მათი ორგანიზაცია ფუნქციურიც არ აღმოჩნდა. ,,ვერსიამ'' ,,გიგის ხმების ამგროვებლებს'', კოტე თოლორაიასა და ზვიად ფოფხაძეს ამჯერადაც მიაკითხა და მათი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული საბანკო ანგარიშებით დაინტერესდა. ჩვენ სწორედ ის დოკუმენტაცია მოვიპოვეთ, რომელსაც მოძრაობა კონტროლის პალატას უგზავნის. ,,თიბისი'' ბანკიდან 2012 წლის 17 იანვარს გაკეთებული საბანკო ამონაწერი კი ამ შინაარსისაა: ანგარიშის მფლობელი - მოძრაობა ,,ჩვენი ხმა გიგი უგულავას''. ანგარიშის გახსნის თარიღი - 2010 წლის 1 აპრილი. თანხის შემომტანი - ზვიად ფოფხაძე. ბრუნვა ევროებში - ნული ევრო. ბრუნვა დოლარებში - ნული დოლარი. ბრუნვა ლარებში - 20 ლარი. დიახ, თვალი არ გატყუებთ - მოძრაობას მერობის კანდიდატ უგულავას მხარდაჭერა ზუსტად 20 ლარი დაუჯდა და ესეც მხოლოდ და მხოლოდ ანგარიშის გახსნის საბანკო მომსახურების საფასურია, მაგრამ იმ ღონისძიებებში, რაც მათ 2010 წელს ჩაატარეს, ვიღაცამ ფული ხომ გადაიხადა?! თუ ეს არც მერია იყო და არც ,,გიგის ანგელოზებს'' გაუღიათ 20 ლარზე მეტი, მაშინ ვინ დააფინანსა ღონისძიებები - 3 მარტის აქცია, პრობაციის სამსახურთან ერთად, შეჯიბრები ფრენბურთსა და ცურვაში, გიგის მხარდამჭერი კონცერტი 20 ქართველი მომღერლის მონაწილეობითა და პოლიციის დღეს, აღმაშენებლის ხეივანზე, ნაძვების დემონსტრაციულად დარგვა, თბილისის გასამწვანებლად? ან სადაა ასახული მთელი ეს ხარჯები?!
კითხვებზე პასუხის გაცემას კოტე თოლორაია შეეცადა: ,,თანხა რომ დავთვალეთ იმ ყველაფრისთვის, რისი გაკეთებაც გვინდოდა, დაახლოებით 20 000 ლარზე ავედით, მაგრამ ხომ ნახეთ, რეალურად, 4-5 ღონისძიება ჩავატარეთ, ისიც ჩვენი ხარჯით. იმ დარგულ ნაძვებში ფული არ გადაგვიხდია, ,,გუდვილმა'' ტორტი უფასოდ მოგვაწოდა, ქველმოქმედების მიზნით და დარბაზიც 2-3 საათით, უფასოდ დაგვითმეს. კონცერტისთვის მომღერლებს დავურეკეთ და ყველას ვთხოვეთ, თითო სიმღერა უფასოდ ემღერა''. ისე, თოლორაია არჩევნების მერე ჯერ დედაქალაქის საკრებულოში მუშაობდა, ახლა ,,იმედზე'' მიჰყავს ეთერის ნახევარი და ,,რადიო იმედის'' შტატშია. ეს მაშინ, როცა 2010 წელს ხელებს ასავსავებდა, არავისგან არაფერს ველი და საჯარო სამსახურშიც არ მივდივარო. ,,იმ მომენტში უმუშევარი ვიყავი, თან მაღალანაზღაურებადი სამსახური საკრებულოში არც მქონია, სულ 600 ლარს ვიღებდი და რამდენიმე თვე ვიმუშავე'', - ასეთია დღეს თოლორაიას განმარტება. კიდევ უფრო კომპეტენტურ განმარტებასა და მეტიც, ვრცელ სამადლობელს კონტროლის პალატას ზვიად ფოფხაძე უგზავნის: ,,იურისტი ვარ და მესმის, რატომ გადაწყვიტა კონტროლის პალატამ ჩვენი შემოწმება - ასეთი კანონი მიიღეს! ამ კანონს უკუგების ძალა აქვს თუ არა, ამაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ეს შემოწმება საზოგადოებას ეჭვს გაუქარწყლებს. ყველა იმას ამბობდა და დღესაც ასე ფიქრობენ, რომ მერია გვაფინანსებდა - ფულს ,,ათეთრებენ'' და სპეციალურად ქმნიან ასეთ ორგანიზაციებსო.
ჰოდა, ეს კითხვები კიდევ რომ არ დაისვას, ძალიან მოხარული ვარ, ეს კანონი ძალაში რომ შევიდა. მხარს ვუჭერდით უგულავას და დღემდე ვაფიქსირებთ, რომ მოგვწონს ქალაქის მერი. ამიტომ, კონტროლის პალატას ეს მოთხოვნა რომ არ გამოეგზავნა, აი, ეს იქნებოდა კანონის დარღვევა!'' ნონსენსია პირდაპირ, ასე ყელგამოღადრული იხვეწებოდე, შემამოწმეო. ეტყობა, ფოფხაძეს პოლიტმოდა კარნახობს, ასეთი თხოვნების გაჟღერებას. გამოუცდელი იურისტის, ზვიად ფოფხაძის თვალით დანახული კანონი კი სინამდვილეში დიდი უკანონობაა და 2011 წლის ბოლოსწინა დღეს მიღებული რეგულაცია, რომელსაც უკუგების ძალა არ გააჩნია, 2010 წელს ჩადენილ ,,საგმირო საქმეებზე'' არანაირად არ ვრცელდება, მით უმეტეს, ,,ფეისბუქზე'' რიგითი მომხმარებლის მიერ მიწერილი ერთი წინადადებით. ,,არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის'' ხელმძღვანელი კახაბერ კახიშვილი კი ფაქტს ასე აფასებს: ,,კანონის დარღვევა ისაა, კონტროლის პალატამ ეს მოძრაობა რომ შეამოწმა. უკაცრავად, ამას არავინ ,,ჭამს'' და ადვილი გასაგებია, რომ ამ ბიჭებმა აპრიორი იციან, მათ მიმართ არანაირი სადამსჯელო ღონისძიება არ გატარდება. თუმცა, ამით კონტროლის პალატას ფართო გზას უხსნიან, ჩვენით დაიწყე და მერე სხვების ძველი საქმეებიც შეამოწმეო! თან, ყველა ასეთ შემოწმებას უნდა ახლდეს ვარაუდი ან საფუძველი, რომ კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე, მაგრამ 2011 წლის 29 დეკემებერს მიღებული ცვლილებებით შექმნილი ორგანო რომ ამოწმებს მოძრაობას, რომელმაც აქტივობა 2010 წელს განახორციელა, ეს უბრალოდ თვალში ნაცრის შეყრაა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეაქციის შესარბილებლადაა გაკეთებული.
შეაირჩიეს ისეთი მოძრაობა, რომელიც აშკარად, სახელითაც კი დაკავშირებულია ხელისუფლებასთან და ეს იმისთვის მოხდა, რომ შექმნან ილუზია, კანონი ყველას მიმართ ერთნაირად მკაცრი და სამართლიანიაო.'' გამოდის, ,,ფეისბუქსტატუსი'' ერთობლივი თამაშის ნაწილია და რაკი კონტროლის პალატამ ერთი ოპოზიციური ორგანიზაცია, ,,ქართული ოცნება'' შეამოწმა, ბალანსისთვის, ერთსაც სახელისუფლებოს მიადგება, მაგრამ იმ პირობებშიც კი, როცა უგულავას სახელობის სამეულს საბანკო ანგარიშზე 20 ლარი აქვს, სურვილი იყოს და, მათი დასჯა ძველი კანონითაც მოხერხდება: ,,როცა მოძრაობის ბალანსზე თანხა არაა, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნებში გამოყენებული იყო ადმინისტრაციული რესურსი და უგულავას სახელით, მათ ყველა უფასო მომსახურებას უწევდა. ესეც უნდა ასახულიყო და აუდიტების მიერ შემოწირულობად ჩათვლილიყო. აბა, ,,გუდვილში'' ჩემი სახელით მისულიყო ვინმე და ეთქვა, ერთი დიდი ტორტი მინდაო, მეეჭვება, მისთვის თუნდაც საღეჭი რეზინი მიეცათ. აი, მოქმედი მერის სახელით კი ამ ბიჭებს ტორტსაც გაატანდნენ და კანფეტებსაც.
დარბაზის უფასოდ გადაცემას და მსგავს აქტივობებს, სხვათა შორის, მაშინდელი კანონიც კრძალავდა. თუ არადა, ანგარიშზე ნულები იმის ნიშანია, რომ მოძრაობაში ,,შავი ფული'' ტრიალებდა. ასეც რომ იყოს და სამართალდარღვევები რომც უპოვონ, ამ კანონით მაინც ვერ დასჯიან, რადგან მას უკუგების ძალა არ გააჩნია! მარტივად ავხსნი: ეს იგივეა, თუ დღეს აღმაშენებელზე მანქანით მოძრაობა ნებადართულია და 5 დღის მერე აიკრძალება, ყველა, ვისაც აქამდე გაუვლია, უნდა დაჯარიმდეს. თუ ვინმეს, რამის შემოწმება რეალურად უნდა, შემიძლია უამრავი ორგანიზაცია ჩამოვთვალო, მაგალითად, კოალიცია ,,ევროპული საქართველოსთვის'', რომელიც არც მალავს ხელისუფლებისადმი სიმპათიებს. მოძრაობას ,,ჩემი ხმა გიგი უგულავას'' რაც შეეხება, ეს იყო აბსოლუტურად უმოქმედო ორგანიზაცია, ხოლო მკვდრების გაცოცხლება არ შედის კონტროლის პალატის ფუნქციაში. ამის უფლება არ აქვთ, რადგან კანონს უკუქცევითი ძალა არ უნდა მოარგონ. არ მესმის, ამ ბიჭების პასუხისმგებლობის საკითხი როგორ უნდა დადგეს, როცა უგულავას საარჩევნო ფონდი დიდი ხანია დახურული და ცესკო-ში ჩაბარებულია''. მკვდრების გაცოცხლებაზე გამახსენდა: იყო ასეთი პარტია ,,სახალხო დემოკრატები'' და ჰყავდა ლიდერი, გვარად ივანიშვილი.
ბატონი ნიკა ივანიშვილი, რომელიც მილიარდერ ბიძინას მხოლოდ მოგვარედ ერგება, ადგილობრივ არჩევნებშიც მონაწილეობდა, საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენების პრეტენზიაც ჰქონდა და ,,ვერსიას'' მომავალი გეგმების შესახებაც მოუთხრობდა, ჯერ კიდევ 2010 წელს: ,,პირველ რიგში, ვაპირებთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობას. გარდა ამისა, ყველა პოლიტიკურ თემაზე ჩვენს პარტიას თავისი პოზიცია ექნება. მოვაწყობთ ბრიფინგებს, მაგალითად, საგადასახადო კოდექსთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით''. დღეს უკვე მისი პოზიციები ნაირ-ნაირ ბრიფინგებზე არც თქვენ მოგისმენიათ და არც არავის - ნიკა ივანიშვილი შარშანწინდელი თოვლით გაქრა. სხვათა შორის, არჩევნებამდე ორიოდე თვით ადრე დარეგისტრირებული ივანიშვილის პარტიამ, რომელიც მაშინვე ბიძინა ივანიშვილის პარტია ეგონათ და მილიარდერის პოლიტიკურ აქტივობად შეფასდა, საკმაოდ დიდი ფული დახარჯა. როცა სხვა კანდიდატებს სარეკლამო ბილბორდები არ ჰქონდათ, ნიკა ივანიშვილისთვის ვიღაც ,,უჩინარმა'' წინასწარ იზრუნა და მას ოფისებიც ჰქონდა და სარეკლამო თანხებიც დახარჯა... ჰოდა, სადაც ,,გიგის ხმათა ამკრეფები'' გაახსენდა ნათია მოგელაძეს, იქ ასეთი საჭირო და საინტერესო გვარის მქონე კაცი, თავისი ,,სახალხო დემოკრატებიანად'' რატომაც არ უნდა გაგვახსენდეს. ჩვენც აუცილებლად ,,დავპოსტავთ'' ფეისბუქზე და მოვითხოვთ ნიკა ივანიშვილის შემოწმებას. შესაძლოა, არც არავის დავიწყებია ბატონი ნიკა, რომლის გვარიც, სხვათა შორის, საკუთარი პარტიის შექმნამდე, ირაკლი ალასანიას პარტიის დამფუძნებლებშიც ფიგურირებდა.
არჩევნების მოახლოვებისთანავე, ისევ გაახსენდება ვიღაც უჩინარს, რომელიც ისეთივე წარმატებით იზრუნებს ნიკა ივანიშვილის იმიჯზე, როგორც 2010-ში, გათვლა კი ნაცმოძრაობისთვის საკმაოდ აპრობირებული საარჩევნო ,,ტრიუკი'' იქნება - ორი ივანიშვილი, ორივე პარტიის ლიდერი, არც ერთს იცნობს ,,გრეჩიხასავით'' სახეზე ხალხი კარგად და არც მეორეს, განსაკუთრებით რეგიონებში... ეფექტური შეიძლება არა, მაგრამ საკმაოდ დამაბნეველი მანევრია... მით უმეტეს, თუ გავალებენ და თანაც გეშინია, არ ,,გაიყიდო'', დაბნეულს შეიძლება შეგეშალოს... თან ნერვებსაც მოუშლი ბატონ ბიძინას - გვარი ხომ მილიარდერის სუსტი წერტილია. გვითხრა კიდეც - ჩემი მეუღლე პარტიის ლიდერად იმიტომ დავასახელე, ამომრჩეველს ჩემს გვარზე აქვს გართულება და ეკა ივანიშვილს საარჩევნო ბიულეტენზე ადვილად იპოვისო. ჰოდა, თავსატეხი ივანიშვილის გარემოცვას - ნუ გამორიცხავთ, სიაში ეკა ივანიშვილამდე, წინასაარჩევნოდ ,,გაცოცხლებული'' ნიკა ივანიშვილი შემოგხვდეთ. გვარზე ჩაციკლულ ამომრჩეველს კი სოს-სიგნალი - ერთმანეთისგან დიდად არც ეკა და ნიკა განსხვავდება, ასე რომ, გაფრთხილდით, საარჩევნო ბიულეტენზე, უცაბედად, ეკა ივანიშვილის მაგივრად, ნიკა ივანიშვილი არ შემოგეხაზოთ!
806
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85