არ გეჩვენებათ, რომ საქართველოში მეტისმეტად ბევრი ადამიანი მუშაობს ე. წ. დაცვის ბიჭად?
მგონი, დაცვის ბიჭთა სიუხვით პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში. მარტო უგანდა გვისწრებს (თუმცა ნამიბიასაც აქებენ).
ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდები ახმამ, ჯეჯგვ და დაბღვერილ ბიჭებში ჩაკარგულ მნიშვნელოვან (თუ არც ისე მნიშვნელოვანს) ტანს.
ტანთა მნიშვნელობითაც პირველ ადგილზე ვართ; არც ერთ ქვეყანას არ ჰყავს იმდენი მოსაფრთხილებელი ტანი, რამდენიც ჩვენ. ერთ ჩია ტანს, ზოგჯერ, ხუთი-ექვსი ბრგე ჯეელი იცავს.
ყველაზე წრიპა დეპუტატის ტანსაც კი ჰყავს მუჯლუგუნთა მკვრელი რაზმეული. მინისტრებს ხომ საერთოდ - ის ტანი ტანად არც ითვლება, დამცავი ბიჭი თუ არ უდგას გვერდით.
მაგრამ ამისთანაც რა ტანები აქვთ! რა დასაცავი ეს ტანებია, ბოლოს და ბოლოს!
ვის თავდასხმას ელიან, ვთქვათ, ბუნების მეურვე მინისტრის ტანის მცველი ბიჭები? ტერორისტ-ტამტამისტების? ანკი ვიცე-პრემიერებისა თუ ვიცე-სპიკერების?
მე შენ გეტყვი, კოხტა ტანების მფლობელები იყვნენ...
ამას წინათ, კონცერტზე გახლდით კონსერვატორიაში. ტანთა სიმრავლე იქ იყო თუ იყო. თავი სამხედრო წვრთნებზე მეგონა. პრეზიდენტის ტანს (დაცვის გარდა) სნაიპერებიც თან მოჰყვნენ. პირველად ვისმინე მუსიკა მიზანში ამოღებულმა; ცხვირსახოცის ხმარება რომ მდომებოდა, ეჭვი მაქვს, სნაიპერის ტყვია მომხვდებოდა. ხალხი შიშით უკრავდა ტაშს. იყვირებდი ცოტა ხმამაღლა "ბრავოს" და კაი ჩიტსაც დაიჭერდი - რა უნდა სნაიპერის ან დაცვის ბიჭის გაღიზიანებას. მუჯლუგუნებიც ბლომად მოგვხვდა, თუმცა დაცვის ბიჭებისგან როგორ უნდა გეწყინოს - ბავშვები თავის საქმეს აკეთებდნენ. ერთია კია, დიდი ოხვრა-კვნესა იდგა შესასვლელში - სულ დალილავებული შემოვიდა მანანა დოიჯაშვილი. "ვაი, დედა..." უი..." "მიშველეთ..." - თუ რამე ისმოდა, მხოლოდ ეს. ელექტროკარებში (გასვლისას რომ წრიპინებს) ცალ-ცალკე უშვებდნენ ქალებსა და კაცებს. მიზეზი: ქალმა ქალი უნდა გაჩხრიკოს, კაცმა კაციო. ფეხქვეშ გაითელა გენდერული თანასწორობის იდეა. და ქალების რიგიც უსაშველოდ გაიჭიმა (კონსერვატორიაში მისულთა უმეტესობას ქალები წარმოადგენდნენ). იყო შეკითხვებიც: "რამე ბასრი ხომ არ გიდევთ ჯიბეში?" (რატომ უნდა მდებოდა რამე ბასრი საფორტეპიანო მუსიკის კონცერტზე! - ნუ, ჰა, მაქსიმუმ, კბილის საჩიჩქნი), "ვინ ნახეთ ბოლოს?", "ნათიას ჰქონდა სამი ვაშლი, ორი წაიღო ზაზამ, რამდენი დარჩა ნათიას?.."
მაგრამ მარტო ხისტ ტანებს როდი იცავენ საქართველოში, იცავენ გასულიერებულ ტანებსაც!
გინახავთ, რამხელა დაცვა დაჰყვება პატრიარქს? ლეგიონია მათი სახელი...
ოღონდ, მართლა არ მესმის, ვისგან იცავენ? სომეხთა პატრიარქისგან თუ ბენედიქტის შეფარული აგენტებისგან? ეს დაცვაც არაა, როგორც ოდესაღაც ითქვა, ესაა კლასიკური "პლენი". მის დაცვას, თურმე, ასე ასწავლიან: "მთავარი წესი: არ მიუშვა მღვდელთან მორწმუნე".
ასე რომ, ნახევარი საქართველო დაცვის ბიჭად მუშაობს...
და მნიშვნელოვანი ტანებიც სოკოებივით მრავლდებიან.
1224
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85