პრემიერი პუტინი რუსეთის წამყვანი მედიასაშუალებების რედაქტორებთან შეხვედრაზე აცხადებს, რომ მზად არის, გამოსავალი ქართულ საზოგადოებასთან ერთად გამონახოს. თბილისიდან მას ურჩევენ, რომ საერთო ენა ქართულ სახელმწიფოსთან მოძებნოს.
„მზად ვართ, ქართველ საზოგადოებასთან ერთად მოიძებნოს გამოსავალი, თუ ამას თავად ქართველები ისურვებენ. სხვათაშორის, ეს ბევრს სურს, მათ შორის - ქართულ ოპოზიციას და ისინი ჩამოდიან კიდეც ჩვენთან. მონაწილეობდნენ სამამულო ომში დაღუპული ქართველების ძეგლის საძირკვლის ჩაყრაში და გახსნაში. ეს ხომ ქართველი ხალხის მიმართ რუსების მხრიდან პატივისცემის ნიშანია.
დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოების ნაწილისთვის ამას უკვალოდ არ ჩაუვლია. შეუძლებელია, ხალხს ამისთვის ყურადღება არ მიექცია, მაგრამ ქართული დიასპორის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც აქ ცხოვრობს, ესმის ჩვენი“, – ამბობს პუტინი.
გარდა ამისა, რუსეთის პრემიერმა საქართველოსთან შეიარაღებული დაპირისპირების ერთ-ერთ მოტივად აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები დაასახელა.
პუტინის საგარეო ვეზირის სერგეი ლავროვის განცხადებით, „ეს რომ რუსეთზე იყოს დამოკიდებული, საქართველოსთან ურთიერთობის ბევრი მიმართულებით განვითარებაში არანაირი წინააღმდეგობა არ იარსებებდა:
„ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ მიზეზები, რომლის გამოც ჩვენი მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობა შეუძლებელია. ვფიქრობ, ეს მიზეზები ყველას ესმის და ამაზე დეტალურად აღარ შევჩერდები. ჩვენი კავშირების გაფართოებისადმი ინტერესის გამოვლინებას რთულ სიტუაციაშიც კი, როდესაც საქართველოს ინიციატივით 2008 წელს დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა, ყოველთვის კონსტრუქციული რეაქცია ხვდება“.
ლავროვის თქმით, „ურთიერთობები ბევრი მიმართულებით ვითარდება: ენერგეტიკული კომპანიები ურთიერთქმედებენ, ყველაფერი წყდება პრაგმატულად, ბიზნესისა და მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით, ფართოვდება ავიამიმოსვლა. პრინციპში, ჩვენ არ გვსურს, რაიმე სახის სირთულეები შევქმნათ ჩვენი მოქალაქეების ურთიერთობებში. ძალიან ბევრი კეთდება ჰუმანიტარულ სფეროში. კერძოდ, თეატრის მოღვაწეები, მსახიობები და რეჟისორები სტრუმრობენ ერთმანეთს, დგამენ სპექტაკლებს და თამაშობენ.
ჩვენ ამას ყველანაირად ვუწყობთ ხელს. ყველაზე კონსტრუქციული რეაქციით ხვდებიან ჰუმანიტარულ შემთხვევებს, როდესაც საუბარია ნათესავების მონახულებაზე, ქორწილებზე. ვაჭრობის სფეროში აუცილებელია, უფრო აქტიურად დავკავდეთ პარტნიორების ძებნით, რათა ქართული პროდუქცია იყიდებოდეს რუსეთში, რუსული კი, შესაბამისად, საქართველოში. შეუძლებელი არაფერია“.
თავის მხრივ, ბიზნესმენი და პრეზიდენტობის კანდიდატი მიხაილ პროხოროვი რადიოსადგურ „სერებრიანი დოჟდისათვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთს სხვანაირი საგარეო პოლიტიკა სჭირდება. კერძოდ, პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ მოსკოვმა საქართველოსთან ურთიერთობა უნდა დაალაგოს:
„თუ ქვეყანას თანამედროვე მსოფლიოს ლიდერობა უნდა ჩვენ გონივრული კომპრომისის ენით უნდა ვილაპარაკოთ და ეს იმის მიუხედავად უნდა გავაკეთოთ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს. წყენა გვერდზე უნდა გადავდოთ. თუ გამოგვივა, საქართველოსთან ურთიერთობები მალე გამოგვივა“.
მისივე თქმით, „უნდა უკუვაგდოთ წარსული და ახალი თვალებით უნდა გავიხედოთ წინ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხები ძალიან რთულია. უნდა დავჯდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ“.
საერთაშორისო საკითხების ექსპერტ ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთმა საერთო ენა ქართულ სახელმწიფოსთან უნდა გამონახოს, ეს კი, როგორც ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან, ისე მთელ ქართულ საზოგადოებასთან საერთო ენის გამონახვას გულისხმობს:
„ოპოზიციასთან საერთო ენის გამონახვა საკმარისი არ არის და არც სწორი გზაა. საქართველოს მთავრობა რომ მარტო რუსეთის ოპოზიციას ესაუბროს, რა გამოვა აქედან?! ამ განცხადებაში საქართველოს მიმართ ახალი ხედვა არ ჩანს, ეს ძველი სიტყვების გადამღერებაა და შესაძლოა, რუსეთის საარჩევნო თემატიკასაც უკავშირდებოდეს“.
ქართველი ექსპერტის აზრით, საზოგადოების მხოლოდ ერთ ნაწილთან საერთო ენის გამონახვა საკმარისი არ არის, რომ სახელმწიფოთშორისი ურთიერთობების დალაგება დაიწყოს: „ეს მოსკოვში კარგად იციან. თუ რეალურად სურთ, რომ ურთიერთობების დალაგების პროცესი დაიწყოს, ამის გზა მათთვის ნათელია“.
ექსპერტი, ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოსთან ომის დაწყების მორიგი მიზეზის დასახელებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებაში უკვე იმდენი ვერსია დასახელდა, თავდაპირველი დაავიწყდათ:
„პრეზიდენტმა მედვედევმა რამდენიმე თვის წინ აგვისტოს ომის მიზეზად გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილება დაასახელა, მინისტრმა ლავროვმა კი თქვა, რომ საქართველო ნატო-ში შედიოდა და ამას ვერ დავუშვებდითო. ახლა პუტინი რაკეტსაწინააღმდეგო ამერიკული სისტემების განთავსებას ასახელებს.
უკვე იმდენი მიზეზი დაასახელეს, რასაც თავიდან ამბობდნენ, ის გადაავიწყდათ. არ მახსოვს, როდის იყო, ამერიკელები რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას საქართველოში აყენებდნენ, რადგან ასეთი პროექტი ბუნებაში არ არსებობდა“.
კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძის შეფასებით კი, ვლადიმერ პუტინის მიერ 2008 წლის ომის მიზეზად აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მოხსენიებამ კიდევ ერთხელ დადასტურა, რომ რუსეთი საქართველოსთან ომისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა:
„საბაბი კი იყო ის ექსცესური მდგომარეობა, რაც მაშინ ცხინვალის რეგიონში შეიქმნა. უსაფუძვლოა ომის დაწყების მოტივად იმის დასახელება, რომ რუსი სამშვიდობოები დაიღუპნენ.
პირველად არა რუსი, არამედ ქართველი სამშვიდობო ჯარისკაცები დაიხოცნენ 2008 წლის 5 აგვისტოს. რაც შეეხება ამერიკული სისტემების განლაგებას, იმ პერიოდში მხოლოდ საუბრების დონეზე განიხილებოდა და გადაწყვეტილი არ იყო, კონკრეტულად რა და როგორ მოხდებოდა“.
არეშიძის აზრით, პუტინის ამ განცხადებაში მთავარი აღიარებითი ნაწილია და არა სამოტივაციო:
„არა მგონია, დღეს ისეთი სიტუაცია იყოს, რომ რუსეთი ამას არ გაიმეორებს და საქართველოს მშვიდად შეუძლია ყოფნა. რაკეტსაწინააღმდეგი თავდაცვის საკითხი ისევ იხილება და რუსეთს დღეს სხვა გეოპოლიტიკური ვითარება შეექმნა და სჭირდება, რომ გავლენა არ დაკარგოს სამხრეთ კავკასიაში იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი ირანს დაამარცხებს“.
728
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85