რაზე უთხრა უარი ეკა ბერიძემ ბიძინა ივანიშვილს

რაზე უთხრა უარი ეკა ბერიძემ ბიძინა ივანიშვილს


ტელეკომპანია "მაესტროს" ირგვლივ საინტერესო ამბები არ წყდება. ეროსი კიწმარიშვილი ისევ ტელევიზიის შენობაშია გამაგრებული, ჟურნალისტები კი რადიო "უცნობს" აფარებენ თავს. ახალი გადაცემები ეთერში არ გადის, საინფორმაციო გამოცემაც "უცნობის" სტუდიიდან გადის. ეროსი კიწმარიშვილმა ალპინისტური ნახტომი ეკა ბერიძესთან ბიძინა ივანიშვილის სტუმრობის მეორე დღეს გადადგა. ამ და სხვა საინტერესო თემების შესახებ ეკა ბერიძე გვესაუბრა.

- ეკა, საუბარი "მაესტროს" შესახებ დავიწყოთ. თქვენი გადაცემა როდის გადის ეთერში?
- ზუსტად არ არის ცნობილი, შენობასთან დაკავშირებით სიახლეებს ველოდებით. სავარაუდოდ ორშაბათს, როდესაც თქვენი ჟურნალი გამოვა. 

- ამ ეტაპზე ისევ ტელევიზიის შენობაში იმყოფება ეროსი კიწმარიშვილი?
- პირადად ის არ ვიცი, მაგრამ შენობა მის წარმომადგენლებს აქვთ დაკავებული და აღმასრულებელმა უნდა გამოიყვანოს, დაახლოებით ერთი კვირის ვადაში.

- საკმაოდ კურიოზული იყო ის ალპინისტური "შტურმი", რითაც ეროსიმ ტელევიზია დაიკავა. როგორ ფიქრობთ, ეს წინასწარ განსაზღვრა?
- ვერ გეტყვით, არა მგონია. ტელევიზიის შენობის დაკავების ფორმა საქილიკო გახდა, მაგრამ რეალურად პრობლემაც შეიქმნა. დღეს მაყურებელი ვერ იღებს იმ ინფორმაციას, რასაც მანამდე იღებდა. შესაბამისად დიდია იმის მოთხოვნა, რომ ტელევიზიამ ძველი რეჟიმით მაინც აღადგინოს მაუწყებლობა. 

- მას ხომ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ კარიდან შესულიყო, როგორ ფიქრობთ, ერთი და იგივე რეაქცია იქნებოდა საზოგადოების მხრიდან?
- ვერ გეტყვით, ეს ალბათ დამფუძნებლებისა და ეროსი კიწმარიშვილის ურთიერთობის საკითხია. რა თქმა უნდა, მას შეეძლო კარიდან შემოსულიყო, ამისთვის საჭირო იყო გენერალურ დირექტორთან დარეკვა. 

- თუმცა ეს ყველაფერი საკმაოდ უცნაურად დაემთხვა თქვენს ინტერვიუს ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც ერთი დღით ადრე გყავდათ სტუმრად "მაესტროს" ეთერში.
- შეიძლება, ეს იყო საბაბი, რომ ეროსი კიწმარიშვილს თავისი საქციელი გაემართლებინა, მაგრამ არა მგონია რეალური მიზეზი ყოფილიყო. 

- ამ ინტერვიუს დღემდე განიხილავენ და აზრი ორად გაიყო. ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ საზოგადოებამ ბიზნესმენი ახალი კუთხით დაინახა, მეორე კი მის ფილოსოფიურ წიაღსვლებსა და შეცდომით ნათქვამ ლექსებზე ქილიკობს. 
- ლექსებს შეცდომით საქართველოს პრეზიდენტი უფრო ხშირად ამბობს. მე მგონი, ამ მხრივ გამონაკლისი არ იყო ჩემი ეთერი. ამ ინტერვიუზე დღემდე ლაპარაკობენ, ძალიან რეიტინგულია და ინტერნეტით უამრავმა ადამიანმა ნახა. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის პირველი გასვლითი ინტერვიუ. მანამდე რაც ინტერვიუ მიუცია და მათ შორის პრესკონფერენციები, ბიზნესცენტრში ჩაატარა, სადაც მიდიოდნენ ჟურნალისტები და ის თავისი გარემოდან ესაუბრებოდა. ეს იყო ინტერვიუ სხვაგან, სხვა ტერიტორიაზე. საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელმაც პირველი ნაბიჯები გადადგა პოლიტიკაში და ტელეეთერი მისთვის სრულიად უცხოა. ამიტომ შეგნებულად გადავწყვიტე, განსხვავებული ეთერი გამეკეთებინა, სადაც ის სრულიად სხვა კუთხით გაიხსნებოდა. 

- როდესაც მოლაპარაკებებს აწარმოებდით, არ შემოგთავაზათ, ინტერვიუ ბიზნესცენტრში ჩაგეწერათ?
- არა, პირიქით, პრობლემა არ ჰქონია, რადგან კარგად იცოდა ჩემი გადაცემის ფორმატი. ჩვენთან წინასწარი ჩაწერა მხოლოდ ორ შემთხვევაში ხდება. პირველი, როცა უცხოეთიდან გვაქვს ჩართვა, ისიც იმის გამო, რომ ჩვენი ჩართვის აპარატი სრულყოფილი არ არის და წვიმის გამო შეიძლება გაითიშოს, ინტერვიუს ეთერამდე ორი საათით ადრე ვწერ და მეორე, როდესაც არაქართველი სტუმარი მყავს, ვცდილობ, დღის პირველ ნახევარში ჩავწერო, რათა თარგმნა მოესწროს და მაყურებელს ამის გამო დისკომფორტი არ შევუქმნა. ეს იყო ჩემი ჟურნალისტური გადაწყვეტილება, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ კუთხით დაენახა საზოგადოებას. ამ ადამიანს არანაირი პოლიტიკური ბეგრაუნდი არ ჰქონდა და ამიტომ მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში საუბარი უინტერესო იქნებოდა. ვფიქრობ, რომ ამ ეთერმა გაამართლა. 

- ნერვიულობდით ინტერვიუს დროს?
- არა, ეთერი ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ განსხვავებული სტუმარი მყავდა. ეს არის ადამიანი, რომელიც "ფორბსის" სიის მოწინავე პოზიციებშია და მასთან ჩვეულებრივი ინტერვიუ, როგორც რიგით პოლიტიკოსთან, არ მიმაჩნია გამართლებულად. როდესაც პოლიტიკაში აქტიურად შემოვა, გადადგამს გარკვეულ ნაბიჯებს, დაუშვებს შეცდომებს ან არ დაუშვებს, მაშინ ვისაუბრებ მასთან პოლიტიკაზე. ახლა საზოგადოება მისი გაცნობის პროცესშია და ამიტომაც იყო ეს ინტერვიუ განსხვავებული. აქვე არაფრით არ ვეთანხმები ზოგიერთის შეფასებას, რომ მე არ დამისვამს მწვავე შეკითხვები. 

- ღია ეთერში ფილოსოფიაზე საუბარი, როგორ ფიქრობთ, მისთვის, როგორც მომავალი პოლიტიკოსისთვის, მომგებიანი ნაბიჯი აღმოჩნდა?
- ვერ გეტყვით, იმიჯმეიკერი და პიარტექნოლოგიების სპეციალისტი არ ვარ. ივანიშვილი რადიო "თავისუფლების" დღიურებში წერდა, რომ სურდა წიგნი დაეწერა. დამაინტერესა, რას შეიძლება შეხებოდა ბიძინა ივანიშვილის წიგნი. არ ვიცი, მაყურებელმა რამდენად სწორად გაიგო მისი მოსაზრებები, მაგრამ მან თქვა, რომ თუ პოლიტიკაში არ წავიდოდა, სურდა მთელი თავისი ინტელექტუალური და ფინანსური რესურსი ჩაერთო, როგორც თავად ფიქრობს, ყველა პრობლემის სათავეში - ფსიქიკურ პრობლემებში. 

- მისი პოლიტიკაში წასვლის შემთხვევაში, როგორ ფიქრობთ, ისეთ საინტერესო რესპონდენტად ჩამოყალიბდება, რომ მასზე ჟურნალისტები ნადირობას დაიწყებენ?
- ნადირობა დაწყებულია და ჩემი აზრით, ეს მუდმივად გაგრძელდება. ის ინტერესის საგანი იყო მაშინაც, როდესაც ბიზნესში იყო. მე ვფიქრობ, განსხვავებული რანგის საინტერესო პიროვნებად დარჩება. ბიძინა ივანიშვილი ვერ იქნება შალვა ნათელაშვილი, გუბაზ სანიკიძე ან ირაკლი ალასანია, სრულიად სხვა რანგის ადამიანთან გვაქვს საქმე. ის იქნება საინტერესო მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა პოლიტიკაში. 

- და მიუხედავად იმისა, რას გააკეთებს პოლიტიკაში?
- მან უკვე დადო შედეგი, რადგან შეცვალა პოლიტიკური რეალობა, ამის შემდეგ რა იქნება, ვნახოთ.

- მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე პოლიტიკურ პარტიას ქმნის, მას როდის ვიხილავთ თქვენი რესპონდენტის სკამზე?
- ეს სულ ახალი ინფორმაციაა და შესაბამისად, ვერ გიპასუხებთ ზუსტად, თუმცა შევეცდები, ეს მალე მოხდეს.

- ეკა, ბიძინა ივანიშვილმა თავის პირველ წერილში რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად საკმაოდ დადებითად მოგიხსენიათ.
- მან სიმპათიით დავით აქუბარდია და შალვა რამიშვილიც მოიხსენია, უბრალოდ, სულ სხვა კონტექსტით მახსენა. "მაესტროს" ორ და სამსახოვანი უწოდა და გაკვირვება გამოთქვა, რატომ არ ვტოვებდი ამ ტელეკომპანიას, თუმცა ვფიქრობ, მისი დამოკიდებულება შეიცვალა, რადგან ნახა, რომ ასე არ იყო. ზოგადად კეთილგანწყობილი ადამიანია, რაც ჩვენი რამდენიმე შეხვედრიდან დავინახე.

- რამდენიმე ჟურნალისტი წავიდა მასთან პრესსამსახურში, ცნობილია, რომ თქვენც გქონდათ შეთავაზება.
- ეს შემოთავაზება გაცილებით ადრე იყო, ვიდრე ეს ხალხი მასთან წავიდოდა. მე შემხვდა ირაკლი ტრიპოლსკი და მათთან პრესცენტრში გადასვლა შემომთავაზა. მაშინ ივანიშვილი ახალი გამოჩენილი იყო. უარი ვთქვი, რადგან არ ვფიქრობ, რომ ჩემი ადგილი რომელიმე პრესცენტრშია, ამით ამოიწურა ეს თემა. 

- რატომ თქვით უარი?
- მიმაჩნია, რომ ჟურნალისტი მიუკერძოებელი უნდა იყოს. მე ცოცხალ ჟურნალისტიკაში ვარ. პრესსამსახურში მუშაობის შემდეგ ჟურნალისტიკას ემშვიდობები და რომელიღაც პოლიტიკურ ძალაზე მუშაობ. 

- გასულ კვირას ინგა გრიგოლიამ "რეიტინგთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში აღარ იქნება, ის ისევ დაუბრუნდება ტელევიზიას. ინგა ახლა პოლიტიკაშია...
- საქართველო ცოტა თავისებური და უცნაური ქვეყანაა. აქ ყველაფერი ხდება. ყველა ადამიანი თავად აკეთებს არჩევანს. მაგალითად, გიორგი თარგამაძე ჯერ მედიაში იყო, შემდეგ პოლიტიკაში, მერე ისევ მედიაში და ახლა პოლიტიკაშია, ასე რომ, ასეთი აღრევები ხდება. ვინ რამდენად სუფთა და კეთილსინდისიერია როგორც ჟურნალისტი, ეს საზოგადოების გადასაწყვეტია. თუ პოლიტიკაში წასულ და შემდეგ ჟურნალისტიკაში დაბრუნებულ ადამიანს საზოგადოება მიიღებს და ენდობა, რატომაც არა. 

- "მაესტრო" თუ ვერ გააგრძელებს ძველებურ ფორმატში მუშაობას ან ტელევიზია გაჩერდება, ამ შემთხვევაში თუ გაქვთ გადაწყვეტილი როგორ მოიქცევით, ისევ ჟურნალისტურ ტაიმ-აუტს აიღებს ეკა ბერიძე?
- გამორიცხულია, "მაესტრო" გაჩერდეს. თუ პირდაპირ პოლიტიკურად დახურავენ ტელევიზიას, ამ შემთხვევაში ჩემს კოლეგებთან ერთად ვიბრძოლებ. არსებობს ამერიკის საელჩო, რაც ეროსი კიწმარიშვილმა ძალიან კარგად იცის. როდესაც "რუსთავი 2" დახურეს, სწორედ მათ შეუწყეს ხელი მის გახსნას და დარწმუნებული ვარ, იგივე მოხდება ახლაც. ყველაზე ცუდი პერსპექტივა, რაც შეიძლება მოხდეს, ამ ფორმატით მაუწყებლობის გაგრძელებაა. 

- თქვენი აზრით, რისი იმედი ჰქონდა ეროსი კიწმარიშვილს, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებდა? 
- ვერ გეტყვით, არ მინდა ამ ადამიანზე ლაპარაკი, ის ზედმეტად პოპულარული გახდა თავისი არაპოპულარული ნაბიჯებით. 

- ეროსი კიწმარიშვილი თუ გესაუბრათ ჟურნალისტებს, ან მასთან გადასვლა თუ გთხოვათ, გახსოვთ ალბათ, კასტინგიც კი გამოაცხადა. 
- პირადად მე არანაირი შემოთავაზება არ მიმიღია. ის ადრეც ერიდებოდა ჩემთან კონტაქტს. სხვებთან არ ვიცი, ვერ გაგცემთ პასუხს. დღეს ყველა ჟურნალისტი "მაესტროშია". 

- როგორც ვხვდები, თქვენთვის ეროსი კიწმარიშვილი დახურული თემაა.
- დიახ...

- ეკა, რამდენიმე პოლიტიკურ თაობას მოესწარით, როგორ ფიქრობთ, ეს ყველაზე საინტერესო პერიოდია ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში?
- გააჩნია რა კუთხით შეხედავთ, მე მართლაც ყველა საინტერესო პერიოდი გავიარე, რაც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მოხდა. იმედი მაქვს, დღევანდელი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ეს იქნება დადებითი ეტაპის დასაწყისი ჩვენი ქვეყნისთვის. ახლა უკვე დადგა ამის დრო. უნდა დასრულდეს ის ნეგატიური, ქვეყნისთვის მძიმე პერიოდები, რომელიც გავიარეთ. 

- ეკა, ნეგატიურზე ბევრი არ დაგეთანხმებათ, ძალიან პოპულარულია დღეს საქართველოს პრეზიდენტი... 
- ჟურნალისტი ვარ და ჩემი პირდაპირი მოვალეობაა ვიყო კრიტიკული. როგორც მოქალაქეს, მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი უბედურება ყველა სფეროში ჩამოყალიბებული არადემოკრატიული და არაკონკურენტული გარემოა და ეს პასუხიმგებლობა, ვფიქრობ, პირდაპირ ხელისუფლებას ეკისრება.

- როგორ ფიქრობთ, ახალ პოლიტიკურ რეალობაში მედიაში მდგომარეობა შეიცვლება?
- დადებით ეტაპად ჩავთვლი იმას, თუ მედია დამოუკიდებელი იქნება. ნაციონალური არხები იქნება ეს, თუ "საზოგადოებრივი მაუწყებელი", თავის ფუნქციას დაიბრუნებს და ტელევიზია იქცევა ბიზნესად. "საზოგადოებრივი მაუწყებელი" დღეს სინამდვილეში სახელმწიფო მაუწყებელია. ეს ტელევიზია დღეს გაცილებით უფრო სახელმწიფოა, ვიდრე მაშინ, როცა ასე ერქვა. დღეს ხელისუფლებისგან იმართება ყველა სფერო და მათ შორის, ყველაზე მეტად მედია. ამიტომ ვაფასებ ამ ეტაპს, როგორც ჟურნალისტი, უარყოფითად.